სოლიდარობის ნოსტალგია

თავგადასავალთა მაძიებლები (“Les aventuriers”, 1967, საფრანგეთი, რეჟისორი რობერ ენრიკო, მთავარ როლებში: ალენ დელონი, ლინო ვენტურა, ჯოანა შიმკუსი)

2019 წელი ისე მიიწურა, რომ ეს კარგი კაცი, ლინო ვენტურა, დაგვავიწყდა. 14 ივლისს დიდი ფრანგი მსახიობი 100 წლის გახდებოდა. „კარგი კაცით“ ტყუილად არ დავიწყე - არ არსებობს როლი, მათ შორის უარყოფითი (ასეთი ბევრი ითამაშა), ლინო ვენტურას ხასიათი რომ არ გამოჩნდეს. კარგი ხასიათი. არსებითად ესაა კინო - მსახიობი აქ თავის თავს ვერ დამალავს და ვერც ნიღაბს მოირგებს დიდხანს.

2 მამაკაცი და ერთი ქალი - სქემა, რომელიც არაერთხელ გამოუყენებიათ კინოში. განსაკუთრებით ფრანგულ კინოში. ფრანგებისთვის ფრანსუა ტრიუფოს ფილმი „ჟიული და ჯიმი“ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რა თქმა უნდა, რობერ ენრიკო არაა ფრანსუა ტრიუფო, რომელმაც შეძლო ეს სქემა ყველანაირი მელოდრამატულობისგან გაეთავისუფლებინა და ლამის სამყაროს თუ „ახალი ოჯახის“ მოდელი წარმოედგინა „ჟიული და ჯიმში“. მაგრამ კარგმა სცენარმა (ფილმი გადაღებულია ჰოსე ჯოვანის პოპულარული რომანის მიხედვით) და, პირველ რიგში, კარგმა მსახიობებმა „თავგადასავალთა მაძიებლებიც“ გაათავისუფლა პრიმიტიული მელოდრამის შტამპებისგან. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი თაობა ამაში ნამდვილად დარწმუნებული იყო, როცა 60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში მიაწყდა კინოთეატრებს, სადაც „თავგადასავალთა მაძიებლებს“ უჩვენებდნენ. ბევრმა სწორედ ამ ფილმით შეიყვარა ალენ დელონი და ლინო ვენტურა. ჰო, კიდევ, ფრანსუა დე რუბე არ დაგვავიწყდეს - კომპოზიტორი, რომელმაც არაერთი კარგი ფილმისთვის დაწერა მუსიკა, მაგრამ „თავგადასავალთა მაძიებლები“ განსაკუთრებული აღმოჩნდა მის ბიოგრაფიაში. გახსოვთ ლიტიციას „დაკრძალვის“ სცენა? არაჩვეულებრივი მელოდიით, ე.წ. ვოკალისით? ეს ეპიზოდი თავისებური წინასწარმეტყველება აღმოჩნდა - 1975 წლის ნოემბერში დაივინგით გატაცებულმა ფრანსუა დე რუბემ კანარის კუნძულების სანაპიროზე საკმაოდ სახიფათო სიღრმის „დაპყრობა“ გადაწყვიტა, ზღვის ფსკერზე ჟანგბადი გამოელია და 36 წლის ასაკში დაიღუპა.

მზე და ზღვის ფსკერი „თავგადასავალთა მაძიებლების“ სახეა. კიდევ ფორტ ბოიარდია, რომელიც ფილმის გადაღების დროს სრულიად მიტოვებული და უპატრონო იყო. მაგრამ მთავარი, რითიც დღესაც მოგხიბლავთ ეს უპრეტენზიო სურათი, არის ბოლომდე უთქმელობა, საიდუმლო... კი, მეგობრობა აქ თანდათან გადაიზრდება სიყვარულში და ამ პროცესზე დაკვირვება მართლაც სასიამოვნოა, მაგრამ გრძნობების საიდუმლო ფილმის ფინალურ კადრამდე ამოუხსნელი დარჩება. ლინო ვენტურა სწორედ ის არტისტია, რომელიც ამ „ბოლომდე უთქმელით“ ამდიდრებს საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების ფრანგი რეჟისორის, რობერ ენრიკოს, ფილმს.

ლინო ვენტურას ხელოვნების ოპონენტები, როგორც ჩანს, განებივრებულნი ჰოლივუდის კინოვარსკვლავებისთვის დამახასიათებელი გარდასახვის უნარით („ჯოკერი“ და ხოაკინ ფენიქსის თამაში ხომ იხილეთ?), მუდმივად საყვედურობდნენ მსახიობს: „მუდამ ერთნაირია“, „ჟან გაბენს ბაძავს“. სხვათა შორის, თავის დროზე მსგავს შენიშვნებს გამოთქვამდნენ თავად ჟან გაბენის მიმართაც. ერთფეროვნების გამო იწუნებდნენ ანა მანიანის, ჟერარ ფილიპს, ზბიგნევ ციბულსკის... მაგრამ ეს ხომ კინოა! კინო ახლო ხედით გვიჩვენებს მსახიობის სახეს. ეს კი ორმაგ ესთეტიკურ განცდას ბადებს - გმირთან და თავად მსახიობთან, პიროვნებასთან შეხვედრის განცდას. უნიღბო ხელოვნება, ცხადია, განმეორების საშიშროებას ქმნის. მაგრამ განმეორება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც მსახიობი, როგორც პიროვნება, ამოიწურება, გაიყინება, აღარ განვითარდება.

ლინო ვენტურა მაყურებლის წარმოდგენაში დარჩა თავისი მონუმენტური, მონოლითური გმირებით. მაგრამ ეს მონუმენტურობა არასდროს ყოფილა ხელოვნური. ვენტურა არ თამაშობდა მონუმენტურს, ის საერთოდ არ თამაშობდა ეკრანზე. მისი მოქმედება კამერის წინ იმდენად ძუნწია, რომ მისი გმირების ყოველი მოძრაობა, ჟესტი ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ გამომსახველობით საშუალებათა სიძუნწე ანიჭებს მის გმირებს იდუმალებას. კეთილშობილი როლანი „თავგადასავალთა მაძიებლებში“, ლინო ვენტურას გმირი, რომელიც მზად არის თავი გაწიროს მეგობრის ბედნიერებისთვის, გააზრებულად ბოლომდე „დაუხატავი“ სახეა. ეკრანზე მუდამ სიტყვაძუნწი და მუდამ აუღელვებელი ლინო ვენტურა „სიკეთის დემონსტრირებას“ არასდროს ცდილობს. ის უფრო ფიქრობს, ვიდრე მოქმედებს... სადღაც ფილმის ფინალისკენ კი „თავგადასავალთა მაძიებლების“ სამკუთხედის მთავარი გმირი ხდება.

„ძმაკაცობაზე ასეთი კარგი ფილმი არ გადაღებულა!“ - ბევრისგან გამიგია იმ დროს, როცა ჯერ კინოთეატრებში (განსაკუთრებით, ვაკეში, კინო „ყაზბეგში“), შემდეგ კი ტელევიზიით, „ილუზიონში“, რობერ ენრიკოს ამ ფილმს უჩვენებდნენ ხოლმე. ეს ის დროა, როცა ინდივიდუალიზმი ჯერ კიდევ არ იყო პრობლემა და „ადამიანი ადამიანისთვის მგელია!“ ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ჩვენში. სწორედაც, პირიქით. დღეს კი გვეცინება, როცა გვეუბნებიან, რომ „თბილისი იყო ურთიერთობა“, მაგრამ რაღაც ფორმით ხომ, ფაქტია, იყო. და არამარტო თბილისი. აგერ, კირილ სერებრენიკოვის „ზაფხული“ ვნახეთ ამას წინათ, ფილმი ვიქტორ ცოისა და 80-იანი წლების დასაწყისის რუსულ-საბჭოთა როკკულტურაზე. იმხანად, როცა რეჟიმი უკვე პათოლოგიურ ბრეჟნევიზაციას განიცდიდა, ეს ახალგაზრდები - გაჭირვებული, გალოთებული, სასოწარკვეთილი ახალგაზრდები - ერთმანეთს ეხმარებოდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ. სიტყვა „ბაზარი“ და „კონკურენცია“ მათ ენაში ჯერ არ იყო დამკვიდრებული. ამ ხალხს „თავგადასავალთა მაძიებლებიც“ მოეწონებოდა, რა თქმა უნდა.

მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არაა საბჭოთა კავშირის და, მით უმეტეს, ბრეჟნევის მარაზმატული ხანის მონატრება. „თავგადასავალთა მაძიებლებში“, როგორც ჩანს, ხალხმა ის დაინახა, რაზეც ყველა ოცნებობს, ალბათ - სოლიდარობის ნამდვილი ძალა.

„თავგადასავალთა მაძიებლების“ პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, 1968 წლის მაისში, პარიზის ქუჩებში თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდები გამოვლენ სოლიდარობისა და თანასწორობის მოთხოვნით. ამბოხებულებს მაშინ ლინო ვენტურაც შეუერთდა.

თავგადასავალთა მაძიებლები ყოველთვის ქმნიდნენ ისტორიას. მათ უნდა შექმნან ისტორია დღევანდელ საქართველოშიც. ამიტომ რობერ ენრიკოს ამ ძველი ფილმის ნახვას, პირველ რიგში, სწორედ მათ ვურჩევდი.