ტელეგინოჩამა "ბორჯი" - პირველი მეგრული სატელევიზიო პროექტი

გიორგი ლემონჯავა, ნანა ნაჭყებია. გადაცემა "ბორჯის" წამყვანები

"გომორძგუა, თქვან წოხოლერე ტელეგინოჩამა "ბორჯი" (გამარჯობა, თქვენ წინაშეა ტელეგადაცემა "ბორჯი"), - თვეში ერთხელ, პარასკევს, 20:15 საათზე ასე იწყება მეგრულენოვანი გადაცემა "ბორჯი", რომელიც ჩხოროწყუს ტელევიზია "კოლხეთი 89"-ზე გადის. გადაცემა მეგრულ ენაზე ეთერში პირველად 3 თვის წინ გავიდა.

"ბორჯის" (დრო, ჟამი) პირველი სტუმრები ენათმეცნიერი, წიგნის "ვისწავლოთ მეგრული" ავტორი ნათია ფონიავა და პირველი მეგრული ჟურნალი "სქანის" რედაქტორი გივი ქარჩავა იყვნენ.

"მინდა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტელევიზიებს მივმართო. აიღეთ ჩხოროწყუს ტელევიზიის მაგალითი და კვირაში ერთი საათი მეგრულ გადაცემას დაუთმეთ და ასე ნელ-ნელა დავეხმაროთ ენას", - თქვა პირველ გადაცემაში გივი ქარჩავამ.

"ბორჯის" იდეის ავტორი ჩხოროწყუელი, 31 წლის, თეონა ახალაიაა, რომელიც 4 წელია იტალიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, მედიაში ჟურნალისტად 7 წელი მუშაობდა. მეგრული ტელეგადაცემის დაწყების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ მეგრული და სვანური იუნესკომ საფრთხეში მყოფი ენების სიაში შეიყვანა.

თეონა ახალაია

"სამწუხაროდ, ცუდი სიტუაცია გვაქვს და ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ მეგრული, სვანური და ლაზური, რომელიც ჩვენი, ქართველების საერთო საგანძურია, გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ. ამ გადაცემებით მაყურებელს, ასე ვთქვათ, იავნანას ვუმღერით, რათა მეხსიერება დაგვიბრუნდეს და გავიხსენოთ დედა "ნანას" რა ენაზე გვიმღეროდა", - ამბობს თეონა ახალაია.

იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასში მეგრულსა და სვანურს 2011 წლიდან მინიჭებული აქვთ კატეგორია "აშკარად გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი", რაც განიმარტება ენად, რომელსაც ბავშვები სახლში, როგორც მშობლიურს, აღარ სწავლობენ.

"ძალიან გამიხარდა, მეგრული გადაცემის დაწყების შესახებ როცა შევიტყვე. ლაზები და მეგრელები და-ძმები და ერთი ვაშლის ორი ნაჭერი ვართ. ერთი ენა გვაქვს, მარა ვარიანტები სხვადასხვა", - თქვა გადაცემაში სტუმრობისას სტამბოლში მცხოვრებმა ეთნიკურად ლაზმა ისმაილ ავჯი ბუჯაკლიშმა, რომელიც ლაზურ ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და ლაზური ენის გადარჩენისთვის იბრძვის თურქეთში.

ისმაილ ავჯი ბუჯაკლიში გადაცემაში სტუმრობისას ენათმეცნიერ ნათია ფონიავასთან ერთად

ასევე ნახეთ "ლაზი ვორე" - როგორ ცდილობენ ენის გადარჩენას თურქეთში ლაზები

თეონას იდეის განხორციელებაში ჩხოროწყუს ტელევიზია "კოლხეთი 89" დაეხმარა. არხი თეონას და მის გუნდს სტუდიას და ტექნიკას უსასყიდლოდ უთმობს. თეონა ტელეპროექტის ხარჯებს ჯერჯერობით მხოლოდ თავად ფარავს, გუნდი კი უხელფასოდ, მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობს.

"თემებზე მე ვფიქრობ, სცენარსაც ვწერ, რომლის შემდეგ გუნდი იკრიბება და განვიხილავთ. გადაცემების მონტაჟის დროს მესენჯერით ვერთვები და აქედან ვუყურებ მონტაჟის პროცესს. გუნდი ენთუზიაზმზე მუშაობს, ხელფასს ჯერჯერობით ვერ ვუხდი, სამწუხაროდ, რადგან დაფინანსება არ გვაქვს და დონორების ძიებაში ვართ ამ დრომდე", - ამბობს თეონა.

"ბორჯისთვის" სიუჟეტებიც მეგრულ ენაზე მზადდება. მაგალითად, მე-4 გადაცემაში მაყურებლებს უამბეს, თუ რომელი ღომით იკვებებოდნენ სამეგრელოში, სანამ საქართველოში სიმინდი შემოვიდოდა.

ასევე ნახეთ რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?

სხვა გადაცემები ახალგაზრდებს, ადგილობრივ ოსტატებს და სხვა გამორჩეულ მეგრელებს დაუთმეს.

"ერთი ვიდეოკამერითა და ერთი სამონტაჟო კომპიუტერით ვმუშაობთ აკა TV [აკა-TV მეგრული ტელევიზია, რომელიც ამ ეტაპზე YouTube არხზე მაუწყებლობს რ.თ.] და "კოლხეთი 89"-ზე. საკუთარი ჯერ არაფერი გაგვაჩნია", - ამბობს თეონა.

ენათმეცნიერ ნათია ფონიავას მიაჩნია, რომ მეგრულენოვანი გადაცემა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნათია ფონიავა

"ზოგადად, ტელევიზია და თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან დიდ როლს ასრულებს ენების პოპულარიზაციის საქმეში და ისედაც ასეთი რესურსები საერთოდ არ გვაქვს მეგრულისთვის. ასევე, იმიტომაც არის კარგი, რომ ეს გადაცემები სოციალურ მედიაში ვრცელდება და ენის პოპულარიზაციაში სოციალურ მედიას დიდი როლი აკისრია, რადგან ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა. ეს ის თაობაა, რომელსაც ძალიან უჭირს ამ ენაზე საუბარი და არ ვიქნები არასწორი თუ ვიტყვი, რომ ესირცხვილება, ხშირ შემთხვევაში", - ამბობს ფონიავა რადიო თავისუფლებასთან.

მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით აქტივისტები პერიოდულად აქციებს მართავენ ზუგდიდში. ისინი მეგრულთან ერთად სვანური და ლაზური ენებისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებასა და სკოლებში სწავლების შემოღებას ითხოვენ.

მეგრულ-ლაზური და სვანური ენების ინსტიტუციონალური მხარდაჭერის არქონის გამო, მასზე ზრუნვა ამ ენებით დაინტერესებულ ადამიანთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სვანურის, მეგრულისა და ლაზურის დასაცავად სახელმწიფო ჯერჯერობით მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს აფინანსებს.

მიმდინარე წლის 14 აპრილს, დედაენის დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუკი მეგრული და სვანური ენები სკოლაში არჩევითი საგნები გახდებოდა. ზურაბიშვილმა კონსტიტუციით განსაზღვრული ქართული და აფხაზური ენების დაცვასთან ერთად, ჭანურისა და ლაზურის დაცვაზეც ისაუბრა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მეგრული და სვანური ენების სკოლაში არჩევით საგნებად სწავლების ინიციატივით გამოდის

მსგავსი განცხადება მან 2021 წელსაც გააკეთა.

"ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს – მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია, ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს!", - ნათქვამი იყო მიმართვაში.

მეგრული და სვანური ენების სპეციალისტებს სჯერათ, რომ ამ ენების სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებში სწავლება სვანურისა და მეგრულისადმი დამოკიდებულებას კარდინარულად შეცვლიდა, ოღონდ არა არჩევით საგნად, რადგან სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მას შედეგი არ მოაქვს და უფრო საჩვენებელი ეფექტი აქვს.

"ბორჯის" გუნდი ახლა მე-5 გადაცემისთვის ემზადება. ტელეპროექტის იდეის ავტორ თეონა ახალაიას უნდა, რომ მეგრული გადაცემები რაც შეიძლება მალე ქართული ტიტრებით გავიდეს, თუმცა ამის თანხა ჯერ არ აქვს.