უამრავ ადამიანს, ჩვენში და საზღვარგარეთ, ახალი წელი ვერ წარმოუდგენია ასტროლოგების წინასწარმეტყველების გარეშე. გიორგი გვახარიას გადაცემის, „საუბარი თავისუფლებაზე“, სტუმარი ასტროლოგი ხათუნა ნოელი ამბობს, რომ მიუხედავად ე.წ. „ყვითელი ასტროლოგიის“ პოპულარობისა საქართველოში, ჩვენი ხელისუფლება არასდროს ითვალისწინებს ასტროლოგთა რჩევას, განსხვავებით მსოფლიოს ლიდერებისგან, რომლებიც სწორედ ასტროლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობიან, როცა ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავენ.
„ასტროლოგები ვთანხმდებოდით იმაზე, რომ „9 აპრილის რუკა“ იყო უაღრესად სუსტი, ვინაიდან პლანეტარული განლაგებები იყო ძალიან შეუფერებელი წარმატებებისთვის, სუსტი იყო მათი ასტროლოგიური ძალა... ჩვენთან როგორ ხდება ხოლმე? რაღაცას ვამთხვევთ დღესასწაულებს, გიორგობას. ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს არის ძალიან მცდარი. არადა, აგერ გასულ საუკუნეში, როლანდ რეიგანმა თავისი მეორე ინაუგურაციისათვის დილის 5 საათზე წამოყარა მთელი ამერიკა ფეხზე და ინაუგურაცია ჩაატარა. ასე ურჩიეს ასტროლოგებმა“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
საქართველოში ასტროლოგებს, ძირითადად, პირადი ცხოვრების წინასწარმეტყველებისთვის მიმართავენ ხოლმე... ასე ემსგავსება ასტროლოგია მკითხაობას, მარჩიელობას. აგერ ვიღაც-ვიღაცები გვირჩევენ, „ღორის წელს“ შევხვდეთ რკოებით და ბოლოკებით, როცა ღორის წელი სინამდვილეში მხოლოდ თებერვალში იწყება... მაშ, რა საკითხებზე უნდა მივმართოთ ასტროლოგებს და რამდენად ახლოსაა ასტროლოგია მეცნიერებასთან? რამდენად შეიძლება ობიექტურად და ზუსტად მივიჩნიოთ „პლანეტების რუკა“, როცა ასტროლოგები თავად აღიარებენ, რომ ციფრებთან ერთად მათი საქმიანობა ინტუიციას მოითხოვს?
ასტროლოგთა მსოფლიო ორგანიზაციის, OPA-ს წევრი, ხათუნა ნოელი აგრეთვე საუბრობს
- საბჭოთა კავშირის დაშლაზე, როგორც „პლანეტების მდგომარეობაზე“, ცალკეული ქვეყნების „ასტროლოგიურ რუკებზე“ (ეს „რუკა“ დგებოდა მაშინ, როცა ქვეყანა, მაგალითად, მნიშვნელოვან დოკუმენტს აწერდა ხელს)
- ქართველ ასტროლოგთა გაერთიანებაზე - ახალი ორგანიზაციის შექმნაზე 2019 წლის გაზაფხულზე.