სჭირდება თუ არა ქუთაისს „მზეჭაბუკი“?

„მზეჭაბუკი“ „დიდების მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ცხენზე ამხედრებული კაცის ქანდაკება თითქმის 30 წელი იდგა ირაკლი აბაშიძის გამზირზე.

ქუთაისის მერიამ 98 699 ლარის ღირებულების  ტენდერი გამოაცხადა მერაბ ბერძენიშვილის მიერ, დაახლოებით, 50 წლის წინ შექმნილი ძეგლის, „მზეჭაბუკის“, დასადგმელად 9 აპრილის ქუჩაზე.

განაცხადების მიღება 6 დეკემბერს უნდა დაიწყოს და სამ დღეში დასრულდეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ძეგლისთვის უნდა მოაწყოს სამმეტრიანი გრანიტის ქვით მოპირკეთებული კვარცხლბეკი, დაამზადოს დეტალები, რომლებიც ძეგლს აკლია და პირვანდელი სახე დაუბრუნოს ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც ამჟამად ავტორის სახელოსნოში, თბილისში, ინახება. კომპანიის ვალდებულებაა ძეგლის ქუთაისში ტრანსპორტირებაც, აწყობა, კონსერვაცია და მონტაჟი.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მზეჭაბუკი“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილი „დიდების მემორიალის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა კაცის ქანდაკება თითქმის 30 წელი იდგა ირაკლი აბაშიძის გამზირზე. 2009 წელს, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობის დაწყებამდე, „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი განხორციელდა და ძეგლი ავტორის სახელოსნოში გადაიტანეს.

ქუთაისის მერის მოადგილე დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ძეგლის აღდგენა და ქალაქში დაბრუნება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ვიცე-მერის ინფორმაციით, თვითმმართველობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა ავტორის ოჯახთან და მან გამოთქვა სურვილი, რომ რესტავრირებული ქანდაკება ისევ ქუთაისში დაიდგას. „არის დაზიანებები ძეგლზე, რაც გამოსწორდება, დეკემბერში დავიწყებთ ძეგლის აღდგენაზე მუშაობას, პარალელურად პედესტალი მოეწყობა“.

ასევე ნახეთ როგორ ემხობიან ძეგლები საქართველოში

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა ფორმა ჰქონდა მოსახლეობის თხოვნას. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გასულ წელს დაწყებული "ღია დიალოგის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ძეგლის დაბრუნებას ითხოვდნენ აბაშიძის ქუჩის მცხოვრებნი.

ქუთაისში „მზეჭაბუკის“ დაბრუნებას და ძეგლის აღდგენისა და განთავსებისთვის თითქმის 100 ათასი ლარის გამოყოფას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელში. ნანა ფახურიძე, რომელიც ძეგლის დადგმის მოწინააღმდეგეთა შორისაა, „მზეჭაბუკის“ დაბრუნებას საბჭოთა წარსულში დაბრუნების მცდელობად მიიჩნევს და ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, თანაც პანდემიის პირობებში, ეს საკითხი მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის: „ეს არის წარსულის გაცოცხლების მცდელობა და არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო საბჭოთა წარსულში. ეს ძეგლი დღეისთვის, პანდემიის ფონზე, არ არის აქტუალური და ხარჯი არამიზნობრივია“.

„მზეჭაბუკის“ ძეგლის დადგმას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება გიდი ლაშა ბერეკაშვილიც. ის თითქმის 100 ათასი ლარის დახარჯვას არამიზნობრივად მიიჩნევს და ამბობს, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებამდე თვითმმართველობამ მოქალაქეთა აზრი უნდა გამოიკითხოს, თუნდაც, ძეგლის განთავსების ადგილთან დაკავშირებით. თავად ლაშა ბერეკაშვილის შეფასებით, კვარცხლბეკზე აღმართული ძეგლების დრო დასრულდა: „თანამედროვეობას არ შეესაბამება ძეგლი იდგეს კვარცხლბეკზე და ჩვენ ქვემოდან ვუყუროთ ფიგურას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ერთ პარკს შევარჩევდით და თავს მოვუყრიდით საბჭოთა პერიოდში შექმნილ ძეგლებს, სადაც დამთვალიერებელი ნამუშევარს მარტივად ნახავს, გაეცნობა მის ავტორს, შექმნის ისტორიას და შედარებით იაფიც დაჯდება“.

მხატვარი და ფოტოგრაფი გიორგი კილაძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა „მზეჭაბუკის“ დასაბრუნებლად გამოყოფილი თანხა სოციალურ პროექტებზე განაწილდეს. ამასთან, გიორგი კილაძე ამბობს, რომ მერაბ ბერძენიშვილის „მზეჭაბუკი“ საბჭოთა ძეგლი არ არის და მის დადგმას არ ეწინააღმდეგება. გიორგი კილაძის შეფასებით, „ძეგლის უარყოფის საფუძველი არ შეიძლება იყოს მისი შექმნის პერიოდი, მით უმეტეს, რომ „მზეჭაბუკი“ არ არის საპჭოთა პერსონაჟი ან ბელადი და ავტორს ქართული ელემენტები აქვს გამოყენებული“.

გიორგი კილაძისავე აზრით, „მზეჭაბუკის“ განთავსების ადგილის, გარემოსთან მისი შესაბამისობისა და სხვა დეტალების უკეთ აღსაქმელად მერიამ დაინტერესებულ საზოგადოებას ძეგლის სამგანზომილებიანი ესკიზი უნდა შესთავაზოს და არა ერთი ფოტო, რომელიც დღემდე აქვს გასაჯაროებული.