სოციალური მუშაკები სერვის ცენტრების დეზინფექციას ითხოვენ

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ჯანდაცვის სამინისტროსგან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრის დეზინფექციას ითხოვს. 11 მარტს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სერვის ცენტრებში, სადაც სოციალური მუშაკები მუშაობენ და მოქალაქეებს უწევენ დახმარებას, ამ დრომდე არ ჩატარებულა სადეზინფექციო სამუშაოები და არ არის დამონტაჟებული ხელის სადეზინფექციო სითხეები, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პირობებში მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ, რომ დეზინფექცია ამ დრომდე არ ჩატარებულა და არც სადეზინფექციო სითხეებით აღჭურვილა სერვის-ცენტრები და ხსნიან, რომ ამის საჭიროება ამ დრომდე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლევან გოგოძე ამბობს, რომ სააგენტო სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს და ამ რეკომენდაციების მიხედვით უახლოეს დღეებში სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სერვის ცენტრში ჩატარდება.

" სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაგეგმილია და უახლოეს დღეებში დაიწყება. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელის სადეზინფექციო სამუშაოები იქნება შეძენილი და დამონტაჟებული და მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური მუშაკების სოციალური სააგენტოს თანამშრომლები აღარ არიან, მაგრამ ვინაიდან ისინი ჩვენს შენობაში არიან, შეუძლიათ ჩვენი სითხეებით ისარგებლონ" - უთხრა რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან გოგოძემ.

სოციალური მუშაკები 2019 წლის მიწურულს გამოცხადებული რეორგანიზაციის შემდეგ, რა დროსაც 28 თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაექვემდებარა.

“სოციალურ მუშაკთა გაერთიანების” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროსგან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 71 სერვისცენტრი აქვს, რომლებიც ყოველდღიურად მოქალქეებს ემსახურებიან. მათივე ინფორმაციით, თბილისში არსებულ სერვის ცენტრებში უკვე 2 თვეა არ არიან დამლაგებლები და მუშაობა სერვის ცენტრების თანამშრომლებს მძიმე ჰიგიენურ და სანიტარულ პირობებში უწევთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ, რომ სერვის ცენტრებში დამლაგებლების და ჰიგიენური საშუალებების არარსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და თუკი ეს ამბავი მართალი აღმოჩნდება, ყველაფერს გააკეთებენ ამ საკითხის მოსაგვარებლად. სოციალური მუშაკების თქმით, დასუფთავების პრობლემები ამ სერვისის შესასყიდად გამოსაცხადებელ ტენდერს უკავშირდება.