მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ კახეთის რიგ მუნიციპალიტეტებში კოღოს მასობრივად გავრცელების გამო შექმნილ პრობლემებზე მასალა მოამზადა, რეგიონში ღია სივრცეების, მათ შორის წყალსატევებისა და დატბორილი ტერიტორიების შეწამვლა დაიწყო. კოღოს გამრავლება-გავრცელების მთავარ წყაროდ სწორედ ასეთი ადგილები ითვლება. ტერიტორიებს ამუშავებენ „თერმული ნისლით“. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, კახეთის 5 მუნიციპალიტეტში, - სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და ყვარელში, - ჯამში, 10 000 ჰექტარ ფართობს დაამუშავებენ.
ორი დღეა, ქუჩები იწამლება. ჯერჯერობით აღარ შემინიშნავს კოღო.
როგორც ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, განაცხადა, თავდაპირველად სამუშაოები დაიწყო ისეთ სოფლებში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობაა. ასეთად კი სახელდება სოფლები: ჰერეთისკარი, ლელიანი და აფენი. მერი ამბობს, რომ კოღოს წინააღმდეგ წამლობა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე იგეგმება, მათ შორის ქალაქშიც.
“ისეთი ადგილებიდან დავიწყეთ, სადაც პრობლემა მწვავედ დგას. შემდეგ მივყვებით ეტაპობრივად და ყველა სოფელში დავამუშავებთ, მათ შორის დამუშავდება ქალაქის ის უბნებიც, საიდანაც მოსახლეობა მოგვმართავს. კახეთში 11 სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ, რაც ტერიტორიების თერმულ დამუშავებას გულისხმობს. მუშავდება ისეთი ადგილები, სადაც კოღოს გავრცელების კერებია. ველოდებით, რომ აღნიშნული პრობლემა სრულად აღმოიფხვრება”, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
ასევე ნახეთ სოფელს კოღო შეესია - მოსახლეობა მალარიის საფრთხეზე ლაპარაკობს3 ივნისს რადიო თავისუფლებამ სიუჟეტი მოამზადა, სადაც მოსახლეობის ნაწილი მალარიის საფრთხეზე ლაპარაკობდა. რესპონდენტები ამბობდნენ, რომ წელს სამუშაოების ჩატარება დაგვიანდა, რამაც კოღოს მასობრივი გამრავლება გამოიწვია. ისეთი ვითარება შეიქმნა, ადამიანები სახლიდან ღია სივრცეში გასვლას ერიდებოდნენ. ერთ-ერთი, ვინც პრობლემაზე ილაპარაკა, სოფელ საქობოში მცხოვრები მაგდა თავგორაშვილი იყო. ის დღეს ამბობს, რომ მასალის ეთერში გასვლიდან 4 დღეში შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. თავგორაშვილის თქმით, უკვე მეორე დღეა, სოფელში კოღო, ფაქტობრივად, აღარ არის.
დაგვიანებით დაგვიანდა... მე წინა კვირაში კოღოებმა ძალიან შემაწუხეს. სამუშაოები ჩატარდა, რომელიც ჯერჯერობით ეფექტურია...ლევან გურჯიძე
„ორი დღეა, ქუჩები იწამლება. ჯერჯერობით აღარ შემინიშნავს კოღო. წინა წელსაც, რომ შეწამლეს, დაიხოცა. იმედია, წელსაც აღარ გაჩნდება წამლობის შემდეგ“, - ამბობს სოფელ საქობოში მცხოვრები მაგდა თავგორაშვილი.
კოღოს წინააღმდეგ წამლობა დაიწყო ყვარლის ტერიტორიაზეც. სოფელ ბალღოჯიანში მცხოვრები რევაზ გურჯიძე ამბობს, რომ სამუშაოების ჩატარება დაგვიანდა, თუმცა, მისივე სიტყვებით, მოსახლეობა მალარიის გავრცელებას გადაურჩა.
„დაგვიანებით დაგვიანდა... მე წინა კვირაში კოღოებმა ძალიან შემაწუხეს. სამუშაოები ჩატარდა, რომელიც ჯერჯერობით ეფექტურია. სოფელში კოღო თითქმის გაანადგურა. მალარიას, სავარაუდოდ, გადავურჩით. მანამდე კოღო იმდენად გვაწუხებდა, რომ გარეთ ვერ გამოვდიოდით და ვერაფერს ვაკეთებდით“.
დაავადება მალარია ადამიანიდან ადამიანზე კოღო ანოფელესის მეშვეობით გადადის, ეს უკანასკნელი კი რეგიონში ამ დრომდე ბინადრობს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ კოღო ანოფელესი ახლა მალარიის გადამტანი ვერ იქნება, რადგან თავად დაავადების კერა არ არსებობს. მალარიის შემთხვევები კახეთში ბოლოს 2006 წელს გამოვლინდა. 2000 წლამდე მდინარე ალაზანთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფლებში მალარია მწვავე და გადაუჭრელი პრობლემა იყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც, თავის მხრივ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს ეყრდნობა, მსოფლიოში ყოველწლიურად მალარიით ავადდება 200 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის, უმეტესად, აფრიკის კონტინენტზე, სადაც ამ დაავადებისაგან 660 000 ადამიანი იღუპება.