თითქმის 24 საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 თემის 10-ზე მეტი სოფელი და 100-მდე ოჯახი დააზარალა - ამის შესახებ რადიო „თავისუფლებას“ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა.
მერი ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძირიდადად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ერთწლიანი კულტურები აქვს დათესილი.
მდივნიშვილის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურული ზარალი არ არის.
ჯონდო მდივნიშვილმა მოსახლეობის ბრალდებებსაც უპასუხა იმის თაობაზე, რომ სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, ტერიტორიები აღარ დაიტბორებოდა. მდივნიშვილი აღნიშნავს, რომ სანიაღვრე არხები მუდმივად იწმინდება, თუმცა სტიქიის მასშტაბი ისეთი დიდი იყო რომ ვერანაირი არხი ამ ოდენობის წყალს ვერ გაატარებდა.
ლაგოდეხის სოფელ საქობოში დაზარალებული მოსახლეობა იმასაც ამბობს, რომ სამაშველო სამსახური ზოგ ადგილზე ამ დრომდე არ მისულა, ხოლო იქ სადაც მივიდნენ, იქაც დაგვიანებით.
ამ პრეტენზიას არ იზიარებს სახანძრო -სამაშველო სამსახურის უფროსი კახეთში გიორგი ჩარკვიანი. მისი თქმით, უწყებაში 80-მდე გამოძახება დაფიქსირდა. მათ თანამშრომლებს არცერთი გამოძახება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და გამოძახებებზეც დროულად მივიდნენ.
ჩარკვიანის თქმით, მდინარეებში წყლის დონე უკვე იკლებს და საფრთხეც შემცირებულია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ვკითხეთ, იგეგმება თუ არა მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც მერმა გვიპასუხა რომ თუკი ინფრასტრუქტურული ზარალი იქნება, ამაზე მოგვიანებით იმსჯელებენ.