„მინდოდა, ყველაფერში საუკეთესო ვყოფილიყავი და უმაღლესი ნიშანი მიმეღო“, „მეგონა, არაფერი საკმარისი არ იყო“, „დასვენების უფლებას არ ვაძლევდი ჩემ თავს“, „ერთ დღეს დავფიქრდი, ღირდა ეს ამად?“, „ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი რომ დაგვედგინა და ბოლოს ეს მიზეზი შფოთი აღმოჩნდა“, „გადავიწვი“, „ვიფიქრე, რისთვის ვაიძულებ ჩემს თავს, ვიყო საუკეთესო, თუ ეს ბედნიერს არ მხდის?“ - ეს ამონარიდებია TEDx-ის პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან, რომლებშიც თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეები, 14-15 წლის მოზარდები, სწავლასთან დაკავშირებულ სტრესზე, მათ მიმართ უსაშველოდ დიდ მოლოდინსა და გავლილ რთულ პერიოდებზე ლაპარაკობენ.
ლიზი ლეჟავა, ანდრია უტიაშვილი და ნინო კორახაშვილი ამ ვიდეოში გვიყვებიან, რას გრძნობენ მათი თანატოლები, როცა მშობელი, სკოლა და მთელი საზოგადოებაც, მათგან მოითხოვს, იყვნენ იდეალურები. გვიზიარებენ, როდის გრძნობენ თავს ბედნიერებად, რა სურთ სინამდვილეში და რა უნდა შეიცვალოს საიმისოდ, რომ განათლების მიღება არ იქცეს მათი შფოთვის მიზეზად და უფრო მეტს მიაღწიონ.
ამ თემაზე TEDx-ის საერთაშორისო პლატფორმაზე სულ 18 ქართველი მოზარდის ინგლისურენოვანი გამოსვლა აიტვირთა. ამ ვიდეოების ნახვა TEDx-ის „იუთუბის“ არხზეა შესაძლებელი.