სტალინსა და ალექსანდრე III-ს შორის

2012 წლიდან იოსებ სტალინი რუსეთში ყველაზე პოპულარული ისტორიული პიროვნებაა. „ლევადა-ცენტრის“ მიერ 2021 წლის მაისში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტთა 39 %. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 15 %-ია, თუმცა „ლევადა-ცენტრის“ მიერ 1989 წლიდან წარმოებული კვლევის შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ სტალინის „რეიტინგში დაწინაურება“ სწორედ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ემთხვევა. სტალინის „რეიტინგი“, ტრადიციულად, საგანგაშოდ მაღალია საქართველოშიც.

უცვლელი პანთეონი

„ლევადა-ცენტრის“ „გამოჩენილ მოღვაწეთა ხუთეულში“ სტალინსა და პუტინს შორის არიან ვლადიმირ ლენინი (30 %), ალექსანდრ პუშკინი (23 %) და პეტრე I (19 %).

ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევ გუდკოვი ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში რეგულარულად წარმოებული ამ გამოკითხვების მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ განისაზღვროს კულტურული და ისტორიული მეხსიერების მოცულობა და სტრუქტურა, აღიწეროს რუსებისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლო-სახელების ერთგვარი პანთეონი.

ლევ გუდკოვი

„ამ პანთეონის სტრუქტურა თითქმის არ იცვლება: საბჭოთა სიმბოლო-სახელები, დაწყებული ლენინ-სტალინით (სხვა რევოლუციონერებმა და ბოლშევიკებმა საბოლოოდ დატოვეს კოლექტიური მეხსიერება) და დამთავრებული ყველაზე ცნობილი მხედართმთავრით, მარშალ ჟუკოვით, სუსტდებიან, მაგრამ ახლები, მათი შემცვლელები არ ჩნდებიან. 1989 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ახალი მნიშვნელოვანი სიმბოლური ფიგურა 20 ყველაზე მნიშვნელოვან პირთა სიაში არ გამოჩენილა“, - ამბობს ლევ გუდკოვი.

რატომ სტალინი?

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, რუსებისთვის სტალინი არის საბჭოთა კავშირის - მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის - შემქმნელი.

იაგო კაჭკაჭიშვილი

„სტალინი არის სსრკ-ს ერთადერთი თუ არა, ძირითადი შემოქმედი. მენტალურად, კულტურულად და პოლიტიკურად სტალინი რუსია, მიუხედავად ქართული ფესვებისა. ის არის რუსული იმპერიალიზმის სანიმუშო პოლიტიკური ფიგურა, რომლის შემდეგაც ყველაფერი თავდაღმა წავიდა, რომლის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის ძლევამოსილება ნელ-ნელა შესუსტდა და დაილია. შესაბამისად, სტალინი დარჩა ყველაზე ძლევამოსილ რუსად, მოდერნიზებული იმპერიის, სსრკ-ს, შემქმნელად. ასეთი ძლევამოსილება რუსეთს არც მანამდე ჰქონია და არც შემდეგ“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი და ასევე იხსენებს მეორე მსოფლიო ომს, რომელმაც განამტკიცა და გაზარდა საბჭოთა კავშირი.

სტალინი და მეორე მსოფლიო ომი - კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სტალინის ლიდერობას განაპირობებს. ისტორიკოს ბექა კობახიძის თქმით, 1945 წლიდან მოყოლებული, რუსეთში "ბიდლოს" კოლექტიური მეხსიერება უდიდეს წილად ფოკუსირდება დიდ სამამულო ომში გამარჯვებასთან. მართალია,

ბექა კობახიძე

„დესტალინიზაციის შემდეგ ისტორიოგრაფია ცდილობს ამ ომის დიდებიდან სტალინის ამოგდებას, მაგრამ არასდროს ყოფილა ეს მთლად წარმატებული ამბავი. სამამულო ომზე სწორება პოლიტიკად აქვს ქცეული პუტინსაც. შესაბამისად, ამის ბენეფიტს იღებს სტალინი“, - ამბობს ბექა კობახიძე, რომლის თქმითაც, რუსეთის მოქალაქეებში ძლიერია სსრკ-ს ნოსტალგია, რადგან საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანის ცხოვრების დონე მკვეთრად გაუარესდა:

„ვინ არიან სსრკ-ის შემქმნელები? ლენინი და სტალინი. რუსი ველიკოდერჟავნიკებისთვის გამარჯვებული ბელადი, რომელმაც განავრცო იმპერიის საზღვრები და გავლენები, არის სტალინი. პუტინის მიერ „მატუშკა როსიასთვის“ თავმოყვარეობის აღდგენა და ყირიმის ანექსია მასშტაბებში ვერ შეედრება სტალინის საქმეებს“.

პუტინი - ალექსანდრე III დღეს?

ვლადიმირ პუტინი, მართალია, საბჭოთა კავშირის დაშლას XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას უწოდებს და ღიად მისტირის სსრკ-ს ძლევამოსილებას, მაგრამ არ ცდილობს, არც თვითონ და არც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ტელევიზიების საშუალებით, სტალინთან პარალელის გავლებას.

ვლადიმირ პუტინი

რატომ არ ედრება სტალინი პუტინს? ამ კითხვის პასუხად ბექა კობახიძე ამბობს:

„რუსული ისტორიოგრაფია და პოლიტიკა, ელცინის დროიდან მოყოლებული, იმპერიულ მემკვიდრეობითობას აკავშირებს რუსულ იმპერიასთან. არა პეტრე პირველთან, რომელიც მედასავლეთედ ითვლება, არამედ იმპერიის რუსულ ნაციონალიზმთან. 1917 წელი ითვლება ღალატად, როდესაც გერმანელთა ფული აიღეს ბოლშევიკებმა და გამარჯვებული ომიდან კაპიტულანტურად გამოთიშეს დედარუსეთი. ამასთანავე, პუტინს სძაგს რევოლუცია და რევოლუციონერები. 2017 წელს 100 წლისთავი, უბრალოდ, არ აღინიშნა. ამის პარალელურად, შეცდომად ითვლება საბჭოთა რესპუბლიკების შექმნა, რაც იმავე ბოლშევიკებს ბრალდებათ. ცხადია, უფრო მეტად ლენინს. ამან საფუძველი შეურყია იმპერიის ერთიანობას. შესაბამისად, პუტინმა რუსეთში გადმოასვენა დენიკინი, მარია ფიოდოროვნა, ხსნის ალექსანდრე მესამის მონუმენტებს“.

ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე III-ის ძეგლის გახსნაძე იალტაში

ალექსანდრე III საჯაროდ ჰყავს ვლადიმირ პუტინს დასახელებული „რუსეთის ისტორიის გამოჩენილ მოღვაწედ“ და „რუსული სახელმწიფოს მშენებლად“. აი, რა უთხრა ისტორიკოსმა ივან კურილამ რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას, როცა პუტინის რუსეთში ალექსანდრე III-ის როლის აღქმაზე ლაპარაკობდა:

„ალექსანდრე წარმოჩნდება როგორც"ბრძენი მეფე", რომლის დროსაც გატარდა კონტრრეფორმა. ეს ის პერიოდია, როდესაც წინა მეფის, ალექსანდრე II- ის, ეპოქის ყველა ლიბერალი და რევოლუციონერი ციმბირში გადაასახლეს. ეს ის დროა, როცა რეაქცია სუფევდა, როცა ალექსანდრე II- ის მიერ დაშვებული თავისუფლებები შეიზღუდა. სწორედ ალექსანდრე III- ის დროს იყო, რომ ამერიკელმა ჯორჯ კენან-უფროსმა იმოგზაურა ციმბირში და შემდეგ დაწერა, "რუსეთის ყველა საუკეთესო ადამიანი ციმბირში აღმოჩნდაო". ესეც, ალბათ, გარკვეული გაგებით, რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის ქვეცნობიერშია“.

ალექსანდრე III და მარია ფიოდოროვნა. 1893 წ.

ბექა კობახიძეს არ უკვირს, რომ პუტინი უფრო მეტად ალექსანდრე III-ს ედრება, ვიდრე სტალინს.

„ალექსანდრე იყო რუსი ნაციონალისტი. ის წარმატებითა და რკინის ხელით ებრძოდა რევოლუციონერებს, არ აჩვენა სისუსტე და სირბილე. ალექსანდრე მესამე არ ითვლება პეტრეს ან ალექსანდრე მეორის მსგავს მედასავლეთედ. ის სლავოფილია. სტალინზე როცა ჰკითხეს პუტინს, მან თქვა, რომ სტალინს დიდებული შედეგები ჰქონდა გეოპოლიტიკაში, მაგრამ ადამიანური მსხვერპლი იყო ძალიან დიდიო. თან, სტალინი არ ყოფილა ეთნიკურად რუსი, რაც ასევე პრობლემური საკითხია. ანუ, სტალინი, როგორც ცალსახა ჯალათი, რევოლუციონერი და არარუსი, მაინც პრობლემური ფიგურაა ახალი რუსული იმპერიის იდენტობისთვის. ალექსანდრე მესამე კი ბევრად და ყველანაირად მისაღებია“, - უთხრა ბექა კობახიძემ რადიო თავისუფლებას.

ქართველების სტალინი

2015 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ილიას უნივერსიტეტის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც კითხვაზე, რა დამოკიდებულება გაქვთ სტალინის მიმართ, 29 %-მა უპასუხა, რომ „ძალიან დადებითი“.

„სტალინი იყო ბრძენი ლიდერი, რომელმაც საბჭოთა კავშირს მოუტანა ძლიერება და კეთილდღეობა“ - ამ აზრს დაეთანხმა გამოკითხულთა 85 %, თუმცა მოსაზრებას, რომ სტალინი იყო სასტიკი ტირანი და რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა მასზე, დაეთანხმა გამოკითხულთა 46 %.

იოსებ სტალინი

„იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ სტალინი ბრძენი და ძლიერი ლიდერი იყო, ასევე ესმის, რომ სტალინი იყო სასტიკი და რომ მან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა ვინც ასე ფიქრობს, მათი რაოდენობა შედარებით ნაკლებია იმათზე, ვისაც მიაჩნია, რომ სტალინმა კეთილდღეობა და სიკეთე მოუტანა საბჭოთა ხალხს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორმა კობა თურმანიძემ.

რა განაპირობებს სტალინის მოწონებას საქართველოში?

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ პატარა ერის კომპლექსი.

„პატარა ერის წარმომადგენელი, გამოჩენილი და გლობალურად გავლენის მომხდენი - ასეთი, თუ ქართველებს გადავხედავთ, თითებზე ჩამოსათვლელია და მათ შორის ყველაზე მეტად, ალბათ, სტალინია. ქართველი, რომელმაც გლობალურ პროცესებზე იქონია გავლენა და როგორ შეიძლება ქართველმა ამით არ იამაყოს? შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც შინაარსობრივად სტალინის მოღვაწეობას უარყოფითად აფასებდნენ, მაგრამ სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო ცნობილია სტალინით, რომ სტალინმა თუნდაც უარყოფითი კონოტაციით გაუთქვა სახელი, მარტო ამ ფაქტის გამოა დასაფასებელი. მინახავს ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნით დადებით დამოკიდებულებას იყალიბებენ სტალინზე. სწორედ ეს და აქედან გამომდინარე თავის მოწონება არის პატარა ერის კომპლექსი“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

საიდან მოდის დადებითი ამბები სტალინზე?

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორის, კობა თურმანიძის, თქმით, კითხვაზე, რას გეუბნებოდნენ ოჯახში სტალინის შესახებ, მხოლოდ 3-4 %-მა უპასუხა, რომ ოჯახში სტალინზე ცუდს ან მეტად ცუდს უყვებოდნენ.

კობა თურმანიძე

„დანარჩენთა თქმით, ეუბნებოდნენ „კარგს“, „ძალიან კარგს“ ან „კარგსაც“ და „ცუდსაც“. იგივე ეხება სტალინზე სკოლაში მოსმენილ ამბებსაც“, - ამბობს კობა თურმანიძე, რომლის თქმითაც, კითხვაზე, ვინ გახსენდებათ ისეთი, ვინც საქართველოს განსაკუთრებული სიკეთე მოუტანა, სტალინი ბევრს არ ახსენდება.