სტალინის პანაშვიდი და ერთ ფოტოზე დატეული კომუნისტები

“ეჰ მოხუცებსღა გვახსოვს სტალინი”, - ჩაილაპარაკა ქალმა, როცა პარკში სტალინის სახლთან შეკრებილი კომუნისტები შენიშნა და გზა განაგრძო.

Your browser doesn’t support HTML5

სტალინის პანაშვიდი და ერთ ფოტოზე დატეული კომუნისტები

საბჭოთა კავშირის დროშით და სტალინის პორტრეტით 30-მდე ადამიანი დღეს საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან მივიდა. 66 წლის წინ ამ დღეს სტალინი გარდაიცვალა.

ის დღე კარგად ახსოვს ომარ ნინიკაშვილს, რომელიც გორში მიტინგზე სოფელ პატარა გერეჯვრიდან ჩამოვიდა:

"ისე მახსოვს გეგონება გუშინ იყო, 53 წლის 5 მარტსა მოსკოვმა, რომ გამოაცხადა, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაღუპვის ამბავი. მერე მწუხრები აქ სახლთან სოფლებიდან მოდიოდნენ, ტიროდნენ, ტიროდნენ, დიდ ბელადს ტიროდნენ. იმიტომ ტიროდნენ, რომ ის იყო მშობელი ხალხის მამა-მთავარი. ახლა ცოტანი ვართ, იმიტომ რომ აგიტაცია ხდება ტელევიზორში, ვითომ კომუნისტები ცუდად ექცეოდნენ ხალხსა".

ომარ ნინიკაშვილს არ უნდა დაიჯეროს, რომ პირადად სტალინის ხელმოწერით ათასობით ადამიანი დაიხვრიტა. უფლებადაცვითი ცენტრის „მემორიალის“ მონაცემებით მხოლოდ 1936-38 წლებში საბჭოთა კავშირის მასშტაბით 7-8 მილიონზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ე.წ ტროიკების გადაწყვეტილებით, დახვრეტილია მილიონნახევარზე მეტი, აქედან 700 ათასი უბრალო მუშა იყო. 2 მილიონი გულაგში, გადასახლებაში გარდაიცვალა.

ჯამბულ ხაბეიშვილი გორში თბილისიდან ჩამოვიდა. მკერდზე სტალინის პორტრეტი ჰკიდია. იგი ფოტოგრაფების და ვიდეოოპერატორების კადრებში ხშირად ხვდება. მუდმივად წითელი ფერის მოწმობას უჩვენებს შეკრებილ საზოგადოებას, სადაც წერია-„ბელადი უკვდავია“.

70 წლის ხაბეიშვილი ამბობს, რომ კაგებეს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ინაურის მეგობარი იყო. ამაყობს, რომ 1968 წელს ჩეხეთის ოკუპაციაში მონაწილეობდა. სწორედ მაშინ შეარქვეს მეტსახელი ჩამჩა. ახლაც პატარა ჩამჩა მუდამ თან დააქვს, ჩეხეთის დღეების გასახსენებლად.

„გაითიშა ახალგაზრდობაც, ბევრიც იღლება, მე ვერ მღლიან, ღმერთი მეხმარება, იმის დიდებას ვენაცვალე.“ - ამბობს სტალინისტი.

დღეს სტალინის სახლთან აღარავინ ტიროდა, კომუნისტები მხოლოდ იმის გამო წუხდნენ, რომ წლიდან წლამდე მათი რიგები მცირდება. ისე ვიწრიტებით როგორც საქართველო იწრიტებაო ამბობს კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი.

„როგორც საქართველოს მოსახლეობა იწრიტება სამწუხაროდ, ასევე ჩვენც გვაკლდება ჩვენი მომხრეები. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ჩვენებურად, პატივს სცემენ სტალინს, დღეს საქართველოში არ არიან. მიდიან საქართველოდან".

დღეს კომუნისტებმა საბჭოთა დიქტატორის ძეგლის ქალაქში დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს და ტრადიციულ მარშრუტს გადაუხვიეს. ქალაქის მთავარ მოედანზე მსვლელობა აღარ მოაწყვეს. იქვე მუზეუმის ტერიტორიაზე, თეთრი ფერის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ეკლესიისკენ გაემართნენ. ტაძარში საბჭოთა კავშირის დროშა აღარ შეუტანიათ, მხოლოდ სტალინის პორტრეტით შევიდნენ და ბელადის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. იქვე კიდევ ერთი მითის შესახებ ისაუბრეს, სტალინი მორწმუნე იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვს ხატები შემოატარაო.

საქართველოს გასაბჭოებისთანავე, 1921 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა. 1917 წელს საქართველოში იყო 1130 მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 2609 მღვდელი, 29 მამათა მონასტერი, 1188 ბერით. 1953 წელს საქართველოში მოქმედი იყო მხოლოდ 45 ეკლესია, რომელსაც 100 მდე ღვთისმსახური ჰყავდა. რეპრესიების წლებში დახვრიტეს, გადაასახლეს და გაპარსეს ათასობით სასულიერო პირი.

გორის ქუჩებში გამოკითხულთა უმრავლესობისთვის 5 მარტი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო და მათ არც ახსოვდათ, რომ 66 წლის წინ იოსებ სტალინი გარდაიცვალა.

ეკლესიაში ჩატარებული პანაშვიდის შემდეგ კი კომუნისტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ერთ ფოტოზე ყველა თავისუფლად დაეტია.9 მაისს უფრო მეტი შევიკრიბებითო თქვეს და დაიშალნენ.