სტომატოლოგიური მომსახურების საფასური COVID-ეკიპირებამ 20-30 ლარით გააძვირა

47 წლის ლევანი თითქმის ორი თვე ელოდა იმ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას, სადაც კბილების მკურნალობა მარტის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, COVID19-ის გავრცელების საშიშროების გამო, კლინიკა მალევე დაიხურა და იძულებული გახდა, მკურნალობის პროცესი შეეწყვიტა.

„საბედნიეროდ, მეხუთე კბილმა დამინდო“, - ამბობს ზურა:

„რამდენჯერმე დისტანციური კონსულტაცია გავიარე ექიმთან. რომ ღამდებოდა, გული მისკდებოდა, არ ამტკივდეს-მეთქი. ვიცი, რომ ზოგი სტომატოლოგი, ამ პერიოდში, მაინც იღებდა პაციენტებს, მაგრამ მერჩივნა, საქმე აქამდე არ მისულიყო. ზეგ ვარ ჩაწერილი ვიზიტზე. წინასწარ გამაფრთხილეს მთელი რიგი შეზღუდვების შესახებ. ვიცი, რომ ვიზიტისას დამატებით უნდა გადავიხადო ექიმის ეკიპირების თანხა. ზოგადად, სტომატოლოგიური მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს და დამატებითი ხარჯის გაწევა ალბათ არავის სურს, მაგრამ თუკი ასეა საჭირო უსაფრთხოებისათვის, დროებით მოგვიწევს ამ ხარჯის ატანა. საბედნიეროდ, სტომატოლოგებთან ხშირად არ დავდივართ და ეს ხარჯი არ იქნება სისტემატური. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, რაკი მკურნალობის პროცესი დაწყებულია, რამდენიმე ვიზიტი კიდევ მომიწევს და ჯამში, ჩემი მკურნალობის ხარჯი, შესაძლოა, 150 ლარსაც კი გასცდეს“.

22 მაისიდან საქართველოში თითქმის ორი თვით დახურული სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა. თუმცა, მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებენ. ამ კლინიკებს დღეიდან გეგმიური პაციენტების მიღება შეუძლიათ.

როგორც რადიო თავისუფლებას სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებმა უთხრეს, საქართველოში რეგისტრირებული 1500 სტომატოლოგიური კლინიკიდან, 22 მაისისთვის მხოლოდ 300-მდე კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რადიო თავისუფლებას ზუსტ სტატისტიკას ვერ აწვდის, რადგან მათი განმარტებით, მონიტორინგის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ოფიციალური სტატისტიკის გაცემის საშუალება კი მათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ანუ, მომავალი სამუშაო კვირიდან შეეძლებათ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური კლინიკა, რომ შეძლოს პაციენტების მიღება?

კრიტერიუმებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ის ეხება, როგორც თავად სამედიცინო პერსონალის მიერ უსაფრთხოების ნორმების მკაცრ კონტროლს, ისე პაციენტების უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სოციალური დისტანციის უზრუნველყოფას თუ ნარჩენების მართვას.

  • გარდა იმისა, რომ ყოველი ახალი პაციენტის მიღებისას თავად სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სახის ფარი და დამცავი სათვალე, ერთჯერადი ხელთათმანები, სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი), ე.წ. ეკიპირების ვალდებულება აქვს თავად პაციენტსაც. სტომატოლოგიურ სავარძელზე ის სპეციალური ხალათის, სათვალისა და ბახილების გარეშე ვერ დაჯდება.
  • აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა კლინიკამ მუშაობის უფლება მოიპოვოს, მას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორკვირიანი მარაგი უნდა ჰქონდეს.
  • კლინიკის მიმღებში პაციენტმა უნდა შეავსოს სპეციალური კითხვარი, რომელიც მოიცავს კითხვებს: ხომ არ აქვს მას უახლოეს პერიოდში მოგზაურობის ისტორია? ხომ არ ჰქონია კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან? ჰქონდა თუ არა ტემპერატურის მატება მოკლე პერიოდში? გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტმა მიუთითოს იმ სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რითიც ის კლინიკამდე მივიდა.
  • მიმღებში შესვლამდე პაციენტი გადის დეზობარიერს, უზომავენ ტემპერატურას და ხელებს უმუშავებენ სადეზინფექციო საშუალებებით.
  • მკაცრად კონტროლდება მიმღებში ადამიანების რაოდენობაც. თუკი კლინიკას არ აქვს ისეთი ფართი, რომელიც პაციენტებს შორის ორმეტრიან დისტანციას უზრუნველყოფს, მაშინ პაციენტს გარეთ მოუწევს მოცდა. პაციენტებს ეკძალებათ თანმხლები პირის მოყვანაც. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ არასრულწლოვნები და შშმ პირები.

თამუნა ყურაშვილი, სტომატოლოგიური კლინიკა „დანბლანშის“ ხელმძღვანელია. ინფექციის გავრცელების მომატებული საფრთხის გამო, კლინიკა 20 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე დახურა. რამდენიმე დღის წინ კლინიკა რეგულირების სააგენტომ შეამოწმა და გახსნის უფლება მოიპოვა. თამუნას თქმით, იმის გამო, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება, გარდა სხვა მოთხოვნებისა დაცვისა, გაზრდილია პაციენტების მიღების დროებს შორის ინტერვალიც. თუკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებამდე კლინიკას დღეში 10 პაციენტის მიღება შეეძლო, დღეს კლინიკა მხოლოდ ექვს პაციენტს იღებს:

„უნდა უზრუნველვყოთ პაციენტების მიღების განრიგი ისე, რომ ნაკლები შეხება ჰქონდეთ ერთმანეთთან. კაბინეტიდან პაციენტის გასვლის შემდეგ, სამედიცინო პერსონალმა უსაფრთხოდ უნდა გაიხადოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. უნდა ჩატარდეს კაბინეტის სრული დეზინფექცია, დამუშავდეს ზედაპირები. ამის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში კაბინეტი უნდა განიავდეს, როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური ვენტილაციით. ეს პროცესი, ცხადია, ზრდის პაციენტების მიღების შორის ინტერვალს, რაც პირდაპირ აისახება სტომატოლოგიური კლინიკების შემოსავალზე. თუმცა, ისიც ცხადია, რომ თუკი ეს პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, კლინიკები ვერ შეძლებენ პაციენტების უსაფრთხოდ მომსახურებას“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სტომატოლოგიური კლინიკებისა და პაციენტებისათვის ერთგვარ პრობლემად იქცა, ეს არის სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კომპლექტის საფასური. ამ საფასურის გადახდა პაციენტებს თავად უწევთ. რაკიღა, როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებში აცხადებენ, შემცირებული შემოსავლის პირობებში, სტომატოლოგიურ კლინიკებს გაუჭირდებათ დამატებით ამგვარი ხარჯის გაწევა. ე.წ. ეკიპირების თვითღირებულება 20-დან 30 ლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თანხის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიები არ უზრუნველყოფენ:

ნინო ბერიძე „ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკების მხრიდან პაციენტებისათვის ეკიპირების თანხის მოთხოვნა, მხოლოდ და მხოლოდ, გამოუვალი მდგომარეობის შედეგია:

„გვერწმუნეთ, რომ ეს ჩვენთვისაც არ არის სასიამოვნო. პაციენტებს უკვირთ, როდესაც ვაწვდით ინფორმაციას ეკიპირების საფასურის გადახდის თაობაზე, თქვენ ხომ აქამდეც იყავით ეკიპირებულებიო. თუმცა, ამჯერად ექიმების ეკიპირების ხარისხი სხვა საფეხურზე ავიდა და გარდა სპეციალური დაცვის საშუალებებისა, თუნდაც ჩვეულებრივი ხელთათმანი და ერთჯერადი ნიღბის ფასიც კი ძალიან გაძვირებულია. კლინიკები იძულებულები ვართ, რომ პაციენტებს დამატებითი თანხა მოვთხოვოთ. გარდა ეკიპირების მარაგების შეძენისა, გაგვეზარდა სხვა ხარჯებიც. მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯი, თანამშრომლების სამსახურში მოყვანის ხარჯი. ტრანსპორტი არ დადის და კლინიკა თავად ახდენს სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებას ტაქსის საშუალებით. მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების დაცვას და კვლავაც უმაღლესი სტანდარტებით ვემსახურებით პაციენტებს“.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ კლინიკებს მომსახურების ფასის ზრდა მოუწია იმის გამოც, რომ ზოგადად, ქვეყანაში სტომატოლოგიური კლინიკების მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში სხვადასხვა მანიპულაციების საფასური დაბალია:

„რეალურად, სტომატოლოგია საქართველოში არ ითვლება წარმატებულ ბიზნესად, რადგან საკმაოდ დაბალია მათი მოგების მარჟა, სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯი კი დიდი. მოგეხსენებათ, საქართველოში არც მასალები და არც ინსტრუმენტები არ იწარმოება და ყველაფერი შემოდის უცხოეთიდან. ამიტომ, როდესაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვის გამო დამატებითი ხარჯების გაწევა დაგვეკისრა, აღმოვჩნდით პრობლემის წინაშე და იძულებულნი გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა“.

სტომატოლოგიურ კლინიკებში მომსახურების ფასის ზრდას ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ პანდემიის პირობებში, კლინიკები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს:

„მედპერსონალის ეკიპირება სახელმწიფოს საზრუნავია მხოლოდ COVID-19-ის კლინიკებში, ხოლო ყველა დანარჩენ ასეულობით სამედიცინო დაწესებულებაში ეს თავად ამ დაწესებულების საზრუნავია? თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ამბულატორიამ თუ საავადმყოფომ უნდა გააძვიროს მომსახურება და გაძვირებული თანხა პაციენტმა უნდა დაფაროს? თუ მეორე კითხვაზეც პასუხი დადებითია, მაშინ ასეთი კითხვა ჩნდება, თუ ჯანდაცვის სამინისტროს 350 მლნ ლარი ემატება, ნუთუ იგი არ უნდა აფინანსებდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ეკიპირებისა და დაცვის ღონისძიებებს?“

ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ფინანსური შედეგების გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორი იქნება ინფექციის კონტროლის შიდაჰოსპიტალური მექანიზმები იმ კლინიკების მიღმა, სადაც კორონავირუსს მკურნალობენ.

როგორ ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სამინისტრო მხოლოდ ცხელების ცენტრებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურსა და იმ კლინიკებს ამარაგებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც COVID19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებიან. სხვა ყველა კლინიკა და მათ შორის, სტომატოლიგიური კლინიკები, ვალდებულნი არიან თავად უზრუნველყონ ეკიპირების შეძენა.