ტაივანის მესაზღვრეების ადევნების შედეგად ორი ჩინელი მეთევზე დაიღუპა. ინციდენტი, 14 თებერვალს ტაივანის კიმნენის კუნძულების სიახლოვეს მოხდა. ეს ტერიტორია ჩინეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
ტაივანის სასაზღვო დაცვის სამსახურის თანახმად, ჩინური არაიდენტიფიცირებული ნავი ტაივანის ტერიტორიულ წყლებში უნებართვოდ შეიჭრა, სამართალდამცავების ადევნებისას ნავი ამოყირავდა და მასში მყოფი ოთხივე ადამიანი წყალში ჩაცვივდა.
ოთხიდან ორი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მათი გარდაცვალება დადასტურდა.
ტაივანი 75 წელია პეკინისგან დამოუკიდებლად იმართება, თუმცა ჩინეთი მას თავის ტერიტორიად მიიჩნევს და ამბობს, რომ ერთ დღესაც გაერთიანდება.
ტაივანის საქმეთა სამსახურმა დაგმო ეს შემთხვევა და ტაივანის ხელისუფლებას სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.
ჩინეთის ტერიტორიული წყლებიდან ნავები და გემები, გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ხშირად ხვდებიან კინმენისა და მაცუს კუნძულების სიახლოვეს.
პეკინმა ინციდენტზე პასუხისმგებლობა ტაივანის მმართველი პარტიას, „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ დააკისრა და განაცხადა, რომ ტაიბეი „სხვადასხვა მიზეზს იყენებს, რათა ძალით შეაფერხოს [ჩინეთის კონტინენტური ნაწილის] თევზსაჭერი ნავები და უხეშად და სახიფათოდ ეპყრობა მეთევზეებს“.
ტაივანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანახმად, გამოძიება დაწყებულია. ორი გადარჩენილი მეთევზე კინმენის კუნძულებზეა გადაყვანილი, მათ ოჯახებს კი ოფიციალური არხებით დაუკავშირდებიან.
ტაივანის სახელმწიფო უწყებამ, რომელიც ჩინეთთან ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ გამოძიების პირველადი შედეგებით, სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უფლებამოსილებისათვის არ გადაუჭარბებიათ.
უწყების მტკიცებით, პასუხისმგებლობა პეკინს ეკისრება, რომელიც ჩინურ ხომალდებს არ უშლის ტაივანის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ თევზაობას, მათ შორის ასაფეთქებლების გამოყენებით, ასევე, წყალქვეშ ქვიშის მოპოვებასა და ტაივანის წყლების ნაგვით დაბინძურებას.
გეოგრაფიული მდებარეობა კინმენისა და მაცუს კუნძულებს სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს: აქ ტაივანსა და ჩინეთის ურთიერთობების, - „სრუტის გადაღმა ურთიერთობების“, - ფრონტის ხაზია.
ასევე ნახეთ „ფრონტის ხაზი“ ტაივანსა და ჩინეთს შორის - რეპორტაჟი მაცუს კუნძულებიდან