„ეს ვიღაცას უნდა გაეკეთებინა და სხვამ არავინ ქნა. ამიტომ, მე გავაკეთე“, - პასუხობს რადიო თავისუფლებას თეოდორ (ტედ) ჯონასი, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორისგან ლევან ვასაძისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. ამისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იურიდიული კომპანიის Dentons-ის უფროსმა კონსულმა, ტედ ჯონასმა 14 აგვისტოს წერილობით მიმართა შალვა თადუმაძეს.
საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ.
„მოგმართავთ პირად საფუძველზე და როგორც საქართველოს მოქალაქე. ყოველივე ქვევით მოყვანილი ემყარება ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებსა და შეხედულებებს და ასევე იმ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის ცნობილი გახდა ადგილობრივი პრესის მეშვეობით (იხ. დანართი 1).
გამოვთქვამ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ გაუმართლებლად ვერ ან არ შეძლო აღეძრა საქმე მოქალაქე ლევან ვასაძის მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური აქტების საპასუხოდ. წინამდებარე წერილი გამოხატავს ჩემს მოქალაქეობრივ პროტესტს ბატონი ვასაძისა და მის მიერ საჯაროდ და ღიად ჩადენილი კრიმინალური აქტების წინააღმდეგ, რაც დასტურდება მედიით გამოქვეყნებული მასალებით“.
ვრცელ წერილში ტედ ჯონასი გენერალურ პროკურორს შეახსენებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონებით გამყარებულ უფლებებს, რომელთა თანახმადაც: „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ჰქონდათ პრაიდის ჩატარების უფლება, სახელმწიფოს ჰქონდამათი ამ უფლების დაცვის ვალდებულება და სხვას (ლევან ვასაძესა და მის მხარდამჭერებს) არ ჰქონდათ უფლება ხელი შეეშალათ შეკრებისა და გამოხატვის უფლების განხორციელებისთვის.
მას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ გამოეძიებინა ან საქმე აღეძრა ლევან ვასაძის წინააღმდეგ, იმ მრავალი კანონდარღვევის გამო, რომელიც მან აშკარად ჩაიდინა...
იურისტი გენერალურ პროკურორს შეახსენებს იმასაც, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“ და ეს პრინციპი „უნდა იქნას გამოყენებული ბატონი ვასაძის მიმართ მის პასუხისგებაში მისაცემად ჩადენილი დანაშაულის გამო, ისევე როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთა დასაცავად, რასაც განსაზღვრავს კონსტიტუციის 11.1 მუხლი“.
ტედ ჯონასი იხსენებს მოვლენათა თანმიმდევრობას: როგორ მზადდებოდა „თბილისი პრაიდი“, რა შინაარსის კომუნიკაცია იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის, რა შედეგით დასრულდა ეს კომუნიკაცია, რა ძალადობრივი მოწოდებებით გამოდიოდა და რა ნაბიჯებს დგამდა ამის პარალელურად ლევან ვასაძე თავის მომხრეებთან ერთად და როგორ უპასუხა ამას სახელმწიფომ.
ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს.
იურისტის წერილის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ იმასაც, რომ სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფოს არ უჭირს რეაგირება და სწრაფად მოქმედება მოქალაქის თავისუფლების აღსაკვეთად, როგორც ეს 20-21 ივნისის მოვლენების დროს და შემდეგ მოხდა.
გთავაზობთ ტედ ჯონასის შალვა თადუმაძისადმი მიწერილი წერილის დასკვნით ნაწილს:
„ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურამ ვასაძის ქმედებების გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 223 მუხლით, რომელიც ეხება უკანონო ფორმირების შექმნას. მას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ გამოეძიებინა ან საქმე აღეძრა ლევან ვასაძის წინააღმდეგ, იმ მრავალი კანონდარღვევის გამო, რომელიც მან აშკარად ჩაიდინა სისხლის სამართლის 142, 239¹, 151, 156, 161, 252 და 353 მუხლებისა და სხვადასხვა პარაგრაფის მიხედვით. უფრო მეტიც, არანაირი სიახლე არ გამოქვეყნებულა ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პროგრესის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტები ჩადენილ იქნა თითქმის 2 თვის წინ, ფაქტები ღია და აშკარაა, არსებობს ათობით და ასობით თვითმხილველი და პრესაში გამოქვეყნებულია დამადასტურებელი მასალაც.
ნუთუ საქართველოს პროკურატურას უბრალოდ არ ძალუძს აწარმოოს გამოძიება დროულად და კომპეტენტურად?
პროკურატურის ქმედუუნარობა... ბადებს ძლიერ ეჭვებს ქვეყანაში შერჩევითი და პოლიტიზებული სამართლის არსებობის შესახებ.
სიჩქარე, რომლითაც პროკურატურამ დააკავა დემონსტრანტები სავარაუდო დანაშაულისათვის, 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის წინ, ცხადყოფს, რომ როდესაც არსებობს ნება, პროკურატურა მყისიერად აკავებს ადამიანებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. მაშინ, რატომ დასჭირდა პროკურატურას თითქმის 2 თვის ვადა იმისათვის, რომ გამოეძიებინა ვასაძის უკანონო (შეიარაღებული რაზმი) ფორმირების შესახებ ფაქტები და რა მიზეზით ვერ შეძლო პროკურატურამ დაეწყო გამოძიება იმ მრავალი დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებიც ვასაძემ ჩაიდინა იმავე პერიოდში და რომლებიც ღია, აშკარა და მტკიცებულებებით სრულად დადასტურებულია?
მოვითხოვ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა სტრუქტურამ გამოიძიოს და საქმე აღძრას ლევან ვასაძის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აშკარა დარღვევების გამო.
პროკურატურის ქმედუუნარობა დროულად დაასრულოს გამოძიება 223 მუხლით და მისი სრული კრახი გამოიძიოს და ბრალი წაუყენოს ვასაძეს იმ მრავალი დანაშაულის გამო, რომლებიც მან აშკარად ჩაიდინა და დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლი, ბადებს ძლიერ ეჭვებს ქვეყანაში შერჩევითი და პოლიტიზებული სამართლის არსებობის შესახებ. ამას არ უნდა ქონდეს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას.
ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფმა სტრუქტურამ გამოიძიოს და საქმე აღძრას ლევან ვასაძის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის აშკარა დარღვევების გამო, რომლებიც მოყვანილია წინამდებარე წერილში და ასევე, სხვა შესაბამისი მიზეზებისა თუ გარემოებების გამო, რომლებიც შესაძლოა თქვენთვისაც არის ცნობილი“.
"საქართველოს პროკურატურა გაეცნობა წერილს და მის ავტორს კანონით დადგენილ ვადებში ეცნობება შესაბამისი პასუხი"
წერილის ასლები ტედ ჯონასმა გაუგზავნა: შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს და აშშ-ის კონსულ ჟენეტ რებერს.
რადიო თავისუფლებას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა უპასუხა, რომ ტედ ჯონასის წერილი პროკურატურაში გუშინ (14 აგვისტოს) შევიდა: "საქართველოს პროკურატურა გაეცნობა წერილს და მის ავტორს კანონით დადგენილ ვადებში ეცნობება შესაბამისი პასუხი", - აღნიშნულია პროკურატურიდან მიღებულ გზავნილში.