კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შემუშავებისთვის შექმნილი სამუშაო ფორმატი. საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე "დილის საუბრებში" განმარტავს, რომ კოალიცია პროცესს ეთიშება:
"მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფი დავტოვეთ, ეს არ ნიშნავს არც ერთ შემთხვევაში, რომ, როდესაც ის საპარლამენტო კომიტეტებში გადაინაცვლებს, ჩვენ იქ არ მივიღებთ მონაწილეობას. ვიქნებით აქტიურად, ვიქნებით ყველა კომიტეტის სხდომაზე და არა ერთი ან ორი ადამიანი, ცხადია, უფრო წარმოამდგენლობითი სახითაც. შევეცდებით, რომ იქ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიციები და იქ ავუხსნათ დეპუტატებს - რატომ არის მიუღებელი ის შემოთავაზებები, რომლებიც უკვე გაჟღერდა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, მათ შორის".
კოალიციამ სამუშაო ფორმატში დააყენა რამდენიმე საკითხი, რომელსაც პრინციპულად თვლიდა. მათი გაუთვალისწინებლობის პირობებში, კოალიციამ აზრსმოკლებულად ჩათვალა სამუშაო ფორმატში მონაწილეობა. რაც შეეხება საკითხებს:
"5 მნიშვნელოვანი საკითხი იყო დაყენებული ჩვენი მხრიდან. პრაქტიკულად არც ერთ მათგანზე არ იყო თანხვედრა და გაზიარება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია საბჭო როგორ იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი შეთავაზებაა - მოსამართლე წევრების ორი მესამედი, ამას დამატებული არამოსამართლე წევრების ორი მესამედი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული კონფიგურაციითაც კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ის წევრები, რომლებიც მოიაზრებიან კლანის ნაწილად, ან ასოცირდებიან კლანთან, დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ მათ არ ექნებათ დამოუკიდებელი საბჭოს წევრების მხარდაჭერა, მაგალითად, ანის ან ნაზის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში. პარლამენტის თავმჯდომარე ლაპარაკობს ორ მესამედზე და არა ცალცალკე აღებულ ორ-ორ მესამედზე. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი საკითხი".
კოალიცია ითხოვს აგრეთვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად საბჭოს იმ წევრების ჩამოცილებას პროცესიდან, ვინც მოსამართლეობის კანდიდატობას მოისურვებს.
"დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის" წევრებისთვის პრინციპული საკითხია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის უფლება არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ პირებით, ვინც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა.
რაც შეეხება კანდიდატების განხილვებს, სულხან სალაძე აცხადებს:
"ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს იყოს ხანგრძლივი პროცესი და დეტალურად უნდა მიდიოდეს შემოწმება ყველა იმ კანდიდატის, მათი გამოცდილებიდან დაწყებული, დამთავრებული წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება".
რატომ არის პრინციპული ე.წ. კლანის ინტერესების მოთოკვა დღეს?
"რეალურად დღეს უზენაესი სასამართლო არის ერთადერთი ინსტიტუცია სასამართლო სისტემაში, სადაც ამ კლანის, გავლენიანი ჯგუფის გავლენა არ ვრცელდება. ამიტომაც არის, რომ რეალურად დღეს მათი ინტერესი არის, რომ იქ მოხვდნენ ადამიანები, ვისი მეშვეობითაც ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან მასას შექმნიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში".
კოალიცია კვლავაც ძალაში ტოვებს მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლებაზე, მოსამართლე წევრების მიერ პასუხისმგებლობის აღებასა და სისტემიდან წასვლაზე.
"მათი ყოველი მორიგი საჯარო განცხადება არის წინაზე უარესი და ამყარებს მოსაზრებას, რომ მათ პრინციპულად არასწორად ესმით სასამართლოს დამოუკიდებლობა. ისინი რაც მეტს ისაუბრებენ, ეს დაგვეხმარება საზოგადოებასთან, პარტნიორებთან საუბარში".
ორი კვირის წინ სულხან სალაძე პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა შეხვედრებში, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის სტურქტურებში გაიმართა. მსჯელობა ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას შეეხებოდა და სასამართლოს საკითხი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ამ კონტექსტში:
"ევროპელმა პარტნიორებმა პრაქტიკულად ყველაფერი იციან, მითუმეტეს, როცა ვლაპარაკობთ სასამართლო სისტემაზე. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მხოლოდ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა არ არის საკმარისი, მათ შორის, ევროკავშირი ბევრად უფრო კრიტიკული უნდა იყოს სასამართლოსთან მიმართებით და უფრო მკაფიო მოთხოვნები უნდა იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მათი მხრიდან. ოღონდ, იქ არავის გვითქვამს, რომ ამის გამო უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს. უვიზო მიმოსვლის შეჩერება პირდაპირ ნიშნავს რუსული ინტერესების ზრდას ამ ქვეყანაში".
სულხან სალაძე თვლის, რომ მთავარი პრობლემა საქართველოში ნებისმიერ სფეროში რეფორმების განხორციელებაში პოლიტიკური ნებაა.
Your browser doesn’t support HTML5