სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადადებას მოითხოვს, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გახსნეს პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი. სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საავტომობილო გზა გახსნეს სოფელ ბზიფთან. ეს მაგისტრალი რუსეთის საზღვრისკენ მიდის.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გვიან ღამით გადაკეტეს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან და რუსეთიდან სოხუმისკენ მიმავალი გზები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან.
ხიშბას განცხადებით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა და სწორედ ამიტომ გზა დაბლოკეს ღამით, როცა მიმოსვლა ინტენსიური არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, გრძელდება მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა აქციები.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება სოხუმშიც, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან. მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ მალე პროტესტი მთელ აფხაზეთს მოიცავს.
Your browser doesn’t support HTML5
ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.
მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
ოპოზიციის ბრალდებები
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა. მისი სიტყვებით, გენერალური პროკურატურა და დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო მისხალ-მისხალ აგროვებს ინფორმაციას. პროკურატურამ დაკითხა შესაბამისი პირებიც.
„თუმცა როგორც ჩანს, ზოგს მოსწონს და აწყობს სიტუაციის დაძაბვა და ამ საქმის გარშემო იდუმალების შექმნა. ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. უშიშროების საბჭოს არაერთი შეხვედრა გავმართეთ და როცა ამბობენ, რომ არ ვმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად, ტყუილია“.
ხელისუფბის გაფრთხილება
რაულ ხაჯიმბამ 21 მაისს საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ეს ყველაფერი აფხაზეთში საკურორტო სეზონის გახსნის წინ, რამაც შესაძლოა, დააფრთხოს დამსვენებლები, რომელთა მიღებასაც ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებები პოლიტიკური შანტაჟის ზღვარზეა და მიზნად ისახავს მცდარი, ან არასრული ინფორმაციით მოქალაქეთა განწყობებით მანიპულირებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რესპუბლიკაში ნეგატიური სიტუაციის პროვოცირება.
ოპოზიციის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის გამო განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამაც. ის მოქალაქეებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციების უკანონოდ ჩატარება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.
ასლან ბჟანია და ანტირუსული განწყობები
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასლან ბჟანია ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ვლადისლავ არძინბასთან დაახლოებული პირია, ის გასულ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. მარცხის მიუხედავად, ის ოპოზიციის ლიდერად რჩებოდა და დამოუკიდებელ ფიგურადაც ჩამოყალიბდა. ის იზიარებს იმ პრობლემებს, რაც საზოგადოებას აწუხებს.
„იბრძვის კორუფციის, კრიმინალის, ნარკომანიის წინააღმდეგ, ის წარმოადგენს ოჩამჩირის კლანს, რაც აძლიერებს მის პოზიციას, შესაბამისად, საკმაოდ რეალური კანდიდატი იყო, გასულიყო მეორე ტურში ხაჯიმბასთან ერთად და შესაძლოა, გაემარჯვა კიდეც. თუმცა უცებ გაურკვეველ ვითარებაში იწამლება“.
ეს გარემოებები დე ფაქტო ხელისუფლებას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს.
„თუ ეს ადამიანი, რომელიც ახლა მოსკოვში გადის მკურნალობის კურსს, გარდაიცვალა ხელისუფლებას შეექმნება სერიოზული პრობლემები, რადგან აფხაზეთში თვლიან, რომ ასლან ბჟანიას მოწამვლაში რუსეთის კვალი იკვეთება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ ასლან ბჟანიას რუსეთი საფრთხის შემცველ კანდიდატად განიხილავდა. შესაბამისად, აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის.
„რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთში საზოგადოება ძალიან აჭრილია, შეიძლება ასე ითქვას. ეს ჩანს პირად საუბრებშიც, სოციალურ ქსელშიც. მაგრამ დღეს აფხაზეთისთვის გეოპოლიტიკური საკითხები არ არის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ისინი რუსეთის იქით მაინც ვერ იყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მათთვის თავსატეხია, მაინც მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარეშე ვერ იარსებებენ.“
პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებით, მათ პრობლემები შიდა პოლიტიკურ კონტექსტში აქვთ, ეს არის კორუფცია, ადგილობრივ ბიზნესმენებს არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგების გარეშე იარსებონ. ასევე აფხაზეთში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს კრიმინალური მდგომარეობა, რის გამოც საფრთხე ექმნება დასვენების სეზონს, სულ უფრო მეტი რუსი დამსვენებელი ამბობს უარს აფხაზეთში ჩასვლაზე.
ამ თემაზე ამახვილებდა ყურადღებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრიც, როდესაც ის ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაში ადანაშაულებდა და მათ პასუხისმგებლობას აკისრებდა ტურისტული სეზონისთვის ხელის შეშლაში.