მასშტაბური სამოქალაქო სოლიდარობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტიდან გაძევებას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საქართველოში ფრენების შეჩერების ბრძანება მოჰყვა. რუს ტურისტებს კი მოუწოდეს, არ დაესვენათ საქართველოში.
სოლიდარობის ცალკეული მაგალითები და ინიციატივები კი კამპანიაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის ხილვით გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მშვიდობიანი აქციით გააპროტესტა რუსეთის ოკუპაცია.
მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველამ ისე გამოხატა, ვისაც როგორ შეეძლო - ზოგმა უცხოელ ტურისტებს უფასოდ შესთავაზა საკუთარი სახლი, ზოგმა პირობა დადო, რომ საქართველოში დაისვენებდა, ექიმებმა და იურისტებმა აქციაზე დაშავებულებს უფასო კონსულტაციები შესთავაზეს...სოლიდარობის მაგალითები ყოველდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება.
„ერთი კვირა ქართულ ტურიზმს“
„აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში“, - დაწერა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ და სხვებსაც მოუწოდა შვებულების ერთი კვირის საქართველოში გატარებისკენ.
„რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები“, - წერს კორძაძე.
10 ჩარტერული რეისი „თიბისი ჰოლდინგის“ დაფინანსებით
პუტინის განცხადებიდან მალევე ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა, რომ ქართული ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად დააფინანსებს „ეარზენას“ 10 ჩარტერულ რეისს უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.
მავთულხლართებით გაფორმებული სურათები
ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ კი თქვა, რომ ოკუპაციის გასაპროტესტებლად და აქციის მხარდასაჭერად ყველა ფოტოს მავთულხლართებით გააფორმებდა.
#შეამცირე #ენერგიის #მოხმარება
სოციალურ ქსელში ასევე გაჩნდა მოწოდებები ამ ჰეშთეგით
მისი ავტორები მოუწოდებენ ყველას, დაზოგონ ელექტროენერგია იმისთვის, რომ საქართელო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული.
საია - ყველას დაგიცავთ
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აქციის დაშლისთანავე გამოაცხადა, რომ დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწევდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ კი ცხელი ხაზი შექმნა და უფასოდ გაუწია იურიდიული დახმარება ასობით დაკავებულ ადამიანს.
#დაისვენეთ საქართველოში
საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა ფეისბუკში დაწერა, "წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადეგებსო".
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას კი ის ასე გამოეხმაურა:
ანტისაოკუპაციო ტატუ - უფასოდ
ტატუს ოსტატს, ტატიანას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოკუპირებული საქართველოს რუკის და წარწერის „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ დახატვა სთხოვა - ტატიანამ ყველა მსურველს ასეთი შინაარსის ტატუს უფასოდ დახატვა შესთავაზა.
სპორტსმენების პროტესტი და სოლიდარობა
ფეხბუთელმა გურამ კაშიამ თავის მეგობრებსა და გულშემატკივრებს, კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ კი თავისებს მოუწოდა საქართველოში ჩამოსვლისაკენ.
„ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა კი ხელი ცალ თვალზე აიფარეს და ასე გამოხატეს პროტესტიც და სოლიდარობაც იმის მიმართ, რაც 20 ივნისს აქციის დაშლას მოჰყვა - „ცალი თვალითაც ვხედავ“ ასეთი იყო ამ ჟესტის მთავარი სლოგანი.
მამალოები საჩუქრად აქციის მონაწილეებს
11 წლის გიორგი შეშაბერიძემ, რომელიც საზოგადოებამ მამალოების წარმოებით გაიცნო, აქციის მონაწილეებს თავისი მამალოები აჩუქა.
მამალოების ამბავი ასე არ დასრულებულა.
Entrepreneur Georgia-მ დაიწყო სახალხო დაფინანსების კამპანია გორელი გიორგის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რათა მისი წარმოებული მამალო დაურიგდეს ყველა ტურისტს წარწერით 20% of My Country Is Occupied By Russia.
მეგობარი ქვეყნების და ლიდერების მხარდაჭერა
უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა საქართველოსთან ავიარეისები გააიაფოს, ხოლო უკრაინის საგარეო უწყებას მიმართა, დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად, საქართველო ეწოდოს. პეტრო პოროშენკომ ვიდეომიმართვა 24 ივნისს ფეისბუკით გაავრცელა.
თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდა ლიეტუვამაც.
ექიმების სოლიდარობა
მხარდაჭერა გამოხატეს ექიმებმაც. კონსტანტინე სულამანიძემ ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ის დაშავებულებს უფასო მომსახურებას სთავაზობდა.
განცხადება გაავრცელა ჩიჩუების ცენტრმაც და დაწერა, რომ ცენტრის ექიმები რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულ ნებისმიერ მოქალაქეს სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარებდა საჭირო ოფთალმოლოგიურ პროცედურებს.
Open Air - არა ოკუპაციას
აქციისადმი მხარდაჭერა მუსიკოსებმა სცენიდანაც დაადასტურეს.
ოკუპაცია - ტანსაცმელზეც
ერთ-ერთმა ტანსაცმლის ბრენდმა მაისურებზე დააწერა „სირცხვილია“.
სხვამ - აქსესუარებზე დააწერა „ომი, რომელიც არ დასრულებულა“ და ის აქციის მონაწილეების ნაწილს დაურიგა.
უარი რუსულ პროდუქციას
ზოომარტმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს რუსულ პროდუქციაზე:
In a relation with freedom
ამ სათაურით ფეისბუკზე ცალკე გვერდიც კი შეიქმნა
ბასიანი - ყველანი გარეთ
ღამის კლუბმა ბასიანმა საკლუბო ღამე გააუქმა და ყველას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.
„საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან“, - წერდა „ბასიანის“ ადმინისტრაცია.
და ეს სამოქალაქო სოლიდარობის და მხარდაჭერის მაგალითების მხოლოდ მცირე ნაწილია.