ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ფაქტს და თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში მორიგი სასამართლო დავა საფრთხეს უქმნის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე მყისიერ საფრთხეებს ხედავს. მან რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა:
„ამ სარჩელის მიხედვით, ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს აღძრული უზრუნველყოფის ღონისძიება. ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს მოთხოვნილი დირექტორის ცვლილება, შეჩერება უფლებამოსილების და დროებითი მმართველის დანიშვნა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ დიდი შანსი იქნება „რუსთავი2“-ში შეიცვალოს სარედაქციო დამოუკიდებლობა“.
სულხან სალაძე ზოგადად თვლის, რომ „ქართულ მედიაში შემთხვევით არაფერი ხდება“ და თუნდაც „რუსთავი2“-თან დაკავშირებული წინა დავა იძლევა სერიოზული ეჭვების საფუძველს. საია-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, რომ მაშინდელი დავა ორ კერძო სუბიექტს შორის იყო, საპირისპირო ვითარება მივიღეთ:
„ეს არ იყო ორ კერძო სუბიექტს შორის დავა. ეს რომ ორ კერძო სუბიექტს შორის დავა ყოფილიყო, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უპრეცედენტო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას არ მოახდენდა. ანუ, სასამართლომ ძალიან კარგად დაინახა სტრასბურგში, რომ, თუ ეს გადაწყვეტილება აღსრულდებოდა, გასულ წელზე ვსაუბრობ მე, პრაქტიკულად შეიძლებოდა დამდგარიყო ისეთი ზიანი, რომლის გამოსწორებაც შემდეგში იქნებოდა შეუძლებელი“.
ამგვარი გამოცდილება სულხან სალაძეს კიდევ უფრო არწმუნებს იმაში, რომ ახლა შეტანილი სარჩელი რეალურად არ ეფუძნება მისი ფორმალური ავტორის ინტერესებს:
„ცხადია, ეს არის ერთ-ერთი შემოვლითი გზა, ერთ-ერთი საშუალება, რომ შექმნან დისკომფორტი განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაში. მათ შორის, არის მცდელობა, რომ „რუსთავი2“-ს ნაკლები დრო დარჩეს აქტუალურ და მნიშველოვან სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისათვის, რომ მათთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თუნდაც პირველ ბლოკში, იყოს სწორედ მათ გადარჩენაზე, მათ როლზე და ადგილზე საუბარი“.
საია-ს თავმჯდომარე ხედავს გარკვეულ ბმას „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის გავრცელებაში
„გამოძიება თავად ამბობს, რისი თქმაც უნდა და მასთან ახლოს მყოფი, დაქვემდებარებული მედიის საშუალებით დღის თემად აქცევს აბსოლუტურად სხვა თემას, რომელზეც ამომწურავი პასუხები არ არსებობს. ლოგიკურია დავსვათ კითხვა - არის თუ არა რუსთავი2ის წინააღმდეგ დაწყებული ახალი სასამართლო დავა გარკვეული პოლიტიკური პროცესის ნაწილი? მე ვფიქრობ, რომ ეს კითხვა ლეგიტიმურია ამ ეტაპზე. დანარჩენს დრო გვაჩვენებს რასთან გვაქვს რეალურად საქმე“.
Your browser doesn’t support HTML5