ვინ არის სტრასბურგში ტრამვაიზე დატანილი ქართული წარწერების ავტორი

სტრასბურგში ტრამვაის ვაგონებზე დატანილი კიდურ-ყვავილოვანი კალიგრაფიით შესრულებული ქართული წარწერების ავტორს, 19 წლის სტუდენტს, ნიკა ღუნაშვილს, რუსთავის მერიაში სამსახური შეთავაზეს, რაზეც ახალგაზრდა დათანხმდა.



„ჩვენ შევთავაზებთ სტაჟირების კურსს [ნიკა ღუნაშვილს ] რუსთავის მერიაში და შემდეგ თავად გადაწყვეტს, რომელ სამსახურს აირჩევს, - ალბათ, არქიტექტურის სამსახურს. ჩვენ მას ხელშეკრულებით ავიყვანთ“, თქვა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, 28 ნოემბერს ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციაში, სადაც ნიკა ღუნაშვილს გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან ერთად შეხვდა.

„გუშინ გავიგეთ, რომ კალიგრაფიის ავტორი ქვემო ქართლიდან, რუსთავიდან ყოფილა. ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია, საოცარი სილამაზის დამწერლობა და 19 წლის ახალგაზრდა ახერხებს საქართველოს ასეთ დონეზე პოპულარიზაციას. იმედი მაქვს, მისი შესანიშნავი საქმიანობა ჩვენს მხარეს უფრო პოპულარულს გახდის“ , თქვა გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე მისულ ღუნაშვილის პედაგოგებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.
საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე გაიმართა.

ნიკა ღუნაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლობს. კალიგრაფიას რუსთავში, კერძო საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრ „მთაწმინდელში“, ეუფლებოდა. არის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნიკა ღუნაშვილმა თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან პროექტზე მუშაობის შემოთავაზება.

„პროექტზე ერთი თვე ვიმუშავე. სახლში ვხატავდი, ფურცლებზე. 33-ვე ასოს ნახატი გადავაგზავნე, კორექტივები არ შეუტანიათ, არც შენიშვნა ჰქონიათ “, - თქვა ნიკა ღუნაშვილმა“. – „კალიგრაფია მეხმარება იმის გადმოცემაში, რასაც ვგრძნობ და რაც, ჩემი აზრით, აქტუალურია“.

ნიკა ღუნაშვილის თქმით, ნახატები შეასრულა აკრით და ფანქრით. ძირითადად გამოყენებულია წითელი, მწვანე და ლურჯი ფერები.
ნიკა ღუნაშვილი ქმნის კალიგრამებსაც. ეს სიტყვისა და გამოსახულების ერთობლიობაა, რომლის შესწავლაც ერთი წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, სამი ქართული დამწერლობიდან მხედრული იმდენად მოხერხებულია, რომ საკმაოდ ბევრი და მრავალმხრივი გამოსახულებების შემქნა და ემოციის გადმოცემა შეიძლება“.
მისივე თქმით, სახელოსნოს გაკეთებაზე ფიქრობს, მაგრამ ჯერ ამის შესაძლებლობა არ აქვს.