სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების უკან კრემლი პოლიტიკურ მოტივს ხედავს

ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 2018 წლის ივნისი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვის „შეშფოთებაზე“ ილაპარაკა, როცა სომხეთის ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

სერგეი ლავროვი

ლავროვი პოლიტიკურ მოტივს ხედავს სომხეთის ახალი ხელმძღვანელობის ქმედებაში ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც ანტიკორუფციული კამპანიის სამიზნეს წარმოადგენდნენ. ლავროვმაგანცხადება გააკეთა 31 ივლისს, მას მერე, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, ბრალად წაუყენეს 2008 წელს მისი მემკვიდრის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი ჩახშობა. ქოჩარიანი 27 ივლისს დააპატიმრეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოსვლების სისხლში ჩახშობის ბრალდებით. იმავე დღეს ბრალი წაუყენეს იური ხაჩატუროვს, სომეხ მეთაურს კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელსაც რუსეთი მართავს. მასაც, ქოჩარიანის მსგავსად, ბრალად წაუყენეს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა ათი დემონსტრანტის დახოცვასთან კავშირში. ხაჩატუროვიცა და ქოჩარიანიც უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ბოლო დღეების მოვლენები ეწინააღმდეგება სომხეთის ახალი ხელისუფლების ამასწინანდელ განცხადებას, რომ არ იგეგმება პოლიტიკურ საფუძველზე წინამორბედების დევნა“, თქვა ლავროვმა და განმარტა: „მოსკოვი, როგორც მოკავშირე, ყოველთვის დაინტერესებული იყო სომხეთის სტაბილურობით და, შესაბამისად, რაც იქ ახლა ხდება, ჩვენთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს“. ლავროვის სამინისტრომ შეშფოთებით მიმართა სომხეთის ხელისუფალთ და განაცხადა, რომ მოელის მათგან „კონსტრუქციულ“ პასუხს.

რობერტ ქოჩარიანი

ლავროვის ეს კომენტარი კრემლის მხრიდან სომხეთის ახალი ხელისუფლების, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით პირველი საყვედურია მას მერე, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ფაშინიანის ახლახან წამოწყებული კამპანიის ჩარჩოებში, დააპატიმრეს ყოფილი მაღალი რანგის მოხელეები. საქართველოსა და უკრაინის ადრე პოპულარულ მოძრაობათა ლიდერებისგან განსხვავებით, ფაშინიანი აცხადებს, რომ მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს.