“დასავლურ ქვეყანაში ტერორისტების დაკავებისას ვერ ვიხილავდით ისეთ „ეგზოტიკურ“ სანახაობას, როგორიც ვნახეთ რუსეთში: დაკავებულს ყურს არ მოჭრიდნენ, და მერე ამ ყურის მოჭრისას ნახმარ დანას აუქციონზე არ გაიტანდნენ”, - ამბობს მალკოლმ ნანსი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ნანსი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის აღიარებული ექსპერტია. დაწერილი აქვს რამდენიმე ბესტსელერი “ისლამურ სახელმწიფოზე”, ისლამის რადიკალიზაციაზე, რუსეთის ჩარევის მცდელობებზე ამერიკის არჩევნებში. ვეტერანი ამერიკელი სამხედრო ამჟამად უკრაინის "საერთაშორისო ლეგიონში" ირიცხება. ვაჟა თავბერიძესთან საუბარში ნანსი საეჭვოდ მიიჩნევს შემდეგ ფაქტორებს: რატომ არ მოახდინა რუსეთმა რეაგირება დასავლეთის ინფორმაციაზე ტერაქტის მზადებასთან დაკავშირებით და რატომ გაახვია ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. გამჭირვალე ცელულოიდის პარკში.
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: არც CIA-ს და არც უკრაინას ეს არ ჩაუდენიათ.
რადიო თავისუფლება: დავიწყოთ თქვენეული ვერდიქტით - მაინც რა მოხდა "კროკუს ჰოლში"? თავიდან ბევრი ამბობდა, რომ ეს იყო ე.წ. „ყალბი დროშის“ ოპერაცია, ანუ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი, შემდეგ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო პასუხისმგებლობა, საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ პუტინი გამოვიდა და გვაუწყა: კვალს უკრაინისკენ მივყავართო. მაინც რა მოხდა, თქვენი აზრით?
მალკოლმ ნანსი: დაწერილი მაქვს "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერი, სათაურით („Defeating ISIS”) - ეს იყო ენციკლოპედიური ნაკრები ISIS-ის ყველა პროვინციისა და ტერორისტული დაჯგუფებისა 2014-2017 წლებში. მათ შორის იყო ელემენტი, რომელიც „კურირებს“ ტერორისტულ აქტებს რუსეთში - ეს თავდაპირველად იყო "ისლამური სახელმწიფოს" პროვინცია „კავკაზი“, რომელიც დროთა განმავლობაში იმდენად დაკნინდა, რომ მათი როლი და მისია “ხორასანის პროვინციამ” გადაიბარა, აღმოსავლეთ ავღანეთში. ისინი აწყობენ ტერაქტებს ავღანეთში, აწყობენ ირანში, აწყობენ რუსეთშიც - ისინი თვლიან, რომ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს მუსლიმი დიასპორა, და რომელიც მუსლიმებს ებრძვის, ლეგიტიმური სამიზნეა. რუსეთი ორივე ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოუსმინოთ და დაუჯეროთ ტერორისტულ დაჯგუფებას, როდესაც საჯაროდ აღიარებს, რომ ტერაქტი სწორედ მათ ჩაიდინეს, რომ მომხდარის უკან ისინი დგანან - "ისლამურმა სახელმწიფომ" თავდაპირველი განცხადების შემდეგ ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ეს ტერაქტი.
ასევე ნახეთ რუსეთის განახლებული მონაცემებით, „კროკუსზე" თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპაძალიან ბევრს უნდა, თავი ჭკვიანად მოგვაჩვენოს და იყენებენ ჭკვიანურ ფრაზებს, როგორიცაა „ყალბი დროშის ოპერაცია“ და მისთანები. რუსეთს არ გაუკეთებია ეს, "ისლამურ სახელმწიფოს" შეეძლო და გააკეთა. მაგრამ არის ფაქტორიც, რომელიც შესაძლოა რუსების სავარაუდო ბრალეულობაზე მიგვითითებდეს: ესაა მათი რეაგირება ტერაქტზე. რუსეთმა მიიღო უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან, ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ადრეულ ეტაპზე მოვიპოვეთ, მათი გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან საკმაოდ ახლო სივრციდან - მოსკოვს ვუთხარით, რომ იქნებოდა შეტევა, სავარაუდოდ, მარტში, სადმე ღია სივრცეში. ამაზე უფრო სპეციფიკური ინფორმაცია მხოლოდ თავად ტერორისტების ლიდერს თუ ექნებოდა: ვინ იყო ჯგუფში, რა შეიარაღება, როდის და სად. მოკლედ, რუსები გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა და ყოფილმა „კაგებეშნიკმა“, რომელიც დღეს რუსეთს მართავს, გადაწყვიტეს ექნათ ის, რასაც ჩვენ „გატარებას“ ვეძახით - როდესაც საკმარისზე მეტი ინფორმაცია გაქვს შეტევაზე, მაგრამ სათანადო რეაგირებას არ ახდენ, რადგან ასე უფრო გაწყობს, სხვადასხვა, მეტწილად შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო. მე არ ვამბობ, რომ სწორედ ეს მოხდა - არ დავუკარგავ "ისლამურ სახელმწიფოს" „დამსახურებას“ - ისინი კაცისმკვლელი ტერორისტები არიან. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა შემდეგი: არც CIA-ს და არც უკრაინას ეს არ ჩაუდენიათ. CIA ამას არ აკეთებს, უკრაინა კი, რუსეთისგან განსხვავებით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ნაცვლად, მტერს ბრძოლის ველზე ამარცხებს.
ასევე ნახეთ ეფესბე “ჩაფლავდა” და მოსკოვის ტერაქტში ბრალდებულებს საჩვენებლად აწამებს
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ შიდაპოლიტიკური მიზეზები - ის ფაქტი, რომ ტერაქტი ვერ ან არ შეაჩერა, პუტინს ხელს არ შეუშლის მომხდარი სათავისოდ გამოიყენოს, ასე არაა? მაინც რა მიზნებისთვის ეცდება კრემლი ამ ყველაფრის გამოყენებას?
მალკოლმ ნანსი: პირველ რიგში, ეცდებიან ხალხში დაგროვებული ამ ბრაზის, რისხვის, ტკივილისა და მწუხარების დაწურვა-გამოხდას და სათავისოდ გამოყენებას. დიქტატორული პოლიციური სახელმწიფო, როგორიც დღევანდელი რუსეთია, თავის ხელთ არსებულ პროპაგანდის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი მიიმხროს, მეტს ჩააგონოს, რომ აი, აუცილებელი და გარდაუვალია 100 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზება, ახალი დივიზიებისა, ეს სამშობლოს დასაცავადაა საჭირო. კრემლი ეცდება რუსებში შემორჩენილ პატრიოტულ განწყობებზე თამაშს - ეცდებიან მიიმხრონ ის ხალხი, ვინც გუშინ იყოყმანებდა, უარს იტყოდა დედარუსეთის სამსახურში ჩადგომაზე. და ამ ხალხს გამოიყენებენ იმ „მტრის“ წინააღმდეგ, რომელსაც ამ ტერაქტთან საერთო არაფერი აქვს - უკრაინის წინააღმდეგ.
რუსეთში წამება რუტინა ხდება, ეს იქცევა სისასტიკის დემონსტრაციად, სეირად, რომლის ნახვაც თავად რუს მოქალაქეებსაც სურთ.
რადიო თავისუფლება: როგორი იქნებოდა რეაქცია მომხდარზე დასავლურ ქვეყანაში? იმასთან შედარებით, რაც რუსეთში ვიხილეთ?
მალკოლმ ნანსი: დასავლურ ქვეყანაში დაუყოვნებლივ მოახდენდნენ რეაგირებას, ამას გარდა, ტერორისტების დაკავებისას ვერ ვიხილავდით ისეთ „ეგზოტიკურ“ სანახაობას, როგორიც ვნახეთ რუსეთში: დაკავებულს ყურს არ მოჭრიდნენ, და მერე ამ ყურის მოჭრისას ნახმარ დანას აუქციონზე არ გაიტანდნენ. აშკარა იყო წამების ნიშნები, ისინი არც კი ცდილობდნენ ამის დაფარვას. შონ პინერმა, (ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც 2018 წლიდან უკრაინის არმიაში მსახურობს; რუსეთის სამხედრო ტყვეობაში გაატარა 6 თვე, მარიუპოლისთვის ბრძოლის შემდეგ), რომელსაც პირადად აქვს რუსების ტყვეობის გამოცდილება, თქვა, რომ თავზე ცელოფნის შემოჭერა რუსებისთვის უკვე წამებად კი არა, რუტინულ პროცედურად აღიქმება და ვნახეთ კიდეც, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სასამართლო სხდომაზეც კი ცელოფნის პარკის ნაგლეჯები ჯერ კიდევ კისერზე ჰქონდა შერჩენილი.
დასავლური ქვეყნები ასე აღარ იქცევიან - წარსულში, რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, მაგალითად, ფრანგები ალჟირში, ამერიკა ერაყსა და ვიეტნამში, მაგრამ განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვემიჯნებით მსგავს მეთოდებს, რუსეთში პირიქით - წამება რუტინა ხდება, ეს იქცევა სისასტიკის დემონსტრაციად, სეირად, რომლის ნახვაც თავად რუს მოქალაქეებსაც სურთ, მათ მიაჩნიათ, რომ პასუხი ასეთიც უნდა იყოს.
რადიო თავისუფლება: აქ ალბათ პასუხისმგებლობის აღების საკითხზეც უნდა დავსვათ კითხვა, არა? მსგავსი რამ რომ დასავლურ ქვეყანაში მომხდარიყო, ალბათ გადადგებოდნენ უსაფრთხოების, დაზვერვის სტრუქტურების ხელმძღვანელები, დიდი ალბათობით, გადადგებოდა ქვეყნის მეთაურიც... რუსეთში რას უნდა ველოდოთ? Როგორ ფიქრობთ, პუტინს რამენაირად დაადანაშაულებენ რუსეთში იმის გამო, რაც მოსკოვში მოხდა?
მალკოლმ ნანსი: არანაირად. პუტინს არავინ არაფერს დააბრალებს. დიდი ალბათობით, ჩვენ ვიხილავთ მოკლე სასამართლო პროცესს და შემდეგ სამაგალითო დასჯას, ვლადიმირ პუტინი კი შეეცდება, ამ ყველაფრიდან რაც შეიძლება მეტი რამ გამოადნოს სათავისოდ.
პუტინის არგუმენტები ისეთივე წყალგაუმტარია, როგორც საცერი და იმაზე მეტი ხვრელი აქვს, ვიდრე შვეიცარიულ ყველს.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება უკრაინაზე გადაბრალებას - პუტინი აცხადებს, რომ ისინი უკრაინის საზღვრისკენ მიიწევდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მოუწევდათ საომარი ზონის გავლა, მათ შორის, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დანაღმულ ტყეში „ხეტიალიც“ - რამდენად „წყალგაუმტარად“ გეჩვენებათ პუტინის ბრალდება?
მალკოლმ ნანსი: ისეთივე წყალგაუმტარია, როგორც საცერი და იმაზე მეტი ხვრელი აქვს, ვიდრე შვეიცარიულ ყველს. იცით, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რასაც სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურები, მათ შორის, კგბ მიმართავენ ხოლმე: თუ ბრალდება უნდა შეთითხნო, ცდილობ, ის რაც შეიძლება ბუნდოვანი იყოს, რაც შეიძლება მეტი ჰიპოთეზა და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობდეს. მაგრამ პუტინი და რუსეთი რასაც აკეთებენ, ამას ჩვენ saran wrap-ს (ცელულოიდის გამჭვირვალე სახვევი) ვეძახით - ყველაფერი ჩანს, არც კი იწუხებენ თავს რაიმე ისეთის ძიებით, რაც მათ ვერსიას დამაჯერებლობას შესძენდა. უკრაინამ ქნა და მორჩა! არ ადარდებთ, რომ ხედავ და იცი, რომ ეს სიცრუეა.
რადიო თავისუფლება: უკვე ახსენეთ, რომ ეჭვმიტანილები აწამეს - ყურის მოჭრის სცენის გარდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი გენიტალიებზე მიერთებული ელექტროშოკით აწამეს დაკითხვისას - როდესაც ასე გაწამებენ, ალბათ სწორედ იმას იტყვი, რასაც გეუბნებიან, რომ თქვა, არა? იტყვი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავად მოვიდა შენთან სახლში, ტაჯიკეთში, და ამის გაკეთება შემოგთავაზა.
მალკოლმ ნანსი: პირველი, რამაც წამებაზე მიმანიშნა, ეს არ იყო ფიზიკური კვალი, არამედ ის, რაც ასე თვალშისაცემი იყო მათი დაკავებისას - მათ დაუყოვნებლივ აღიარეს, რომ ეს თავდასხმა ფულის გამო განახორციელეს - სადღაც 5 მილიონი რუბლის გამო, რაც სასაცილოდ ცოტა ფულია. თუ რამე ვისწავლე ათწლეულების განმავლობაში ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლისას, არის ის, რომ ისინი ამას ფულის გამო არ აკეთებენ. ისინი ამაზე მიდიან [თავიანთი] ღმერთის სიყვარულის გამო, იმისთვის, რომ დაგსაჯონ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ თავდასხმისას - აქ ვართ, ქაფირებს ვხოცავთ, ურწმუნოებს. ამან მაფიქრებინა, რომ უკვე დამოძღვრილები იყვნენ, თუ რა უნდა ეთქვათ. და მერე ვნახეთ წამების ფიზიკური ნიშნები. მთელი სკოლა მქონდა შექმნილი, სადაც ისწავლებოდა, თუ როგორ უნდა გადარჩე, თუ ტერორისტებმა მძევლად აგიყვანეს. და პირველი, რასაც ვასწავლიდით, იყო ის, რომ თუ გაწამებენ, მოგიწევს ილაპარაკო, რამე თქვა, ჩვენ ჩვენს ხალხს ვასწავლით, რა უნდა თქვან ასეთ სიტუაციაში. მაგრამ რა ემართებათ მათ, ვინც არ არის მზად ამისთვის? ისინი ტყდებიან. და მერე, როგორც თქვენ თქვით, იმასაც იტყვი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკი მაუსი მოგიგზავნა, რომელმაც სახლში მოგიტანა კონვერტი 5 მილიონი რუბლით. ყველანაირ სისულელეს იტყვი, რასაც გეტყვიან, ოღონდ კი წამება შეწყვიტონ.
ოპერაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ის, რომ ვერ გადარჩები, რომ წამებულად აღესრულები. მოწამეობრივი სიკვდილი არის ამ მისიების მიზანი. და სანამ მოწამეობრივად აღესრულები, მანამდე რაც შეიძლება ბევრი ურწმუნო უნდა დახოცო.
რადიო თავისუფლება: როცა ამბობთ, რომ ისინი ამას ფულისთვის არასოდეს აკეთებენ... სამართლიანი იქნებოდა თუ არა თქმა, რომ ამ სურათს ერთი ფრაგმენტი კიდევ აკლია? ისინი [ტერორისტები], როგორც წესი, ტყვედ არ ბარდებიან, ასე არაა? როგორ მოხდა, რომ ეს ოთხი დანებდა?
მალკოლმ ნანსი: ესეც კიდევ ერთი ძალიან უცნაური კომპონენტია. და ამიტომ უჩნდება ხალხს შემდეგ კონსპირაციული თეორიები - მათი [ტერორისტების] ოპერაციული ტაქტიკა, მათი რეკრუტირება - მოუსმინეს ვიღაცას, ვინც მანამდე არასოდეს ენახათ, მოუსმინეს მის მოძღვრებასა და სიტყვებს, რამაც მათში ჯიჰადის გზნება გააღვიძა და უბიძგა ამ თავდასხმისკენ? და შემდეგ, სასწაულებრივად გაუჩნდათ შეიარაღება. შემდეგ თვითონვე დაგეგმეს და განახორციელეს ეს ოპერაცია. მაგრამ "ისლამურ სახელმწიფოში", ასეთ ტერაქტებს მხოლოდ ერთი დასასრული აქვს. ოპერაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ის, რომ ვერ გადარჩები, რომ წამებულად აღესრულები. მოწამეობრივი სიკვდილი არის ამ მისიების მიზანი. და სანამ მოწამეობრივად აღესრულები, მანამდე რაც შეიძლება ბევრი ურწმუნო უნდა დახოცო და ამით ისლამის მომავალი უკეთესი გახადო, უფრო სწორად, ისლამის ის უკუღმართი ვარიანტი, რომელსაც ალ-ყაიდა და ”ისლამური სახელმწიფო” ქადაგებენ. ასე რომ, ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ გაქცევის გეგმა ჰქონდათ... თავიანთ ფურგონთან დაბრუნდნენ, ბელარუსის ნომრებით და ბელარუსისკენ გასწიეს. Საქმის მცოდნე ტერორისტი სხვანაირად მოიქცეოდა: უკან იხევ, ისევ იარაღდები, მეტს ხოცავ, ოღონდ უკვე სხვაგან. ბრუნდები სამალავში, იღებ მეტ შეიარაღებას და ახლა უკვე მეორე ობიექტზე მიდიხარ. მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც ისაა, რომ ღმერთთან მიხვიდე.
ასევე ნახეთ რუსეთში ანტიმიგრანტული განწყობა ძლიერდება - რა ვიცით ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ტაჯიკებზე ამ დროისთვისრადიო თავისუფლება: და ფაქტია, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ან არც სურდათ.
მალკოლმ ნანსი: ვერა, და სწორედ აქ მიჩნდება ეჭვები, როგორც 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე დაზვერვისა და კონტრტერორიზმის სპეციალისტს - ეჭვები მათ მოტივებსა და წარმომავლობაზე. არარეალურად არ უნდა ჩავთვალოთ ასეთი სცენარი: ეს თავიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ოპერაცია იყო, მათივე დაგეგმილი. მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სინამდვილეში ვითარებას მართავდნენ დაზვერვის სააგენტოები, როგორიცაა ეფესბე - და შესაძლოა მათ არ შეუშალეს ხელი თავდასხმის გეგმის სისრულეში მოყვანას - შედეგად მივიღეთ სცენარი, სადაც მოხდა გაცემული ბრძანებების მოდერაცია - თავდაპირველი ბრძანებების ნაცვლად, რაც იქნებოდა: შედით, მოკალით, მოკვდით - მოწამეობრივი სიკვდილი, წმინდა ჯიჰადი, შესაძლოა მათმა უშუალო კურატორმა, რომელიც სხვა ძალებზე მუშაობდა, თქვა: უკან დაიხიეთ და ბელარუსისკენ წადით. ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.