სტალინის დაბადების დღე საბჭოთა დროშებით

იოსებ სტალინის 139-ე დაბადების დღე გორის ცენტრალურ მოედანზე სიმღერით დასრულდა. ზაურ წურწუმიამ იქვე ჩიბუხს მოუკიდა და ულვაშებში ჩაიცინა. ის ბელადის დაბადების დღეს გორში ყოველწლიურად ჩამოდის. ამბობს, რომ სტალინის ორეულია და ეს მას ბავშვობიდანვე შეამჩნიეს. მას შემდეგ ჩაიცვა ფორმა, დაიკავა ჩიბუხი და სტალინის შესახებ არსებული მითითებით ცხოვრებას შეუდგა. მისთვის საბჭოთა ბელადი მომღერალიც იყო, მოცეკვავეც და წინასწარმეტყველიც.

სტალინის სახლ-მუზეუმთან კომუნისტებმა და სტალინისტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. მთელი საქართველოდან ორასიოდე კაცი შეიკრიბა და მიტინგი ჩაატარეს. მათ ბელადის ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. კომპარტიის ლიდერი თემურ ფიფია აცხადებს, რომ გორის ცენტრში ძეგლის დადგმას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მოითხოვენ.

სიტყვით გამოსვლისას კომუნისტებმა განაცხადეს, რომ არ მოსწონთ კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. მიუხედავად ამისა, სტალინისტები გორის ცენტრში საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ. მიტინგზევე გადაწყვიტეს, რომ ძეგლის დადგმის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსაც მიმართონ, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმოწერები შეიტანონ. კომპარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ლურსმანაშვილის თქმით, 5 000 ხელმოწერა უკვე შეგროვებულია, მაგრამ მომავალ წლამდე, სტალინის 140 წლის იუბილესთვის, 140 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. სტალინისტები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ და აცხადებენ, რომ თუ ერთ წელიწადში ბელადის ძეგლს მთავრობა არ დადგამს, თვითონ ხალხი გააკეთებს ამას.

რამდენიმე წლის წინ კომუნისტებს ძეგლის დადგმის მცდელობა უკვე ჰქონდათ. მუზეუმის წინ კვარცხლბეკიც ააშენეს, მაგრამ სამუშაოები, „თავისუფლების ქარტიიდან“ გამომდინარე და საქართველოში აკრედიტებული ბალტიისპირეთის ელჩების თხოვნის საფუძველზე, შეჩერდა. 1952 წლიდან სტალინის 6-მეტრიანი მონუმენტი გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყვიტეს მისი დემონტაჟი.

ახლა ძეგლისა და მუზეუმის ბედი გაურკვეველია. მუზეუმიც სტალინიზმის მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო და იქ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ექსპოზიციაც უნდა განთავსებულიყო, მაგრამ ამ დრომდე ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ამბავს მხოლოდ ორიოდე ბანერზე განთავსებული წარწერა გვამცნობს.

კომუნისტები და სტალინისტები იმ იმედით დაიშალნენ, რომ მომავალ წელს მასშტაბურ აქციას გამართავენ და ძეგლის დადგმის საკითხსაც მოაგვარებენ. წელს კი ძეგლის ადგილას ნაძვის ხე დგას, ხოლო მის წინ, ასფალტზე, საქართველოს რუკის კონტურში წარწერაა, 08.08.08 , აგვისტოს ომის გასახსენებლად.

კომუნისტებს ეს წარწერა არც კი შეუმჩნევიათ.