ტერორიზმი, КГБ-ს "დეზინფორმაცია" და "ჰამასი" - "სახიფათო კავშირების" ისტორიის მოკლე კურსი

ვლადიმირ პუტინი და იური ანდროპოვი. ილუსტრირებული ფოტო

ჰამასი და კრემლი დიდი ხნის პარტნიორები არიან. ჰამასის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ მოსკოვს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ბოლო ასეთი ვიზიტი 2023 წლის მარტში შედგა, როდესაც ორგანიზაციის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდნენ.

ჰამასი რუსეთის მხარესაა უკრაინასთან ომშიც, რომელსაც რუსი ჩინოვნიკების მსგავსად რადიკალური ისლამური ორგანიზაციის ლიდერებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ.

„რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში მიზნად ისახავს, ბოლო მოუღოს აშშ-ს დომინანტობას მსოფლიოში და გახადოს მსოფლიო მრავალპოლარული. ეს სარგებელს მოუტანს ყველა ჩაგრულ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, პალესტინელ ხალხს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ამერიკის ჰეგემონიისგან. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მცდელობას, ჩამოაყალიბოს მულტიპოლარული სამყარო“, - განაცხადა ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მუსა აბუ მარზუკმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მარტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (მარჯვნივ) და ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ჰალიდ მიშალი. 2006 წ.

სწორედ რუსეთსა და ჰამასს შორის არსებულმა მჭიდრო ურთიერთობებმა განაპირობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და პალესტინის დაახლოება, რაც შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე მისულიყო, რომ არა, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, აშშ-ის ზეწოლა.

„მინდა გითხრათ, რომ სწორედ აშშ-ის წარმომადგენლებმა დაბლოკეს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და პალესტინას შორის. ამაზე გულწრფელად მელაპარაკნენ პალესტინელი მეგობრები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელებს სურთ მონროს დოქტრინის პროეცირება გლობალურად, მათ უნდათ იყვნენ ყველგან, მათ სურთ თავიანთი დიქტატორული ნების კარნახი მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ბუნებრივი და გარდაუვალია მოძრაობა მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ, რასაც აშშ არ ცნობს“.

2022 წლის ზაფხულში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ელჩი სირიაში ბაგრატ კუტაბა დამასკში შეხვდა პალესტინის დიპლომატურ წარმომადგენელს სამირ ალ-რიფაის, რომელთანაც, როგორც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივები განიხილა“.

ნიშანდობლივია, რომ რუსეთი, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. მოსკოვი არც ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. რუსულმა პროპაგანდამ დამნაშავედ აშშ-ის აღმოსავლური პოლიტიკა გამოაცხადა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმე მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხოლოდ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

კრემლისა და ჰამასის ურთიერთობის ფესვები

7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის სისხლისმღვრელი ომის ფონზე ბევრმა გაიხსენა 2014 წელს გამოსული იონ მიხაი პაჩეპასა და რონალდ რიჩლიაკის წიგნი „დეზინფორმაცია“, რომელშიც ავტორები დეტალურად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ქმნიდნენ და აფინანსებდნენ საბჭოთა დაზვერვის სამსახურები ტერორისტულ ორგანიზაციებს ახლო აღმოსავლეთში.

წიგნში ერთი თავი ეთმობა იმას, თუ როგორ აღვივებდა საბჭოთა სპეცსამსახური ანტიამერიკულ განწყობებს მუსლიმურ სამყაროში და როგორ უბიძგებდა ტერორიზმისკენ არაბებს ახლო აღმოსავლეთში ანტისემიტიზმის პროპაგანდით. საყურადღებო დეტალი „დეზინფორმაციიდან“: კგბ-ს მაშინდელმა (შემდეგ კი სსრკ-ს) ხელმძღვანელმა იური ანდროპოვმა გასცა განკარგულება, არაბულად ეთარგმნათ და გაევრცელებინათ ცნობილი ყალბი „ისტორიული დოკუმენტი“ სიონელ ბრძენთა ქრონიკები.

იონ მიხაი პაჩეპა

გენერალი იონ მიხაი პაჩეპა (1928-2021) - საბჭოთა ბლოკის დაზვერვის ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი იმათ შორის, ვინც დასავლეთში გაიქცა. ექვსი წლის განმავლობაში იყო რუმინეთის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე და ნიკოლაე ჩაუშესკუს მრჩეველი. გაიქცა აშშ-ში 1978 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო რადიო თავისუფალი ევროპის რუმინული სამსახურის დირექტორის მკვლელობის ორგანიზების ბრძანება. მისმა გაქცევამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები რუმინეთის ხელმძღვანელობაში. ჩაუშესკუმ გაათავისუფლა მინისტრების მესამედი, გადააყენა პოლიტბიუროს ოთხი წევრი და შეცვალა 22 ელჩი. 1978 წლის სექტემბერში პაჩეპას რუმინეთში დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილით დასჯა. ჩაუშესკუმ მის მოკვლაზე ორი მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

„ანდროპოვისთვის ისლამური სამყარო იყო პეტრის სინჯარა, რომელშიც კგბ-ს მარქსიზმ-ლენინიზმის ბაქტერიისგან ამერიკის სიძულვილის ვირუსული შტამები გამოჰყავდა“, - ვკითხულობთ წიგნში.

გენერალი პაჩეპა ასევე იხსენებს საუბარს გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სახაროვსკისთან, რომელიც 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საბჭოთა საგარეო დაზვერვის სამსახურს - კგბ-ს პირველ მთავარ სამმართველოს და ციტირებს მის სიტყვებს:

„დღევანდელ სამყაროში, ბირთვულმა იარაღმა სამხედრო ძალის გამოყენება დრომოჭმულ, უსარგებლო საქმიანობად აქცია, ამიტომ ტერორიზმი უნდა გახდეს ჩვენი მთავარი იარაღი“.

1968-1978 წლებში გენერალ სახაროვსკის მიერ შექმნილი სპეცჯგუფი რუმინეთიდან კვირაში ერთხელ იარაღით სავსე ორ სატვირთო თვითმფრინავს აგზავნიდა ლიბანში პალესტინელ ტერორისტებთან. შტაზის (გდრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) არქივში ინახება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 1983 წელს ლიბანში გადაიზიდა 2 მილიონი დოლარის „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და შესაბამისი საბრძოლო მასალა. ამავე პერიოდში კომუნისტურმა ჩეხოსლოვაკიამ ისლამისტ ტერორისტებს გაუგზავნა 1000 ტონა Semtex - ასაფეთქებელი ნივთიერება.

კგბ-ს გენერალი ალექსანდრ სახაროვსკი (1909-1983 წწ.)

გენერალ იონ მიხაი პაჩეპას მიხედვით, სწორედ კგბ-ში შემუშავებული გეგმის მიხედვით დაიწყეს ტერორისტებმა თვითმფრინავების გატაცება: მხოლოდ 1969 წელს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ, რომელმაც ფული მიიღო საბჭოთა დაზვერვისგან, გაიტაცა 82 თვითმფრინავი. გენერალი პაჩეპა იხსენებს, თუ როგორ აჩვენა მას გენერალმა სახაროვსკიმ თავის კაბინეტში წითელი დროშებით დაფარული რუკა. თითოეული დროშა აღნიშნავდა გატაცებულ თვითმფრინავს. „ეს ჩემი გამოგონებააო, სიამაყით აღნიშნა სახაროვსკიმ", - ვკითხულობთ წიგნში.

"დეზინფორმაცია" მხოლოდ სსრკ-ს შესახებ არაა. თავში "პუტინის დრო" საუბარია იმაზე, თუ როგორ დაიწყო რუსეთში კგბ-ს თანამშრომლების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად პოლიტიკური რეპრესიები, აღდგა ჯაშუშომანია და აგორდა ანტიამერიკანიზმის ახალი ტალღა. იონ პაჩეპა კვლავ ციტირებს გენერალ სახაროვსკის, რომლის თქმითაც, სახელმწიფო უშიშროება უზრუნველყოფდა რუსეთის სიცოცხლისუნარიანობას 500 წლის განმავლობაში და სწორედ ის, უშიშროების სამსახური მოიგებს ომს რუსეთის მთავარი მტრის - ამერიკული სიონიზმის წინააღმდეგო.

„დეზინფორმაცია“ - იონ მიხაი პაჩეპასა და რონალდ რიჩლიაკის წიგნი

„ბარბაროსული კგბ, რომელმაც თავისი მმართველობის დროს მოკლა 20 მილიონი ადამიანი თავის ქვეყანაში და კიდევ 70 მილიონი მთელ კომუნისტურ სამყაროში, არა მხოლოდ გადარჩა, არამედ მან თანამედროვე რუსეთი გადააქცია პირველ დიქტატურად მსოფლიო ისტორიაში, რომელსაც უშიშროების სამსახური მართავს. თუ ცივი ომის დროს კგბ იყო სახელმწიფო სახელმწიფოში, ახლა ის თავად იქცა სახელმწიფოდ“, - ამბობს გენერალი პაჩეპა, რომლის თქმითაც, არაბულ სამყაროში კრემლი დღემდე აგრძელებს იური ანდროპოვის დაწყებულ პოლიტიკას: მხარს უჭერს რადიკალურ და ტერორისტულ ჯგუფებს. მოსკოვი ასევე ყველაფერს აკეთებს ევროპაში ანტიამერიკანიზმის მხარდასაჭერად, აქეზებს და ახალისებს მემარცხენე მოძრაობებს თავისი აგენტების მეშვეობით, რათა გააპროტესტონ აშშ-ის პოლიტიკა.

კგბ-ს კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი სერგეი ჟირნოვი ჯერ კიდევ 2016 წელს რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან საუბრის დროს ამბობდა, რომ კგბ-ს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ტრადიციას წარმატებით აგრძელებს ვლადიმირ პუტინიო:

„თავად პუტინს სჭირდება ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო დაძაბულობის ფაქტორი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ პუტინის რეჟიმს აქვს ძლიერი არალეგალური კავშირები. პუტინი ამ ყველაფრით მანიპულირებას ცდილობს, რათა ზეწოლა მოახდინოს დასავლეთსა და ნავთობის შეიხებზე ანუ მტრებსა და კონკურენტებზე. <...> პუტინის კავშირი თანამედროვე არაბულ ტერორიზმთან დაფუძნებულია ცინიზმსა და დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნაზე. რუსეთი მოქმედებს პრინციპით: რაც უფრო ძლიერად აამღვრევ წყალს, მით უფრო ადვილია დასავლეთთან მოლაპარაკების წარმოება ძალის პოზიციიდან. პუტინი საკმაოდ კარგად ახერხებს არა გლობალური ტერორიზმით მანიპულირებას, როგორც ეს იყო ანდროპოვის დროს, არამედ - ცალკეული ჯგუფებით. როცა ეცემა მისი აქციების ფასი ცივილიზებული სახელმწიფოების თვალში, ამ დროს „უცნაურად“ აქტიურდება ტერორისტული საქმიანობა დასავლეთის წინააღმდეგ, რაც ამ უკანასკნელს პუტინთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს. სქემა ჯოჯოხეთად მარტივია, მაგრამ ის მუშაობს“.

სერგეი ჟირნოვის კგბ-ს თანამშრომლის მოწმობა

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, სწორედ ასე უცნაურად და მოულოდნელად გააქტიურდა ამჯერადაც ჰამასი, რომელსაც, როგორც "დეზინფორმაციის" ავტორები ამბობენ, რუსეთთან და სსრკ-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

ჰამასის ისტორია

ჰამასი (Hamas) - ორგანიზაციის არაბული სახელწოდების აბრევიატურა: „ჰარაკატ ალ-მუკავამა ალ-ისლამია“ - ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა.

ჯგუფი დააფუძნა შეიხმა აჰმედ იასინმა, პალესტინელმა სასულიერო პირმა, რომელიც ახალგაზრდობაში იყო კაიროს უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი განყოფილების სტუდენტი.

ჰამასი წარმოიშვა ეგვიპტური ისლამისტური ორგანიზაციის „მუსლიმი ძმების“ პალესტინის ფილიალისგან. იასინი თავდაპირველად დაკავებული იყო სწავლებითა და საქველმოქმედო საქმიანობით ძირითადად იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელმა დაიკავა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერთ-ერთი უდიდესი პალესტინური ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ისრაელს, იყო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომლისგან განსხვავებით ჰამასი პირველ ადგილზე აყენებდა ისლამს. ჰამასის აზრით, პალესტინის ტერიტორიების განთავისუფლება მოსახლეობის ისლამიზაციის შედეგი უნდა ყოფილიყო და არა ბრძოლის მთავარი მიზანი.

ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ჰამასის სულიერი ლიდერი შეიხ აჰმედ იასინი და პალესტინელი ლიდერი იასერ არაფატი. ღაზის სექტორი. 2014 წ.

1987 წელს ჰამასის დაარსების შემდეგ, იასინმა თქვა, რომ 20 წლის განმავლობაში (ექვსდღიანი ომიდან) ვითარება შეიცვალა, „ღვთაებრივი ნების“ შედეგად შეიქმნა ახალი რეალობები, შესაბამისად, საჭიროა ბრძოლის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს მორალურ სიწმინდესა და მოყვასზე ზრუნვას, რათა „არა მარტო სამშობლო განთავისუფლდეს, არამედ სულმაც იპოვოს ხსნა“.

რისთვის იბრძვის ჰამასი?

1988 წელს ჰამასმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ქარტია, რომელიც მოუწოდებდა თანამებრძოლებს ისრაელის განადგურებისა და „ისტორიული პალესტინის“ ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ.

„ისრაელი იარსებებს და იარსებებს მანამ, სანამ ისლამი არ გაანადგურებს მას, როგორც ადრე მან გაანადგურა სხვები... ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა თვლის, რომ პალესტინის მიწა ისლამური ვაკუფია (რელიგიური ან საქველმოქმედო მიზნებისთვის გაცემული ქონება), რომელიც კურთხეულია მუსლიმთა მომავალი თაობებისთვის განკითხვის დღემდე. პალესტინა ისლამური ვაკუფის მიწაა, რომელიც ნაკურთხია მუსლიმთა თაობებისთვის“, - ეწერა ამ დოკუმენტში, რომელიც იმთავითვე უარყოფდა მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობას.

ჰამასი ასევე არ ცნობს არც ბალფურის 1917 წლის დეკლარაციას (რომლითაც ბრიტანეთის მთავრობა პირობას დებდა, რომ მხარს დაუჭერდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას მაშინდელი პალესტინის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის არ არღვევდა სხვა რელიგიური თემების უფლებებს) და არც 1990-იან წლებში ოსლოს შეთანხმებას (რომელიც განსაზღვრავდა ორი სახელმწიფოს - ებრაულისა და პალესტინურის - შექმნისა და თანაარსებობის პრინციპებს).

როგორ დაეპატრონა ჰამასი ღაზის სექტორს?

ღაზის სექტორი (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ზოლი 365 კმ² ფართობით, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) მთლიანად კონტროლდება ჰამასის მიერ.

მართალია ორგანიზაცია არ ცნობს ოსლოს შეთანხმებებს, მაგრამ 2006 წელს მაინც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პალესტინის ტერიტორიებზე გამართულ ადგილობრივ და საკანონმდებლო არჩევნებში, რომელშიც გაიმარჯვა კიდეც, დაამარცხა რა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის პარტია Fatah - პალესტინის ეროვნული განთავისუფლების მოძრაობა, თუმცა Fatah-მა არჩევნების შედეგები არ ცნო, რასაც მოჰყვა ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტი (Hamas vs Fatah) და პალესტინური ტერიტორიების ფაქტობრივი გაყოფა: მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი დარჩა Fatah-ს, ხოლო ღაზის სექტორი გადავიდა Hamas-ის ხელში.

2004 წლის მარტსა და აპრილში ჰამასის სულიერი ლიდერი შეიხი აჰმედ იასინი და მისი მემკვიდრე აბდულ აზიზ ალ-რანტისი დაიღუპნენ ღაზის სექტორზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმების დროს.

ჰამასი აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში. რუსეთი არ მიიჩნევს ჰამასს ტერორისტულ დაჯგუფებად.

ვინ აფინანსებს ჰამასს?

ვინაიდან ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, მას არ შეუძლია ოფიციალური დახმარების მიღება. სახსრების უმეტეს ნაწილს იღებდა საზღვარგარეთ მცხოვრები მდიდარი პალესტინელებისგან, ისევე როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნების კიდევ უფრო მდიდარი პირებისგან.

ღაზაში ეკონომიკა, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ არსებობს. 2006-2007 წლებში ეგვიპტემ და ისრაელმა ერთობლივად მოაწყვეს სექტორის ბლოკადა, რის გამოც მილიონზე მეტმა პალესტინელმა დატოვა სექტორი.

ბლოკადის დაწყებიდან მრავალი წლის განმავლობაში ჰამასი შემოსავალს იღებდა ეგვიპტის სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით გაკეთებული გვირაბებით შეტანილი საქონლის დაბეგვრიდან. საკვებისა და მედიკამენტების გარდა, იმავე გვირაბებით შედიოდა იარაღიც. 2018 წელს ეგვიპტემ ოფიციალურად გახსნა ერთი გამშვები პუნქტი გარკვეული სახის კომერციული საქონლის შესატანად, რამაც ასევე გაუჩინა ჰამასს მნიშვნელოვანი (წლის განმავლობაში დაახლოებით 140 მლნ დოლარი) შემოსავალი, თუმცა დღეისათვის ითვლება, რომ ჰამასის ყველაზე მნიშვნელოვანი სპონსორი ირანია.

2020 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანი ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას უწევს ჰამასს და პალესტინის “ისლამურ ჯიჰადს”.

Wall Street Journal-ის თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაეხმარა ჰამასს ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვაში.

გაეროში გამოსვლისას ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა თქვა, რომ სირიასა და ლიბანში ერთმანეთს შეხვდნენ „ისრაელის გარშემო მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ისინი კოორდინაციას უწევდნენ თავიანთ მოქმედებებს. ირანის მარიონეტები ჩვენს რეგიონში ცდილობდნენ თავიანთი ქმედებების მაქსიმალურ კოორდინაციას ირანთან”.

თუმცა, ირანის გაეროს მისიამ უარყო თეირანის მონაწილეობა თავდასხმაში: „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას; მაგრამ არ ვმონაწილეობთ მის ქმედებებში, რადგან ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ თვითონ იღებს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებს ჯერ არ უნახავთ მტკიცებულება, რომ ირანი დგას თავდასხმების უკან, მაგრამ ეს ქვეყანა დიდი ხანია მტრობს ისრაელს და მხარს უჭერს ჯიჰადისტურ ჯგუფებს რეგიონში.

პალესტინელები არღვევენ საზღვარს და იჭრებიან ისრაელში. 7 ოქტომბერი, 2023.

ერთ-ერთ ფაქტორად, რის გამოც შეიძლება ირანი იდგეს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის უკან, სახელდება საუდის არაბეთისა და ისრაელის დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.

თუ ურთიერთობები რეალურად ნორმალიზდებოდა, მაშინ სავარაუდოდ, ასევე მკვეთრად გაუმჯობესდებოდა ისრაელის ურთიერთობა სხვა არაბულ ქვეყნებთანაც.

ასეთი პერსპექტივა კატეგორიულად არ აძლევდა ხელს ირანს, რომელიც კვლავაც განაგრძობს ღია მოწოდებას, გაანადგურონ ებრაული სახელმწიფო.