სოკოს საწარმო „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საამქროს გადაიარაღება დაიწყეს

რუსთავიდან, დაახლოებით, ხუთ კილომეტრში მდებარე სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდის“ კომპოსტის საამქროს გადაიარაღება დაიწყეს უსიამოვნო სუნის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
საწარმოს დირექტორმა რენატო გრიგორიანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნოლოგიური ციკლი 26 ოქტომბრიდან „რადიკალურად შეიცვლება“.

ეს დანადგარი აკეთებს შერევის პროცესს, ერთი ბუნკერიდან მეორეში გადააქვს ნიადაგის კომპოსტი. ეს ტექნოლოგიური პროცესი გააუმჯობესებს ხარისხს და თავისთავად სუნიც აღარ იქნება...
რენატო გრიგორიანი


,,ახალი დანადგარი უკვე შევიძინეთ, მიმდინარეობს მისი მონტაჟი. აღნიშნული დანადგარის შეძენაში 65 ათასი ევრო გადავიხადეთ. შაბათიდან დანადგარი გაიშვება. ეს დანადგარი აკეთებს შერევის პროცესს, ერთი ბუნკერიდან მეორეში გადააქვს ნიადაგის კომპოსტი. ეს ტექნოლოგიური პროცესი გააუმჯობესებს ხარისხს და თავისთავად სუნიც აღარ იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ,,თეთრი ქუდის“ დირექტორმა რენატო გრიგორიანმა.

რუსთავის მჭიდროდ დასახლებული მიკრორაიონების მცხოვრებნი, რამდენიმე თვეა, შეწუხებულნი არიან უსიამოვნო სუნით. მათ ქალაქის მერიასთან რამდენჯერმე აქციაც გამართეს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავის მერის მოთხოვნით,სოკოს სასათბურე მეურნეობაში მერიის მიერვე შეძენილი ტესტირების სამოყვარულო მოწყობილობით ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ „ლეშის სუნი“, როგორც ამას რუსთაველები ამბობდნენ, სწორედ საწარმო ,,თეთრი ქუდიდან“ ვრცელდებოდა.
23 ოქტომბერს, ახალი დანადგარის მონტაჟის პროცესის დათვალიერების დროს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობამ შეასრულა დანაპირები და მთლიანად ცვლის ტექნოლოგიურ პროცესს. ხარვეზებითუ ამჯერადაც არ გამოსწორდება, მერია უფრო „მკაცრი და რადიკალური იქნება“.

ირაკლი ტაბაღუა

,,არ არსებობს მოუგვარებელი საკითხი, თუკი მეწარმეებს ექნებათ სწორი მიდგომა და სწორად ექნებათ გააზრებული ის, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ ფულის მოგების საშუალება და არის ხალხზე ზრუნვაც. შესაბამისად, ის პირობა, რაც დადებული ჰქონდა კომპანიას, პირველ ეტაპზე უკვე შეასრულეს. ჩამოვიდა დანადგარები, რომლებიც, ტექნოლოგიურ პროცესთან ერთად, პირველ რიგში, არასასიამოვნო სუნს მოსპობს ქალაქში“, თქვა ტაბაღუამ.

მიმდინარე თვეში შემოწმების მიზნით სასათბურე მეურნეობაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ. დეპარტამენტს შემოწმების შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
სოკოს საწარმოს მოეთხოვება ნიადაგის კომპოსტის წარმოებისთვის ბიოფილტრებიც დააყენოს, რაც, საწარმოს ხელმძღვანელთა დაპირებით, მომავალი წლის გაზაფხულზე გაკეთდება.