სოხუმი - არშემდგარი დიდგორი?!

პაველ გრაჩოვი, ვლადისლავ არძინბა, ედუარდ შევარდნაძე. ილუსტირირებული ფოტო

სოხუმის დაცემით - აფხაზეთის ომის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლით დასრულდა კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის.

სოხუმის იერიშში ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს და სულ რაღაც თვე-ნახევარი გაგრძელდა.

16 სექტემბერს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. სოჭის შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის თითქმის სრულად ჰქონდა გაყვანილი მძიმე შეიარაღება. შესაბამისად, მსუბუქი შეიარაღებით დარჩენილმა ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს მასირებულ შეტევას და 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა რეზო ამაშუკელის „წერილი ედუარდ შევარდნაძეს“ - ლექსი, რომლის ადრესატი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე ირიბად შედარებულია დავით აღმაშენებელს. წერილის (ლექსის) სათაურიც - „დიაღ! სოხუმში არის დიდგორი!“, ტექსტის მსგავსად, უკიდურესად პათეტიკურია.

ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი
ფარისეველთა მრუდე ხელობას!
— დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი
და შერიგებას სთხოვ ქართველობას!
გაჰყვება მარად დამალულ დარდად,
ვინც ვერ იომა,
ვინც ვერ გარისკა!
— გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს,
არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!..

რეზო ამაშუკელის წერილი ედუარდ შევარდნაძეს

„წერილის“ პირველივე სტრიქონებიდან აშკარა ხდება, რომ მაშინდელ ქართველობას არა მხოლოდ რუსების მიერ შეგულიანებულ და მხარდაჭერილ სეპარატისტებთან უწევდა ომი, არამედ ქართველობის იმ ნაწილთანაც, რომელიც შეიარაღებული გადატრიალებით დამხობილ კანონიერ მთავრობას უჭერდა მხარს და ცხენისწყლის იქით არ უშვებდა სამხედრო საბჭოსა და პუტჩისტების მემკვიდრე „შევარდნაძის ხელისუფლებას“. არადა, შევარდნაძეს, ავად თუ კარგად, უკვე ჩატარებული ჰქონდა 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, თავს ასევე კანონიერ ხელისუფლებად მიიჩნევდა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსაც ის სთავაზობდა შერიგებას, რასაც შენიშნავს კიდეც თავის „წერილში“ კომკავშირის პრემიის ლაურეატი პოეტი, დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი და შერიგებას სთხოვ ქართველობასო. ამ ლექსში, როგორც სარკეში, არეკლილია სწორედ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ დანახული მაშინდელი საქართველო: ვიღაც არ ურიგდება მას, ვიღაც მტრობს, ვიღაც გულგრილია მის მიერ წარმოებული ომისადმი („შორიდან ესმის მამულის კვნესა“), ვიღაც მსტოვარია, ვიღაც მაჭანკალი და ა.შ. მაგრამ როგორც უნდა იყოს, „წერილის“ ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ „აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში” აუცილებლად გაიმარჯვებს („ურჩხულს კვლავ დასცემს სატევარს“):

დღეს იწერება ცხოვრება ქართლის,
ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!..
რა გითხრა,
ანდა რის მაქნისია,
ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?!.
დიაღ!
სამშობლო შენი ღირსია,
მთლად დარუბანდით და დარიალით!
და მაპატიე კოჭლი სტრიქონი,
რაც უნდა მეთქვა,
თუ ვერ გითხარი...
- დიაღ!
სოხუმი არი დიდგორი,
ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!

პოეტის შთამბეჭდავი ფანტაზიის მიუხედავად, ცხადია, არც ედუარდ შევარდნაძე იყო დავით აღმაშენებელი და, შესაბამისად, ვერც სოხუმისათვის ბრძოლა იქცა დიდგორად. შევარდნაძემ წერილის ავტორისათვის პერსონალური პასუხის დაბრუნებაც კი ვერ მოასწრო. 28 სექტემბერს პრესაში გამოქვეყნებული შევარდნაძის მიმართვის ადრესატი მთელი ქართველი ერი იყო:

ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთის ომში

„27 სექტემბერს, დღის 13 საათზე ქალაქ სოხუმს შემოესივნენ კბილებამდე შეიარაღებული რუსი, ჩეჩენი და აფხაზი ბოევიკები, რომლებმაც ტანკებით და ჯავშნიანი მანქანებით დაიკავეს დღეს სოხუმი. ამ მორიგ ბარბაროსულ აქციას ამჯერადაც წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების შესახებ. <...>საქართველო დამარცხდა უთანასწორო ძალებთან ომში, რომელიც ერთი დიდი სახელმწიფოს მინისტრის ენით რომ ითქვას, გაჩაღდა ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების უზრუნველსაყოფად საქართველოში. სწორედ იმპერიული ძალების მიერ არის ინსპირირებული აფხაზეთის კონფლიქტი, რის შედეგადაც აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია. სოხუმის გადარჩენა შეიძლებოდა ჯერ კიდევ გუშინ, ეს შეეძლო მხოლოდ რუსეთს. ასეთი თხოვნით მივმართეთ მოსკოვს, გავუგზავნე თანხმობის დეპეშა რუსეთის ხელმძღვანელობას, საქართველოს „სნგ“-ში შესვლის თაობაზე, რომლის წინააღმდეგი ვიყავი ბოლო დრომდე. თანხმობა განვაცხადე რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებაზე, შემოეყვანა საქართველოში დამატებითი შეიარაღებული ძალები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ფაქტობრივად საქართველომ დაიჩოქა. ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა, სამწუხაროა, მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვა, რომ გარეშე ძალთა ინტერესები ვერაფერს დაგვაკლებდა, რომ არა შინააშლილობა და თანამოქალაქეთა ღალატი, მოვა დრო და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. იცის ღმერთმა, ყველაფერს ვაკეთებდი ამ საშინელი დღის თავიდან ასაცილებლად. ვერ შევძელი. დაე, მაპატიონ თანამედროვეებმა და შთამომავლობამაც“.

ორი კვირით ადრე...

1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი განიხილავდა საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხს, რომელიც დეპუტატების უმეტეს ნაწილთან შეთანხმებული იყო, მაგრამ შევარდნაძის (პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მეთაური) ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა „მხედრიონის“ ლიდერი (ასევე დეპუტატი) ჯაბა იოსელიანი, რომელიც რისხვას ვერ მალავდა მისი კაცის, თემურ ხაჩიშვილის შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო (ხაჩიშვილმა წინასწარ გააფრთხილა რუსთავის „მხედრიონის“ ხელმძღვანელი თემურ ტალახაძე შს სამინისტროს ანტიკრიმინალური ოპერაციის შესახებ). მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ შევარდნაძემ განაცხადა:

„აღარ გამოვა საგანგებო მდგომარეობა - ბატონი ჯაბას გამოსვლის შემდეგ აღარ გამოვა. <…> თუ ასეა, თუ ასე გინდათ, დაე იყოს თქვენებურად - ამ წუთიდან შევარდნაძე გადამდგარია!

სწორედ ამ დღეს თქვა ედუარდ შევარდნაძემ ცნობილი ფრაზა, ჩემს გადაფურთხებულს აღარ ავლოკავო, როცა პარლამენტის წინ შეკრებილმა ხალხმა მისი დაბრუნება მოითხოვა, თუმცა მალე შეკრება მასობრივ მიტინგში გადაიზარდა, სადაც სიტყვით გამოსულმა „ცნობილმა ადამიანებმა“ შევარდნაძის დარჩენა მოითხოვეს. გამომსვლელთა შორის იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე:

„ჩვენო დებო და ძმებო, ჩვენო სულიერო შვილებო, დღეს მოგმართავთ თქვენ, არა მარტო თბილისელებს, არამედ სრულიად საქართველოს, ალბათ, დიდი ხანია არ ყოფილა ასეთ გასაჭირში საქართველო, და ამიტომ დღეს არ შეუძლია ბატონ ედუარდ შევარდნაძეს გადადგომა. ის ჯვარი, რომელიც ღმერთმა უბოძა მას, მან ბოლომდე უნდა ზიდოს. 16 წელიწადია მე ვარ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და ამ წლების მე ბევრი მწარე დღეებიც მინახავს. გადადგომა რომ ასე ადვილი იყოს, ალბათ, პირველი მე გადავდგებოდი. ბატონო ედუარდ, დღეს თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ღვთისაგან და ჩვენი ერისაგან. თქვენ არ შეგიძლიათ გადადგეთ, გადაუდგეთ საქართველოს, ეს შეუძლებელია. მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ, მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას, და პირადად თქვენს სულიერ მამას, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რათა უხელმძღვანელოთ საქართველოს“.

ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე

გოგი გეგეჭკორი, მსახიობი: „სულით სიღრმემდე შეშფოთებული ვარ, ალბათ, მთელი ქართველი ხალხი მოითხოვს ბატონ ედუარდის დარჩენას ერის სათავეში. ხალხმა აირჩია და ისევ ხალხის ხმას უნდა ენდოს“.

ზაზა შენგელია, „იბერვიზიის“ შემოქმედებითი ტელეკომპანიის დირექტორი: „ძალიან განვიცდი, რომ საქართველო ორ ნაწილად არის გახლეჩილი, მაგრამ საბედნიეროდ უმეტესობა მხარს უჭერს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე გადამწყვეტ სტადიაში შევიდა. იგი აუცილებლად უნდა დარჩეს სახელმწიფოს მეთაურად და ბოლომდე გაატაროს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა. ყველა სხვა შემთხვევაში საქართველოს სრული ეროვნული კრახი მოელის“.

საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა შევარდნაძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. 1993 წლის 14 სექტემბერი

შევარდნაძე დარჩა, ოღონდ, როგორც მომიტინგეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა, დამატებითი პირობით:

„ორი პირობა იქნება იმისათვის საჭირო, რომ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღო, - განაცხადა შევარდნაძემ, - პირველი, ხვალ შეიკრიბოს პარლამენტი და მიიღოს დადგენილება საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ. მეორე, ხვალ პარლამენტს მოვთხოვ, თუ უნდა, რომ დავრჩე პარლამენტის თავმჯდომარედ — სახელმწიფოს მეთაურად, გამოცხადდეს პარლამენტის სამი თვით შესვენება, სამი თვით დავითხოვოთ იგი და ვიმუშაოთ ერთად საქართველოს საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ“.

ე. შევარდნაძის მხარდამჭერი მიტინგი საქართველოს პარლამენტთან. 1993 წ. 14 სექტემბერი

თუმცა უახლოეს სამ თვეში საქართველოს საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ არაფერი მოხდა. 14 სექტემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთ საქართველოში გამაგრებულმა „კანონიერი ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა 15 სექტემბერს სენაკის აღებით უპასუხეს, ხოლო აფხაზმა სეპარატისტებმა 16 სექტემბერს განაახლეს ომი, რომელიც შეწყვეტილი იყო სოჭის 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე. თბილისში ბევრმა იფიქრა, რომ „ზვიადისტები“ და სეპარატისტები შეთანხმებით მოქმედებდნენ, რაც ასე არ იყო და რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფდა თვითონ სეპარატისტების ლიდერი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადისლავ არძინბა მოგონებების წიგნში „ჩემი ცხოვრება“. არძინბას მიხედვით, ომი განახლდა იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ 10-15 დღის ვადაში არ გაიყვანა ჯარი კონფლიქტის ზონიდან და არ დააბრუნა სოხუმში ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც 1992 წლის 14 აგვისტომდე მოქმედებდნენ და კიდევ:

„სოჭის შეთანხმების შეუსრულებლობამ არსებითად შექმნა პიკური ვითარება, რასაც რუსული მხარის წარმომადგენლებიც აღიარებდნენ. განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამდა არსებულ ვითარებას ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონის მოსახლეობა, რომელიც მოკლებული იყო ელექტროენერგიას, საწვავს, მედიკამენტებს, საკვებსა და გარე სამყაროსთან კავშირს. ცეცხლის შეწყვეტის პირობებში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. დაკარგეს რა მშვიდობის სწრაფი დამყარების იმედი, აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლობის ბრძანების საწინააღმდეგოდ, პარტიზანულმა ფორმირებებმა გაარღვიეს ბლოკადა, რამაც გამოიწვია საომარი მოქმედებების განახლება სოხუმის ირგვლივ. პარტიზანული ფორმირებების გამოსვლას მხარი ავუბით სოხუმზე შეტევით. აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით საიდუმლოდ შეიმუშავა ქალაქ სოხუმისა და მთელი აფხაზეთის განთავისუფლების გეგმა. მთავარი დამსახურება თავდაცვის მინისტრს ს. სოსნალიევს და გენერალური შტაბის უფროსს ს. დბარს ეკუთვნის“.

1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მის შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების შესახებ“. შეთანხმება ითვალისწინებდა კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა პირველადი ბაზის ტრადიციულ კომპლექსს - ცეცხლის შეწყვეტას, მეომარ მხარეთა დაშორიშორებას, სოხუმისა და სხვა ზონების დემილიტარიზაციას, ომამდელი სახელისუფლებო სტრუქტურების ფუნქციონირების აღდგენას, სამშვიდობო პროცესის მართვისა და მონიტორინგის საკონტროლო მექანიზმების შექმნას ორი ხაზით - დარეგულირების გაერთიანებული სამმხრივი კომისია და დამკვირვებელთა ჯგუფები, გაერო-ს სამხედრო მეთვალყურეთა მისია.
1993 წლის 10 სექტემბრისათვის საქართველოს ხელისუფლებამ დაასრულა სოჭის შეთანხმების სამხედრო მუხლების შესრულება. გაუქმდა გუმისთისა და ოჩამჩირის ფრონტების ქართული ტაქტიკური სექტორები; დაიშალა და განიარაღდა აფხაზეთის დაცვის ღერძული სამხედრო სტრუქტურები - მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე და 24-ე ბრიგადები; სხვა ქართული შენაერთები და ქვედანაყოფები გავიდნენ აფხაზეთიდან და ფოთში, სამტრედიასა და ქუთაისში განლაგდნენ; ჯავშანსატანკო ტექნიკა და მძიმე შეიარაღება (ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო სისტემები, საზენიტო დანადგარები) გაიტანეს დანარჩენ საქართველოში (ძირითადად რუსული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებით; გუმისთის ფრონტის რამდენიმეკილომეტრიან ზოლში მხოლოდ 2 ქართული სამეთვალყურეო პუნქტი დატოვეს, ხოლო აღმოსავლეთის ფრონტის დემილიტარიზებულ ზონაში მთლიანად რუსები ჩადგნენ. დამკვირვებლის სტატუსით აღჭურვილი რუსი ოფიცრები ტანკების ქვემეხებიდან და საარტილერიო სისტემებიდან საკეტებს ხსნიდნენ, ტომრებში აწყობდნენ, ლუქავდნენ და გაურკვეველი მიმართულებით გაჰქონდათ.

იერიში

1993 წლის 16 სექტემბრის გამთენიისას, დილის ოთხ საათზე, სეპარატისტების აღმოსავლეთის ფრონტის ფორმირებებმა მართლაც განავითარეს მოულოდნელი შეტევა ოჩამჩირის რაიონში არაკიჩი-ათარას ზონიდან ახალდაბა-აძიუბჟას მიმართულებით, ხოლო ამავე დღეს 13.00 საათზე დაიწყო შეტევა გუმისთის სადემარკაციო ხაზზე სოხუმის მიმართულებით. აფხაზურმა მხარემ, რუსეთთან შეთანხმებით, ღიად დაარღვია სოჭის შეთანხმება და მიჰყვა იმ გეგმის შესრულებას, რომელიც არა აფხაზების შტაბმა (როგორც არძინბა წერს თავის მოგონებებში), არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ოპერატიულმა სამმართველომ შეიმუშავა (როგორც აღწერს აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ნაშრომში „აფხაზეთის, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“).

სოხუმის აღების გეგმა ოთხი პუნქტისაგან შედგებოდა:

  • ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის ავტოტრასის ხელში ჩაგდება
  • ოჩამჩირეში საზღვაო დესანტის გადასხმა ტამიშთან და ტყვარჩელის დაჯგუფებასთან მისი შეერთება
  • პარალელურად გუმისთიდან შეტევის განხორციელება და სოხუმის ირგვლივ სტრატეგიული სიმაღლეების ხელში ჩაგდება
  • საბოლოო ჯამში, სოხუმის რკალში მოქცევა და აღება

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, გეგმა მიზნად ისახავდა საომარი მოქმედებების თეატრის დაყოფას ორ საოპერაციო ზონად, რომელთაგან ერთში (გუმისთის ფრონტზე) უნდა განხორციელებულიყო მთავარი დარტყმა, ხოლო მეორეს (ოჩამჩირის ფრონტზე) ქართული მხარის ტაქტიკური დეზორიენტაციის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.

საქართველოს პარლამენტს უკვე მიღებული ჰქონდა (1993 წ. 27 აპრილი) დადგენილება „აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის საჯარისო ნაწილების გაყვანის თაობაზე“, რომელსაც საფუძვლად ედო სამი ფაქტორი:

1. რუსეთის მიერ მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევა;

2. რუსეთის ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა;

3. რუსეთის ჯარების კონტინგენტის აქტიური მონაწილეობა საომარ მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ.

სწორედ რუსი სამხედროების მონაწილეობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი სოხუმის დაცემაში. ჯაბა იოსელიანი „სამ განზომილებაში“ ასე იხსენებს რუსი არტილერისტების მოქმედებას:

„დაიწყო მაჭარკის ხიდის და მის ირგვლივ მყოფი სახლების დაბომბვა „ჰაუბიცებითა“ და 120-იანი ყუმბარმტყორცნებით ისე პროფესიულად გვბომბავდნენ, რომ შედარებაც კი გამახსენდა - ყბადაღებული „კვადრატნოი გნეზდოვოი სპოსობი“, რითაც ხრუშჩოვი საბჭოთა სოფლის მეურნეობის აყვავებას ჰპირდებოდა ხალხს. მართლაცდა, კვადრატულად, ჭადრაკისებური წყობით ცვიოდა ჭურვები: „იმდენი მაგათ რა ვუთხარი, რაც ესენი აფხაზების არტილერისტები არ იყვნენ“, - ამბობს ვიღაცა ჩემს გვერდით. <…>სოხუმი იბომბება ყოველი მხრიდან - გემებიდან, ქალაქს მომდგარი არტილერიით და, რაც ყველაზე სახიფათოა, 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით, რომელთა სიმძლავრე, სიზუსტე და მანევრირების უნარი დამანგრეველია”.

ჯაბა იოსელიანი

აფხაზეთის ომში, რუსი არტილერისტების გარდა, ასევე მონაწილეობდა: რუსული ავიაცია, საზღვაო ფლოტი და სადესანტო ნაწილები, რომელთა აქტივობები ჯერ კიდევ სოჭის შეთანხმების გაფორმებამდე, შეუმჩნეველი არ რჩებოდა ქართული მხარისთვის.

  • 1993 წლის 20 თებერვალს რუსულმა სუ-25-მა დაბომბა სოხუმი. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პაველ გრაჩოვმა აღიარა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა იყო სამაგიეროს გადახდა იმის გამო, რომ ქართველებმა მდინარე გუმისთასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კვლევითი ცენტრი და სამხედრო ბაზა დაბომბეს.
  • 21 ივლისს რუსეთის ავიაციამ და ფლოტმა სოხუმი და სოფელ დრანდის რკინიგზის სადგური დაბომბეს.
  • 23 ივლისს ტყვარჩელის დაჯგუფების რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა ტამიშსა და ლაბრაზე იერიში მიიტანეს.
  • 24 ივლისს რუსეთის ავიაციამ და არტილერიამ სოხუმის საცხოვრებელი კვარტლები, განსაკუთრებით ახალი რაიონი და თამარ მეფის (ყოფილი ჭანბას) ქუჩა სასტიკად დაბომბეს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ შევარდნაძემ საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, პაველ გრაჩოვთან შეხვედრა მოითხოვა. ამ დროს გრაჩოვს ხელები უკვე დაბანილი ჰქონდა 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, არც აფხაზურ და არც ქართულ მხარეს არ სურს მშვიდობაო. თუმცა შეხვედრა მაინც შედგა. 21 სექტემბერს ადლერში ქართულმა მხარემ მოითხოვა რუსეთის მიერ სოჭის შეთანხმებით ნაკისრი მთავარი საგარანტიო ვალდებულების შესრულება: აფხაზური მხარის შეტევის ძალისმიერი ბლოკირება ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო ნეიტრალიტეტის დაცვა. პასუხად გრაჩოვმა განაცხადა, რომ თბილისს აფხაზეთის პრობლემას მოუხსნიდა ორი სრულფასოვანი დივიზიის შეყვანით. რუსული მხარის პროექტით გათვალისწინებული იყო დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის ჩათვლით) ორი რუსული დივიზიის, დაახლოებით 30-ათასიანი სამხედრო კონტინგენტის, შეყვანის პირობები, ხოლო გეგმა-რუკა აღწერდა მათი ტრანსპორტირებისა და დისლოკაციის ადგილებს, მათ შორის აზერბაიჯანის მიმართულებითაც.

პაველ გრაჩოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, 1992 წ.

ქართულმა დელეგაციამ (ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ირაკლი ბათიაშვილი) ჩათვალა, რომ შეთავაზება შეიცავდა საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპაციისა და შესაძლო ფაქტობრივი ანექსიის პერსპექტივას, სანაცვლოდ კი იღებდა, უკეთეს შემთხვევაში, გუმისთისა და ოჩამჩირის ფრონტებზე ომის უვადო დაკონსერვებას და არა კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებას. შესაბამისად, ადლერის შეხვედრაზე რუსულ-სეპარატისტულ ბლოკთან მისაღები კომპრომისი ვერ მოიძებნა, ქართულმა მხარემ გრაჩოვის პროექტზე უარი თქვა და მოლაპარაკებაც არსებითად ჩაიშალა.

ადლერის შეხვედრის ჩაშლას კმაყოფილი შეხვდნენ გუდაუთაში. ვლადისლავ არძინბას მოგონებების მიხედვით, გრაჩოვის გეგმა მასთან უკვე შეთანხმებული იყო:

„ეს გეგმა ქმნიდა სერიოზულ საფრთხეს, რომ ომს მიეღო პერმანენტული ხასიათი. გარკვეული მიზეზების გამო, მაშინ „არას“ თქმა არ შემეძლო. იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, ბატონმა შევარდნაძემ კატეგორიულად გააპროტესტა რუსული შენაერთების აფხაზეთში შესვლა, ქართული და აფხაზური ჯარების დაშორიშორება და ამით დაგვეხმარა სოხუმის აღებაში“.

ვლადისლავ არძინბა, ბორის ელცინი, ედუარდ შევარდნაძე. 1992 წ. მოსკოვი

სოხუმის აღება, რაზეც არძინბა ლაპარაკობს თავის მოგონებებში, დროის საკითხიღა იყო, რადგან ვერც გუმისთის ფრონტზე, ვერც ბაბუშარის აეროპორტის სექტორში და ვერც აღმოსავლეთის ფრონტზე, 27 ივლისის შეთანხმებით მოტყუებულმა და დეზორიენტირებულმა ქართულმა მხარემ ვერ შეძლო შეთანხმებამდე არსებული სამხედრო ტექნიკური სტრუქტურის აღდგენა. მოვლენები ასე განვითარდა:

17 სექტემბერი - რუსეთის არმიის სპეცნაწილების აქტიური მხარდაჭერით მოწინააღმდეგის ფორმირებებმა გადმოლახეს მდინარე გუმისთა, დაამყარეს კონტროლი ორივე ხიდზე და სოფელ აჩადარის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დაიკავეს.

19 სექტემბერი - საღამოს რუსულ-აფხაზურ-კონფედერატული კოალიციის ძალებმა დაიკავეს აჩადარა და საავტომობილო ხიდით ფრონტის ხაზზე დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გადმოიყვანეს.

20 სექტემბერი - საღამოს ბრძოლები თვით ქალაქის შესასვლელთან გაჩაღდა.

25 სექტემბერი - სეპარატისტებმა დაიკავეს ე.წ. ძველი დასახლება, ხოლო 26 სექტემბერს ახალი რაიონი და რკინიგზის სადგური დაეცა.

27 სექტემბრი - დილით დაიწყო მასირებული შეტევა სოხუმის ცენტრალურ ნაწილზე. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობის დაკავების შემდეგ, იმავე დღის საღამოს მტერი მდინარე კელასურის მარჯვენა ნაპირზე გადავიდა.

28 სექტემბერი - რუსულ-აფხაზურ-კონფედერატული კოალიციის დამრტყმელმა დაჯგუფებამ კელასურის ხიდის აღმოსავლეთით მყოფი ქართული პიკეტი გაარღვია და გულრიფშის რაიონში შევიდა.

29 სექტემბერი - სოხუმის აეროპორტი (ბაბუშარა) დაეცა და მტერი მდინარე კოდორზე გავიდა. 29-30 სექტემბერს მოწინააღმდეგის ფორმირებებმა აღმოსავლეთის ფრონტზე ერთიმეორის მიყოლებით, ფაქტობრივად უბრძოლველად დაიკავეს ოჩამჩირე, გალი და გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურის ხიდზე გავიდნენ.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი თომას გოლცი წიგნში „საქართველო - ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში“ აღწერს გულისშემძვრელ სურათს, როგორ ცდილობდა სოხუმის სასოწარკვეთილი მოსახლეობა თავი დაეღწია გარდაუვალი სიკვდილისთვის:

ტომას გოლცი, ამერიკელი ჟურნალისტი

„ნავმისადგომებთან ათასობით ხალხი შეგროვდა. ებღაუჭებოდნენ ნავებს, ერთდროულად ცდილობდნენ ჩასხდომას, რათა დროზე გასცლოდნენ აქაურობას. ისინი ყველანი ლტოლვილები იყვნენ, ლტოლვილები საკუთარ ქვეყანაში. ვიღაცამ ბორნიდან თოკი გადმოაგდო და ხალხმაც მაშინვე დაიწყო ჩხუბი, თუ ვინ ავიდოდა პირველი. არანაირი წესრიგი აქ არ იყო. ძლიერს უნდა გაემარჯვა. ახალგაზრდა კაცმა ხელი ჰკრა მოხუც ქალს და ტალღებში გადააგდო. შემდეგ მაიმუნივით აძვრა ბაგირისგან დაწნულ კიბეზე. <...> კრეისერს სახელად “კონსტანტინ ოლჩანსკი” ერქვა. თავიდან რუსული მეგონა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, უკრაინული ხომალდი ყოფილა. მიახლოებისას საზღვაო კარი გაგვიხსნეს და საბორნე გასასვლელს ბაგირები ჩააბეს. ყველას ეჩქარებოდა კრეისერზე გადასვლა. პირველები უნდოდათ ყოფილიყვნენ. ერთადერთი საგმირო შემთხვევა, რასაც შევესწარი, ის იყო, როცა ერთმა ყმაწვილმა საკუთარი დედა და და გემბანზე ამოიყვანა, შემდეგ მიმოიხედა და უეცრად წყალში გადაეშვა. იგი ცურვით ბრუნდებოდა საბრძოლველად. <…> გემბანზე დარჩენილი დედა განწირული ხმით გაჰკიოდა. შემდეგ მას გული წაუვიდა. ყველგან ქაოსი და უწესრიგობა სუფევდა: მუჯლუგუნები, ხელის კვრა, ჩაბღაუჭება, ფეხების კვრა, გაწევ-გამოწევა, ჩხუბი. კრეისერის კაპიტანმა ჯერ მეგაფონით სცადა წესრიგის აღდგენა, შემდეგ იარაღი ამოიღო და ქვეშევრდომს უბრძანა, მიეღოთ სათანადო ზომები ხალხის დასაშოშმინებლად. იყო დალურჯებისა და ძვლების ჩამსხვრევის რამდენიმე შემთხვევაც”.

აფხაზეთი, 1993 წლის სექტემბერი

დაცემის შემდეგ...

28 სექტემბერს თბილისში თვითმფრინავით დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, საქართველოს განუყოფელი ნაწილი, აფხაზეთი ოკუპირებულიაო:

„სოხუმის დაკარგვა უდიდესი მორალური, პოლიტიკური და აუნაზღაურებელი დანაკლისია დღევანდელი საქართველოსთვის. მე ვამბობ დღევანდელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ხვალ სოხუმი უნდა დავიბრუნოთ. გუშინ, 27 სექტემბერს, მე ჩემს გამოთქმებსა და შეფასებებში პირველად ვიხმარე სიტყვა „ოკუპაცია“, „ოკუპირებული ტერიტორია“ დღესაც ამას ვადასტურებ. აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარზე მეტი ოკუპირებულია, ჩემს განცხადებაში გავიხსენე რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და აჭარაში თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. სულ მეშინოდა, რომ მოხდებოდა უარესი, მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია: სოხუმის აღების გეგმა დამუშავებულია რუსეთის შტაბებში. გენერალური შტაბის უფროსს კოლესნიკოვს არც დაუმალავს, თარიღიც კი დაასახელა“.

აფხაზი სეპარატისტების დროშა სოხუმში

28 სექტემბერსვე განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც სოხუმის დაცემის მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რომ ოჩამჩირის რაიონში თავმოყრილმა სამხედრო ფორმირებებმა არ განახორციელეს მასშტაბური შეტევა მდინარე კოდორზე და დროულად ვერ მიეშველნენ ალყაშემორტყმულ ქალაქს.

„თუ რამ განაპირობა ოჩამჩირის დაჯგუფების მოუქნელი მოქმედება, ამაზე სწორ პასუხს უახლოესი მომავალი გასცემს. დღეისათვის კი, შეიძლება ითქვას, აქ იყო ღალატიც, უგერგილობაც, უპასუხისმგებლობაც და ლაჩრობაც. მაგრამ ყველას ერთი საზომით ვერ გავზომავთ. <...>ერთი წუთითაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ქართველი ხალხი ყველას დამსახურებისამებრ მიუზღავს. მოღალატე მოღალატის წილს მიიღებს, ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას”, - წერდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.

სოხუმის აღებას თან ახლდა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები - როგორც ბრძოლების დროს, ისე მათ შემდეგ. დამკვირვებელთა მრავალრიცხოვან დოკუმენტებში ჰპოვა ასახვა იმ ქართული მოსახლეობის მკვლელობების, გაუპატიურებებისა თუ ძარცვის ფაქტებმა, რომელმაც ან ვერ გაასწრო, ან გადაწყვიტა ქალაქში დარჩენილიყო. Human Rights Watch-ის მონაცემებით, 250 ათასამდე ქართველი იძულებული გახდა, სოხუმისთვის ბრძოლების დასრულების შემდეგ გაქცეულიყო აფხაზეთიდან. ზოგიერთი ოჯახი გაიყვანეს რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გემებით, მაგრამ დევნილთა უდიდესი ნაწილი სვანეთის უღელტეხილებით შველიდა თავს. მარშრუტი მძიმე იყო. დღისით სიცხე იყო, ღამით კი ყინავდა. ლტოლვილები დაახლოებით ორ კვირას იყვნენ გზაში. ოფიციალური ინფორმაციით, გზაში 500-მდე ადამიანი გაიყინა. სულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების განმავლობაში დაიღუპა 16 ათასი ადამიანი - 10 ათასი ქართველი, 4 ათასი აფხაზი და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რესპუბლიკიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩასული 2 ათასი მებრძოლი.

ჟიული შარტავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის აღების შემდეგ

აფხაზეთის კატასტროფის გამო არათუ სისხლის სამართლის, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არავის დაჰკისრებია. სოხუმიდან დაბრუნებისთანავე ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა და ძალაუფლების განმტკიცების თვისებრივად ახალი პროცესი წამოიწყო: დააფუძნა პარტია „მოქალაქეთა კავშირი“, რითაც დასაყრდენი შეიქმნა პარლამენტში, ოპოზიციის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა დსთ-ში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებით (ადმირალ ბალტინის ეპიზოდი 1993 წლის 4 ნოემბერს ფოთში) გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა 1992 წლის იანვარში დამხობილი კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებულ მომხრეებზე.

"ღმერთი არ გასწირავს საქართველოს!" - ილია II და ედუარდ შევარადნაძე, 1993 წლის 27 სექტემბერი

ედუარდ შევარდნაძის მმართველობა კიდევ ათი წელი, 2003 წლის ბოლომდე გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, ყველა კრიტიკულ მომენტში (გარდა სულ ბოლო ეპიზოდისა, 2003 წლის 22 ნოემბერს) მას გვერდში ედგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ლოცვა-კურთხევა და ღია მხარდაჭერა ასე საჭირო ლეგიტიმაციას სძენდა სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსულ და ომში დამარცხებულ ლიდერს.

აფხაზეთის ომში დამარცხებულ შევარდნაძეს ბოლომდე უერთგულა კომკავშირის პრემიის ლაურეატმა პოეტმაც, თუმცა მცირედ ზედმეტიც მოუვიდა, როცა პათეტიკურად შეჰღაღადა, დიაღ, სამშობლო შენი ღირსიაო.