გაიცანით თბილისელი მელიები, წავები და სხვა ცხოველები

თბილისელებს გვყავს მეზობლები, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. მილიონიან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა თუ იცის, რომ შეიძლება ის მელიების, ტურების ან, მაგალითად, ენოტების გვერდით სულ რაღაც 100 მეტრში ცხოვრობდეს.

ყავისფერი არწივი თავისი ბუდისაკენ მშვიდი ფრენით მიიწევს. ნისლიანი დღეა, სადაცაა იწვიმებს. უეცრად ცას მეორე არწივი ჭრის. მასაც იმავე ადგილას განუზრახავს დაბინავება. მტაცებლებს შორის, ბუდის მოსაპოვებლად, დაუნდბელი ბრძოლა იწყება.

ეს დრამატული სცენა დოკუმენტური ფილმიდან “სხვა მეზობლები” არა ველურ ბუნებაში, არამედ ქალაქის თავზე ხდება. მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის გადაღებასაც თითქმის წელიწადი დასჭირდა, აღწერს თბილისში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უცნობ მხარეებს.

კვერნა ქალაქში

„ათ წელზე მეტია, ისანში ვცხოვრობ. ვიცი, რომ თბილისში კუ და ზღარბი ბინადრობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არც ერთი შემხვედრია“, - გვეუბნება თბილისელი სალომე გიუნაშვილი, რომელსაც ქუჩაში მხოლოდ ძაღლები და კატა თუ უნახავს.

„ყოველდღიურად ჭავჭავაძისა და რუსთაველს შორის ვმოძრაობ. კარგ ამინდში ფეხით ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ არ მახსენდება ქუჩაში რაიმე უჩვეულო ცხოველისათვის მომეკრა თვალი ”, - უზიარებს რადიო თავისუფლებას თავის გამოცდილებას გურამ ცერცვაძე და ახსენდება, რომ ქალაქში, დიღმის ტყე-პარკთან, ერთხელ გველი ჰყავს ნანახი.

მიუხედავად იმისა, რომ ოთხფეხა მეზობლები ადამიანებს მაქსიმალურად ერიდებიან, მაინც არსებობს შანსი, რომ ერთ დღეს მათ თბილისის ცენტრში, ყველაზე მჭირდოდ დასახლებულ უბანში, გადააწყდეთ.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკა წიკლაური "სხვა მეზობლების" შესახებ

„ერთ საღამოს ყიფშიძის ქუჩაზე მანქანა გავაჩერე - მაღაზიაში გადავდიოდი. ფეხი გადმოვდგი თუ არა, ჩემგან ორ მეტრში კვერნა დავინახე. თავიდან კატა მეგონა, იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ კვერნა იყო. თუმცა სანამ გადავიღებდი, კიდეც გაიქცა“, - იხსენებს დოკუმენტური ფილმის, “სხვა მეზობლების”, რეჟისორი ნიკა წიკლაური.

დიდი ხანია, კვერნები დასეირნობენ ვაკეშიც, ვერაზეც, კოსტავაზეც და ოპერის წინაც კი, თუმცა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ თბილისელებმა ისინი მხოლოდ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ “დაინახეს”. მაშინ მოხალისეებს ქალაქის ძველი ბინადრები გალიებიდან გაქცეულები ეგონათ და შემთხვევით “ნაპოვნი” კვერნების ათობით ფოტოებს ზოოპარკს უგზავნიდნენ.


ქალაქთან შეგუება - კოლონიები მტკვარზე


ურბანულ სივრცეებში შემორჩენილი ველური სამყარო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ შესწავლილი სფეროა. ზოოლოგი ზურა ჯავახიშვილი ამბობს, რომ მეცნიერების ყურადღება დაცული ტერიტორიებისკენაა მიმართული, თბილისი კი დიდად არავის აინტერესებს - „კვლევის ჩატარება მთებში უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ქალაქში“, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ კვლევას ინტერესთან ერთად ფულიც სჭირდება.

ურბანულ ბიომრავალფეროვნებაზე დაკვირვება ცხოველთა განსხვავებული ქცევის გამოც საინტერესოა. მაგალითად, ღამით ველურ ბუნებაში აქტიური მტაცებლის ნახვა რთული საქმეა, ქალაქში კი ჩვეულებრივი მოვლენაა.

მერცხლები ნუცუბიძის პლატოზე

„მტკვარზე, გორგასლის ძეგლთან, ამ ხმაურიან და განათებულ ადგილას, ყანჩების კოლონია ცხოვრობს. ამის წარმოდგენა კვლევამდე არც კი შემეძლო. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ ასეთ არაკომფორტულ ადგილს რომელიმე არსება შეეგუებოდა და მუდმივ საცხოვრებლად იქცევდა, თუმცა ზოგიერთი სახეობა ახერხებს ქალაქურ რიტმზე ფეხის აწყობას“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.

ორგანიზაცია “საბუკოს” კვლევის მიხედვით, 2019 წელს ორთაჭალაში, მტკვრის სანაპიროსთან მცხოვრებ კოლონიაში 700 ფრინველი დაითვალეს. ტურისტული ნავის დაქირავების შემთხვევაში, ფრინველებთან მიახლოებაც შეიძლება.

თუკი მეზობლები არიან, რატომ ვერ ვხვდებით?

ბუნების პედაგოგი სუზან შვარცი გვიყვება, რომ თუკი ველურ სამყაროში მცხოვრები მელიები არ გამოირჩევიან ოჯახური ცხოვრებით, ურბანულ სივრცეში სრულიად სხვა სურათია. ადამიანებთან ახლოს მობინადრე ცხოველებს ერთად ცხოვრებისა და ერთმანეთზე ზრუნვის განსაკუთრებული უნარი აქვთ.

„ველურ ბუნებაში მშობლებს უჭირთ თავიანთი ლეკვებისათვის საკვების მოპოვება, ამიტომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ მიტოვებას ამჯობინებენ. ქალაქში კი ამ პრობლემის წინაშე ნაკლებად დგებიან. შესაბამისად, დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ“, - ამბობს სუზან შვარცი.

მელიები წყნეთში

ველური ცხოველების აბსოლუტური უმრავლესობა ქალაქში ღამით გამოდის. დღის რეჟიმებს შორის განსხვავება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ადამიანი ვერ ხვდება თბილისელ ტურებს, მელიებს, კვერნებს, მაჩვებს, ენოტებსა და წავებს. გარდა ამისა, ამ არსებებმა კარგად იციან როგორ დაიჭირონ თავი შორს ადამიანისგან.

ლისის განაშენიანებასთან ერთად, ამ ტერიტორიის ველური მობინადრე ცხოველები კიდევ უფრო ფრთხილები გახდნენ. მელა და კურდღელი ლისის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ძველი ბინადრები არიან, თუმცა ადამიანებთან აღარ გამოდიან.

წავების ოჯახი ქალაქის კუნძულებზე

2018 წელს გლდანსა და დიღმის ჭალებს შორის მდებარე კუნძულზე მერიას საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი, არადა კუნძულზე წავები ცხოვრობდნენ. წავი წითელი ნუსხის სახეობაა და მისი ჰაბიტატის განადგურება კანონით აკრძალულია, ხიდის მშენებლობა კი მათ საცხოვრებელ გარემოს ემუქრებოდა.

წავების ოჯახის ადგილსამყოფლის პოვნა და გადარჩენა, ნიკა წიკლაურის თქმით, “სხვა მეზობლების” ყველაზე დიდი მიღწევაა. წავის “სახლის” შენარჩუნება ფილმის გადაღების პროცესში მოხერხდა. გლდანში ხიდის მშენებლობა შეჩერებულია.

სახეობათა კონსერვაცია “ნაკრესის” გამგეობის წევრი კახა არცივაძე ამბობს, რომ გლდანში მდებარე კუნძულ "ზურმუტის ქსელის" წანილი უნდა გახდეს. “ზურმუხტის ქსელი” ევროპაში იშვიათი სახეობებისა და მათი ჰაბიტატის დაცვას ისახავს მიზნად. თბილისის ტერიტორიაზე ასეთივე მნიშვნელობის ადგილია მეტეხის კლდე და დარეჯანის სასახლის ქვედა პერიმეტრი, რომელსაც უნიკალური საფარი აქვს. გლდანის კუნძულიცა და მეტეხის ტერიტორიაც საინტერესო ეკოსისტემით გამოირჩევა.

თუმცა წავები არა მხოლოდ გლდანში, არამედ თბილისის სხვა უბნებშიც ცხოვრობენ, ერთ-ერთი ოჯახი კი მდინარე ვერესა და მტკვრის შესართავთან, გმირთა მოედნის ტერიტიორიაზე, ბინადრობს.

„ფილმის გადაღებისას თითოეული ცხოველის პოვნა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ისეთი იშვიათი სახეობისა, როგორიც წავია. თუმცა ერთ დღეს ვერეს ხეობაში წავი მოკლული დაგვხვდა. ტანზე სათევზაო კაუჭები და ბადეები ჰქონდა შემოხვეული. ჩვენ რომ არ გვენახა, არც არავინ მიაქცევდა, ალბათ, ყურადღებას“, - ჰყვება ზურა ჯავახიშვილი.

როგორი მეზობლები არიან ადამიანები?

ერთ-ერთი ყველაზე უკეთ შესწავლილი ადგილი თბილისში ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორიაა. მკვლევართა დაკვირვებით, ამ პერიმეტრის მოწყობასთან ერთად, თითქმის განახევრდა აქ არსებული ბიომრავალფეროვნება. პრობლემები შეიქმნა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებითაც. როგორც ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ბოჭორიშვილი ამბობს, სანიაღვრეები არც ლისზე და არც წყნეთში არ არის სტანდარტების მიხედვით გაკეთებული, რაც დიდ საფრთხეში აგდებს აქ ბინადარ ცხოველებს, განსაკუთრებით კი კუებს.

„სანიაღვრეები ღრმაა და ღია. შიგნით ჩავარდნის შემთხვევაში, კუს გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია“.

ფრინველებისთვის კი დიდ პრობლემას შუშის შენობები ქმნის. სუზან შვარცის თქმით, სტატისტიკა საგანგაშოა: ევროპაში მოდერნული შენობები მილიონობით ფრინველს იწირავს - ისინი ვერ ახერხებენ შუშის აღქმას და მას მთელი ძალით ეჯახებიან.

საფუძვლიანი კვლევის გარეშე რთულია ზუსტად განისაზღვროს ის ზიანი, რომელსაც ცხოველთა სამყაროს ვაყენებთ. ურბანული განაშენიანება, მწვანე სივრცეების რიცხვის კლება დრამატული ცვლილებებია ქალაქში შემორჩენილი ცხოველებისთვის.

კირკიტა ნუცუბიძის პლატოზე

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენს გვერდით და მაქსიმალურად ვეცადოთ, მათაც შევუნარჩუნოთ თუნდაც პატარა საარსებო მინიმუმი, რაც მათ სჭირდებათ. სამწუხაროდ, ისე მიდის თბილისის განვითარება, რომ ზოგჯერ ვფიქრობ, ადამიანისთვისაც კი აღარ რჩება სირვცე, არათუ სხვა მეზობლებისთვის - ცხოველებისთვის“, - ამბობს ნიკა წიკლაური.


და მაინც, როგორ შევხვდეთ ველურ ცხოველებს?

რადგან ქალაქში მცხოვრები ცხოველების უმეტესობა ღამით ნადირობს, მათი ნახვის შანსი უფრო მაღალი სწორედ დღის ამ მონაკვეთშია. სასაფლაოები, პარკები, ნაგავსაყრელები - ეს იმ ადგილების მცირე სიაა, სადაც თბილისის იდუმალ მცხოვრებლებს შეიძლება შეხვდეთ. მიუხედავად ამისა, ამ არსებებთან ურთიერთობისას გარანტიები არ არსებობს. თუმცა შესაძლებელია, ერთ დღესაც ბედმა გაგიღიმოთ და თბილისის საცობში მაჩვ-ზღარბთან ერთად აღმოჩნდეთ ან, სულაც, თქვენს ეზოში ენოტი დასახლდეს.