„სჯობს მივცეთ ფული და დავივიწყოთ“ - როგორ ექცევა რუსეთი ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს

2022 წლის მაისში კიევის რეგიონში ექსჰუმირებული რუსი ჯარისკაცის შევრონი.

მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობის ვადის შეცვლას ითვალისწინებს.

კანონის ავტორების განმარტებით, ჯარისკაცი გარდაცვლილად ან დაკარგულად უნდა მიიჩნიონ მისი გაუჩინარებიდან ექვსი თვის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული ერთი წლისა.

ექსპერტები ასეთ საკანონმდებლო ინიციატივას "წინააღმდეგობრივს" უწოდებენ. მათი აზრით, დროის შემცირება, ერთი მხრივ, ნათესავებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად მიიღონ დადგენილი ფულადი დახმარება, მეორე მხრივ - მნიშვნელოვნად შემცირდება დაღუპულ ჯარისკაცთა (ან მათი ცხედრების) პოვნის შანსი, რაზეც მრავალი საჩივარი ისმის უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცთა ჭირისუფლების მხრიდან.

“მინდა, რომ ქმარი დამიბრუნონ“

მთიან ალთაიში მცხოვრები ალტინაი და ილიას სურასმანოვები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაქორწინდნენ. მალე ილიასი კურილის კუნძულებზე გაემგზავრა, სადაც კონტრაქტით მსახურობდა. ის სახლში შვებულებით იმყოფებოდა, ალტინაი კი მასთან აპირებდა გადასვლას, რათა ქმრის კონტრაქტის დასრულებას ერთად ნაქირავებ ბინაში დალოდებოდნენ, შემდეგ კი კვლავ მშობლიურ მთიან ალთაიში დაბრუნებულიყვნენ.

„მან მითხრა, რომ იპოვა ბინა კურილის კუნძულებზე, მე უკვე მოვემზადე მასთან წასასვლელად, მაგრამ მეორე დღეს დარეკა და თქვა, რომ ისინი უკრაინაში მიჰყავდათ, - ბუნებრივია, ყველანაირად ვცდილობდით მის დარწმუნებას, რომ ამაზე უარი ეთქვა, კონტრაქტი გაეწყვიტა ... უნდოდა თუ არა წასვლა? ვფიქრობ, არ უნდოდა, მაგრამ ვერც უარს იტყოდა. მას საკუთარი პრინციპები აქვს, უარის თქმა არ არის ვაჟკაცური საქციელი“, - ამბობს ალტინაი სურასმანოვა.

ილიას სურასმანოვი

26 წლის უმცროსი სერჟანტი ილიას სურასმანოვი უკრაინაში 2022 წლის ივნისში ჩავიდა, სადაც საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში მოხვდა. საბრძოლო მოქმედების ზონაში გაგზავნის შემდეგ, ილიასს სახლში ერთხელაც აღარ დაურეკავს. რამდენიმე კვირის შემდეგ ალტინაიმ და ილიასის დედამ თავად დაიწყეს ჯარისკაცის ძებნა. ბოლოს ილიასის თანამებრძოლებისგან შეიტყვეს, რომ 7-8 ივლისს ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში სურასმანოვი მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. და ამის შემდეგ სარდლობამ მის შესახებ უკვე არაფერი იცის. 2022 წლის ზაფხულში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმია უკუაგდო იზიუმიდან და მთლიანად აღადგინა კონტროლი ქალაქზე. შესაბამისად, ილისის მოძებნა ამის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა.

„თავდაცვის სამინისტროს ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ ბევრჯერ წაგვიყრუეს, შეკითხვებზე პასუხს ან არ გვაძლევდნენ, ან ყოველ ჯერზე გვიმტკიცებდნენ, რომ ეძებენ. და ასე გრძელდება 8 თვის განმავლობაში... არაფერი ვიცით - ცოცხალია თუ მკვდარი. ზოგი გვეუბნება, რომ იგი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიც ამბობს, რომ შესაძლოა ტყვედ ჩავარდაო. დღესდღეობით ის ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რადგან არსად აღარ ირიცხება“, - ამბობს ალტინაი.

სანამ ომში წავიდოდა, ილიასმა ოჯახისთვის კრედიტი აიღო, რომლის მომსახურებაში მისი ბარათიდან ყოველთვიურად 16-20 ათასი რუბლი (დაახლოებით 260 $) იჭრება, ამასთან, ხელფასი უკვე აღარ ერიცხება.

ალტინაიმ მიმართა ბანკსაც და სამხედრო ნაწილსაც, რომელშიც მისი მეუღლე მსახურობდა და რის ვაი-ვაგლახით მიაღწია იმას, რომ როგორც იქნა ერთი თვის ხელფასი თებერვალში ჩაურიცხეს - პირველად მთელი იმ 8 თვის განმავლობაში, რაც მისი მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„ის-ის იყო დავქორწინდით და უკვე დავკარგე ქმარი. როგორ უნდა ვგრძნობდე თავს თქვენი აზრით? მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთ ყოფას. ყველას ვუსამძიმრებ ამ დანაკარგს და მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს. არც კი ვიცი, რა უნდა ვიღონო ფულადი დახმარების მისაღებად. მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს: მინდა, რომ დამიბრუნონ ქმარი, სადაც არ უნდა იყოს და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს იგი. მე მოვითხოვ მის დაბრუნებას! ძალიან მტკივა და ძალიან რთულია ეს ყველაფერი“, - ამბობს ალტინაი სურასმანოვა.

„მას ჩვენ მეტი არავინ ეძებს“

უკრაინაში დაღუპული ქმრისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარების გადაუხდელობის პრობლემას წააწყდა ბაიკალისპირელი ოლგა ბორზი. მისი ქმარი სერგი სექტემბერში იქნა მობილიზებული, ხოლო უკვე იანვარში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან.

„ჩვენ კრედიტი არ გვაქვს, მაგრამ ახლა ბედის ანაბარად აღმოვჩნდით დარჩენილები, - ამბობს ოლგა, - მას შემდეგ, რაც ის გაუჩინარდა, ფულის გადმორიცხვა შეწყდა. მე მივწერე სამხედრო პროკურატურას, მაგრამ პასუხი ჯერაც არ მომსვლია. აქამდე მისი ხელფასი მოდიოდა, ის გვიგზავნიდა და რაღაცის გადადებაც მოვასწარი. დღეს სწორედ ამ დანაზოგით ვარსებობთ მე და ჩვენი სამი შვილი. ჯერჯერობით თავი გაგვაქვს. მაინც იმედი მაქვს, რომ ის ცოცხალია და დაბრუნდება“.

უგლედარში დაიღუპა ოლგას ნათესავიც, რომელიც 2022 წლის სექტემბერში იქნა მობილიზებული ვლადივოსტოკიდან. ისიც იანვარში უგლედარის მიმართულებაზე დაიკარგა უგზო-უკვლოდ, რის შემდეგაც მის ოჯახსაც შეუწყვიტეს ფულადი ანაზღაურების გადახდა.

„ჯერჯერობით მიზეზი უცნობია. ისიც კი არ შეუძლიათ გასაგებად გვითხრან, უნდა გადაუხადონ თუ არა რაიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროში არაფერს გვეუბნებიან, თუ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა. უბრალოდ ადამიანი აღარ არის და ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ მეტი მას არც არავინ ეძებს. თანაც ასეთ მდგომარეობაში მარტო ჩვენ არ ვართ. ჩვენი ძალებით ვეძებთ: თვალს ვადევნებთ უკრაინულ სატელევიზიო რეპორტაჟებს ჩვენი ტყვეების ინტერვიუებით, იქნება სადმე მოულოდნელად დავინახოთ“, - ამბობს ევგენია.

განადგურებული რუსული ტექნიკა უგლედართან. 2023 წლის თებერვალი.

არადა, როგორც ირკვევა, სახელმწიფო ვალდებულია შეუნარჩუნოს ჭირისუფალს დაკარგული ჯარისკაცის ფულადი დახმარების მოცულობა. მამაკაცის შემწეობა ოჯახისთვის, რომელიც დაღუპულად ან დაკარგულად ითვლება, - ამბობს ვერონიკა მარჩენკო, რუსეთის „დედების უფლებათა ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე.

„ხდება, რომ ვერ დგინდება სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელი. დავუშვათ, იყო რაღაც ბრძოლა და თანამებრძოლების თქმით სამხედრო დაიღუპა. ამასთან, ფაქტობრივად მისი სხეულის გამოტანა ვერ ხერხდება. სარდლობამ დაახლოებით იცის, თუ სად იმყოფება მოკლულის გვამი, მაგრამ ელოდება დროს, რომ გამოიტანოს. ან საერთოდ ვერავინ დაინახა, რა დაემართა ჯარისკაცს. ასეთ შემთხვევაში მეთაური იღებს სიას და ადარებს, თუ ვინ გადარჩა, ვინ დაიჭრა, ვინ დაიღუპა და ვინ დაიკარგა უგზო-უკვლოდ. ეს იურიდიული ტერმინია. და თუ ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, კანონის თანახმად, ის ფაქტობრივად ცოცხლად ითვლება, ვიდრე მისი სიკვდილი არ დადასტურდება. და სწორედ იმიტომ, რომ ის უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ნარჩუნდება მისთვის განსაზღვრული ფულადი სარგო და, კანონის თანახმად, ეს თანხა უნდა გადაერიცხოს მის მეუღლესა და შვილებს. თუ ჯარისკაცს არ ჰყავს ცოლ-შვილი, მისი კუთვნილი თანხა მშობლებმა უნდა მიიღონ. თუ ისინი ამ ფულს ვერ იღებენ, ეს არის წონადი მიზეზი იმისთვის, რომ სამხედრო პროკურატურას მიმართონ“, - ამბობს ვერონიკა მარჩენკო.

სამხედროები და მათი ოჯახები ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ათი რეგიონიდან ჩივიან, რომ მათ ხელფასებს ან უგვიანებენ, ან საერთოდ არ უხდიან. სამხედროების ნათესავები ამას შესახებ წერენ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“.

პრობლემები დაფიქსირდა ბურიატიის, ტიუმენის, ნოვოსიბირსკის, ომსკის, ტომსკის, ამურისა და სახალინის რეგიონების, ასევე ალთაის, კრასნოიარსკისა და პრიმორსკის ტერიტორიების მცხოვრებლების მიერ. "ჯარისკაცთა დედების კომიტეტების კავშირის" ხელმძღვანელი ვალენტინა მელნიკოვა თვლის, რომ ხელფასების, შემწეობებისა და სოციალური შეღავათების შეფერხება დაკავშირებულია იმ ადმინისტრაციულ კოლაფსთან, რომელსაც არმიის ბიუროკრატია წააწყდა.

„უმეტესობა [იმ უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა], ვინც ფულს არ იღებს, მაინც მოკვდება. ისინი დოკუმენტურად გააფორმებენ იმას, რაც სახელფასო უწყისშიც აისახება. დანარჩენი კი, აბა, სცადე და დაამტკიცე. როდესაც ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შედიოდნენ, ამის არანაირი ბრძანება არ ყოფილა. აბა, სცადე და დაამტკიცე, რომ ის იქ იყო. ეს სქემა სწორედ ასე მუშაობს“, - ჰყვება ერთ-ერთი კონტრაქტით დაქირავებული.

„ფული ხომ ყველა ადამიანს არ უნდა“

14 მარტს დეპუტატებისა და სენატორების ჯგუფმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ ჯარისკაცის დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის ვადა ექვს თვემდე შემცირდება. მოქმედი კანონის თანახმად, თუ ჯარისკაცის ადგილმდებარეობა უცნობია, ის დაკარგულად ითვლება, მაგრამ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება ამ სტატუსის ლეგალურად გაფორმება. თუ ჯარისკაცის ნაშთები არ არის ნაპოვნი, მაშინ სამხედრო კონფლიქტის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, სასამართლომ შეიძლება იგი გარდაცვლილად გამოაცხადოს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ე.წ. ოფიციალური სიკვდილის დაკანონება და ოჯახს მიეცემა უფლება მიიღოს ფულადი ანაზღაურება და მემკვიდრეობა. ფონდ „არმიისა და მოქალაქის“ დამფუძნებლის, სერგეი კრივენკოს თქმით, ვადის შემცირება სახელმწიფოს მხრიდან სასარგებლო ინიციატივაა, რადგან დაღუპული ჯარისკაცების ნათესავები უფრო მალე შეძლებენ სამხედროს დაღუპვისთვის განკუთვნილი კომპენსაციის მიღებას. მაგრამ კანონს არსებითი ნაკლოვანება აქვს, ვინაიდან იგი ჯარისკაცის მოძიების ვადების შემცირებასაც გამოიწვევს, - მიაჩნია ვერონიკა მარჩენკოს.

„გასაგებია, რომ თეორიულად ეს კეთდება ჯარისკაცის ნათესავების სასარგებლოდ. მაგრამ, მეორე მხრივ, რაც უფრო ნაკლებია ვადა, მით უფრო მცირეა იმედი იმისა, რომ [უგზო-უკვლოდ დაკარგული] ადამიანი ეძებონ ცოცხლებში და შეეცადონ ტყვეებში მის გაცვლას. ალბათ წაგიკითხავთ, რომ ავღანეთში ომის დასრულების 20 წლის შემდეგაც პოულობდნენ ადამიანებს ტყვეობაში. ჩეჩნეთში 10 წლის შემდეგ პოულობდნენ, მაგრამ ცოცხლებს. რას გვეუბნება ეს [ინიციატივა]? რომ ძებნას საერთოდ აღარ გააგრძელებენ, თუ გააგრძელებენ ფორმალურად? ეს კითხვები ჩნდება. უნდა გვესმოდეს, რომ ფული ყველა ადამიანს არ სჭირდება. თუ ვინმეს სურს, რომ იპოვოს თავისი ახლობელი, რა ქნას მან, როცა კანონის თანახმად ვადა იმდენად ცოტაა, რომ მოძებნა ფიზიკურად შეუძლებელია? მარტივია ვუწოდოთ [უგზო-უკვლოდ დაკარგულს] გარდაცვლილი და ნათესავებს ფულები დავაყაროთ. მე ვიტყოდი, რომ ეს პრიორიტეტის საქმეა. რა არის ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი: ადამიანი ცოცხლად ვიპოვოთ, თუ ფული გადავიხადოთ და დავივიწყოთ?“, - რიტორიკულად კითხულობს ვერონიკა მარჩენკო.

სერგეი კრივენკო

ომის დაწყების წლისთავზე "ნოვაია გაზეტა. ევროპამ" შეისწავლა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული თითქმის 10 ათასი პოსტი და აღმოაჩინა, რომ მათ შორის ნახსენებია უკრაინაში დაკარგული 1365 რუსი ჯარისკაცის შესახებ. სერგეი კრივენკო ამბობს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა დაღუპულთა დადასტურებულ რაოდენობას - დაახლოებით 12 ათას ადამიანს - უტოლდება. მარტის ბოლოს ეს მაჩვენებელი, Mediazon-ისა და BBC-ის რუსული სამსახურის ანგარიშით, 17 ათასს მიუახლოვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 2023 წლის მარტის დასაწყისის მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 151 370 სამხედრო მოსამსახურე.

ასევე ნახეთ რუსეთი ფრონტის ხაზს დაკონსერვებული ძველი ტანკებით ამარაგებს

უკრაინის სამხედრო უწყებამ რუსეთის შეიარაღებისა და ტექნიკის დანაკარგების განახლებული სიაც წარმოადგინა:

  • 3405 ტანკი;
  • 6673 ჯავშანტექნიკა;
  • 2402 ერთეული საარტილერიო სისტემა;
  • 302 საბრძოლო თვითმფრინავი;
  • 286 ვერტმფრენი;
  • 18 გემი/ნავი;
  • 2061 უპილოტო საფრენი აპარატი;
  • 230 ერთეული სპეცტექნიკა;
  • 873 ფრთოსანი რაკეტა
  • 5 281 ავტომობილი და საწვავის ავზი და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით 200 ათასს მიუახლოვდა.

ნოემბერში აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები ომში სულ მცირე 100 000 მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს.

რუსეთი თავისი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირადი შემადგენლობის დანაკარგის, 5937 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ბოლო ცნობა 2022 წლის 21 სექტემბერს გაავრცელა.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

მომზადებულია რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის პროექტის, „სიბირ.რეალიის“ მიხედვით