სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა". სოფო ხვთისიაშვილი, გაფიცული სოციალური მუშაკი "დილის საუბრებში" განმარტავს:
"სოციალური მუშაობა არ არის ის სპეციალობა, რომელიც ასე უცბად ჩანაცვლებადია. როგორც ვიცით, ისინი არიან ყოფილი პრაქტიკანტები. მათ დაურეკეს და ამ ადამიანებს აქვთ წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორიცაა მშვილებლებზე, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ინფორმაცია".
მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ მისი "პრიორიტეტი და ამოცანაა, ადამიანებს, რომლებმაც უნდა ისარგებლონ და სარგებლობენ ამ პროგრამებით, წყვეტა არ ჰქონდეთ. ეს იქნება სრულყოფილი მომსახურება". სოციალური მუშაკების უკმაყოფილების და მიმდინარე გაფიცვის საფუძველი კი სწორედ ის არის, რომ ისინი ვერ ახერხებენ სრულფასოვნად მოემსახურონ ბენეფიციარებს იმ პირობებში, როგორშიც უწევთ საქმიანობა. მათ ჩათვალეს, რომ მინისტრის მიერ შეთავაზებული გეგმა "რეალურად პრობლემებს არ ცვლიდა" და საბოლოოდ მიიღეს გაფიცვის გადაწყვეტილება:
"იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება ტრანსპორტი, შესწავლა არ სჭირდება. იმას, რომ ყველა სერვისცენტრს სჭირდება კონფიდენციური გასაუბრების ოთახი, შესწავლა არ სჭირდება. ის, რომ ფსიქოლოგები უნდა დაემატოს ყველა სერვისცენტრს და ძალადობაგანცდილი ბავშვი 7 თვე ვერ დაელოდება ფსიქოლოგის დახმარებას, ამას შესწავლა არ სჭირდება",
- ამბობს სოფო ხვთისიაშვილი. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს 7 ფსიქოლოგი ჰყავს. თბილისს მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ემსახურება. სოციალური მუშაკი გვეუბნება:
"ორი წელი ვიმუშავე და როცა დამჭირვებია, ფსიქოლოგთან ვერც ერთი ბავშვი ვერ გადავამისამართე. როცა დამჭირდა, მითხრეს, რომ 7 თვე ვერ მოემსახურებოდა. ფსიქოლოგების დამატება ყველა სერვისცენტრში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი".
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
"სოციალური მუშაკები წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს აწვდიდნენ ინფორმაციას პრობლემების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები არის უპასუხისმგებლო და წინააღმდეგობრივი. გუშინ შემოთავაზებული კრიზისული მენეჯმენტის გეგმა უპასუხსიმგებლოა - ერთი მხრივ აღიარებ ამ პრობლემებს, მეორე მხრივ ამბობ რომ პრობლემა არ არის. სოციალური მუშაკები წლების განმავლობაში საკუთარი რესურსების ხარჯზე ახერხებდნენ დაეცვათ თავიანთი ბენეფიციარების უფლებები".
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 7 სოციალური მუშაკი მოდის. სოფო ხვთისიაშვილი აღწერს როგორ აისახება ეს სოციალური მუშაკების რეალურ დატვირთვაზე:
"საერთაშორისო სტანდარტით, ერთ სოცმუშაკს უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ 20 შემთხვევა, რადგან ეს არ არის ერთჯერედად შესასრულებელი სამუშაო. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციით, საქართველოში სოციალურ მუშაკს დღეს უნდა ეწერებოდეს 11-12 საქმე თვეში და დღეის მდგომარეობით ეწერებათ 100-150 საქმე. ამ დროს ხომ ეფექტიანობაზე და ხარისხიანობაზე ვერ ვილაპარაკებთ".
რაოდენობრივის გარდა, სოფო ხვთისიაშვილი საქმიანობის არეალის ზრდაზეც ლაპარაკობს:
"წლების განმავლობაში სოციალურ მუშაკებს ეზრდებოდათ სამუშაო არეალი. ისინი ერთი მიმართულებიდან, რაც იყო ბავშვთა კეთილდღეობა, გადავიდნენ 30 მიმართულებაზე და არ ხდება სპეციალიზაცია. როგორ შეიძლება ერთი სოციალური მუშაკი მუშაობდეს ბავშვებთანაც, ხანდაზმულებთანაც, შშმ პირებთანაც, ქალებთანაც, კანონდამრღვევ პირებთანაც? შეუძლებელია ყველა მიმართულებით იმუშაო ხარისხიანად და ეფექტიანად. უნდა მოხდეს სპეციალიზაცია".
სოციალურ მუშაკებს ტრანსპორტის ხარჯის საკუთარი ჯიბიდან გაღებაც უწევთ:
"შემოგვთავაზეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო ბარათი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ წამოვიყვანო მოხუცი ან ბავშვი საზოგადოებრივი ტრანსპორტით? სოციალური მუშაკები 24 საათის განმავლობაში გადიან ბენეფიციართან. ხშირად პატრულს წამოუყვანია სოციალური მუშაკი შემთხვევის ადგილიდან".
"დილის საუბრების" სტუმრები აღნიშნავენ, რომ სოციალურ მუშაკებს ბენეფიციარზე ზრუნვა უწევთ "შიშველი ხელებით, ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ სოციალური მუშაკის რესურსით".
სოფო ხვთისიაშვილი წუხს იმ გარემოზეც, რომელშიც სოციალურ მუშაკს პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაც უწევს:
"არც ერთ სერვისცენტრში არ არის გასაუბრების კონფიდენციური ოთახი. ანუ, როცა, მაგალითად, მოდის მშვილებელი, ან ძალადობის მსხვერპლი ადამიანი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, მან დაძლია შინაგანი ბარიერი, მოვიდა ჩემთან და მე მას ვესაუბრები 20 კაცის თანდასწრებით და მან უნდა მოყვეს სექსუალური ძალადობის, თუ ტრავმული გამოცდილების შესახებ. უნდა მოყვეს უცხო ადამიანებთან ერთად. ეს არის ბენეფიციარის უფლებების დარღვევა და ჩვენი ეთიკის კოდექსის დარღვევა".
სოციალური მუშაკების გაფიცვა გაგრძელდება მანამდე, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები:
"რეალისტები ვართ და 22-ვეს დღესვე ვერ შეასრულებენ, მაგრამ გვაქვს მყისიერი კონკრეტული მოთხოვნები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს".
Your browser doesn’t support HTML5