- რატომ იზრდება ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა?
- როგორ შეიძლება, სახელმწიფო სუბსიდიაზე უფრო ნაკლები ადამიანი იყოს დამოკიდებული და რას აკეთებს ამისთვის ხელისუფლება?
- რა რისკებთან არის მთავრობის ახალი პროგრამა დაკავშირებული?
მზარდი სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 51%-ით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა, - როგორც სამინისტრო უწოდებს, საარსებო შემწეობის მიმღებთა, - რაოდენობა:
თუკი 2012 წელს ყოველთვიურად საშუალოდ 435 961 ადამიანი იღებდა სახელმწიფოსგან შემწეობას, 2022 წლისთვის ეს რიცხვი 659 005-მდე გაიზარდა.
მასშტაბის წარმოსადგენად - ეს უკანასკნელი რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე იმერეთისა და გურიის მოსახლეობა ერთად.
ეს დიაგრამაც უჩვენებს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თვალშისაცემად 2020 წლიდან გაიზარდა, ანუ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს კორონავირუსის პანდემიამ შეუტია.
პანდემიისა და მისი გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული ეროვნული თუ საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს რეცესიაში შევიდა - ეკონომიკურმა ზრდამ უარყოფითი 6.8% შეადგინა. ათიათასობით დასაქმებულმა დაკარგა სამუშაო ადგილი და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
სტატისტიკის ზრდა - მორატორიუმის გამო
პანდემიის მძიმე ეფექტებთან საბრძოლველად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტრომ, - სოციალური მომსახურების სააგენტომ, - დააწესა მორატორიუმი სოციალური სარეიტინგო ქულების გადახედვაზე.
სარეიტინგო ქულები განსაზღვრავს, უნდა მიიღოს თუ არა ამა თუ იმ თვეში ოჯახმა/პირმა საარსებო შემწეობა, და თუ რა ოდენობის უნდა იყოს ეს შემწეობა. ამ ქულების მინიჭება ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტის შემდეგ ხდება, აგენტისათვის ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მკაცრად დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ.
ჩვეულებრივ, მორატორიუმამდე, სოციალური სააგენტო გარკვეული სიხშირით ამოწმებდა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და პირებს. თუკი გადამოწმების შედეგად აღმოჩნდებოდა, რომ სარეიტინგო ქულები გარკვეულ ზღვარს სცდებოდა, ოჯახსა თუ პირს სოციალური დახმარება ეხსნებოდა.
ასევე ნახეთ ოჯახების შემოსავლები 2014 წელთან შედარებით შემცირებულია - რას უჩვენებს გამოთვლებიმორატორიუმის ფარგლებში ეს პროცესი შეჩერდა. პარალელურად სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებდა, მოთხოვნებზე პასუხად, ახალი ოჯახებისა და პირების რეგისტრირებას სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მათთვის ქულების მინიჭებას. სტატისტიკის ზრდა დიდწილად სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია.
სწორედ ამიტომაც, 2022 წლის ყოველთვიური მონაცემებიც, ძირითადად, მზარდია - რიცხვი იანვრიდან აგვისტომდე იზრდებოდა, სექტემბერ-ოქტომბერში ოდნავ შემცირდა, ნოემბრიდან კი კვლავ გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის თებერვალში მიაღწია - 672,209 ადამიანი.
ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, წლების განმავლობაში იზრდებოდა სოციალური შემწეობის საერთო მოცულობაც. თუკი 2012 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 135 მილიონი ლარი გამოიყო, 2022 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 620 მილიონ ლარს გადააჭარბა (ამის მიზეზი, რაოდენობის ზრდასთან ერთად, დახმარების ზრდაცაა).
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა
მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია „იდენტიფიცირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია“.
თუმცა გაზრდილი სტატისტიკა მიუთითებს, რომ მხოლოდ ეს შემწეობა, სხვა ხელშემწყობი გარემოებების გარეშე, ამ მიზანს ვერ აღწევს. დახმარების მოცულობა ადამიანზე 30-დან 60 ლარამდეა, რაც ცხადია, სიღარიბეს მას ვერ დააძლევინებს. ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის თანახმად, მთავრობის მიერ საარჩევნო პერიოდში სოციალურ პროგრამებზე გახშირებული საუბარი და სოციალურ დახმარებებზე გაზრდილი ხარჯები, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მნიშვნელოვან საშუალებად არის მიჩნეული.
სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის ზრდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობის გამო, სპეციალისტების ნაწილი საქართველოს სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და მთავრობას წლების განმავლობაში სხვადასხვა არგუმენტით აკრიტიკებდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 24 ნოემბერს გამოაცხადა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა სოციალურად დაუცველ ადამიანებს „უმოქმედობისკენ უბიძგებს, რაც ნიშნავს, რომ 600 000 პირიდან ის 200 000, რომელიც არის შრომისუნარიანი, დემოტივირებულია, ლეგალურად დასაქმდეს“.
პრემიერმა დადო პირობა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილებს შექმნიდა. პროგრამა ოფიციალურად 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა და მიზნად 200 000 ადამიანის დასაქმება დაისახა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2023 წლის იანვრის მონაცემებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 2022 წლის განმავლობაში დასაქმდა ჯამში 29 323 სოციალურად დაუცველი პირი.
„უმტკივნეულო გამოსვლა“
საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამამ გარკვეულწილად სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსახლეობის რაოდენობაზე გავლენის მოხდენის ფუნქცია შეითავსა. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 23 სექტემბერს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ:
„სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა [სოციალური ქულების გადამოწმებაზე] გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა“.
პროგრამის პირობების თანახმად, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ამ სამუშაოს გააფორმალურებენ, - ანუ ლეგალიზაციას მოახდენენ, - ან თუკი უბრალოდ ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას და, დამატებით, გაწეულ შრომაში ყოველთვიურად 300 ლარს დაუმატებენ. მათი ქულები კი მხოლოდ 4 წლის შემდეგ გადაიხედება.
ის პროგრამის ჩაშვებისას, 2022 წლის თებერვალშიც ამბობდა, რომ „ეს მიდგომა სამართლიანია და არავის ექნება პრეტენზია, თუ რატომ გადამოწმდა და რომ აღარ უნდა იყოს ამ სიაში“.
2023 წლის თებერვლის მონაცემებით, სოციალურ შემწეობას 672,209 ადამიანი იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტომ დეკემბერში სტატისტიკის წარმოების წესიც შეცვალა და ახლა მიუთითებს, რომ 520,527 საარსებო შემწეობის მიმღებია, დანარჩენი 151 682 პირი კი არის ისეთი, რომელსაც „დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი“.
შესაბამისად, 1 მარტს მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ, გადაამოწმებენ 520 527 ადამიანს.
რადიო თავისუფლებას სოციალური მომსახურების სააგენტოში წყარომ უთხრა, რომ ბოლო პერიოდში სარეიტინგო ქულების გადამოწმების პროცესი გააქტიურებულია, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში შემწეობის მიმღებთა რაოდენობის თანდათანობით შემცირებას გამოიწვევს.
თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადამიანების ერთდროულად გადამოწმება არც იგეგმება, ვერც მოხდება და გადამოწმებები ჩვეულებრივ მინისტრის ბრძანების საფუძველზე ტარდება.
რაც შეეხება სტატისტიკაში მოცემულ 151 682 პირს, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება - მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა დასაქმების პროგრამა, ნაწილი ამჟამად გადის, ნაწილს მზაობა აქვს გამოხატული და მომავალში გაივლის, ნაწილმა არაფორმალური შრომის ფორმალიზებაზე გააკეთა განაცხადი, ნაწილმა პროფესიული გადამზადება მოინდომა და ნაწილი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.
„აბსოლუტურად უფუნქციო ვაკანსიები“ - როგორ მუშაობს პროგრამა?
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ამოქმედების ერთი წლის თავზე არსებობს კითხვები მისი ეფექტიანობის შესახებ.
პარლამენტის წევრი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან, „საქართველოსთვის“, ეკონომისტი ბექა ლილუაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მართალია, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიზანი კეთილშობილურია, მისი „განხორციელება არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება კარგი მიზნის სახელმწიფო პროგრამის ძალიან ცუდად განხორციელება იმგვარად, რომ საფრთხე დაემუქროს ამ მიზნის შესრულებას“.
ლილუაშვილმა გასულ შემოდგომაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მასში ჩართული პირების დასაქმების ადგილების შესახებ და შემდეგ მინისტრი აზარაშვილიც დაიბარა პარლამენტში ინტერპელაციისათვის. ის ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტების სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შექმნეს „აბსოლუტურად უფუნქციო ვაკანსიები“ მაშინ, როდესაც იქ უკვე არსებობდა შტატების არასაჭირო სიმრავლე.
მაგალითად, ლილუაშვილი, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, გვეუბნება, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას სკოლაში, სადაც 23 მასწავლებელი და 73 მოსწავლეა, დაასაქმეს დამატებით:
- 5 დამლაგებელი,
- 2 დარაჯი,
- 2 მეეზოვე,
- ნარგავების მომვლელი,
- სამეურნეო მუშაკი,
- ბიბლიოთეკარის დამხმარე
ლილუაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასაქმების სტატისტიკის ნაწილი ასე გამოიყურებოდა:
- 3886 სასაფლაოს მომვლელი
- 7119 მეეზოვე
- 3216 დამლაგებელი
- 856 დარაჯი
- 1766 დამხმარე/მომვლელი
კიდევ ერთი მაგალითი მესტიას ეხება, სადაც სულ 9600 ადამიანი ცხოვრობს. ლილუაშვილი ამბობს, რომ „მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურზე, სადაც 500-მდე ადამიანი უკვე იყო დასაქმებული, აუდიტი 2022 წელს წერდა, რომ ადამიანები ფუნქციებს ვერ ნახულობდნენ“. ასეთ სამსახურს პროგრამის ფარგლებში დაემატა 966 ადამიანი, მათ შორის:
- 19 ავზის გამწმენდი
- 404 მეეზოვე
- 221 სასაფლაოს მომვლელი
- 313 საცალფეხო ბილიკების და გზის საფარის შემკეთებელი
- 9 ტურისტული და სარეინჯერო ბილიკების მოწესრიგებისა და მათი აღდგენის, სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მონიტორი.
„ჩვენი შეხედულებით, პროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი არის სრულიად უფუნქციო პარტიული აქტივი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაასაქმა“, - გვეუბნება ბექა ლილუაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დასაქმების პროგრამის მიზანი სოციალური მდგომარეობის შესახებ მაჩვენებლების ხელოვნური მანიპულაციაა:
4 წლის შემდეგ, პროგრამაში მონაწილე ადამიანები, მისი შეხედულებით, „კვლავ მოწყვლადები დარჩებიან, რადგან მილიონობით ლარი დღეს იხარჯება არა მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, - ტექნიკურ განათლებაზე, უნარების გამომუშავებაზე, - არამედ სოციალურ დახმარებაში, რაც, გრძელვადიან და ფართო პერსპექტივაში, მდგრადი არ არის“.
როდესაც ეს პერიოდი გაივლის, „ოცნებას“ მოუწევს გაახანგრძლივოს ვადა და ბენეფიციარები კვლავ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მიბმული დატოვოსო, ფიქრობს ლილუაშვილი და დასძენს: „სხვანაირად ვერ მოიქცევა პოლიტიკური პოპულიზმიდან და, ასევე, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე“.
ასევე ნახეთ სიღარიბის დინამიკა: სად და როდის იზრდებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასევე ნახეთ მარტოხელა მოხუცების შემწეობა იკარგება, ასობით ადამიანი განცხადების დაწერას ვერ ახერხებს