ათწლეულებია, ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში კვლავაც პრობლემაა შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი. ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.
Your browser doesn’t support HTML5
მერაბ ქვარიანს, 12 წელია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. მერაბი ამბობს, 2006 წლამდე ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე ადვოკატირება მომიწევდა ისეთი პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა შეზღუდული გარემო, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და შშმ პირების მიმართ საზოგადოების ნაწილის არასწორი დამოკიდებულებაო. მერაბ ქვარიანმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად რამდენიმე წლის წინ იმერეთის რეგიონში შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულფასოვანი მომავალი“. ორგანიზაციას მხოლოდ 20 წევრი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ, არსებული სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისში 14 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს.მერაბ ქვარიანის შეფასებით, ეს ადამიანები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ და ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა უფლებები აქვთ და არც იმ სერვისებს იცნობენ, რომლებსაც თვითმმართველობა სთავაზობს:
„შშმ პირები უნდა ვიყოთ აქტიურები და მოვითხოვოთ იმ საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც გვაქვს. ინფრასტრუქტურის მოწყობა და გადაადგილების უფლებაა, პირველ რიგში. ბევრმა მათგანმა არც კი იცის იმ სერვისების შესახებ, რასაც გვთავაზობს თვითმმართველობა, არ იცის, რა მოითხოვოს სწორად. თავად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის“.
მაღალ საფეხურზე ასვლას ვერ ვახერხებ და თუ ადაპტირებული არ არის შენობა, ვრჩები გარეთ. ასევე მჭირდება ტრანსპორტი, რომელსაც ექნება დაბალი საფეხური, რადგან ყოველთვის ვერ ვახერხებ ავტომანქანით ან ტაქსით სიარულს...მაია კოსტავა
მერაბ ქვარიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს ადაპტირებაზე მსჯელობა, ბოლო წლებია, აქტიურად მიმდინარეობს, ქუთაისში დღემდე პრობლემად რჩება ტრანსპორტისა და შენობების ადაპტირება. პანდუსები ქუჩების მხოლოდ ნაწილზეა მოწყობილი.გარემო არ არის მორგებული არც სმენადაქვეითებული და უსინათლო ადამიანების საჭიროებებზე. შესაბამისი პირობების არარსებობის გამო ხშირად საჯარო თუ კერძო დაწესებულებებს მიღმა რჩება მაია კოსტავა, რომელსაც ამა თუ იმ შენობაში შესვლა სურს:
„მაღალ საფეხურზე ასვლას ვერ ვახერხებ და თუ ადაპტირებული არ არის შენობა, ვრჩები გარეთ. ასევე მჭირდება ტრანსპორტი, რომელსაც ექნება დაბალი საფეხური, რადგან ყოველთვის ვერ ვახერხებ ავტომანქანით ან ტაქსით სიარულს“.
კიდევ ერთი საჭიროება, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ლაპარაკობენ, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობაა. გეგა ორჯონიკიძის თქმით, ის სხვადასხვა პროექტში მოხალისედ აქტიურადაა ჩართული, გადამზადების კურსები გაიარა და საოფისე პროგრამებსაც ფლობს. გეგა ამბობს, რომ ერთ-ერთ კერძო ორგანიზაციაში სამთვიანი სტაჟირებაც გაიარა და გარემო და თანამშრომლების დამოკიდებულება დადებითი იყო, თუმცა, გეგას თქმით, დასაქმების ფორუმებზე არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები შეუსაბამო სამსახურს სთავაზობენ:
„მთავაზობენ სამსახურს, რაც შეუსაბამოა. მაგალითად, ავეჯის საამქროში და დისტრიბუციაში მუშაობა, რაც ჩემთვის ფიზიკურად შეუძლებელია“.
შშმ პირთა საჭიროებებზე საუბრისას სერვისების განვითარების აუცილებლობას გამოყოფს გია კაკაჩია,ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა„პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის“. მისი განცხადებით, სოციალურ პროგრამებს ძირითადად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და, ამავდროულად, პროგრამები ხორციელდება მუნიციპალიტეტების ნაწილში და არა ქვეყნის მასშტაბით. გია კაკაჩიას აზრით, სერვისების განვითარებისთვის აუცილებელია დეცენტრალიზაცია და საჭიროა თვითმმართველობებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა.
„წარმატებული პროგრამები, - ისეთი, როგორიცაა რეაბილიტაციის, ადრეული განვითარების, დღის ცენტრები და სხვა, - ყველაზე კარგ შემთხვევაში, დაახლოებით 10-12 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და არა 64-ში, ამიტომ შშმ პირთა 80 % გვრჩება სერვისების გარეშე. ჯანდაცვის სამინისტრო, ალბათ, ვერც შეძლებს ყველა მუნიციპალიტეტის დაფარვას, რადგან ამას გაცილებით დიდი რესურსი დასჭირდება და, ამასთან, სამინისტროს, შესაძლებელია, არც ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა სჭირდება მოსახლეობას. ამიტომ აუცილებელია დეცენტრალიზაცია, უნდა განვითარდეს თვითმმართველობების პროგრამები“.
გია კაკაჩიასავე განცხადებით, მუნიციპალიტეტები ხშირად გამოყოფენ თანხას შშმ პირთა ერთჯერადი დახმარებისთვის, რაც არ აისახება მათ განვითარებაზე და ვერავინ ადგენს, რამდენად მიზნობრივად ხმარდება თანხა შშმ პირს, რადგან ოჯახი, შესაძლებელია, თანხას იყენებდეს სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. გია კაკაჩიას შეფასებით, აუცილებელია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელშეწყობა, მათი უმუშევრობისა და სოციალური დაცვის პრობლემების მოგვარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.
აღნიშნული გამოწვევები რელევანტურია ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის, - აცხადებს ქალაქის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილია თითქმის ყველა სოციალური პროგრამის დაფინანსების გაზრდა. 125 ათასიდან300 ათას ლარამდე გაიზრდება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და 45-ის ნაცვლად მომსახურებას მიიღებს 60 მოზარდი, თუმცა მომლოდინეთა სიაში რჩება 20-მდე ბავშვი და მერია სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციებსა და მშობლებთან ერთად ცდილობს გამოსავალი მოძებნოს.
„ძალიან აქტიური და კარგი კომუნიკაცია ჩამოყალიბდა მშობლებთან და მათი დამსახურებაა პროგრამის არსებობა და ის, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება 300 000 ლარამდე“.
ქუთაისის მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძისავე განცხადებით, მომავალ წელს პირველად განხორციელდება უსინათლოთათვის გამცილებლის დაფინანსების პროექტი, რომელიც თავად მხედველობადაქვეითებული ადამიანების აქტიურობის შედეგად შეიქმნა. რაც შეეხება შენობების ადაპტირებას, ნინო თვალთვაძის ინფორმაციით, მომავალ წელს განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება და მოეწყობა ლიფტი, რადგან ამ დროისთვის მხოლოდ პირველ სართულს აქვს პანდუსი და ეტლით მოსარგებლეები შენობაში გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მერიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილია სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რაც, სავარაუდოდ, შიდასაქალაქო ხაზებზე ტენდერების გამოცხადების შემდეგ გახდება შესაძლებელი.