საქართველოს მოქალაქე მიხეილ (მიშა) ბატურინი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ორ მოქალაქესთან ერთად მის დაკავებასა და 8-თვიან პატიმრობას არავითარი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან, კანონთან და მთელი ეს ამბავი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მაიორი, მიხეილ ბატურინი სწორედ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო და დღემდე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას ადასტურებს. ბატურინი გვიყვება, რომ მესაზღვრეები იახტაზეც სწორედ სააკაშვილს ეძებდნენ. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 ივლისს 4-4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, 19 ივლისს გათავისუფლდნენ. კიევის განცხადებებით, დაკავებული უკრაინელების გათავისუფლება ამ პროცესში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი ჩართვით გახდა შესაძლებელი. სწორედ კიევის მხრიდან ზეწოლას მიაწერენ ადვოკატები და მხარდამჭერები მიხეილ ბატურინის გათავისუფლებასაც. მიხეილ ბატურინი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დაკავების, გასამართლებისა და გათავისუფლების დეტალებს იხსენებს.
რადიო თავისუფლება: თავიდან რომ მივყვეთ მოვლენებს - რა მარშრუტზე მოძრაობით და რა იყო თქვენი გეგმა?
ჩვენ, იახტაზე მყოფები, ვსარგებლობდით „მშვიდობიანი გავლის“ უფლებით, რაც საერთაშორისო ნორმებით არის გათვალისწინებული და კანონს არ ვარღვევდით. „მშვიდობიანი გავლა“ საერთაშორისო კონვენციებითა და ჩვენი კანონმდებლობით დაშვებული ნორმაა.
რადიო თავისუფლება: უკრაინული მედიის ცნობით, იახტა მიემართებოდა თურქეთისკენ. ასე იყო ეს?
ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ამ სიტუაციაში მაგას არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არა აქვს. საქართველოს პორტებში არ ვაპირებდით შემოსვლას. ეს იყო „მშვიდობიანი გავლა“, როგორც უკვე ვთქვი.
რადიო თავისუფლება: უკრაინული მედია ასევე წერს, რომ იახტა, რომლითაც თქვენ მიცურავდით, პირადად თქვენი საკუთრებაა. ასეა ეს?
არა, არ არის ეს იახტა ჩემი საკუთრება. კომპანიის არის.
რადიო თავისუფლება: კომპანიის, სადაც თქვენ მუშაობთ?! რომელ კომპანიას გულისხმობთ?
არა, მე იმ კომპანიაში არ ვმუშაობ. კომპანიის სახელიც და ყველაფერი საქმის მასალებშია. უბრალოდ, რა არის, იცით?! ამ უსამართლო კამპანიის მერე, რაც ჩატარდა ჩემს წინააღმდეგ... ჩემი საქმე არის წარმოებაში და ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ.
რადიო თავისუფლება: ადრეც გისარგებლიათ „მშვიდობიანი გავლის“ უფლებით? მათ შორის - იმავე მარშრუტზე?
იმავე მარშრუტზე არა, მაგრამ სხვა ქვეყნების შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ მისარგებლია მეც და სხვა მეზღვაურებსაც. ეგ აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა მეზღვაურებისთვის. პრაქტიკა, რომელსაც მოსამართლე [დავით] მამისეიშვილი ამკვიდრებს [ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე], ძალიან მავნებლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ნორმებს არ ვცემთ პატივს.
რადიო თავისუფლება: რა მოხდა 2020 წლის 28 ნოემბერს? წარმოიდგენდით, რომ თქვენი ჩანაფიქრი საპატიმრო სასჯელამდე მიგიყვანდათ?
ცხადია, ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით. სრული აბსურდი იყო. დაკავებაზე საუბარიც არ იყო ჩვენი შეჩერების მომენტში და ასევე შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში. ისინი მუდმივად ეძებდნენ მიზეზს, რომ თავიანთი ქმედებები, მე ვიტყოდი - „გაეპრავებინათ“.
სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები იყვნენ. თავიდან კაპიტანს მხოლოდ საბუთები მოსთხოვეს და ნახეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. მერე ათასნაირ მიზეზს ეძებდნენ. ისიც კი ითქვა, რომ ჩვენ თითქოს გადავჭერით ბაწარი, რომლითაც ჩვენი იახტის მიბმა უნდოდათ თავიანთ გემზე ამ „მეკობრეებს“.
ჩემი ვარაუდით, სხვისი ქონების განზრახ ჯგუფურად განადგურების დაბრალებაც სურდათ ამით. საბოლოოდ, ეს, ცხადია, არ გამოუვიდათ. არაფერი გადაგვიჭრია. ამ ბაწრის ჩაბმა არ იყო უსაფრთხო იახტისთვის და ამიტომ ვთქვით უარი, ესეც ჩვენი კანონიერი უფლება იყო. კანონი არ გვიკრძალავს ჩახსნას. უამრავი სხვა დეტალიც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი დაკავების გამართლებისთვის მუდმივად ეძებდნენ საფუძველს.
რადიო თავისუფლება: გამოგეკიდნენ? ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არ ჩერდებოდით.
არა. ვმოძრაობდით, როცა რაციით დაგვიკავშირდნენ და გადმოგვცეს - შეჩერდითო. მათი იდენტიფიცირება თავიდან ძნელი იყო. კაპიტანმა რომ დაინახა, გაჩერდა ჩვეულებრივად. მოგვიახლოვდნენ და შემდეგ, ჩვენს იახტაზეც გადმოვიდნენ. მერე აღწერდნენ რაღაც მანევრებს, რაც სრულიად შეუსაბამოა ფიზიკისა და გეომეტრიის კანონებთან.
რადიო თავისუფლება: ეს ამბავი ცოტა დაუჯერებლად და კომიკურად ჟღერდა თავიდანვე - მართლა მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ თქვენს იახტაზე?
მაგაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩემს წინააღმდეგ ცალკე გამოყო საქმე პროკურატურამ და დევს საქმის მასალებში, რომ თითქოს მე გაყალბებული საბუთებით ვაპირებდი ემიგრანტების შემოყვანას საქართველოში... პროკურორი იყენებდა ტერმინებს - „ჩემი აღქმით“, „ჩემი ვარაუდით“, „მე ასე ვფიქრობ“ და ასე შემდეგ... რას ნიშნავს ეს?!
მაგრამ ამათთვის არ არის მთავარი კანონი და სამართლის არსი. ამათთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მიიღეს თავიანთი პატრონისგან.
რადიო თავისუფლება: და იახტაზე მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ? ახსენეს მისი გვარი?
კაპიტანს უთხრეს თავიდანვე - გამოვიდეს მიშაო. კაპიტანმა მე დამიძახა, რადგან მიშა ვარ მეც. თან, კაპიტანმა იფიქრა, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ ნაცნობები მეძებდნენ... არაო, იმათმა უთხრეს - სხვა მიშა გამოვიდესო. კაპიტანმა უთხრა - სხვა მიშა აქ არ არისო.
მე მაშინვე მივხვდი, რომ სააკაშვილს ეძებდნენ... მაგრამ შემდეგ, ლაპარაკში, რა თქმა უნდა, გვარიც ახსენეს.
კარზე დააკაკუნეთ და გამოვა-მეთქი, ვეხუმრებოდი. მართლა რომ აკაკუნებდნენ, გამეცინა და ასე მიხვდნენ, რომ ვეხუმრებოდი. გვიან მიხვდნენ.
რადიო თავისუფლება: 8 თვე იყავით დაკავებული. როგორი იყო თქვენი თავგადასავალი საპატიმროებში? სად იხდიდით სასჯელს?
ეგ საერთოდ საოცარი ისტორიაა. მომატარეს მთელი საქართველო. ჯერ მარტო პირველი 7 დღის განმავლობაში სამი საკარანტინო სივრცე შემიცვალეს. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ ადვოკატებს გაძნელებოდათ ჩემთან დაკავშირება. ჯერ წინასწარ დაკავების იზოლატორში ვიყავი ბათუმში, 2 დღის განმავლობაში და ამის მერე დაიწყო ჩემი მოგზაურობა.
წამიყვანეს ჯერ გლდანის ციხეში, მაგრამ იქ არ შემიყვანეს და გადამიყვანეს „ვივამედის“ საკარანტინო სივრცეში. მერე იყო ე.წ. მატროსოვი... მოკლედ, მომატარეს ყველაფერი. ვხუმრობდი - სადამდე უნდა მატაროთ, ვიდრე კოვიდი არ დამემართება-მეთქი?! ბოლოს ვიყავი ქუთაისის ციხეში, მანამდე იყო ქსანიც.
რადიო თავისუფლება: იცოდით, რა ხდებოდა გარეთ, თქვენთან დაკავშირებით? უკრაინული მედია წერს, რომ კიევი თავიდანვე ითხოვდა სასჯელის გადახედვასა და უკრაინელების გათავისუფლებას... გქონდათ ეს ინფორმაცია?
მე მხოლოდ ის ინფორმაცია მქონდა, რასაც კრიტიკული მედიასაშუალებები ავრცელებდნენ. მეტი არაფერი ვიცოდი. მერე გავიგე ყველაფერი.
რადიო თავისუფლება: ერთმანეთთან თუ გქონდათ რაიმე სახის კონტაქტი დაკავებულებს?
მხოლოდ სასამართლო დარბაზში ვხვდებოდით ერთმანეთს და ისიც, ცალ-ცალკე ვისხედით. სხვა სახის კონტაქტი არ გვქონია.
რადიო თავისუფლება: 19 ივლისს გაგათავისუფლეს. მოულოდნელი იყო თქვენთვის?
შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად მოულოდნელი იყო. დაახლოებით გათენების 7 საათი იქნებოდა, მეძინა და გამაღვიძა იმ კორპუსის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა. წამიყვანა ციხის უფროსთან, რომელმაც განმიმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შემიწყალა მეც და ჩემთან ერთად დაკავებულებიც - უკრაინის მოქალაქეები.
გამიკვირდა და ვუთხარი - შეწყალება არ მითხოვია-მეთქი. არანაირი თხოვნა არ მქონდა მაგ საკითხზე. პირიქით, წინა დღეებში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოეპოვებინათ ჩემი ხელმოწერა, მაგრამ ვერ შეძლეს.
როგორც პირად საუბრებში მერე გაირკვა, უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაშიც ჰქონდათ შეწყალებისთვის მათი ხელმოწერების მოპოვების მცდელობები.
რადიო თავისუფლება: უკრაინული მედია წერს, რომ თითქოს, თქვენთან ერთად 19 ივლისს გათავისუფლებული ორი უკრაინელი კვლავაც გეგმავს, რომ იმავე იახტით გააგრძელოს გზა და დაასრულოს ჩაფიქრებული მარშრუტიც. ხომ არ აპირებთ თქვენც?
სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ მართლა არ ვიცი, რას გავაკეთებ. დრო და აკლიმატიზაციის გავლა მჭირდება. რბილად რომ ვთქვათ, სასიამოვნო არ არის ის, რაც მე გამოვიარე, როცა სისტემა და ადამიანები თავიანთ ძალაუფლებას ასე უსამართლოდ იყენებენ შენს წინააღმდეგ.
ძლიერი ზეწოლა იყო ჩემზე სისტემის მხრიდან. თუმცა ქვეყანაში დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ეს მოულოდნელი არ იყო. სხვას რას უნდა ელოდო, როცა სამართალდამცველი ორგანოები უსამართლო პრაქტიკას ამკვიდრებენ.
რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავთ...
კი, ყველანაირად ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. სტრასბურგში გაგზავნილია უკვე რამდენიმე სარჩელი და კიდევ დავამატებთ რაღაცეებს. აუცილებლად უნდა მოხდეს ლუსტრაცია იმ კრიმინალებისა, რომლებიც სამართალს, კანონებს და ჩინებს აფარებენ თავს.