"რას ნიშნავს ინკლუზია და რას ნიშნავს ნორმალურობა?"

ანა ჭეიშვილი და სუზანა ვუსტნეკი

სუზანა ვუსტნეკი, გერმანელი კინორეჟისორია. ის თბილისში მიმდინარე ფემინისტური ფილმების ფესტივალის - „როზადან სიმონამდე“ ერთ-ერთი მონაწილეა. სუზანა ვუსტნეკის ფილმი - „სიყვარული, სექსი და როკ’ნ’როლის ეტლი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ერთ ეპიზოდს ასახავს, როცა ისინი ეროტიკულ სემინარზე ხვდებიან ერთმანეთს:

"თემა არის სექსუალობა და შეზღუდული შესაძლებლობები. ბევრი ვიკვლიე და დიდი ხანი ვეძებე პასუხები. ჩემთვის კითხვაა - რას ნიშნავს ინკლუზია და რას ნიშნავს ნორმალურობა?".

როგორ მოხვდა სუზანა ვუსტნეკის ფილმი ფემინისტური ფილმების ფესტივალზე? ორი წლის წინ ქართველმა ფსიქოლოგმა, ანა ჭეიშვილმა, რომელიც ფილმის საქართველოში ჩამოტანის ორგანიზატორია, სუზანას ფილმი ლაიფციგში, შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში ნახა:

"აგვისტოში მივწერე სუზანას და ძალიან მინდოდა, რომ აქ ჩამოსულიყო, მაგრამ ძალიან დიდხანს გვიჭირდა დაფინანსების მოპოვება. ბოლოს საქართველოს ქალთა ფონდმა დაგვაფინანსა და შევარჩიეთ ადგილები, სადაც ვაჩვენებდით ფილმს. მინდოდა, რომ ისეთი ადგილები ყოფილიყო, რომლებსაც თავისი აუდიტორია ჰყავს. წნორის "ცოდნის კაფე" ძალიან შესაფერისად მომეჩვენა. საბედნიეროდ, შესაძლებელი გახდა ფილმი გვეჩვენებინა 7 მარტს. დიდი ჩვენება არ ყოფილა, მცირე წრეში ჩატარდა, რაც კარგია. იყო რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი, იყვნენ შშმ ადამიანები, მათი მშობლები და ასისტენტები. ვეცადეთ უფრო ის ადამიანები მოგვეწევია, რომლებიც ამ თემასთან არიან დაკავშირებულები".

სუზანა ვუსტნეკი "დილის საუბრებში" ყვება როგორ იკვლევდა შშმ ადამიანებისა და მათი სექსუალობის საკითხებს, ვიდრე ფილმს გადაიღებდა, იხსენებს ადამიანებს, ვინც ამაში დაეხმარა. თავად ფილმს რაც შეეხება, ვიდეოჩანაწერში შეგიძლიათ ნახოთ მისი ტრეილერი.

"4 გმირია - ორი ქალი და ორი კაცი, სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობით, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ეს ოთხი ადამიანი მიდის გერმანიაში, ტრებელში, სადაც ტარდება ეროტიული ვორკშოპი. ფილმში ამ ადამიანების ცხოვრებისეული სიტუაციია ნაჩვენები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმში ნაკლებად გამეშუქებინა მაინცდამაინც შეზღუდული შესაძლებლობების საკითხები, არამედ მეტად მეჩვენებინა თემა - სიყვარული, ეროტიულობა, სექსუალობა. ვორკშოპის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება დაცულ სივრცეში ილაპარაკონ ამ საკითხებზე. შემოთავაზებულია ტანტრული სავარჯიშოები, როცა ადამიანები ერთმანეთს ეხებიან, რომ მეტი სექსუალური გამოცდილება მიიღონ".

Your browser doesn’t support HTML5

სუზანა ვუსტნეკი და ანა ჭეიშვილი დოკუმენტურ ფილმზე - "სიყვარული, სექსი და როკ'ნ'როლის ეტლი"