რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი „რუსული ენის უცხო სიტყვების ზღვარგადასული (მოჭარბებული) გამოყენებისგან დაცვის შესახებ“. ვლადიმირ პუტინის ხელმოწერის შემდეგ, უცხო სიტყვების ნაწილის გამოყენება ან აიკრძალება, ან შეიზღუდება ოფიციალურ დოკუმენტებსა და კორესპონდენციებში, ასევე შეფუთვებში, ინსტრუქციებში, რეკლამებში, მედიაში, კინოფილმებსა და საჯარო გამოსვლებში.
რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში მოცემულია ცნებები: „ნორმატიული ლექსიკონები“, „ნორმატიული გრამატიკები“ და „ნორმატიული ცნობარები“, რომლებშიც დაფიქსირებული იქნება თანამედროვე რუსული ლიტერატურული ენისა და სახელმწიფო ენის სავალდებულო ნორმები.
ვლადიმირ პუტინის მიერ კანონის ხელმოწერის შემდეგ ასეთი ლექსიკონებისა და საცნობარო წიგნების სიას შეადგენს რუსეთის ფედერაციის მთავრობა, რომელიც ასევე განსაზღვრავს ლექსიკონების შედგენის სტანდარტს. უცენზურო ლექსიკასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებას სურს აიკრძალოს ისეთი უცხო სიტყვების გამოყენება, რომლებიც არ არის შეტანილი სტანდარტულ ლექსიკონებში. გამონაკლისი იქნება სიტყვები, რომლებსაც არ გააჩნიათ რუსულ ენაში ხშირად გამოყენებული ანალოგები.
კანონის თანახმად, ეს ნორმები დაცული უნდა იყოს როგორც ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე საკუთრების ყველა ფორმის ორგანიზაციათა ოფიციალურ მიმოწერებში როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, ასევე უცხოელებთან. რუსული ენის ნორმები ასევე დაცული უნდა იყოს რუსეთში გაგზავნილი დეპეშებისა და საფოსტო გზავნილების გამგზავნისა და მიმღების მისამართებში, საფოსტო ფულადი გზავნილების რეგისტრაციაში, განათლების სფეროში, მედიაში, კინოფილმებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებსა და რეკლამაში.
როგორც ჩანს, „რუსული ენის უცხო სიტყვების ზღვარგადასული (მოჭარბებული) გამოყენებისგან დაცვის შესახებ“ კანონი გარკვეულ დისკომფორტს რუს მწერლებსა და პუბლიცისტებსაც შეუქმნით, რადგან მიღებულია ვლადიმირ პუტინის ინიციატივის „კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანების“ ფარგლებში.
„ენის პოლიტიკა მოიცავს რუსული ენის, როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის დაცვასა და მხარდაჭერას, თანამედროვე რუსული ლიტერატურული ენის ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას (უცენზურო ლექსიკის არდაშვების ჩათვლით) და უცხოური ლექსიკის გადაჭარბებული გამოყენებისგან დაცვას“, - ნათქვამია 2023 წლის 25 იანვარს პუტინის მიერ დამტკიცებულ კულტურული პოლიტიკის სახელმწიფო ამოცანებში, რომლის ერთ-ერთ პუნქტში („თანამედროვე ლიტერატურული შემოქმედების მხარდაჭერა“) ლაპარაკია „მწერალთა საზოგადოების ჩართვაზე ლიტერატურის, კითხვისა და კულტურული განათლების პროპაგანდაში“.
კანონის მიღების შემდეგ მისი საჭიროების შესახებ განმარტება გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სერგეი ივანოვმა, რომელიც, მისი სიტყვებით, სამოქალაქო განათლებით ფილოლოგია და ინგლისურ ენასაც კარგად ფლობს. ივანოვმა უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვები შეადარა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთისთვის აქტუალურ იმპორტის ჩანაცვლებას:
„სიტყვების სესხება იმპორტის ჩანაცვლებასავითაა: არის ნორმალური რაღაცები, მაგრამ არის არანორმალურიც. რუსული ენა დიდია იმითაც, რომ ღრუბელივით შთანთქავს უცხო ენების სიკეთეებს. სიტყვები „ადვოკატი“, „აპატიტი“, „კომპიუტერი“ ნასესხებია, მაგრამ ამ სიტყვებმა ისე გაიდგეს ფესვები რუსულში, რომ არავინ აღიქვამს მათ უცხო სიტყვებად. მეორე მხრივ, გვაქვს, ჩემი აზრით, სასაცილო სესხებები. რატომ ვამბობთ „იქსპირიენს“, როცა გვაქვს კარგი სიტყვა „გამოცდილება“. Რა საჭიროა? ეს მაიმუნობაა. ან სრულიად ახალი რამ, რაც დაკავშირებულია ახალგაზრდების თანამედროვე ცხოვრებასთან: „სტენდაპ-კომიკოსები“, „სტრიმერები“ და სხვა უწმინდურობები. ეს ყველაფერი შეიძლება რუსულად აღიწეროს. ინგლისურიც მდიდარი ენაა, არ ვკამათობ, მაგრამ არის მაგალითები, როცა ინგლისურში რუსული ენის ანალოგი არ არის. მაგალითად, რუსული სიტყვა "სინდისი". ინგლისურად - conscience, მაგრამ ეს არ არის სინდისი, უფრო შეგნება თუ შეგნებულობაა (сознательность). სიტყვა "სინდისი" ინგლისურად საერთოდ არ არსებობს“.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მწერალი და პუბლიცისტი ანატოლი ნესმიანი მიიჩნევს, რომ რუსეთში ფსიქოზი იქცა კოლექტიურ დაავადებად, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული როგორც კანონი, ასევე დუმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის, ელენა იამპოლსკაიას ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ცვლილებები უპირველეს ყოვლისა უნდა შევიდეს მომხმარებელთა დაცვის კანონში, ასევე მედიისა და რეკლამის შესახებ კანონსა და ქალაქგეგმარებით კოდექსშიც.
„შეგიმჩნევიათ, რა სახელები აქვთ შერჩეული საცხოვრებელ კომპლექსებსა და კოტეჯურ დასახლებებს? - იკითხა დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ, - „კლაბები“, „ჰაუსები“, „ფილდები“, „ჰილები“, „ვილიჯები“, „სტეიტები“ და ა.შ.“
ანატოლი ნესმიანი ცდილობს საქმე გაუიოლოს რუსეთის სათათბიროს დეპუტატებს და სთავაზობს მათ ზემოთ ჩამოთვლილი უცხო სიტყვების ჩანაცვლებას „ქოხით“, „ფაცხით“, „გვიმით“, „ხუხულათი“ და ა.შ. ხოლო დასახლებებს დაარქვან „რუბლიოვკის კიშლაკი“, „ნოვო-ოგარევოს ულუსი“, „მურინოს ჟუპა“...
ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ალექსეი ვენედიქტოვი დაინტერესდა, გავრცელდება თუ არა კანონის მოთხოვნა სიტყვა „პრეზიდენტზე“, პოლიტოლოგმა, კონსტანტინ კალაჩევმა კი ივარაუდა, რომ დუმის „სპიკერი“ ბოლოს და ბოლოს „თავმჯდომარე“-თი შეიცვლება.
„მაგრამ რა ეშველება „რეგლამენტს“, „არმიას“, „ფლოტს“, „კრემლს“, „პელმენს“, „რაკეტას“, „ხაზინას“ და ყოველდღიურ სასაუბრო ენაში გამოყენებულ სიტყვათა 60%-ს? - იკითხა ტელეგრამარხმა "სულელთა ქალაქმა", - გამო...ლევდებით რუსული ენის სიმდიდრისგან! სულ ტყუილად იკითხეთ ორუელი, ახლა უფრო საინტერესო იქნება“.
როგორც ირკვევა, რუსული ენის „გასუფთავების“ იდეა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეთა ნაწილსაც არ მოეწონა. დიზაინერ არტემ ლებედევის თქმით, მას ძალიან აღიზიანებენ ენობრივი პურიტანები, რომლებსაც სჯერათ, რომ არსებობენ განსაკუთრებული ნაზი რუსული სიტყვები და არსებობენ საშინელი უცხო სიტყვები, რომლებიც როგორც დაუბანელი ჯარისკაცები ზამთრის სასახლეში, ისე შეიჭრნენ მშვენიერ რუსულ ენაში.
„ამ კრეტინებმა არც კი იციან, რომ სიტყვა კრეტინიც ბერძნულია, - ამბობს დიზაინერი, - ამ კრეტინებმა არ იციან, რომ სიტყვა „რუსეთიც“ ბერძნულია. და ამ კრეტინებმა არ იციან, რომ სიტყვა რუსეთი მხოლოდ მე-18 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში, მანამდე კი ეს ქვეყანა „რუს“-ად იწოდებოდა, ხოლო „ორიგინალური“ რუსული სიტყვები - დედა, ღვინო, სკოლა, წყალი, მათრახი, ღუზა, ზანდუკი, შაქარი, ჭარხალი, დემონი, ლექსი, ალკოჰოლი, ჩაი, ბოიარი, ურიკა, არმია, გენერალი, ბულიონი, გაზეთი - ეს ყველაფერი უცხო ენებიდან არის შემოსული. ასე რომ, ნებისმიერი სიმართლის პიტალო მაძიებელი, რომელიც ცდილობს მშობლიური ენის გათავისუფლებას უცხო ენებიდან ნასესხები სიტყვებისგან, თავისი ვიწრო შუბლით აუცილებლად შეასკდება სიტყვა „რუს“-ს, რომელიც სკანდინავიურია და არა რუსული“.
ჟურნალისტ პაველ პრიანიკოვის თქმით, კანონის აღსრულების ფარგლებში ხელისუფლებას პირველ რიგში მოუწევს „პრეზიდენტის“ შეცვლა „მეფით“, შემდეგ რუსეთის ფედერაციისათვის სახელის გადარქმევა და „რუსეთის მიწათა ერთობის“ დარქმევა. თანაც ყველა ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რომელსაც შეიძლება „რუსული პრავდა“ დაარქვან.
ანდრეი ნეჩაევი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ირონიით შენიშნავს, რომ სახელმწიფო დონეზე უცხო სიტყვების გამოყენების აკრძალვა, ბღავილამდე და ბილწსიტყვაობამდე დაიყვანს მეტყველებას, თუმცა, იქვე დასძენს, რომ რუსული ბილწსიტყვაობაც თათრულ ფესვებზე დგას.
„ზოგადად, ეს დაავადება ძველია და მას ვერ გადაურჩა ვერც რუსული ლექსიკონის ცნობილი ავტორი ვ.დალი, რომელიც ასევე ცდილობდა უცხო სიტყვების რუსული ანალოგებით ჩანაცვლებას. მას უნდოდა სიტყვა "კვარცხლბეკის" შეცვლა "სადგამით"“, - ამბობს ანდრეი ნეჩაევი.
ბლოგერი ალექსეი ბელიაკოვი კი თადარიგს იჭერს და ცდილობს კანონის ძალაში შესვლამდე შეცვალოს რუსულ ენაში დამკვიდრებული ანგლიციზმები „ძირძველი” რუსული სიტყვებით:
დისტრიბუტორი - ბარიგა
ლუზერი - ხანიგა
მენეჯერი - ჩუვაკი კოსტიუმში
აქციონერი - ჩუვაკი კარგ კოსტიუმში
ფეისკონტროლი - სამ ასოზე გაშვება
სტარტაპი - მოიტა მაყუთი
ქრაუდფანდინგი - მოიტა-მეთქი მაყუთი