სტუდენტები ლექტორების წინააღმდეგ - რა ხდება მაშინ, როცა “თანაარსებობა შეუძლებელია”?

აუდიტორიის კარზე გაკრული წარწერები - სტუდენტების  პროტესტის სამიზნე კანონპროექტზე ხელმომწერი ლექტორები გახდნენ.

“აგენტების კანონპროექტის” ჩაგდების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები აღარ გამართულა, თუმცა ვნებათაღელვამ უნივერსიტეტებში გადაინაცვლა. ლექტორების საჯარო შერცხვენა, ლექციების ბოიკოტი, აუდიტორიის კარზე გაკრული წარწერები - სტუდენტების პროტესტის სამიზნე კანონპროექტზე ხელმომწერი პროფესორები გახდნენ.

“უცხოური აგენტების” კანონპროექტი - “არ ყოფილა მორიგი, ერთ-ერთი კანონი, არამედ იმ ტიპის კანონი, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს საქართველოში არსებული რეალობა, მისი საგარეო პოლიტიკური კურსი, მისი საშინაო პოლიტიკური კურსი”, - გვეუბნება გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამატებს, რომ ბუნებრივია, რომ წინააღმდეგობამ უნივერსიტეტებში, ყველაზე “ფეთქებად” ადგილას გადაინაცვლა.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტი გამოხატეს იმ ლექტორების მიმართ, რომლებმაც ხელი მოაწერეს "აგენტების კანონპროექტს".

პროფესორ ირაკლი კობახიძის გაუქმებული ლექცია

“ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტი, რაც ჩავაბარე, მუდმივად იყო. მაღალკურსელები [მანამდეც] ხშირად მიმართავდნენ სხვადასხვა ფორმას”, - ამბობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ეკალაძე. იგი ჰყვება, რომ საპროტესტო გამოსვლების დასრულების შემდეგ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილმა გადაწყვიტა, ირაკლი კობახიძეს აუდიტორიასთან საქართველოს დროშითა და ფერადი წარწერებით დახვედროდნენ. ამის შესახებ მათ წინა დღით საჯაროდაც განაცხადეს.

სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძისა და კანონპროექტის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატისა და ლექტორის, გიორგი კახიანის საგანი “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი” გადაირჩია.

თუმცა მეორე დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციაზე არ მისულა, სტუდენტებს ლექციის გაუქმების შესახებ SMS-გზავნილით შეატყობინეს.

პროტესტიდან რამდენიმე დღეში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძისა და კანონპროექტის მხარდამჭერი კიდევ ერთი დეპუტატისა და ლექტორის, გიორგი კახიანის საგანი “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი” გადაირჩია.

“ეს სტუდენტის უფლება არის. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ თავად სტუდენტები ირჩევენ კურსს და ლექტორს და იყო შემთხვევები, რამდენიმემ გადაირჩია, თუმცა კურსზე მაინც არის საკმარისი რაოდენობა სტუდენტები”, - გვითხრეს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ევროპული მომავლის მხარდასაჭერი წარწერები უნივერსიტეტში.

პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” წევრი და ფილოსოფიის დოქტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი ლექტორი, რომელსაც სტუდენტებმა პროტესტი გამოუცხადეს, ელიზბარ ელიზბარაშვილია. ის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და “კონსერვატიული მოძრაობის” წევრია. ამ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც “ალტ-ინფოს” ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა, საჯაროდ გაცხადებული ჰომოფობიური და ანტიდასავლური პოზიცია აქვს, ეს ჯგუფი მონაწილე და წამახალისებელი იყო 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა.

ელიზბარ ელიზბარაშვილი ესწრებოდა 15 მარტს “კონსერვატიული მოძრაობის” იმ აქციასაც, რომლის დროსაც პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად, კამერების თვალწინ დაწვეს.

“სამარცხვინო ლექტორებში არ შედიან მხოლოდ ისინი, ვინც მაგალითად ხელი მოაწერა ამ რუსულ კანონს. პრორუსი ლექტორებიც შედიან, ისინი, რომლებიც აქციაზე გასულ სტუდენტებს აბულინგებდნენ, აგინებდნენ და ილანძღებოდნენ”, - გვეუბნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ლუკა შველიძე. ის ამბობს, რომ როდესაც პრორუს ლექტორს მისი მოსაზრებების გამო სტუდენტები ფეისბუკზე კრიტიკულ კომენტარებს უწერდნენ, ის საპასუხოდ მათ შლიდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ლუკა შველიძე

ელიზბარ ელიზბარაშვილის ლექცია ფილოსოფიის შესავალში უკვე დაწყებული იყო, როდესაც ლუკამ და სხვა სტუდენტებმა კარზე დააკაკუნეს, აუდიტორიაში შევიდნენ და ლექტორს საუბარი შეაწყვეტინეს.

“სამი შეკითხვა მქონდა: დაუცვია თუ არა ქვეყანა ოდესმე; იყო თუ არა რუსეთი მტერი და იცავდა თუ არა ეთიკის ნორმებს, რომელიც უკრძალავდა სტუდენტების შეურაცხყოფას. ამ ყველაფერზე პასუხი იყო, რომ 168-ე მუხლით გიჩივლებთ და იქ დაგიბარებენ, სადაც საჭიროა”, - ჰყვება ლუკა.

Your browser doesn’t support HTML5

ელიზბარ ელიზბარაშვილის ლექციის გაპროტესტება

(გამოგზავნის შემთხვევაში მასალას დაემატება ელიზბარ ელიზბარაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო).

ლექტორმა დაცვას დაუძახა, ლუკამ და კიდევ ორმა სტუდენტმა აუდიტორია დატოვეს, თუმცა ლექციიდან გამოსულ პროფესორს ოცამდე სტუდენტი გარეთ ელოდა. ვიდეოში, რომელზეც აღბეჭდილია ლექტორის აუდიტორიიდან გამოსვლის მომენტი, ისმის სტუდენტების შეძახილები: “არა რუსეთს!” “არა რუსეთს!”, ასევე ლექტორის პასუხი: “თქვენ ხართ პროვოკატორი სტუდენტები, მანიპულაციის მსხვერპლი”. სტუდენტები და ლექტორი ამ დროს ერთმანეთს ტელეფონით იღებდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

სტუდენტები 307-ე აუდიტორიასთან

(გამოგზავნის შემთხვევაში მასალას დაემატება ელიზბარ ელიზბარაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო).

ვიდეო “ალტ-ინფოს” ეთერში გავრცელდა. ლუკა შველიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ის შეურაცხყოფის და მუქარის სამიზნე გახდა, გასაჯაროვდა მისი პირადი ინფორმაცია, მათ შორის საცხოვრებლის მისამართი და ცნობები მისი ოჯახის წევრების შესახებ. მაგალითად ის, რომ ლუკას მამა უკრაინაში იბრძვის. “ერთ-ერთი ბოტი მაგას მიწერდა, რომ როგორც უკრაინაში იბრძვიან, ეგრე გინდათ, რომ მეორე ფრონტიც გახსნათ საქართველოშიო, მამაშენიც იქ არისო და გეუბნება, რა როგორ გააკეთოო”.

ფილოსოფიის დოქტორი ელიზბარ ელიზბარაშვილი ჩივის, რომ თავად გახდა სტუდენტების შეურაცხყოფისა და მუქარის სამიზნე როგორც აუდიტორიაში, ასევე მათი საჯარო გამოსვლებისას. “ეს არის ჩემი სამსახურეობრივი დევნა”, - გვეუბნება იგი და ამატებს, რომ შრომის თავისუფლების ხელყოფის გარდა, მის მიმართ დაირღვა უნივერსიტეტის წესდება, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ - მესამე მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსიდან თანასწორუფლებიანობის 142-ე მუხლი, ასევე დისკრიმინაციის კანონი.

“არავის აქვს უფლება, მე ამიკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა, არც სტუდენტს, არც რომელიმე ლექტორს, არც რომელიმე პარტიის წევრს, კონსტიტუციით მე ვარ თავისუფალი ადამიანი, როგორც “გირჩის”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ლექტორები ხომ მუშაობენ უნივერსიტეტში, მათ ხომ არავინ უვარდება, ხომ არავინ მიდის მათთან და არაფერს არ ეუბნება, ხო, ასევე მეც უნდა შემეძლოს თავისუფლად ვიმუშაო”, - ამბობს ელიზბარაშვილი.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც თვლის, რომ რუსული კანონის ხელმომწერ ლექტორებს, და მათ შორის ელიზბარ ელიზბარაშვილს, ლექციების წაკითხვის უფლება არ უნდა ჰქონდეთ - დავით სეხნიაშვილია.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი იდეა, ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ … ის ადამიანები, რომლებიც არიან პრორუსები და ამას საჯაროდაც ამტკიცებენ თავისი სოციალური ქსელით თუ ა.შ., არ უნდა ასწავლიდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ასეთი არის ელიზბარ ელიზბარაშვილი. ხოლო ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა ამ კანონს, იქნება ეს ირაკლი კობახიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ა.შ., ეს არის ჩემი და ჩემი თანამოაზრეების იდეა და ფიქრი, რომ არ უნდა ასწავლიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტომ, რომ არ აქვთ ამის მორალური უფლება”, - ამბობს იგი.

წარწერები აუდიტორიის კარზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი აღიარებს ყველას კონსტიტუციურ უფლებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ემიჯნება ყველანაირ დისკრიმინაციას - “უნივერსიტეტში როგორც სტუდენტის, ასევე პროფესორის უფლებები უნდა იყოს დაცული და ერთადერთი მექანიზმი, რომელიც უნივერსიტეტს აქვს, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არ არის არც სამართალდამცავი ორგანო, ერთადერთი ორგანიზმი, რაც უნივერსიტეტს აქვს, არის ეთიკის საბჭო და ეთიკის საბჭო მხარეების მომართვის შემთხვევაში განიხილავს ქეისს”.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტების მიერ ლექტორების მოღალატეებად მოხსენიებას და მოთხოვნას, რამდენიმე მათგანი ჩამოშორებოდა უნივერსიტეტს, ფაშისტური კამპანია უწოდა. თითქმის იგივე თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე ახალგაზრდები კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს დაუკავშირა და თქვა, რომ სხვადასხვა კლუბებსა და უნივერსიტეტებში მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა: - “ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან, სატელიტურ ორგანიზაციებთან”.

ასევე ნახეთ ფაშისტური კამპანიაა სტუდენტებისგან ლექტორების მოღალატეებად მოხსენიება - ამბობს კობახიძე

პროფესორი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ აქ არ არის მხოლოდ განსხვავებული აზრების თანაარსებობაზე ლაპარაკი, არამედ კარდინალურ ცვლილებებზე. “ამ შემთხვევაში თანაარსებობა შეუძლებელი მგონია, როგორ უნდა იყოს, როდესაც, ვთქვათ, რომელიღაცა ლექტორი, რომელიც ამავე დროს არის ძალიან მაღალი სახელმწიფო მოხელე, დავიწყოთ იქიდან, რომ არღვევს კონსტიტუციას, ანტიკონსტიტუციურ კანონს იღებს და მისი მხარდამჭერი და პროპაგანდისტია, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ერთდროულად თანაარსებობდეს პრორუსული ძალა და კონსტიტუციით დეკლარირებული პროევროპული. აქ თანაარსებობა შეუძლებელია”.