თბილისი არ არის ზღვისპირა ქალაქი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თბილისს არ აქვს თავისი ზღვა. 1951 წლის 4 ნოემბრიდან იმ ადგილზე, სადაც, გალაკტიონს რომ დავესესხოთ, ბობოქრობდა „გრიგალი ქარი ტრიალ სამგორის“, გაჩნდა უზარმაზარი წყალსაცავი, რომელმაც ზღვისპირეთში დაბადებულ თბილისის მცხოვრებლებს მნიშვნელოვნად გაუქარვა შავი ზღვისა და იქაური პალმების მონატრება.
„თბილისში მოსულს ეს მქონდა დარდად,
რომ არ მესმოდა აქ ზღვის ხმაური,
და... ისიც გაჩნდა თბილისის კართან,
სამგორის მხრიდან მოჰქრის ზღვაური.
...გუგუნი მისი არა თავდება,
ხეებმა ხმები შეუწყეს ამ ხმას,
ვაშა თბილისის ზღვის დაბადებას!
...მე ზღვისპირელი კაცი ვარ ახლაც“, -
წერდა გასული საუკუნის 50-იან წლებში თბილისის ზღვის შესახებ ქართველი საბჭოთა პოეტი ხუტა ბერულავა, რომელიც, ცხადია, თბილისის ზღვის არც პირველი და არც ერთადერთი მეხოტბე ყოფილა.
მწერალმა და ძველი თბილისის დიდმა მოყვარულმა დემნა შენგელაიამ, რომელსაც ბავშვობა ძველ ნაძალადევში ჰქონდა გატარებული, საინტერესო ჩანახატად აქცია გასეირნება თბილისის ზღვაზე 1955 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს:
„ჩემი ბავშვობა, სიყრმე აქაურ მუშათა სახლებს, პატარა ეზოებსა და ამ გორებს ისე შეხორცებია, რომ მისი ქუჩების დანახვაზე გული სიხარულისგან ამიძგერდა. ძველი ნაძალადევი აწ გადაშენებული ისაკა მედუქნითა და ბოტეს ერთადერთი სამსართულიანი სახლით თვალწინ ნათლად დგებოდა... ამ თვალუწვდენ ტაფობში, სადაც ახლა ივრის წყალი დაგუბებულა, სამი პატარა ტბა იდგა და მათ ირგვლივ ძეძვის, ილღუნისა და გრაკლის ბუჩქნარებს გარდა, არაფერი ხარობდა. ტბები ზაფხულში შრებოდა და მათ ადგილას გლაუბერის მარილის თეთრი ფიფქი რჩებოდა. და ვაციწვერაც ამ მარილივით თეთრად, გულის გამაწყალებლად ფამფარებდა. გვალვით დახეთქილ-დაღრაკნული და წყალს მონატრებული მიწა ერთ ტანმაღალ და შუახნის ლამაზ კაცთან ერთად ამ მირილისფერ ცას ნაღვლიანად შესცქეროდა. ის კაცი ინჟინერი პეტრე მამრაძე იყო. მე მაშინ პატარა ვიყავი და „ბატონი პეტრე“ ქართულ გიმნაზიაში მათემატიკას მასწავლიდა. რა ვიცოდი მაშინ, თუ მას ამ ქართული მიწის ოცნება გულში ასე ჩასთესლებოდა. ამ მუდამ მშვიდმა და მუდამ ჩაფიქრებულმა კაცმა თავისი ოცნება თავისივე მოწაფეების დახმარებით შემდგომ ნახაზებში გადაიტანა, მაგრამ მის განხორციელებას ვეღარ მოესწრო“.
პეტრე მამრაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.
„თბილისი ცნობილია მცირე ნალექით და მცხუნვარე მზით, ამიტომაა მის სანახებში ასე ჭარბად ნახევრად მკვდარი, უსიცოცხლო მიწები. სამგორის სარწყავი სისტემის დანიშნულება სწორედ ამ უნაყოფო მიწების გაცოცხლებაა. სიონისა და თბილისის წყალსაცავებმა სახნავ-სათეს, საბაღე-სავენახე მიწებად უნდა აქციონ 80 ათასი ჰექტარი ფართობი. სულ რამდენიმე წლის შემდეგ თბილისს უხვად ექნება საკუთარი ბოსტნეული, ხილი, ყურძენი. მკვეთრად გაუმჯობესდება ქალაქის ჰავაც“, - წერდა 1955 წლის მარტის ნომერში ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“. - „თბილისის წყალსაცავი, რომელსაც „თბილისის ზღვას“ უწოდებენ, მახათისა და საგურამო-იალნოს მთების კალთებს შუაა მომწყვდეული“.
თბილისის წყალსაცავის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა, როცა მეფისნაცვალმა ალექსანდრ ბარიატინსკიმ ინგლისელ ინჟინრებს შეუკვეთა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მელიორაციის პროექტი, რომლის ნაწილი, სამგორის სარწყავი სისტემის სახით, ითვალისწინებდა ივრის წყლით მლაშე ტბების შევსებას, სასმელი წყლით ქალაქის მომარაგებასა და სარწყავად გამოყენებას. მოგვიანებით გაკეთდა სხვა არაერთი პროექტი (ზორინ-ტერ-ვართანიანის, ქურდიანის, მელიქ-ფაშაევის), თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევანი შეჩერდა ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტზე, რომელიც საქართველოს ცკ-ს ყოფილი პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის შეფასებით, რადიკალურად განსხვავდებოდა ყველა სხვა პროექტისგან და ითვალისწინებდა სიონის წყალსაცავიდან წამოსული მდინარე ივრის წყალის მლაშე ტბებში (ავლაბრის, ილგუნიანის და კუკიის ტბებში) ჩადინებას და სასმელი წყლის უზარმაზარი რეზერვუარის შექმნას.
XX საუკუნის დასაწყისში „თბილისის ზღვის“ პროექტს მხარს უჭერდა ნიკო ნიკოლაძეც, რომელიც იმედოვნებდა, რომ ხელოვნური ტბების კასკადი, გარდა იმისა, რომ შეავსებდა ქალაქის მოთხოვნილებას სასმელ წყალზე, დადებით გავლენასაც იქონიებდა თბილისის მშრალსა და ცხელ ჰავაზე.
ნიკო ნიკოლაძის ვარაუდი გამართლდა: თბილისში ტენიანობამ მოიმატა, ჰაერის ტემპერატურა კი 4 გრადუსით შემცირდა.
პეტრე მამრაძის პროექტი 1933 წლის 26 სექტემბერს დამტკიცდა, თუმცა მის განხორციელებას უსახსრობამ და სხვა გიგანტურმა მშენებლობებმა შეუშალეს ხელი. მხოლოდ 1941 წლის იანვარში გაიცა საკავშირო მთავრობის განკარგულება მშენებლობის დაფინანსების თაობაზე, მაგრამ რამდენიმე თვეში ომი დაიწყო და, შესაბამისად, წყალსაცავის მშენებლობაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, კვლავ დადგა დღის წესრიგში თბილისის ზღვის მშენებლობის საკითხი. როგორც კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს („სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“), მშენელობის ნებართვა, ნახევრად სერიოზული დათქმით, უშუალოდ სტალინის მიერ იქნა გაცემული:
„ფულის გამოყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ მორწყულ მიწებზე ბამბა იქნება მოყვანილი, როგორც სტრატეგიული ნედლეული. მოიფიქრეთ ხვალამდე. იქნება ბამბა, იქნება სამგორი, არ იქნება ბამბა, არ იქნება სამგორის სარწყავი სისტემა. ბოლო სიტყვებს სტალინმა ხუმრობის ელფერი მისცა“.
სტალინი და ზღვა
თბილისის ზღვის მითოლოგიაში სტალინი მხოლოდ ამ სახით არ მონაწილეობს. როგორც ირკვევა, სტალინს თავისი მტკიცე, რევოლუციური ნაბიჯით გატკეპნილი აქვს ის ადგილი, რომელიც ახლა თბილისის ზღვის ფსკერია. საქმე ის არის, რომ ბოლშევიკური ისტორიოგრაფიის მიხედვით, თბილისის რევოლუციური ადგილებიდან გამორჩეული ყოფილა თბილისის ზღვით დაფარული მლაშე ტბების ნაპირი. შემთხვევით არ არის, რომ ოსი საბჭოთა პოეტი რევაზ ასიევი ასეთი სიტყვებით მიმართავს „თბილისის ზღვას“:
„მიწას მიეცი ძალა ასკეცი,
გააფართოვე განი და კიდე,
ხან იხედება მზე შენს სარკეში,
ხან საბანაოდ ჩამოვა კიდეც.
მლაშე ტბა ტალღის ქვეშ მოაქციე,
სწრაფად, უცრემლოდ დადნა მარილი;
აქ რომ აწყობდა დემონსტრაციებს
უსაყვარლესი მამა სტალინი,
სურდა დაშრობა ცრემლის ტბებისა,
დასამარება ხალხის მტრებისა“.
(ოსურიდან თარგმნა თ. ჯანგულაშვილმა)
მაინც რა დემონასტრაციებს აწყობდა „მამა სტალინი“ მლაშე ტბებთან?
1946 წელს გამოცემულ „თბილისის საიუბილეო კრებულში“ ისტორიკოსი გ. კალინინა წერს:
„1900 წლის მაისობა ჩატარდა ქალაქგარეთ - მლაშე ტბის რაიონში. ამხანაგმა სტალინმა დიდი მუშაობა გასწია ამ მაისობის მოსაწყობად და პირადად ხელმძღვანელობდა მას. შედგენილ იქნა მაისობის ზუსტი გეგმა და განაწილებული იქნა მოვალეობანი. ვანო სტურუას კონსპირაციულ ბინაზე (კლარა ცეტკინის ქ. N194) დაამზადეს დიდი დროშა მარქსისა და ენგელსის პორტრეტებით და რევოლუციური ლოზუნგებით. მაისობაზე შეიკრიბა 500-მდე მოწინავე მუშა. ამხანაგ სტალინის მკაფიო, ძლიერმა სიტყვამ ღრმა კვალი დატოვა არალეგალური მაისობის მონაწილეთა შეგნებაში“.
გ. კალინინა 1900 წელს ახსენებს, სხვა წყაროები 1901 წელზე მიუთითებენ და, შესაბამისად, აღნიშნავენ, რომ თბილისის ზღვა 1951 წელს სწორედ ამ „მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის“ (1901 წელს აქ აფრიალდა საპირველმაისო დროშა) 50 წლისთავზე გაიხსნა.
თბილისის ზღვის ნაპირზე კულტურისა და დასვენების პარკის პროექტი ითვალისწინებდა ზღვის ერთ-ერთ უბესთან, კონცხზე არქიტექტურული ობელისკის აღმართვას წარწერით: „დიდი სტალინის ხელმძღვანელობით ამ ადგილას პირველად გაიმართა მაისობა“.
ზღვა, რომელიც ხალხმა შექმნა
დემნა შენგელაია თბილისის ზღვაზე დაწერილ იმ თავის ჩანახატში იმასაც ამბობს, ცოტაც რომ ეცოცხლა პეტრე მამრაძეს (გარდაიცვალა 1937 წელს გულის შეტევით, მანამდე დაპატიმრებულიც იყო), თავისი თვალით დაინახავდა, ხალხის ოცნება ჩვენმა პარტიამ და ხალხმა სინამდვილედ როგორ აქციაო.
„ვისაც მაშინ მატარებლით უმგზავრია, ალბათ, ახსოვს საქართველოს ყოველ კუთხიდან დაძრული ეშელონები კოლმეურნე გლეხებისა, თავისი მშობლიური ქვეყნის დედაქალაქის დასამშვენებლად და ვახტანგ გორგასლის ნაომარ მინდორ-ველის ასაყვავებლად აქეთკენ რომ მოეშურებოდნენ, არხებსა და გვირაბებს სჭრიდნენ, დიუკერებსა და აკვედუკებს აგებდნენ, რაბებსა და ელსადგურებს აშენებდნენ“, - იხსენებს დემნა შენგელაია.
ცნობილი არქიტექტორის, თენგიზ კვირკველიას აღწერით, თბილისის ზღვა როგორც ჰიდროლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო ობიექტს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ეს „ზღვა“ ქართველმა ხალხმა შექმნა სულ ახლო წარსულში თბილისის მიდამოების ნახევრად უდაბნო და სავსებით გამოუყენებელ ადგილზე. ზღვა საზრდოობს მდინარე ივრის ცივი და მტკნარი წყლით ზედა მაგისტრალური არხის (სიგრძე 40 კმ) საშუალებით. ქვედა არხის გზით თბილისის ზღვის წყალი აცოცხლებს სამგორის თვალუწვდენელ (80 000 ჰა) მშრალ ველს, ახალ დასახლებებს, ვენახებს, მეურნეობებს, რომლებიც მებოსტნეობას და მეხილეობას მისდევენ.
1958 წლის თბილისის საიუბილეო კრებულის მიხედვით, გაზაფხულზე (მარტი, აპრილი), იორზე წყალდიდობის დადგომასთან დაკავშირებით, ზღვის უდიდესი სიღრმე 42-43 მეტრია. შესაბამისად, იზრდება მისი სარკის ფართობი და მოცულობა (322,5 მლნ კუბ. მეტრი). ზაფხულში, ივრის ჩამონადენის შემცირებასა და რწყვასთან დაკავშირებით, სიღრმეები თანდათანობით მცირდება და მინიმუმს სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს; სიღრმე სექტემბერში შეადგენს 30 მეტრს, მოცულობა - 172,5 მლნ კუბ. მეტრს.
უდიდესი სიღრმეების პერიოდში ზღვის სიგრძე 12 კმ აღწევს, სიგანე - 2,5 კმ-ს, ხოლო სარკის ფართობი, დაახლოებით, 30 კვ. კმ-ია.
წყლის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც მას ზამთრის პერიოდში ახასიათებს, შეადგენს 9,4 მეტრს, მინიმალური - 2-3 მეტრს.
„ტევა აღარ აქვთ აფრებს, იალქნებს...“
„საღამოვდება, ზღვა ჩრდილებს იფენს,
ტევა აღარ აქვთ აფრებს, იალქნებს,
და ზღვის ზედაპირს, საოცრად ცისფერს,
ჩუმი ნიავი აფორიაქებს“, -
ასე იწყება გრიგოლ აბაშიძის მიერ 1958 წელს დაწერილი ლექსი, რომლის სათაურია „საღამო თბილისის ზღვაზე“:
„დაბუდრებულან ტყეში ფრთოსნები,
სადაც მახათა იდგა ტიტველი...
თბილისის ზღვაზე, ჩემი ოცნებით,
ასე ღამდება დღე ხვალინდელი“.
თბილისის ზღვამ მართლაც შეცვალა ქალაქის შემოგარენი: ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში მართლაც გაჩნდა პლაჟები, „ნავსადგურები“, მოტორიანი და აფრიანი კატარღები; ტიტველი ველი მართლა შეიმოსა მცენარეული საფრით.
„საუკუნეების განმავლობაში სამგორის მიწა იტანჯებოდა აუტანელი ხვატითა და ხორშაკი ქარებით, მაგრამ ადამიანებმა გარდაქმნეს ეს უდაბნო“, - წერდა 1958 წლის ქართული საბჭოთა პრესა. - „იორმა დაარწყულა საუკუნეების განმავლობაში ტენის უნახავი მიწა, ნაყოფიერად და მადლიანად აქცია იგი. კვლავ გაისმა ამ ადგილებში ქართველი გლეხის სიმღერა. სამგორის ველზე გაშენდა მევენახეობის მეურნეობები, ხილის ბაღები, ბოსტნები, სანაშენეები და ა.შ. ახლა თბილისელებს უკვე თავიანთი „ზღვა“ აქვთ. აქ ამოდიან ხოლმე ისინი ზაფხულის დარიან დღეებში. აქ შეგიძლია იცურაო, გაირუჯო, ითევზაო, ნავით ისეირნო“.
სწორედ ასეთი სურათი აღწერა დემნა შენგელაიამ 1955 წლის 24 ივლისს, როცა მეზობლის ბავშვთან ერთად თბილისის ზღვაზე გაისეირნა:
„ზღვის პირად მოფენილ წყლის ლამაზ სადგურებს, კიოსკებსა და საჩრდილობელ ქოლგებს ოცნების თვალით გასცქერის. თვალყურს ადევნებს ხალხი ზღვაში როგორ ჭყუმპალაობს: ზოგი ცურავს, ზოგი თევზაობს და ზოგიც კატარღით დასეირნობს. იქ კი, შორს, თეთრი აფრა ობლად ფრიალებს... ორთქლმავალთა და ვაგონთა შემკეთებელი ქარხნის ხალხი სხდება და მიხარია, რომ ეს ზღვა ჩემმა თაობამ შექმნა. გემის ეკიპაჟს პატარა ბიჭები წარმოადგენენ და ყოველ მათგანს, წესისამებრ, მეზღვაურის თეთრი ტანისამოსი აცვია“.
როგორი უნდა ყოფილიყო „ზღვის პარკი“?
საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ წყალსაცავის შემქნისთანავე დამუშავდა თბილისის ზღვის ნაპირების შემდგომი ათვისებისა და კეთილმოწყობის პროექტი. 1953 წელს ნელი ციციშვილმა „საბჭოთა ხელოვნებაში“ გამოაქვეყნა „თბილისის ზღვაზე კულტურისა და დასვენების პარკის“ პროექტი (თანაავტორი გ. ანდრიაძე), რომლის განხორციელების შემთხვევაში თბილისი მიიღებდა როგორც წყალსაცავის გარშემო გაშენებული დეკორაციული პარკის მუდმივმწვანე ზოლს, ასევე დასვენებისა და გართობის გამორჩეულ კერას.
- პარკი უნდა გაშენებულიყო თბილისის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრში 92 ჰექტარ ფართობზე და სანაპირო ხაზის თითქმის 3 კმ-ზე.
- არქიტექტურულად პარკის პროექტი გადაწყვეტილია შერეული სტილით, იმ ვარაუდით, რომ დამსვენებელი მუდამ გრძნობდეს წყლის სიახლოვეს. პარკს აქვს საკუთარი არქიტექტურული ცენტრი - პარტერი, რომელიც თითქმის 5 ჰექტარს მოიცავს. პარკის დანარჩენი, დიდი ნაწილი ბორცვიანია და ადგილმდებარეობის რელიეფის შესაბამისად დაგეგმარებულია, როგორც ლანდშაფტური პარკი.
- პარკს სამი შესასვლელი ექნება. მათგან ცენტრალური შესასვლელი არქიტექტურული კოლონადით მოირთვება. აქედან დაიწყება პარკის ძირითადი არტერია, - ხეივანი, რომელსაც 30 მეტრი სიგანე ექნება. მეტი სილამაზისათვის ხეივანს დატანებული ექნება რვამეტრიანი ზოლი, რომელიც ხატოვანი ბალახეული ყვავილნარით დაიფარება და რომლის გეომეტრიული ნაწილი ვარდ-ყვავილებთი ორნამენტულად მოიხატება.
- ზღვის უბეზე მოეწყობა სკოლამდელ ბავშვთა სექტორი პლაჟით, საიდანაც დაიწყება თექვსმეტი მეტრი სიგანის ორი ხეივანი. ერთი მათგანი მიმართული იქნება კონცხის ყველაზე ამაღლებული ადგილისაკენ, რომელზეც მოეწყობა ამიერკავკასიის ბოლშევიკების ბრძოლის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა-მუზეუმი.
- მთავარი ხეივნის ორსავე მხარეზე მოთავსდება საზაფხულო კინოთეატრი (600 მაყურებლისათვის), კაფე, საცეკვაო მოედანი და სხვა.
- პარკის რეგულარული ნაწილი წარმოდგენილია პარტერით, რომელიც სანაპირო ხაზიდან 13 მეტრით მაღლაა და მოხერხებული ფართო კიბეებით უერთდება მას. პარტერში უხვად დაირგვება მარადმწვანე ბუჩქნარები, ვარდ-ყვავილები. ცენტრში აიგება ძლიერი შადრევანი.
- პარკის მეორე შესასვლელის გასწვრივ ოცმეტრიანი ხეივნით შესაძლებელი იქნება ჩასვლა საერთო პლაჟზე. ყველა პლაჟს ექნება სილის ზოლი (27 მეტრი სიგანისა) და აგრეთვე გვირგვინოვანი ხეების მწვანე სალტე.
- დასავლეთის შესასვლელთან, სადაც რელიეფის ნახევარწრიული ამფითეატრი აქვს ზღვისკენ დახრილი ჰორიზონტალებით, აშენდება მწვანე თეატრი ორი ათასი ადგილით.
- პარკის სამხრეთით 15 ჰექტარზე გაშენდება ხილის ბაღი, საიდანაც დამსვენებლები ახალ ხილს მიიღებენ.
პარკის პროექტი დაამტკიცა თბილისის საბჭოს აღმასკომმა, ქალაქის გამწვანების ტრესტი კი მალევე შეუდგა პირველი რიგის სამუშაოების შესრულებას.
თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლა გაშენდა დენდროლოგიური პარკი, რომელიც, ჯამში, 300 ჰექტარს მოიცავს, დაირგა როგორც მარადმწვანე, ისე ფოთლოვანი და წიწვიანი მცენარეები იმ ვარაუდით, რომ დაცული ყოფილიყო ადგილის ხასიათი და კოლორიტი, უმთავრესად გამოყენებული იქნა ადგილობრივი, აბორიგენული ჯიშები.
თბილისის ზღვა დღეს
თბილისის ზღვის პარკის გეგმა ასევე ითვალისწინებდა ნახევრადსფერული ფორმის რესტორნის მშენებლობას ბორცვზე, პარკის დასავლეთ ნაწილში, ზღვის გადასახედზე.
1963 წელს „თბილისის ზღვა“ მართლაც დამშვენდა „დიდი გემოვნებითა და თანამედროვეობის გრძნობით აგებული“ რესტორნით, რომლის არქიტექტორი ვ. მესხიშვილია, თუმცა პარკის გრანდიოზული ჩანაფიქრის უდიდესი ნაწილი მაინც ქაღალდზე დარჩა განუხორციელებელი. დღეს თბილისის ზღვაზე მოქმედებს მხოლოდ იახტკლუბი, აკვაპარკი ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებითა და ველნეს ცენტრით, ხოლო ვარკეთილის მხარეს დგას 50-იან წლებში აღმართული ორი ობელისკი, როგორც წყალსაცავის გახსნასთან ერთად ჩაფიქრებული მასშტაბური გეგმების ნაშთი, მაგრამ რასაც თბილისის ზღვას ვერ დავუკარგავთ და რასაც დრომ ვერაფერი დააკლო, მისი მაცოცხლებელი წყალია, რომელსაც იყენებენ როგორც სარწყავად, ასევე თბილისის წყალმომარაგებისათვის.
ცალკე ამბავია თბილისის ზღვა, როგორც თევზის სარეწი ადგილი.
„თბილისის ზღვაში სულ მოკლე პერიოდის განმავლობაში გაჩნდა და გამრავლდა იხტიოფაუნა, რომელსაც ახლო მომავალში სამრეწველო მნიშვნელობა მიეცემა“, - წერდა საბჭოთა პრესა გასული საუკუნის 50-იან წლებში. -„ამჟამად წყალსაცავში თევზის ათამდე სახეობა ცხოვრობს. მათგან აღსანიშნავია: წყალსაცავის კალმახი, ქაშაყი, მტკვრის წვერა, მურწა, ჭანარი, კობრი, აღმოსავლეთის ჩქარულა, მტკვრის ნაფოტა და სხვ“.
თბილისის ზღვა დღემდე რჩება მეთევზეებისა და გარემოსმოყვარულების გამორჩეულ ადგილად. მწერალ ლუკა ბაქანიძის თქმით, მდინარეს შემოყოლილი ჯიშების გარდა, თბილისის ზღვაში ასევე უხვად გვხდება კომუნისტების დროს ხელოვნურად მოშენებული თევზები.
„რაც კი თევზის სახეობა ფიქსირდება საქართველოში, ზღვის თევზების გარდა, ყველა მანდ იყო. ახლაც შემორჩა ბევრი სახეობა, მაგრამ ისეა დაშინებული თევზი, რომ ანკესზე არ მოდის. სულ ოთხიოდე სახეობას თუ დაიჭერს ახლა კაცი: კობრი, კარჩხანა, ნაფოტა, ვიმბა. შამაიაც მოდის და აგერ ახლახან თვითნებურად მოამრავლეს მტაცებელი თევზი - კალმახი, ქორჭილა და ქარიყლაპია, და ძაან გაასწორა, თევზაობა კაი ტემპით წავიდა. ხო, ლოქო გამომრჩა, თბილისის ზღვის მეფე“, - ამბობს ლუკა ბაქანიძე, რომლის დაკვირვებითა და პირადი გამოცდილებით დასასვენებლადაც უკარგესი ადგილია თბილისის ზღვა - მახათისა და საგურამო-იალნოს მთების კალთებს შუა მომწყვდეული ივრის მოკამკამე წყლით ავსებული მიდამო, სადაც სულ ცოტა ხნის წინ, ლუკას უფროს კოლეგებს რომ დავესესხოთ, ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის მლაშე ტბების ალმურიანი და ჟანგმოდებული სარკე გამოკრთოდა.