სოფელ დისველთან, სადაც 2 ივლისს, ხორბლის ყანაში, თავდაცვის ძალების „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
დაღუპული მფრინავი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი მშობლიურ ქალაქში, გორში გადაასვენეს.
თავდაცვის სამინისტრომ 4 ივლისს განაცხადა, რომ სოფელ დისველთან, დაახლოებით სამი კილომეტრის რადიუსში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს კრიმინალისტებმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები შეაგროვეს. მათ შორის, შავი ყუთი, საფრენი აპარატის ნაწილები. გამოკითხეს მოწმეები.
რა დაინახეს ადგილობრივებმა?
რევაზ შაინიძე, დისველის სკოლის ბიბლიოთეკარი, 2 ივლისს, თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა სოფლის ნახირს. კაცებმა ძროხები დილიდან გარეკეს მინდორში. 12 საათი იქნებოდა დაწყებული, თავზე თვითმფრინავმა რომ გადაუფრინათ:
„აქვე საფრენი ბაზაა, ხშირად მიმდინარეობს ხოლმე სწავლებები, კურსანტები მოდიან, პარაშუტებით ხტებიან, მანევრებს აკეთებენ, ამიტომ ეს ფრენაც მორიგ სასწავლო ფრენად ჩავთვალეთ“, - იხსენებს რევაზ შაინიძე. ლაპარაკში ერთვება მისი თანასოფლელი რომან სურმანიძეც:
„ხრამის მხრიდან ამოვიდა ვერტმფრენი. პირველი მანევრი რომ გააკეთა, წავიდა იქით, ფერმებისკენ. ფერმებთან არ მისული, მოტრიალდა და აფრინდა ზევით, ვერტიკალურად. პირველ ასვლაზე პატარაზე ავიდა, მეორედ რომ აფრინდა, ღრუბლებში ავიდა, გაუჩინარდა“.
რევაზ შაინიძე ცდილობს აღიდგინოს ავიაკატასტროფის კადრი და ჰყვება:
„უკან ჩამოსული თვითმფრინავი არ დამინახავს, ჰაერში დავინახე განათება, ჰორიზონტალურად გაანათა, თითქოს ჰორიზონტალური მხარე დაიჭირა და ამ დროს აფეთქდა“.
რომან სურმანიძე კიდევ ერთ დეტალს ამატებს:
„სანამ დაბლა ჩამოვიდოდა, ცეცხლის ალში გაეხვა. ორ-სამ წამში ორ ნაწილად გასკდა“.
ჰაერში ორად გახლეჩილი თვითმფრინავის ნამსხვრევები მწყემსებისგან დაახლოებით 500 მეტრში ჩამოცვივდა. რევაზი და რომანი კატასტროფის ადგილისკენ გაიქცნენ:
„სანამ ჩვენ იქით გავრბოდით, ვერტმფრენი გამოჩნდა, სასწრაფო, სახანძრო. მომენტალურად მოვიდნენ. იქვე გამოგვკითხეს, პარაშუტით გადმომხტარი ხომ არ დაგინახავთ პილოტიო, ვუთხარით, რომ როგორც წავიდა ვერტიკალურად, ისევე დაეშვა, არავითარი ჯარისკაცი, არავითარი კატაპულტირება არ გვინახავს-მეთქი“, - ამბობს რომან სურმანიძე.
მერაბ შაინიძე, სოფელ დისველის კიდევ ერთი მკვიდრი, რამდენიმე წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. მინდორში „სუ-25“-ის გაფანტული ნაწილების ძებნაში ისიც მონაწილეობდა:
„ხუთ წუთში იქ ვიყავი. ბოლნისიდანაც ამოვიდნენ ადგილობრივები. ვისაც როგორ შეეძლო, ისე ვეხმარებოდით აქ მოსულ საგანგებო ჯგუფებს. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თვითმფრინავის 30% ვიპოვეთ. დანარჩენი ნაწილები, სავარაუდოდ, ხევში, მდინარეში ჩაცვივდა“.
თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ წინასწარი კვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე შემოწმდა ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო ყველა სავალდებულო პროცედურა.
ვინ არის კახაბერ ზურაბაშვილი?
48 წლის მფრინავს ცოლი და სამი შვილი დარჩა. თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ზურაბაშვილმა გორში სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო განათლების მიღება გადაწყვიტა და უკრაინაში, ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. აქედან მოყოლებული ის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციის რიგებში ირიცხებოდა. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მისი ერთ-ერთი ინტერვიუ, რომელიც 2022 წელს, მარნეულის სამხედრო აეროდრომზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების წინაა ჩაწერილი და სადაც ის იმ თვითმფრინავების მახასიათებლების შესახებ ლაპარაკობს, რომლებმაც 26 მაისის ღონისძიებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, ქალაქს თავზე გადაუფრინონ და ცაში საქართველოს დროშის ფერების კვალი დატოვონ.
ამ თვითმფრინავებს შორისაა სწორედ „სუ-25“. კახაბერ ზურაბაშვილი ვიდეობლოგერ გიორგი დანელიას თვითმფრინავს ათვალიერებინებს და თან უხსნის:
„[სუ-25-ის] ყველა მოდიფიკაცია გამოიყენება კონკრეტულად დასახმარებლად საბრძოლო ველზე სახმელეთო ჯარებისთვის, წერტილოვანი დარტყმების მისაყენებლად.
გვყავს რამდენიმე სახის მოდიფიკაცია, რომლებსაც ანალოგი არ ჰყავთ მთელ მსოფლიოში, რადგან ეს კონკრეტული მოდიფიკაციები მხოლოდ ჩვენთანაა გაკეთებული, ის სანავიგაციო და შეიარაღების სისტემები, რომლებიც აყენია კონკრეტულ მოდიფიკაციებზე, მარტო საქართველოში მოინახება.
გადაკეთდა ცოტა დიდი ხნის წინ, მაგრამ უპირატესობა არის ის, რომ ბაზირებულ სუ-25-ებზე 98-99%-იანი სიზუსტით შეიძლება ფრენის განხორციელება დღისა და ღამის, მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში“.
კახაბერ ზურაბაშვილი გორში 3 ივლისს გადაასვენეს. ოჯახის ახლობლებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, უჭირთ იმის დაჯერება, რომ პილოტს, რომელსაც ფრენის 20 წელზე მეტი გამოცდილება ჰქონდა, შესაძლოა, რაიმე შეცდომა დაეშვა:
„2000 წლიდან სამხედრო იყო. ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი უკრაინაში დაამთავრა. შაბათ-კვირას ყოველთვის აქ იყო. დედა ჰყავს ჩავარდნილი ავადმყოფი და თვითონ უვლიდა. ძმაც დაღუპული ჰყავს, მამაც და ჩამოდიოდა ხოლმე შაბათ-კვირას, დედას უვლიდა. თავად მარნეულში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა“, - ამბობს ტრაგიკულად დაღუპული პილოტის ოჯახის ახლობელი ბაბულია ჩიხლაძე.
მოიერიშე „სუ 25“ - ვინ გაარემონტა, როდის და რამდენი?
ერთადგილიანი მოიერიშე თვითმფრინავის ძირითადი ამოცანა, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში, ავიამშენებელი კომპანიის „სუხოის“ საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა, სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერაა. გააჩნია ავტომატური ქვემეხი, შეუძლია დაიკიდოს დიდი რაოდენობის ბომბი, მართვადი რაკეტა. მას „მფრინავ ტანკსაც“ უწოდებენ. თვითმფრინავის სერიული წარმოება 1978 წლიდან დაიწყო.
- 1992 წელს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ახლად შექმნილ სამხედრო საჰაერო ძალების სამმართველოს განკარგულებაში - 24 ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის „სუ-25“ იყო, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადმოეცა.
- სხვადასხვა წყაროს ცნობით, 1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს საქართველომ ექვსი „სუ-25“ დაკარგა. 1994 წლისთვის საქართველოს მხოლოდ 7 „სუ-25“ ჰყავდა.
- 2006-2007 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „თბილავიამშენიდან“ კიდევ 5 „სუ-25“ შეიძინა.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომისას, ქართველ მფრინავებს „სუ-25“-ით მხოლოდ ერთი საბრძოლო გაფრენა ჰქონდათ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლება აქტიურად 2020 წლიდან დაიწყო, რაც საფრენი აპარატების კაპიტალურ რემონტს მოიაზრებდა.
მაგალითად, 2021 წლის მარტში, თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ რემონტის შემდგომ, წარმატებით იფრინა თავდაცვის ძალების პირველმა განახლებულმა „სუ-25“-მა. ერთ თვეში, აპრილში, მას მეორე განახლებული „სუ-25“-ის წარმატებული ფრენა მოჰყვა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის მოდიფიცირებულ ვერსიას საბრძოლო და სასწავლო ფრენების შესაძლებლობა ჰქონდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება 2020 წლის ივლისში გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა.
2021 წლის შემოდგომაზე, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო დაათვალიერა და თქვა, რომ მოდერნიზაცია და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 4 „სუ-25“-ს:
„თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი "სუ-25", რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით... წლის ბოლომდე, 6 აღდგენილი "სუ-25" გვეყოლება. ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი გმირი მფრინავებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საფრენი აპარატების აღდგენას. წლების განმავლობაში ეს პროექტი გაჩერებული იყო. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით“.
კიდევ ერთი და საერთო ანგარიშით, 7 აღდგენილი „სუ-25“-ის შესახებ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია ერთი წლის წინ, 2023 წლის აგვისტოში. თავდაცვის მაშინდელი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თავად ჩავიდა მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „დელტასა“ და „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველმა სპეციალისტებმა 7 „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი გამართეს.
მათივე ცნობით, საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობდა. ხოლო მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადდა.
2021 წლის იანვრის ბოლოს კიდევ ერთი ხელშეკრულების შესახებ გახდა ცნობილი. ამჯერად, სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა სსსტც „დელტას“, სს თბილავიამშენსა და უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანია Motor Sich-ს შორის. თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებაში სწორედ ეს კომპანია ჩაერთო:
„Motor Sich-თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს“, - ეწერა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში 2021 წლის იანვრის ბოლოს.
ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“, რომელიც საქართველოში ჩინეთის აქტივობებს სწავლობს, 2021 წლის იანვარში გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „სარაკეტო აფიორის ექო საქართველოში: თავდაცვის მემორანდუმი „მოტორ სიჩთან“.
ანგრიშში წერია, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, უკრაინის სასამართლომ გაყინა „მოტორ სიჩის“ აქციები, რადგან იმ წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვიაჩესლავ ბოგუსლაევი (კომპანიის ხელმძღვანელი და აქციონერი) დაადანაშაულა „მოტორ სიჩის“ საკონტროლო პაკეტის ჩინური კომპანიისთვის (Beijing Skyrizon Aviation Industry InvestmentCo.) უკანონოდ გადაცემაში.
2021 წლის 14 იანვარს კი „Skyrizon Aviation Industry Investment Co. Ltd“ („მოტორ სიჩის“ მშობელი კომპანია), აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დაემატა.
2021 წლის 29 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას ჩინეთის „Skyrizon“-ისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, 2019 წელს უკრაინულმა დაზვერვის სამსახურმა გამოძიება წამოიწყო და „მოტორ სიჩის“ დონბასში არსებული ქარხნის ხელმძღვანელობა „ტერორიზმის დაფინანსებაში“, უფრო კონკრეტულად კი - რუსების მხარდაჭერილი ძალების უკანონო დაფინანსებაში დაადანაშაულა:
„სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი ან შეუმჩნეველი დარჩა, ან უფრო უარესი, სრულად იყო ინფორმირებული კონკრეტული კომპანიის საქმიანობის შესახებ და მიუხედავად მაღალი საფრთხეებისა, მაინც მიიღო მათთან ურთიერთობის გადაწყვეტილება“, - წერია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„შეკეთებას და რემონტს არ ექვემდებარება“ - გაიყიდა თუ არა მწყობრიდან გამოსულ ექვსი „სუ-25“?
2014 წლის ზაფხულში, თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათ შეირაღებაში არსებული 12 ცალი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიდან, ხუთი უახლოეს მომავალში უნდა გაეყიდა.
მაშინ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამტკიცებდა, რომ ეს თვითმფრინავები „შეკეთებას და რემონტს არ ექვემდებარებოდა“:
„შეიარაღებული ძალების საავიაციო პარკი საჭიროებს განახლებას. მათ შორის არის ექვსი ერთეული "სუ-25’" მოიერიშე თვითმფრინავი. მათი გაყიდვა იგეგმება, რადგან ისინი ამორტიზირებულია და გარემონტებას არ ექვემდებარება. რამდენიმე წელია მათი ექსპლუატაცია სიძველის გამო ვერ ხერხდება.
"სუ-25"-ის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის.
მოიერიშეების გაყიდვით მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას. თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე შეიარაღება და საავიაციო პარკის განახლებაც ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა 2014 წელს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
რა ბედი ეწია ამ თვითმფრინავებს, ოფიციალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, სამხედროები თავად მიუთითებდნენ, რომ საფრენი აპარატები სავალალო მდგომარეობაში იყო და მათი „შერემონტება“ ვეღარ მოხერხდებოდა. როგორც ის ამბობს, რამდენიმე ქვეყანას ამ თვითმფრინავების ნაწილების ყიდვა უნდოდა:
„მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ნაყიდი რუსული შეიარაღება, ისინი გამოთქვამდნენ სურვილს, რომ თავიანთი თვითმფრინავებისთვის ნაწილების სახით შეეძინათ საქართველოში არსებული "სუ-25"-ები.
ასევე დაინტერესებული იყო ერთ-ერთი უკრაინული ქარხანა, რომელიც ამ საფრენ აპარატებზე მუშაობს, მაგრამ საბოლოოდ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ“.
სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „სუ-25“ უკვე „მოძველებული პლატფორმაა“ და მიუხედავად იმისა, რომ ამ თვითმფინავებს დღეს უკრაინა იყენებს რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, ფუნქციის შესასრულებლად მათ დახმარება სჭირდება:
„საკმაოდ მოწყვლადია, მას სჭირდება გამანადგურებლების მხრიდან დაცვა. ამერიკელებმა ამავე ტიპის, A-10 თვითმფრინავები მოხსნეს შეიარაღებიდან, რადგან თვლიან, რომ თანამედროვე ბრძოლის ველზე, თანაბართან მიახლოებული მოწინააღმდეგის შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა იქნება დაბალი“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე და ამატებს: „მე თუ მკითხავთ, საბჭოთა წარმოების სისტემებიდან უნდა გავთავისუფლდეთ და რაც უფრო ადრე, მით უკეთესი“.
რაც შეეხება 2 ივლისს, სოფელ დისველთან მომხდარ ტრაგედიას, ის ამბობს:
„ამ ტიპის კატასტროფა ყველგან შეიძლება მოხდეს. მაგრამ ახლა მთავარია, დადგინდეს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.
კითხვები გაჩნდა კატაპულტირებასთან დაკავშირებითაც. ეს არ არის მარტივი საქმე, საკმაოდ ტრავმიანი ოპერაციაა. ჩვენ არ ვიცით, რა სიმაღლეზე დაფრინავდა, როგორც ამბობენ, დაბლა დაფრინავდა, იქიდან კატაპულტირება შეიძლება ვერც კი მოესწრო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოცდილი მფრინავი იყო. საქართველოში საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, გვაქვს ორი - ან ადამიანური, ან ტექნიკური ფაქტორი. ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა მოხდა“, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
„სუ-25“-ის ჩამოვარდნის საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“ - სამხედრო საფრენი აპარატის მართვის ან ფრენისთვის მზადების წესის ანდა მისი ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი და რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.