გადაღება ლამის საიდუმლოდ მიმდინარეობდა, რათა ირანის მთავრობის შესაძლებელი ჩარევა თავიდან აეცილებინათ. ჩვენ არ უნდა გაგვეთქვა, რომ ასეთ ფილმს იღებდნენ.
ძველმა მეგობარმა, ზარ ამირ ებრაჰიმიმ, შარშანწინ კანის კინოფესტივალზე „წმინდა ობობაში“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემიის ლაურეატმა და ახლა „ტატამის“ თანარეჟისორმა, მოგვცა შესაძლებლობა, „შევპარულიყავით“ და გვენახა, როგორ მუშაობდნენ ამ უნიკალურ სპორტულ-პოლიტიკურ ტრილერზე, საქართველო-აშშ-ის ერთობლივ პროდუქციაზე, რომელიც ქალთა ძიუდოზეა.
ფილმის პრემიერა ამჟამად ვენეციაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო.
სცენარით (ავტორები გაი ნატივი და ელჰამ ერფანი), მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის თბილისში იმართება.
„სპორტის სასახლეში“ ჩვენი ყოფნისას იღებდნენ ორთაბრძოლის სცენას. ლეილა (ამერიკელი კინომსახიობი არიან მანდი) ძიუდოს ილეთებს ხვეწდა კონსულტანტ ქართველ ძიუდოისტ ქალთან ერთად. გდებას გდება მოჰყვებოდა და მათ მაგივრად მე მტკიოდა გვერდები.
არიანთან ერთად მოგვიანებით მეგობრის სახლში ფეხბურთს ვუყურეთ. მსოფლიო ჩემპიონატი იყო კატარში. იმ საღამოს აშშ-მა ირანის ნაკრები დაამარცხა. არიანიცა და ზარიც არა მხოლოდ ირანის მარცხს განიცდიდნენ. ესეც პოლიტიკური თამაში იყო, იმის მსგავსი, როგორიც მათ ფილმშია. ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა და ირანელებს შორის აზრი გაიყო, - დაეჭირათ მხარი რეჟიმის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნის გუნდისთვის თუ არა და ფეხბურთელებიც ორჭოფობდნენ, ემღერათ ეროვნული ჰიმნი თუ არა...
მოკლედ, ძიუდოს და ტატამის გარშემო გათამაშებული დრამა სპორტის ყველა სახეობას ეხებოდა, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არეული იყო შინაც და გარეთაც, ფილმშიც და ცხადშიც.
სცენარის თანახმად, ირანელი ძიუდოისტი ლეილა, (არიან მანდი), უკეთესად ჭიდაობს თბილისში მიმდინარე შეჯიბრებაზე, ვიდრე მოელოდნენ. მისი მხოლოდ მწვრთნელს, მარიამს სჯერა. მარიამის როლშია შესანიშნავი ზარ ამირ ებრაჰიმი. ლეილას არათუ წარმატება, ირანის მთავრობისთვის მიუღებელია ირანელი სპორტსმენის პაექრობა ისრაელის წარმომადგენელთან.
ძიუდოისტი და მისი მწვრთნელი თეირანიდან ზეწოლის ქვეშ არიან, უარი თქვან ჩემპიონატის გაგრძელებაზე. იწყება დრამა, ირანის ხელისუფლება ცდილობს, ლეილამ რამე მიზეზით არ მიაღწიოს ფინალს და გამოეთიშოს შეჯიბრებას. ლეილაზე ზეწოლა იწყება ირანში ოჯახის წევრების გზით.
ფილმის იდეა ისრაელიდან მოდის.
რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ჟურნალისტი, კინომცოდნე ბაბაქ ღაფური აზარი ვენეციაში იყო, ფილმი ნახა და მიყვება, რომ იდეა, ფილმი გადაეღო სპორტში ირანის მთავრობის მუდმივი ჩარევისა და სპორტსმენებისთვის ისრაელის წარმომადგენლებთან უშუალო შერკინებისთვის თავის არიდების შესახებ, ეკუთვნის ისრაელელ რეჟისორს გაი ნატივს, რომელიც შემდეგ შეხვდა ირანელ ავტორს და მასთან ერთად შექმნა სცენარი. ამას მოჰყვა უკვე როგორც თანარეჟისორის, ზარ ამირის ჩართვა. ბაბაქის აზრით, ფილმის ავტორებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ფილმი მართლაც მხატვრული გამოსულიყო, მხოლოდ პოლიტიკურზე არ ყოფილიყო აქცენტი და ამას მიაღწიეს.
ის, რომ ფილმი შავ-თეთრია, ამძაფრებს სურათს და მას უყურებ როგორც ნამდვილ ტრილერს. და ფილმში არის, ამბობს ის, გარკვეული წონასწორობა მხატვრულობასა და აქტუალობას შორის.
მსოფლიომ კარგად არ იცის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, როცა მთავრობა სპორტსმენებს აიძულებს, არ გააგრძელონ ასპარეზობა და საკუთარი ნებით გამოეთიშონ შეჯიბრებას, წარუმატებელი იყვნენ, საკუთარ სპორტულ კარიერას ავნონ. ირანელი, ასევე ისრაელელი სპორტსმენებისთვის ეს კარგადაა ცნობილი. ბაბაქ ღაფური აზარი თვლის, რომ ფილმის ავტორებმა ბევრი იმუშავეს, რათა ეს ფენომენი შეესწავლათ და ზუსტად აესახათ თავიანთ ფილმში, ირანის უშიშროების სამსახურების „მუშაობის“ ჩათვლით. "ჩემთვის საინტერესო იყო, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ამბის [ფილმის] ნაწილი იყო. ასახულია, რაც მოხდა ორი-სამი წლის წინ, როცა მათ [ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ] სანქცია დაუწესეს ირანის ძიუდოს ფედერაციას იმის გამო, რაც ერთ სპორტსმენს გადახდა თავს,“ - გვითხრა ბაბაქ ღაფური აზარიმ.
სცენარის თანაავტორმა და თანარეჟისორმა, გაი ნატივმა ბაბაქს უთხრა, რომ მთავრობები არ ფიქრობენ ადამიანებზე და მისი სურვილი, როცა ამ ფილმზე მუშაობა დაიწყო, იყო, ეჩვენებინა, რომ ხალხს ომი და კონფრონტაცია არ სურს; რომ მისმა თაობამ ეს დაპირისპირება უნდა შეცვალოს. „ეს ფილმი გზავნილია ირანის და ისრაელის ხალხების მიმართ: ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები და ერთად ვიცხოვროთ, ნუ უსმენთ მთავრობებს, ნუ უგდებთ ყურს, რას ამბობენ ისინი. და იმედი მაქვს, რომ ეს ფილმი მეტ თანამშრომლობას მოიტანს ისრაელელებსა და ირანელებს შორის“, - ამბობს ნატივი.
„ტატამის“ თანარეჟისორი ჰყვება, რომ არაერთი შემთხვევა იცის, როცა ირანელი სპორტსმენები, ქალებიც და კაცებიც, აღარ ემორჩილებიან მთავრობის მითითებებს, და თვლის, რომ ეს არის პროტესტის ნიშანი, ეს არის, მისი სიტყვებით, „რევოლუციის ნაწილი“.
ზარ ამირ ებრაჰიმი რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურთან ინტერვიუში იხსენებს, როგორ მიიწვიეს ის თავიდან მხოლოდ მსახიობად, მწვრთნელის როლის სათამაშოდ. როცა მან თავისი პოზიცია და აზრი ფილმის ისრაელელ ავტორებს გააცნო, გაი ნატივმა უკვე თანარეჟისორობა შესთავაზა:
„ჩვენ ხელოვანები ვართ და არა პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოღვაწეები. მე ძალიან კრიტიკული ვარ ისლამური რესპუბლიკის მიმართ და გაი ძალიან კრიტიკულია ისრაელში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ. მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ამ საქმის მხატვრული ფასეულობა. თავიდან შეიძლება არც კი ვფიქრობდით, რომ ეს იყო ირანელის და ისრაელელის პირველი ერთობლივი ნამუშევარი. გადაღების დროს გავაცნობიერეთ ეს და გავიფიქრეთ: „შესანიშნავია“.
ვენეციის კინოფესტივალზე „ტატამის“ ჩვენების შემდეგ ხელოვანებმა წითელ ხალიჩაზე მოაწყვეს ირანში უფლებების მებრძოლთა მიმართ სოლიდარობის აქცია -„ფლეშ მობი“: „საქმე ყველას თავისუფლებას ეხება“.
აქციაში „ტატამის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა ვენეციის კინოფესტივალის ხელმძღვანელი ალბერტო ბარბერა, და ლოზუნგი - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, სპარსულ „ზან, ზენდეგი, აზადისთან“ ერთად იტალიურადაც გამოჩნდა: „დონა, ვიტა, ლიბერტა“.
ქართულ-ამერიკული პროდუქციის, ფილმ „ტატამის“ ისრაელელი თანარეჟისორი, გაი ნატივი თვლის, რომ ფილმის გზავნილი „თავისუფლებისთვის ბრძოლაა. და თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა ისაა, რაც ყველას გვსურს, ისრაელელი ხარ, ირანელი, იაპონელი თუ ქართველი. თავისუფლებაში ცხოვრება ყველას სურს“.