ტარიელ შეითნიშვილმა, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, შიმშილობა დაიწყო

26 წლის ტატო შეითნიშვილი ლაგოდეხში პოლიციის უფროსსა და კიდევ ორ თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებს. შეითნიშვილი პოლიციელების დასჯას ითხოვს და დღეიდან შიმშილობას იწყებს. ამბობს, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს.

„პირდაპირ დანაშაული ჩაიდინეს და ამ დრომდე მდევნიდნენ. იმ მომენტში, როდესაც მანქანაში მცემეს, იყვნენ გიორგი კლიმიაშვილი, მერაბ კომშიაშვილი და ილო მაისაშვილი“, - ეს განცხადება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებმა 26 წლის ტარიელ - იგივე (ტატო) - შეითნიშვილმა გააკეთა. მის მიერ დასახელებული პირები შს სამინისტროს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლები არიან. ერთი მათგანი, გიორგი კლიმიაშვილი, პოლიციის უფროსია.

ტატო შეითნიშვილი


ტარიელ შეითნიშვილმა, დაახლოებით, ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში სტატუსი და ფოტომასალა გამოაქვეყნა. მან პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. შეითნიშვილმა მომხდარზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტ ლია ხუროშვილთან ერთად დღეს პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

შეითნიშვილი იხსენებს, რომ 1-ელ დეკემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის გვერდით იდგა მერსედესის მარკის ავტომანქანით. მანქანაში ჰყავდა, ასევე, ძაღლი. შეითნიშვილის მონათხრობით, პატრულირებისას ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა მისი მანქანა შენიშნეს და მოსთხოვეს ავტომობილიდან გადმოსულიყო. პასუხად მან მანქანიდან გადმოსვლამდე დაიწყო მანქანის მინების აწევა, რომ ძაღლი ფანჯრიდან არ გადმომხტარიყო. პოლიციელებს, სავარაუდოდ, არ მოეწონათ, მაშინვე რომ არ გადმოვიდა მანქანიდან და ისე, რომ არც უცდიათ სიტუაციის გარკვევა, ძალით გამოუღეს კარი, გადმოათრიეს მანქანიდან და ათრიეს ასფალტზე. შეითნიშვილი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ყელში ხელი წაუჭირა და სცემდნენ თავის არეში. ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიციაში გადაყვანის დროს გზაშიც სცემდენენ.

„ვითომ დაუმორჩილებლობას მედავებოდნენ, მაგრამ გაჩერებულ მანქანაში შემომიცვივდნენ, რომელიც დაპარკინგებული იყო. ჩემთვის პოლიციელებს არ მოუთხოვიათ საბუთი, ჩემ მიმართ პირდაპირ აგრესიას გამოხატავდნენ. დღეს შევიტყვე, რომ ეს ადამიანები ისევ პოლიციის განყოფილებაში მუშაობენ და ვთვლი, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადოდ, ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. ჩემთვის ეს დისკომფორტს წარმოადგენს, იმიტომ რომ შიშიც არის და არ ვიცი, მომავალში რას დამიშავებენ და რას გამიკეთებენ. ისინი ისევ აგრძელებენ თავიანთ სამსახურებრივ საქმიანობას.. ხვალ თუ ზეგ ვინ იქნება ჩემნაირ სიტუაციაში, არ ვიცი...“

ტატო შეითნიშვილის დაზიანებული ტანისამოსი

ტარიელ შეითნიშვილმა პრესკონფერენციაზე ისიც თქვა, რომ 1-ელ დეკემბერს, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ, ჩხრეკის მიზნით, დიდი ხნით გააშიშვლეს, რის გამოც მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. შეითნიშვილი პოლიციელების დასჯას ითხოვს და შიმშილობას იწყებს:

„თავის ტკივილი დღემდე მაქვს. გარდა ამისა, ზოგი რამ ექსპერტიზაზე არ გამოჩნდა, თუმცა შემდეგ დამეწყო ტკივილები. ახლა შიმშილს ვაპირებ მანამდე, სანამ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობა არ დადგება, ვინც მცემა. შიმშილის დროს წყალს დავლევ მარტო და თუ არაფერი შეიცვლება, შემდეგ წყლის მიღებასაც შევწყვეტ“.

ტარიელ შეითნიშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. იუსრისტი ლია ხუროშვილი ლაგოდეხის პოლიციის უფროსისა და სხვა პოლიციელების სავარაუდო დანაშაულის დროულ და ეფექტიან გამოძიებას ითხოვს. ხუროშვილი მოითხოვს ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი:

„მიმაჩნია, რომ ასეთი შემთხვევები არ უნდა იყოს მიჩქმალული და გამოძიება სასწრაფო წესით ბოლომდე უნდა მივიდეს. სათანადოდ უნდა იყვნენ დასჯილი ის პირები, ვისაც ამგვარი ძალადობა აქვს განხორციელებული. არ არის აუცილებელი ძალადობას მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან თვითმკვლელობა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის, რომ პოლიციის თანმშრომელი, ვინც არ უნდა იყოს ის და რა თანამდებობასაც არ უნდა იკავებდეს, არ აგებდეს პასუხს ადამიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო“.

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი. ამ უწყებიდან მოგვწერეს:

ტარიელ შეითნიშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.

ეს არის პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან. ამ უწყებაში გვითხრეს, რომ ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას პოლიციელები თანამდებობიდან დაითხოვოს. ტარიელ შეითნიშვილი, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულად არ არის ცნობილი. მან დღეიდან შიმშილობა დაიწყო.