სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შემცირებული ბიუჯეტით განახლდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლდა, თუმცა ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით არის შემცირებული. ცვლილებებია სოფლების დაფინანსების წესში. მინიმალური თანხა, რომელსაც სოფელი მიიღებს, 5 000 ლარია, მაქსიმალური კი 10 000 - ეს იმ შემთხვევაში, თუკი დასახლებაში 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

Your browser doesn’t support HTML5

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შემცირებული ბიუჯეტით განახლდა

ორწლიანი პაუზის შემდეგ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლდა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირებული ბიუჯეტით. თუ წინა წლებში პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ახლა ეს თანხა 20 მილიონ ლარამდეა შემცირებული. რატომ შემცირდა პროექტის დაფინანსება? ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა ამბობენ, რომ „შესაძლოა მომავალ წლებში დაფინანსება კვლავ გაიზარდოს“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიგი კობიაშვილი გვეუბნება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განახლებულია და ისეთი პრობლემების მოგვარება იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: სასმელი წყალი, სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზებისა და ხიდების მოწესრიგება, გარე განათების, კულტურის ობიექტებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

იმ სოფელში, სადაც 200 ადამიანამდე ცხოვრობს, მიიღებენ 5 ათას ლარს, 400-მდე ადამიანის შემთხვევაში - 6 ათასს, 1000-მდე ადამიანის შემთხვევაში - 8 ათასს, ხოლო იქ, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - 10 ათას ლარს.

თუ რომელი პრობლემა უნდა მოგვარდეს კონკრეტულ სოფელში, ამას სოფლის კრებებზე მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, პროგრამაში ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ თუკი მოსახლეობა საერთო პოზიციაზე ვერ შეჯერდა, შესაძლოა სამინისტრომ თანხა უკან წაიღოს და სოფელი საერთოდ დაფინანსების გარეშე დარჩეს, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გიგი კობიაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება.

საინტერესოა, როგორ განაწილდება თანხა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“. წესი ასეთია: იმ სოფელში, სადაც 200 ადამიანამდე ცხოვრობს, მიიღებენ 5 ათას ლარს, 400-მდე ადამიანის შემთხვევაში - 6 ათასს, 1000-მდე ადამიანის შემთხვევაში - 8 ათასს, ხოლო იქ, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - 10 ათას ლარს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმოქმედებს თანადაფინანსების სისტემა. თუკი რომელიმე სოფელში თანხა არასაკმარისი იქნება, დამატებით ფინანსებს ადგილობრივი მერია გაიღებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა, თუმცა პროგრამით გამოყოფილი თანხის არაეფექტურ ხარჯვაზე მაშინ მუდმივად ლაპარაკობდა ოპოზიცია.

ახლა კახეთის რეგიონში საერთო კრებები მიმდინარეობს, სადაც სოფლის მოსახლეობამ არსებული პრობლემებიდან ერთი უნდა შეარჩიოს. საერთო კრებების ორგანიზების პროცესში მერიის წარმომადგენლებიც არიან ჩართული. სიღნაღის მერს, გიორგი გოგილაშვილს, ვკითხეთ, რამდენად საკმარისი იქნება გამოყოფილი თანხა სოფლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იმ ფონზე, როცა პროგრამის საერთო ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით არის შემცირებული. მერი გიორგი გოგილაშვილი ამბობს, რომ „რაც არის, ისიც კარგი იქნება“.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ აღდგენას დადებითად აფასებს მოსახლეობა. მათ უკვე იციან, თუ რომელი პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ სოფელში არ არის გზა და წყალი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მუშაობდა, თუმცა პროგრამით გამოყოფილი თანხის არაეფექტურ ხარჯვაზე მაშინ მუდმივად ლაპარაკობდა ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილიც. სამუშაოები ზოგჯერ იმდენად უხარისხოდ იყო შესრულებული, რომ მოსახლეობამ სარგებელი ვერ ნახა. მაგალითად, ველისციხეში აშენებულ „ჰიგიენის სახლზე“, იმავე აბანოზე, 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ობიექტს არც ერთი დღე არ უმუშავია. კახეთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, იგივე რომ არ განმეორდეს, ისინი პროგრამის მონიტორინგს დაიწყებენ.