ზოგმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველ ნოემბერს გაიგო, ზოგმა კი -განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წინა დღეს გამოგზავნილი მეილის მეშვეობით.
„ჩვენ დაწყებული გვქონდა სპექტაკლებზე მუშაობა. რაკი ამდენი ხანი არაფერი გვითხრეს, ვიფიქრეთ, რომ გაიხსნებოდა თეატრები. გაჩნდა განცდა, რომ დაავიწყდათ ეთქვათ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში რეჟისორი დათა თავაძე. 3 ნოემბერს მან „ფეისბუკზე“ წამოიწყო კამპანია #გახსენიკულტურა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, რეჟისორი თვლის, რომ თეატრები უნდა გაიხსნას. მისი ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ თეატრებისთვის დაწესებული რეგულაციები გაცილებით მკაცრია იმასთან შედარებით, რაც მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ კაფეებში. დათა თავაძე ამბობს, რომ საგანგებო მოთხოვნების დაცვით სპექტაკლების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია.
„ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და არავის გვინდა, რომ ასეთ ვითარებაში ბევრ ხალხში გავმართოთ წარმოდგენა. სხვადასხვა ექსპერიმენტული ძიების შედეგად, შევიმუშავეთ ისეთი დეკორაციის იდეები, რომლებიც კიდევ უფრო იზოლირებულად ამყოფებდა მაყურებელს”- უხსნის რადიო თავისუფლებას დათა თავაძე.
სამეფო უბნის თეატრში რეგულაციების შესაბამისად რეპეტიციებს ერთდროულად 10 მსახიობზე მეტი არ გადის. მათ მუშაობის დროს დისტანციის დაცვის საშუალება უნდა ჰქონდეთ. თეატრში 200 მაყურებელი ეტევა, თუმცა დასმა მაყურებელთა რაოდენობა 50-მდე შეამცირა.
“მე პირადად რაც მაწუხებს, არის დამოკიდებულება, ავიწყდებათ, რომ ადამიანები მუშაობენ ამ სფეროში.მსახიობი- ლიკა მაისურაძე
„ათასობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ. მსახიობები, რეჟისორები და თეატრებში დასაქმებული კიდევ არაერთი ადამიანი ახლა სხვა საქმით ცდილობს ფული იშოვოს და გადარჩენის გზებს ეძებს. ამის შემდეგ სფეროში მათი დაბრუნება რთული იქნება“, - ამბობს დათა თავაძე
სტაგნაციის პირობებში თეატრი ონლაინ და რადიო სპექტაკლებზე მუშაობდა, სხვა საპრემიერო დადგმები კი ისევ კითხვისნიშნის ქვეშ დგას.
ოქტომბერში პრემიერისთვის ემზადებოდა „თეატრი ათონელზე“, თუმცა მათ მხოლოდ ერთი მაყურებელი ჰყავდათ. პანდემიამ და რეგულაციებმა თეატრში მაშინ მიაღწია, როდესაც პრემიერისთვის ემზადებოდნენ. გახსნის თარიღმა გადაიწია, მერიისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებული პროექტი კი ოქტომბრის დასაწყისში მერიის წარმომადგენელმა “ჩაიბარა”, რომელიც დარბაზში პირბადით იჯდა.
“რეპეტიციების დროს მსახიობების ნაწილი ვიკრიბებოდით, ხშირად ვანიავებდით ოთახს. უბრალოდ, ძალიან რთულია სპექტაკლის გადაწყობა, რადგან დრამაა და, სცენებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან ახლოს მისვლა გვიწევდა”, - ამბობს დასის მსახიობი ლიკა მაისურაძე.
არაერთი მოწვეული მსახიობი დღეს შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ლიკამ, ისევე როგორც მისმა არაერთმა კოლეგამ, ალტერნატიული შემოსავლის წყარო იპოვა და ახლა სათამაშოების მაღაზიაში მუშაობს. ელოდება იმ დროს, როდესაც თეატრში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.
“მე პირადად რაც მაწუხებს, არის დამოკიდებულება, ავიწყდებათ, რომ ადამიანები მუშაობენ ამ სფეროში. შესაძლებელია გაიხსნას თეატრი და იყოს უსაფრთხოება დაცული, მით უმეტეს, როცა ვუყურებ სპორტდარბაზებს, სადაც ხალხი ვარჯიშობს და ერთ ჰაერს სუნთქავს. არ ვიცი, როგორ ნიავდება ის გარემო. რატომ არ შეიძლება, რომ იყოს თეატრი ღია? ის მაინც გაგვიწერონ, როდემდე ვერ დავდგამთ სპექტაკლს”, - ამბობს მსახიობი ლიკა მაისურაძე.
მაყურებლები ერთმანეთისთვის რომ დაეშორებინათ, კოტე მარჯანიშვილის თეატრში ბილეთების გაყიდვის სქემა შეცვალეს. რადგან ორ და სამმოქმედებიანი სპექტაკლების თამაშის უფლება აღარ ჰქონდათ,იმისთვისაც მზად იყვნენ, რომ რეპერტუარის დიდი ნაწილი დაეკარგათ, ოღონდ სპექტაკლები მაინც შემდგარიყო.
“ პირბადეებით რეპეტიცია და დისტანციის დაცვა - ეს არის კოვიდცენზურა და ჩვენ კოვიდს ამის საშუალება არ მივეცით. ახლა რეპეტიციები მიმდინარეობს, თუმცა მომავალი არის გაუგებარი - რა იქნება მერე? მე მგონია, რომ ჯობდა და შესაძლებელი იყო, რომ თეატრი აქამდე, სექტემბერ-ოქტომბერში, ყოფილიყო გახსნილი, თუნდაც რაღაც დანაკარგებით გვემუშავა. ახლა უკვე დაიკეტა ყველგან - გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი…”, - ამბობს თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ონლაინ ჩატარდება, მათ შორის ქართული სპექტაკლების პროგრამაც. თეატრები თვლიან, რომ ამ მდგომარეობაში გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იქნება.
“ ერთ-ერთი თემა რაზეც უნდა იყოფილიყო ნაფიქრი, არის ის თუ როგორ უნდა გვეცოცხლებინა სფერო ისე, რომ გვეთამაშა გარეთ, რაც ახლაც დაშვებულია და საკმაოდ დიდ ფინანსებსა და მომზადებას საჭიროებს, ესე უბრალოდ ქუჩაში მოდი გარეთ ვითამაშოთ შეუძლებელია. საზღვარგარეთ ასეთ სიტუაციაში სპეციალური სტრატეგიები აქვთ შემუშავებული, ფინანსურად თუ სხვა მხრივ მხარდასაჭერად. მესმის, რომ შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ყურადღება ხომ არ არის შეზღუდული?!“ - ამბობს ეკა მაზმიშვილი.
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ამბობს, რომ ყოველდღე აქვს კომუნიკაცია თეატრის სფეროს წარმომადგენლებთან და სურვილის შემთხვევაში მზად არის შეხვდეს კერძო თეატრების წარმომადგენლებსაც.
“მაშინ, როდესაც შევიმუშავეთ რეგულაციები დახურულ სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის შესახებ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იყო სხვაგვარი, ახლა 1000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. სექტემბერ-ოქტომბერში არ გაიხსნა თეატრები იმიტომ, რომ ეს საკოორდინაციო საბჭომ მიიჩნია, როგორც პრევენციული ზომა, რათა მაშინვე არ მიგვეღო ისეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორიც ახლაა.“
სამინისტრო 29 სახელმწიფო თეატრისა და საგრანტო კოკურსებში მონაწილე პროექტების დაფინანსებას განაგრძობს, ერთიანი სამოქმედო გეგმა კი კვირის ბოლომდე ან მომავალ კვირას უნდა იყოს მზად.
დათა თავაძე პრობლემას კულტურის პოლიტიკაში ხედავს, რომელიც არ შეცვლილა და არ მოერგო პანდემიის გამოწვევებს.
“პრაქტიკულად არანაირი ზომები არ მიუღიათ. მაგალითად, სულ მცირე ხომ შეიძლებოდა ონლაინ პლატფორმაზე გადასვლისთვის შესაძლებლობა შეექმნათ, რომ სპეკტაკლის გადაღებები ხარისხიანად მომხდარიყო. დაეწყოთ ფიქრი სივრცის ორგანიზებაზე, სადაც წვიმაში ტექნიკა არ დაზიანდებოდა და სხვადასხვა თეატრებს ექნებოდათ თამაშის შესაძლებლობა. დაშვებულია ღია სივრცეში თამაში გადი და დადგი სპეკტაკლი- ასე არ გამოდის.”
სამეფე უბნის თეატრი ნახევრად მუნიციპალურია, დასიც პატარაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 20-მდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. ერთ დიდ თეატრში კი შეიძლება 100-მდე მოწვეული მსახიობიც იყოს.