მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისს ეწურებოდა, 6 თვით გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტმა საკითხი გამარტივებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს 2019 წლის 1 იანვრამდე ექნებათ საშუალება შეღავათიან პირობებში და უსასყიდლოდ დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწები.
მიწის რეგისტრაცია
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა გამარტივებული პროცედურით 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა.
- რეფორმის დაწყებიდან ინდივიდუალური წესით რეგისტრირებულია 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.
- რეგისტრირებული მიწის ჯამურმა ფართობმა 214 973 ჰექტარი შეადგინა.
- მიწის გამარტივებული რეგისტრაცია 12 საპილოტე რეგიონში მიმდინარეობს.
მოქალაქეებს 2019 წლის 1 იანვრამდე ექნებათ საშუალება შეღავათიან პირობებში და უსასყიდლოდ დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწები.
კანონპროექტი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ 28 ივნისს დეპუტატებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარუდგინა და ფერმერებს მოუწოდა ისარგებლონ მიწის რეგისტრაციის შეღავათიანი პირობების მოქმედების ვადის გახანგრძლივებით.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა გამარტივებული პროცედურით 2016 წლის 31 ივლისს ამოქმედდა. რეფორმა წარიმართა როგორც ინდივიდუალური, ანუ სპორადული, ისე სისტემური წესით. რეფორმის დაწყებიდან ინდივიდუალური წესით რეგისტრირებულია 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამურმა ფართობმა 214 973 ჰექტარი შეადგინა. რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, იგი 12 საპილოტე რეგიონში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სისტემური რეგისტრაცია მხოლოდ 7 საპილოტე არეალზე განხორციელდა, დარეგისტრირდა 17 785 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობი 7 915 ჰექტარია.
ეს ოფიციალური მონაცემები, თავის მხრივ, ბევრს ვერაფერს ეუბნება პროცესის სამოქალაქო მონიტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი კვლავ დაურეგისტრირებელია და პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რა ფართობის მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს, რა ფართობია კერძო საკუთრებაში, მათ შორის მიწის რა ფართობია სრულყოფილად დარეგისტრირებული და ასე შემდეგ.
როგორც ISET-ის პროექტის - „რეფორმეტრის“ - მენეჯერი გიგლა მიქაუტაძე აღნიშნავს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფომ და დონორებმა ბევრი ფული დახარჯეს მიწის რეგისტრაციის საკითხის მოსაგვარებლად, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელშესახები შედეგი მაინც არ გვაქვს:
Your browser doesn’t support HTML5
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ISET სახელმწიფოს, პირველ რიგში, მიწის მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს. კერძოდ, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას უწყებათშორისი ორგანო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევა პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაც. თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ მონაცემები მუდმივი განახლების რეჟიმშია და ღიაა ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს გახსნის. მათივე შეფასებით, რეფორმის წარმატებულობაზე, გარდა წარმატებით დასრულებული რეგისტრაციებისა, მეტყველებს ასევე მოქალაქეთა მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რაც რეფორმის ამოქმედების შემდეგ საშუალოდ ხუთჯერაა გაზრდილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განსხვავებით, პროცესს წარუმატებლად მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი იურისტი თეონა ზაქარაშვილი:
Your browser doesn’t support HTML5
თეონა ზაქარაშვილი ფიქრობს, რომ მოდელმა, როდესაც სახელმწიფო ელოდება, მოქალაქე როდის მივა მასთან, არ გაამართლა და საჭიროა იგი ჩანაცვლდეს მსოფლიოში კარგად აპრობირებული ეგრეთ წოდებული სისტემური მოდელით, როდესაც სახელმწიფო თავად მიდის მოქალაქესთან, არკვევს მიწის მესაკუთრეებს და არეგისტრირებს. იგი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით წავა და სწორედ ამას ნიშნავდა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ლაკონიური განმარტებაც, მთავრობა მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის ახალ ხედვას შესთავაზებსო.