სჭირდება თუ არა თელავს 42-ათასლარიანი ნაძვის ხე

თელავში ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხე წააქცა. 10 იანვარი, 2018 წ.

გადაწყვეტილება მიღებულია - თელავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი გამოიყო, რომლითაც 15 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე უნდა შეიძინონ. ამ გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ოპოზიცია ამბობს, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და გაუქმებული ერთჯერადი სოციალური დახმარების ფონზე თელავს ახალი ნაძვის ხე არ სჭირდება. რატომ ცვლის თელავის მერია 2011 წელს 30 ათას ლარად ნაყიდ ნაძვის ხეს და რა შემთხვევაში შეიცვლება გადაწყვეტილება?

Your browser doesn’t support HTML5

სჭირდება თუ არა თელავს 42-ათასლარიანი ნაძვის ხე

თელავის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წელს მუნიციპალიტეტი ახალ ნაძვის ხეს შეიძენს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი გამოიყო. საკრებულოს სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა ნანა ვაყელიშვილმა განაცხადა, რომ თელავის ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება მოიპოვეს, შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული თანხები შეამცირეს და გამოთავისუფლებული ფულით ნაძვის ხე უნდა შეიძინონ:

„ყადორის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მოხდა თანადაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ჩვენ ვამცირებთ საგზაო ინფრასტრუქტურის ხარჯებს და 42 ათასი ლარით მოხდება ნაძვის ხის შეძენა“.

ასევე ნახეთ უსახურავოდ დარჩენილი სახლები და მოგლეჯილი ხეები

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, სადაც ახალი ნაძვის ხისთვის თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტლება მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი მთგანია თელავში მცხოვრები მაკა მოსიაშვილი. მისთვის მიუღებელია ახალი ნაძვის ხის შეძენა. მას კონკრეტული არგუმენტებიც აქვს. ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე კითხვები დასვა, თუმცა არგუმენტირებული პასუხი ვერ მოისმინა:

„ჩემი პირველი კითხვა იყო: რა გადაუდებელი აუცილებლობაა ნაძვის ხის ყიდვის და მეორე კითხვა იყო: თუ საიდან დაადგინეს, რომ ნაძვის ხე ღირს 42 ათასი ლარი. 42-ათასლარიანი ნაძვის ხე დედაქალაქის მერიასაც არ აქვს შეძენილი. ესენი რა ჯიშის ნაძვის ხეს ყიდულობენ, არ ვიცი. მთელი ზაფხული ისე გავიდა, რომ თელავის ცენტრში არც ერთი სოკო-ფანტანი არ მუშაობდა და ტურისტები დადიოდნენ და წყალს ყიდულობდნენ. იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ცენტრში წყალი ყოფილიყო და ამას სულ 25 ათასი ლარი უნდოდა, დაგეგმეს 42- ათასიანი ნაძვის ხის ყიდვა“.

მოდით, ერთი წუთით დავუშვათ ის, რომ ქალაქში არც ერთი თეთრი არ იხარჯება და ეს ყველაფერი მიდის სოციალურ პროგრამებში, თუ სხვა მიმართულებით. ნამდვილად გაიგებს ამას მოსახლეობა, რომ ყველა ქალაქი საქართველოს მასშტაბით იქნება მორთული და თელავში ეს ყველაფერი არ მოხდება? მაშინ აუცილებლად გაჩნდება მესიჯები, რომ რა გაუხდათ ამისთანა, რით ვერ მორთეს ქალაქი...
ფიქრია ყუშიტაშვილი

თელავისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენას ეწინააღმდეგება ოპოზიციაც. ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და თელავის წინა მოწვევის საკრებულოს წევრის ნიკა ვარდოშვილის თქმით, მაშინ როცა მუნციპალიტეტმა ერთჯერადი 50-ლარიანი სოციალური დახმარების პროგრამა გააუქმა, ნაძვის ხეში 42 ათას ლარს არ უნდა იხდიდნენ:

„სოციალურად დაუცველთათვის 50-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გააუქმეს იმ არგუმენტით, რომ ბიუჯეტში ფული არ არისო და ამის პარალელურად მუნიციპალიტეტი ყიდულობს ქალაქის ცენტრში დასადგამ ნაძვის ხეს, რომელშიც იხდის 42 ათას ლარს. ამ დროს იმ ადამიანებს, რომლებსაც 50 ლარს ვაძლევდით წელიწადში ერთხელ, შეიძლება საახალწლო სუფრაზე პურის მეტი არაფერი ჰქონდეთ. ამხელა თანხის გადაყრა ნაძვის ხეში ამორალურ საქციელად მიმაჩნია. მეტსაც გეტყვით, ეს არის მავნებლობა“.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პროტესტს თელავის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი არ იზიარებს. ფიქრია ყუშიტაშვილი მათ მიმართ კონტრშეკითხვას სვამს და კითხულობს, თუ როგორი იქნება თელაველთა რეაქცია, მაშინ როცა საქართველოში ეს ქალაქი იქნება ერთადერთი, სადაც არც ნაძვის ხე იქნება და არც განათება.ყუშიტაშვილის თქმით, თუკი მოსახლეობის უმრავლესობა იტყვის, რომ არ უნდა ნაძვის ხე, მზად არიან მის შეძენაზე უარი თქვან. ყუშიტაშვილისავე თქმით, გასული წლის 10 იანვარს მომხდარმა სტიქიამ არსებული ნაძვის ხე იმდენად დააზიანა, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება და ახლის შეძენის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს:

თელავი

„მოდით, ერთი წუთით დავუშვათ ის, რომ ქალაქში არც ერთი თეთრი არ იხარჯება და ეს ყველაფერი მიდის სოციალურ პროგრამებში, თუ სხვა მიმართულებით. ნამდვილად გაიგებს ამას მოსახლეობა, რომ ყველა ქალაქი საქართველოს მასშტაბით იქნება მორთული და თელავში ეს ყველაფერი არ მოხდება? მაშინ აუცილებლად გაჩნდება მესიჯები, რომ რა გაუხდათ ამისთანა, რით ვერ მორთეს ქალაქი, რატომ არის უსახური და ასე შემდეგ. ჩემი მყარი პოზიციაა ამგვარი: თუ თელავის მუნიციპალიტეტს და მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ახალ წელს ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ნაძვის ხის გარეშე, ან შეიძლება ეს ნაძვის ხე იყოს იმგვარი, რომ ერთი საბავშვო ბაღის ზეიმის გაბარიტებს დააკმაყოფილებს, კი ბატონო, ერთად შევთანხმდეთ და ვთქვათ წელს უარი ამ ნაძვის ხეზე“.

ახალი ნაძვის ხე, რომლისთვისაც თელავის ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი გამოიყო, 15 მეტრი სიმაღლის და 4 მეტრი სიგანის უნდა იყოს. მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, რომ ნაძვის ხის შესაძენად ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ. რა ზომის, ფასის და ვიზუალის ნაძვის ხე უნდა ჰქონდეს კონკრეტულ ქალაქს? დავა ამის შესახებ კახეთში თითქმის ყოველ წელს მიდის. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია თვლის, რომ საახალწლო მორთულობებისთვის დიდი ოდენობით ფული იხარჯება, რომლითაც სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ კახეთის უმეტეს სოფლებში უკვე ათწლეულებია მწვავედ დგას სასმელი წყლისა და გზების პრობლემა.