"მონური ხელშეკრულება" - სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა

სოხუმის აეროპორტის შენობა

გადაწყდა, სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.

26 ივლისს გამართულ სხდომაზე შეთანხმების პროექტი დეპუტატებს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხების, პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა წარუდგინა, დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ მანვე ილაპარაკა შეთანხმების ძირითად პუნქტებზე.

  • ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა - 6 – 10 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი - 11,1 მლნ დოლარი)
  • იჯარის ვადა - 49 წელი
  • გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი - 25 წელი
  • ინვესტორს გადაცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები
  • აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს: ა) აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურის ბ) უზრუნველყოს აეროპორტის ელექტროენერგიით (ჯერ 1,5 მგვტ, შემდეგ კი 4 მგვტ) უზრუნველყოფა, რისთვისაც კაპიტალურად უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები

ალხას ბარციცი

ალხას ბარციცის თქმით, პროექტის განხორციელების სურვილს უკვე გამოთქვამს, სულ ცოტა, ორი ინვესტორი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მიიღებს მთავრობათაშორისი კომისია. ამის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკა ცალკე შეთანხმებას გააფორმებს ინვესტორთან, რუსეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირთან, შედგება ე.წ. მასტერ-გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება პროექტი.

„პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის მთელი კომპლექსის - აეროდრომის, აეროვაგზლისა და ტვირთებისა და მგზავრების გადაყვანისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას. ამასთან, აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა ინარჩუნებენ სახელმწიფო საკუთრების სტატუსს, თუმცა გადადიან ინვესტორის გრძელვადიან სარგებლობაში“, - ამბობს ალხას ბარციცი.

სოხუმის აეროპორტის ფართობი დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრია, რაც აღემატება ვლადიკავკაზის ახალი აეროპორტის ტერიტორიას.
სოხუმის აეროპორტის საბოლოო სავარაუდო სიმძლავრე 3 მლნ მგზავრი/წელიწადშია, რაც მეტია, ვიდრე სტავროპოლის მხარის ქალაქ მინერალნიე ვოდის აეროპორტის გამტარობა.
ვლადიკავკაზის აეროპორტის რეკონსტრუქცია 2 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი - 11,1 მლნ აშშ დოლარი) დაჯდა, მინერალნიე ვოდისა - 14 მლრდ რუბლი. რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნაკლები არც სოხუმის აეროპორტის აღდგენა დაჯდება, არადა, 14 მლრდ რუბლი აფხაზეთის მთელი ერთი წლის ბიუჯეტია: აფხაზეთის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური მოცულობა შემოსავლების მიხედვით 12,5 მილიარდი რუბლია, ხარჯების კუთხით - 14,2 მილიარდი რუბლი, დეფიციტი 1,7 მილიარდი. რუსეთის ფედერაციის წლიური ფინანსური დახმარება 5,1 მილიარდ რუბლს შეადგენს.

სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის საზოგადოებაში. აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა ბოლომდე რატიფიკაციის წინააღმდეგი იყო:

„მიმაჩნია, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება არ უნდა მომხდარიყო, ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით. სხვა საკითხებზეც პირადად ვთხოვდი სახალხო კრების დეპუტატებს, არ იჩქარონ, მოიწვიონ სპეციალისტები, განიხილონ ეს პროექტი და მივიდნენ რაიმე სახის კომპრომისულ, ოპტიმალურ გადაწყვეტამდე. თავად პროექტი აჩენს ბევრ კითხვას, უამრავ პრეტენზიას. რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება აეროპორტი, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“.

ახრა არისტავა

ახრა არისტავასთვის პრობლემურია შეთანხმების რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, აეროპორტის გრძელვადიან მფლობელობაში გადაცემა და ინვესტორის გადასახადებისგან გათავისუფლება. ამავე პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების „აიააირას“ წარმომადგენელი ბესლან ინაფშბა, რომლის თქმითაც:

  • ხელშეკრულების IV მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ინვესტორი თავისუფლდება როგორც საბაჟო გადასახადებისგან, ასევე მოსაკრებლებისგან ყველა იმპორტირებულ საქონელზე - სამშენებლო მასალებზე, აღჭურვილობაზე, საწვავსა და საპოხ მასალებზე, საავიაციო ნავთზე და ა.შ. თანაც არა მხოლოდ რეკონსტრუქციისა და მშენებლობის დროს, არამედ საინვესტიციო საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულებაში აფხაზეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული „სხვა შეღავათებიცაა“ გაწერილი.
  • ამავე მუხლის მე-15 პუნქტის მიხედვით, ინვესტორს ენიჭება საინვესტიციო საქმიანობის ობიექტების გადაცემისა და გირავნობის გაფორმების უფლება. ამასთან, მესამე პირზე საინვესტიციო ობიექტების საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებებიც გადადის.
  • იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აფხაზური მხარე ვალდებული იქნება აანაზღაუროს ყველა ხარჯი, მათ შორის რუსეთის იურიდიული პირის მიერ როგორც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე, ასევე ნაგებობების რეკონსტრუქციაზე გაწეული ხარჯები.
ასევე ნახეთ საით მიფრინავს აფხაზეთი?!

ბესლან ინაფშბას თქმით, ეს შეთანხმება კი არა, ერთგვარი მონური ხელშეკრულებაა, რომელიც საბოლოოდ ჩამოართმევს აფხაზეთს არა მარტო აეროპორტს და მის მიმდებარე ტერიტორიებს, არამედ აფხაზეთის მოქალაქეების არაერთ თაობას დაუკარგავს ფინანსურ დამოუკიდებლობას.

ვერავინ დაუშლის ინვესტორს, თუკი 5 წლის შემდეგ სახელს შეუცვლის აეროპორტს და ვლადისლავ არძინბას ნაცვლად, ვინმე სიდიროვის სახელს მიანიჭებს.

„ბარემ გვეთქვა, ჩვენო ძვირფასო ინვესტორო, ყველაფერს გაჩუქებთ, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, თქვენ მხოლოდ თვითმფრინავები მოიტანეთო“, - ამბობს საზოგადოებრივი გაერთიანების „აიააირას“ წარმომადგენელი, რომელსაც არ სჯერა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის აუცილებლობა მგზავრთა ნაკადის გაზრდას უკავშირდება.

„სინამდვილეში სოჭის აეროპორტი ვეღარ უმკლავდება გაზრდილ ტვირთბრუნვას. სოხუმის აეროპორტმა უნდა განტვირთოს. ...გვინდა აეროპორტი, მაგრამ სახელმწიფოს პირობებით. ისე არა, რომ კერძო ინვესტორი მართავდეს ჩვენს ქვეყანას. ახლა იტყვიან, ასე არ იქნებაო, მაგრამ ვერავინ დაუშლის ინვესტორს, თუკი 5 წლის შემდეგ სახელს შეუცვლის აეროპორტს და ვლადისლავ არძინბას ნაცვლად, ვინმე სიდიროვის სახელს მიანიჭებს. პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა აფხაზეთი აქციეს ბიზნესპროექტად“, - ამბობს ბესლან ინაფშბა.

რუსტამ ლატიპოვის, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლის ივლისის განმავლობაში, ფსოუს გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად კვეთს 11 ათასი ავტომობილი და 63 ათასი პირი, რაც 10%-ით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

ოპონენტების კრიტიკის პასუხად დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ალხას ბარციცი ამბობს, რომ ინვესტორს უწევს აეროპორტის თითქმის მთელი ინფრასტრუქტურის ნულიდან აღდგენა, რაც გრძელვადიანი საგადასახადო შეღავათების გარეშე მიმზიდველობას დაუკარგავდა პროექტს.

„ინფრასტრუქტურის ზონა აფხაზური მხარის პასუხისმგებლობის სფეროა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სახსრები მის საჭირო კონდიციაში მოყვანისთვის - რეკონსტრუქცია, აეროდრომისა და ასაფრენი ბილიკის გამართვა და ა.შ. ინვესტორი თავის თავზე იღებს რეკონსტრუქციის ხარჯებს. ამიტომ გადაწყდა, 25 წლით გათავისუფლდეს გადასახადებისგან, თუმცა ინვესტორი გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს“, - ამბობს ალხას ბარციცი.

სოხუმში ვარაუდობენ, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება და პირველ ეტაპზე წელიწადში 375 ათასამდე მგზავრს გაატარებს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის აღდგენას მრავალი წელია ცდილობს. 2006 წელს აეროპორტის ამოქმედების განზრახვის შესახებ მაშინდელმა ლიდერმა სერგეი ბაგაპშმა განაცხადა. 2011 წელს აფსნი-პრესი იტყობინებოდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის მიზნით, ის რუსულ ჰოლდინგ „ნოვაპორტს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცემოდა. 2014 წელს კი - გავრცელდა ცნობები, რომ სოხუმის აეროპორტის „რეკონსტრუქციის“ თაობაზე ხელი მოეწერა „განზრახულობის ხელშეკრულებას“ კრასნოდარში მოქმედ კომპანია „აეროპორტ დეველოპმენტთან“. 2019 წლის 26 ივლისს აფხაზეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“ საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას.