მეორე დღეა, ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კი დასრულდა. დიდმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ელექტროტექნიკა, დაიხოცა შინაური ფრინველი. დაზარალებულ მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად ის აინტერესებს, დაეხმარებიან თუ არა ფინანსურად. ლაგოდეხისა და სიღნაღის მერიაში თქვეს, რომ მოსახლეობას ამ მხრივ ვერ დაეხმარებიან.
Your browser doesn’t support HTML5
კახეთში სტიქიის შედეგებს ჯერჯერობით მხოლოდ დაზარალებული მოსახლეობა ითვლის, რადგან არ შექმნილა კომისია, რომელმაც ზარალის ოდენობა თანხაში უნდა დაადგინოს. ვიდრე ოფიციალური უწყების მიერ შექმნილი კომისია ამ პროცედურას დაიწყებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში დაზარალებულმა მოსახლეობამ კარგად იცის, რა გაუფუჭა რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ. ესენია საკვები, ელექტროტექნიკა, ავეჯი, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ერთწლიანი კულტურები. ასევე დაიხოცა შინაური ფრინველი. სოფელ ჰერეთისკარში 20-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. მათ შორის არიან ლალი კვეკვესკვირი და მურმან დუმბაძე.
„ზოგი რამ ახალი დათესილი გვქონდა. იმდენად დიდი წყალი იყო, რომ ყველაფერი მაღლა ტივტივებდა. სარდაფებში ფქვილს და საკვებს ვინახავდით, ყველაფერი განადგურდა. მოშლილია ავეჯი და თითქმის ყველაფერი, რაც პირველ სართულზე გავქონდა“.
„აბსოლუტურად ყველა მოსავალი გაგვიფუჭდა და თითოეული ოჯახი ვითხოვთ, რომ ფინანსურად დაგვეხმაროს ადგილობრივი ხელისუფლება“.
Your browser doesn’t support HTML5
რა მოხდა, რატომ გაივსო საცხოვრებელი სახლები წყლით? ირკვევა, რომ სოფელ ჰერეთისკარში გასაწმენდი იყო სანიაღვრე არხები, რამაც ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვებული დიდი რაოდენობით წყალი არ გაატარა და წყლის ის მასა, რომელიც არხში უნდა მოხვედრილიყო, სახლებში შევარდა. სწორედ არხების გაუწმენდაობის გამო საყვედურობენ ადგილობრივები ხელისუფლებას. მათი თქმით, უკვე წლებია, სოფელში სანიაღვრე არხები აღარ გაწმენდილა, რამაც სავალალო შედეგები მოიტანა. დაზარალებულები ფინანსური დახმარების მოლოდინში არიან.
„სანიაღვრე არხები არ გაწმინდეს. არადა, სულ მაგაზე მქონდა დავა. ახლა, როცა სტიქიაა, ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი კილომეტრებიდან უყურებს პროცესს. არავინ არ მოსულა ეზოში და არავის არ უკითხავს, თუ რა დამემართა და როგორ დავზარალდი წვიმის შედეგად. 20 წიწილა დამეხრჩო და ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენად ვარ დაზარალებული. საკრებულოს წამომადგენელმა სამჯერ გაიარ -გამოიარა და ერთხელაც არ უკითხავს, თუ რა გვჭირდა, რა დაგვემართა“.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ მოსახლეობას უკვე დაეხმარნენ, როდესაც რამდენიმე უწყებამ ერთდროულად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. მერის მოადგილე ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სხვა სახის დახმარება არ განიხილება. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება სანიაღვრე არხების კაპიტალური გაწმენდა, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.
„წყალდიდობა რომ მოხდა, ჰერეთისკარში მოსახლეობას დახმარება გავუწიეთ ადამიანური რესურსით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტექნიკით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით და ყველა ძალით. მუნიციპლიტეტის ბიუჯეტში არსებული ფინანსებით მოხდება იმ საერთო პრობლემაზე ზრუნვა, რა პრობლემებიც დღეს გვაქვს ადგილზე. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“.
აღსანიშნავია, რომ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაგასა და ვაქირში, სადაც მდინარეები და ხევები ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები და დააზიანა შიდა საუბნო გზები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი დღეს ანაგაში გაეცნო. თქვა, რომ საჭიროა სისტემური პროექტის განხორციელება ღვარცოფული მდინარეებისა და ხევების კალაპოტებზე პრევენციული ზომების გასატარებლად. დაზარალებული მოსახლეობის დახმარება არც სიღნაღში იგეგმება. მერიაში თქვეს, რომ შექმნილია კომისია, რომელიც მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს ითვლის.