ამომრჩეველი მეორე ტურზე: ვინ და რატომ გააქტიურდება?

არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატთა შორის 1%-იანი სხვაობის გათვალისწინებით, დიდი იმედები მყარდება პირველ ტურში მიუსვლელი, ე.წ. „სახლში დარჩენილი“, ამომრჩევლების (53.26%) გააქტიურებაზე. ბოლო წლების არჩევნების მაჩვენებლების მიხედვით, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მოელის, რომ არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა მაქსიმუმ 15 %-ით გაიზარდოს. რომელი პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი და რატომ დარჩა სახლში? როგორია გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ შანსები არჩევნების მეორე ტურში? ბოლო წლების არჩევნების ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46.74 % შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს ურნებამდე არ მივიდა ელექტორატის 53.26 %.

ვინ და რატომ არ მივიდა არჩევნებზე?

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო, ანუ სახლში დარჩა, ამომრჩეველთა რამდენიმე კატეგორია და ქვეკატეგორია:

  • ზოგადად პოლიტიკის მიმართ გულგრილი ამომრჩეველი;
  • „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული ამომრჩეველი;
  • „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას;
  • ამომრჩეველი, რომელიც მხარს უჭერს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მისი გამარჯვების იმედი არ ჰქონდა.

რამდენი დაემატება მეორე ტურს?

ბოლო წლების სხვადასხვა დონის არჩევნებზე გამოვლენილი აქტივობის მიხედვით, რაც არ აღემატებოდა 65 %-ს, იაგო კაჭკაჭიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა, შესაძლოა, მაქსიმუმ 15 %-ით გაიზარდოს. სოციოლოგი მოელის, რომ გააქტიურებულთა შორის მნიშვნელოვანი იქნება იმ ამომრჩეველთა ხვედრითი წილი, ვინც პირველი ტურის შედეგების მიხედვით დაინახა:

  • რომ ხალხის ხმა გადამწყვეტია და შესაძლებელია, რომ უძლეველის იმიჯის მქონე „ქართული ოცნებაც“ დამარცხდეს;
  • რომ შესაძლოა, სწორედ ახლა მწიფდება ცვლილებები, რომლებიც უკეთესობისკენ შეცვლის ვითარებას.
ასევე ნახეთ გადამწყვეტი 10 % მეორე ტურში - ვინ ვის ხმას წაიღებს?

როგორია გაერთიანებული ოპოზიციის შანსი?

იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ რეალისტურია ოპოზიციის მომხრეთა გააქტიურება არჩევნების მეორე ტურში და სხვადასხვა პარტიის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები სწორედ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, სათვალავზე მოდის. სოციოლოგის აზრით, მნიშვნელოვანია ყოველი პროცენტი და ამ პროცენტების ჯამი. კაჭკაჭიშვილის ვარაუდით, ყულაბაში თავს მოიყრის:

  • „ევროპული საქართველოს“ მიერ პირველ ტურში აღებული თითქმის 11%-ის უდიდესი ნაწილი;
  • „გირჩის“ ამომრჩეველთა ხმები (თუკი ისინი პარტიის ლიდერს მიბაძავენ);
  • „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველთა ნაწილის ხმები;
  • სავარაუდოდ, ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა ხმებიც. მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნათელაშვილს მხარი ოფიციალურად არ დაუჭერია გაერთიანებული ოპოზიციისთვის, მან „ქართული ოცნების“ დასასრულის გარდაუვალ აუცილებლობაზე ილაპარაკა.
დროში ძალიან გაცვდა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელის იმიჯი და ის აღარ მუშაობს...
იაგო კაჭკაჭიშვილი

როგორია „ქართული ოცნების“ შანსი?

იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ, მართალია, „დროში ძალიან გაცვდა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელის იმიჯი და ის აღარ მუშაობს“, „ქართული ოცნება“ მაინც შეძლებს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის სწორედ ამ ნიშნით მიყვანას მეორე ტურზე. სოციოლოგის თქმით, გააქტიურდება ის ამომრჩეველი, რომელიც ლოიალურია „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი და ახლა ეს კატეგორია წავა არჩევნებზე, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება გადაარჩინოს.

  • „თუმცა რამდენად აჭარბებს ამ კატეგორიის ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სათვალავშია, ეს ძნელი სათქმელია. მე ვფიქრობ, რომ არ აჭარბებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იაგო კაჭკაჭიშვილმა.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე მივა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერი ამომრჩეველი, რომელიც პირველი ტურის დროს სახლში დარჩა. თუმცა ამ ეტაპზე მორალური უპირატესობით ოპოზიცია სარგებლობს, თანაც, მაქსიმალური გააქტიურების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურამდე გაუჭირდება, რომ გაბრაზებული ამომრჩეველი შეირიგოს.​

„ყველაზე სწორი, რაც შეიძლება, რომ მეორე ტურისთვის გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, არის ის, რომ არ შეეცადოს ამომრჩეველთა ნებით მანიპულირებას... ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალიან მშვიდად და რისი გამოსწორებაც უნდა „ქართულ ოცნებას“, ამისი დრო მას არჩევნების მერეც ექნება, 2020 წლამდე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ცუცქირიძემ.