სმითების ამბავი: მკვლელობა, რომელიც ვერავინ დაივიწყა

4 ივლისს ორი წელი შესრულდა ხადის ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი, მალხაზ კობაური დღეს უვადო პატიმრობაშია. მისი ოჯახი და ადვოკატი, რომელთაც პროკურატურის ვერსიის დღემდე არ სჯერათ, საქმის სტრასბურგის სასამართლოში წაღებას გეგმავდნენ, თუმცა საჭირო ფინანსების უქონლობის გამო ეს ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

მარნეულში, იმ სახლში, სადაც სმითების ოჯახი ცხოვრობდა, დღეს სხვები ცხოვრობენ, თუმცა საქმე, რომელიც ამერიკელმა წყვილმა საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში წამოიწყო, კერძოდ, ძველაზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესი, სოფელ კოსალარში, ისევ გრძელდება.

სახლი მარნეულში, სადაც სმითების ოჯახი ცხოვრობდა

4 ივლისს, რაიან სმითის მიერ დაფუძნებული “reWoven”-ის ფეისბუკგვერდზე ორი წლის წინანდელი ტრაგიკული ამბავი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაწერეს:

“ვწუხვართ მათი, არა როგორც მხოლოდ ჩვენ მეგობრების წასვლის გამო, არამედ როგორც საოცარი ოჯახის, რომელმაც ამდენი კარგი რამ გააკეთა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებისთვის. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა შევინარჩუნოთ მათი მემკვიდრეობა და ის საქმე გავაგრძელოთ, რაზეც ისინი ამდენს მუშაობდნენ“.

4 ივლისი სწორედ ის თარიღია, როცა სალაშქროდ წასული სმითების ოჯახის კვალი დაიკარგა. რამდენიმე დღეში კი გაირკვა, რომ სმითები უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირნენ, ისინი - მოკლეს.

მსჯავრდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ოჯახს დღემდე სჯერა, რომ ერთ დღეს ამ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.

პროკურატურისთვის კი ეს საქმე, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ მკვლელობებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებით გამოძიებულ საქმედ ითვლება.

ასევე ნახეთ მთაში მოკლული სმითები

ტრაგიკული ლაშქრობა ხადის ხეობაში

2018 წლის 3 ივლისს, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი სმითების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში სალაშქროდ წავიდა. მათ თან ახლდათ 4 წლის ვაჟი, ქელებიც.

იქაურობის ნახვა რომ ღირდა, რაიან და ლორა სმითებს მათმა უცხოელმა მეგობარმა, ცოტა ხნით ადრე ურჩია.

3-ში ოჯახმა ღამე ხეობაში, მდელოზე გაათია, სოფელთან ახლოს. 4 ივლისს კი ხეობის დათვალიერება დაიწყეს.

პროკურატურის ვერსიით, ფაქტების ეს ქრონოლოგია დასტურდება იმ ფოტოაპარატში არსებული მასალით, რომელიც მოგვიანებით გამოძიებამ აღმოაჩინა.

ფოტოების გადაღება წყვილს 3 ივლისს, საღამოს 7-ის 15 წუთზე აქვს დაწყებული. ახალ ფოტოებს კი მეორე დღეს, 4 ივლისის 12.00 საათიდან იღებენ...

6 ივლისს 112-ში სმითების ახლობლისგან შეტყობინება შევიდა - სმითების ოჯახის გაუჩინარებაზე. 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიან და ლორა სმითები არ მივიდნენ. ისინი არც ტელეფონს პასუხობდნენ, რაც უცნაური იყო.

ხადის ხეობაში რომ იყვნენ, გამოძიებამ ეს სმითების ახლობლებისგანაც გაიგო. რაიანს და ლორას თავიანთი ფრანგი მეგობრისთვის ჰქონდათ გაგზავნილი ხადის ხეობის პეიზაჟის ფოტო.

ძებნა დაიწყო, მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი მოუთხრობს, მკვლელობის ვერსია არ დაუშვიათ მანამ, სანამ რაიან სმითის გვამზე ნატყვიარი არ ნახეს და ექსპერტიზით არ დადასტურდა, რომ ის მოკლული იყო.

აი, როგორია 4 ივლისს მომხდარი მკვლელობის ვერსია, რომელიც საქმეში დევს და რომელსაც ზაზა დათუკიშვილი რადიო თავისუფლებასაც უყვება:

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა დათუკიშვილი ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე

ასევე ნახეთ არგუმენტები სმითების მკვლელობის საქმეში

ფოტოაპარატი, რომელმაც მკვლელობის ადგილი აღბეჭდა

სმითების კუთვნილი ფოტოაპარატი, რომელიც ამ მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ ნივთმტკიცებად მიიჩნევა, ქელებ სმითის გვამთან ერთად იპოვეს, ზვავის ნარჩენის ქვეშ.

როგორც ზაზა დათუკიშვილი ამბობს, განსაკუთრებით ინფორმატიული ეს ფოტოაპარატი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ 4 ივლისს, მკვლელობის დღეს, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ასახული მთელი ის მარშრუტი, რომელიც სმითებმა მალხაზ კობაურთან ერთად გაიარეს.

ამ ფოტოაპარატის ფოტოარქივში მწყემსის 3-4 ფოტოა, რომელზეც ჩანს, რომ კობაური წინ მიდის, რაიანი კი მას უკან მიჰყვება.

2 ფოტოზე მალხაზ კობაური გადაღებულია იმ თოფით, რომლითაც, როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობა მოხდა.

მწყემსი გადაღებულია სულ ბოლო ჩანჩქერთან და ეს, პროკურორის განცხადებით, არის ამ ხეობის სულ ბოლო წერტილი.

ბოლო ფოტო გადაღებულია უკან გზაზე დაბრუნებისას - ეს არის ხადის ხეობის პეიზაჟი:

„რაიან სმითმა, ფაქტობრივად, თავად გადაიღო თავისივე მკვლელობის ადგილი“. - გვეუბნება ზაზა დათუკიშვილი.

მისივე სიტყვებით, ერთ ფოტოში კობაური სახით ჩანს, კარგად ჩანს მისი ტანსაცმელი, ასევე მაჯის საათი, რომელიც მოგვიანებით, ლორა სმითის მკვლელობის ადგილას, ჩანჩქერში აღმოჩნდა.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ქალთან ბრძოლის დროს დაკარგა მწყემსმა საათი.

კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ მაჯის საათი მწყემსმა დაკარგა მოგვიანებით, როცა პოლიციას ლორას გვამის ძებნაში ეხმარებოდა.

ფოტოებზე მალხაზ კობაურს აცვია ჯინსის შარვალი, სპორტული კედები, რუხი ფერის მოკლემკლავიანი მაისური. და როგორც პროკურორი ამბობს,ფოტოზე მოჩანს გამობერილი ჯიბეც, რომელშიც მას თოფის ვაზნები უწყვია.

მალხაზ კობაური

თოფის გადამალვა

რას აკეთებს მალხაზ კობაური მკვლელობის შემდეგ? გამოძიების ვერსია ასეთია:

ის ბრუნდება მწყემსების კარავში, მათ ეუბნება, რომ ხეობაში ამერიკელებს შეხვდა, დაათვალიერებინა ხეობა, რის მერეც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

თუმცა მწყემსები მოგვიანებით ჩვენებებში ამბობდნენ, რომ კობაურს აღარ ეკეთა საათი, ნიკაპზე ნაკაწრი ჰქონდა და შესამჩნევად ღელავდა. კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ეს დაზიანება, მწყემსების ჩვენების თანახმად, კობაურმა მათ უთხრა, ზვავში ჩავვარდი და საათიც იქ დავკარგეო.

იმ ღამით საჭმელი რიგით მას უნდა მოემზადებინა, მაგრამ მხოლოდ ყავა დალია, დაწვა და დაიძინაო.

თოფი, როგორც ზაზა დათუკიშვილი მოგვითხრობს, მალხაზ კობაურმა მწყემსების საცხოვრებლის ახლოს, ბალახში გადამალა.

სმითების სამძებრო სამუშაოები პოლიციამ 6 ივლისს დაიწყო. ამ პროცესში კობაურიც დაიხმარეს - ცხენით უნდა მოევლო ხეობა და ეკითხა, ხომ არავინ შეხვედროდა ამერიკელების ოჯახს...

ქალის გვამთან გამომძიებლები სწორედ მალხაზ კობაურმა მიიყვანა. და მაშინ მათაც იგივე ვერსია მოუყვა, რაც მწყემსებს.

კობაური გაუშვეს. ძებნა კი გაგრძელდა.

იმ ღამით, როგორც ზაზა დათუკიშვილი ამბობს, ხეობაში ძლიერი წვიმა მოვიდა, ამიტომ, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვიტეს.

7 ივლისს კი რაიან სმითის გვამი იპოვეს.

როგორც გამოძიება აცხადებდა, მისი გვამი სწორედ ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოიტანა დაბლა წყალმა და ეს ზემოქმედება მის სხეულსაც ეტყობოდა.

რაიან სმითის გვამთან ერთად იპოვეს ფოტოაპარატის ჩასადები, ბავშვის სათამაშო ნიჩაბი, პლასტმასის სათლი.

თუმცა იმ წამებში, როგორც დათუკიშვილი მოგვითხრობს, გვამი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ გამოძიებამ ისევ ივარაუდა, რომ ეს მდინარის მიერ თრევის შედეგად მიყენებული დაზიანებები იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაიან სმითი პროზექტურაში გადაასვენეს, ექსპერტმა გამომძიებელს აცნობდა, რომ ის მოკლული იყო.

სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.

ხოლო პირველი, რაც გამოძიებამ გააკეთა, მალხაზ კობაური განმეორებით გამოკითხა, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ხეობაში სმითების ოჯახს შეხვდა და ამას არ უარყოფდა.

ფარულად ჩაწერილი აღიარებითი ჩვენება

8 ივლისს მალხაზ კობაურმა გამომძიებელს აღიარებითი ჩვენება მისცა (ეს ჩვენება ფარული ჩანაწერით ჩაიწერა). ამ ჩვენებაში მწყემსი ყვება, როგორ შელაპარაკდნენ ის და რაიან სმითი თოფის არასწორად ჭერის გამო, შემდეგ როგორ ესროლა მას, მერე როგორ ესროლა მტირალ ბავშვს და როგორ გაიქცა ამის შემხედვარე ლორა სმითი ადგილიდან.

მოგვიანებით ეს ჩვენება მალხაზ კობაურმა შეცვალა. მის ჩვენებაში გაჩნდა უცხო შავი მანქანა, საიდანაც 2 ადამიანი გადმოდის და სმითებს საქმეს ურჩევს და ზოგადად, ვერსია, რომ კობაური სმითების მკვლელობის შემსწრე გახდა და არა მონაწილე.

მძიმე ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულებიც ჩაერთნენ, რომლებმაც გამოუტანეს კიდეც საბოლოო განაჩენი 19 წლის მწყემსს.

ასევე ნახეთ ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობაური დამნაშავედ ცნეს

მწყემსი და მისი დევნილი ოჯახი ახალგორიდან

კობაურები, 2008 წლის ომამდე, ახალგორის სოფელ საძიგურში ცხოვრობდნენ. სმითების მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა, მარიამ ნატრიაშვილი იხსენებს, რომ მათი ცხოვრება სწორედ იქიდან წამოსვლის შემდეგ აირია.

მალხაზ კობაურის სახლი წილკანში

საძიგურში ჰყავდათ საქონელი, ქათამი, მოსავალი მოჰყავდათ, ნაწილს ბაზარში ყიდდნენ და პატარა შვილებს ასე არჩენდნენ.

„წყნარი და კაი ცხოვრება გვქონდა. იქიდან რო არ წამოვსულიყავით, ეს ამბავი, ალბათ, არ დაგვემართებოდა. ხან ბაზარი იყო, ხან ტყეში დავდიოდით და სოკოს ვაგროვებდით. ასე გადიოდა დღეები. ძროხა მყავდა - ყველს არ ვყიდულობდი და რძეს, ბავშვებისთვის. 2008 წლის ომის დროს ჯერ თბილისში გამოვიქეცით, იქ ცოტა ხანი თემქაზე ვცხოვრობდით და მერე აქ წამოვედით, წილკანში. კოტეჯი მოგვცეს. ჩემი ექვსივე შვილი, მათ შორის მახოც, სოფელშია დაბადებული. რა ბედნიერი ვყოფილვარ თურმე“.

მარიამს და მის ოჯახს მარტივი ცხოვრება არც დევნილობაში ჰქონია. დღიურად მუშაობდნენ, ნაკვეთებში. მერე ქარხანაში გამოჩნდა ადგილი, სადაც დილიდან დაღამებამდე დღესაც მუშაობს.

ოჯახს ფინანსურად უჭირდა. და მათი საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო დამძიმდა, როცა მარიამი ავადმყოფობის გამო ერთი წლით ლოგინად ჩავარდა. სწორედ მაგ პერიოდში წავიდა მალხაზ კობაური ცხვარში სამუშაოდ.

წეროვნის სკოლაში შვიდი კლასი დაამთავრა და რადგან ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ეს გადაწყვეტილება ერთად მიიღეს. დედას უთხრა, იქნებ ცოტა ცხვარიც შევაგროვო და ჯამაგირის ნაწილს გამოგიგზავნითო. ასე გახდა მწყემსი მალხაზ კობაური და ოჯახიდან წავიდა.

„ძალიან მიჭირდა. სულ ვურეკავდი, აბა რას შვრები, როგორ ხარ, რა ჭამე, ხო არ გცივა.. თავიდან კასპში იყო, ცხვარში, ერთ ახალგორელ კაცთან, ის არაფერს უჭირვებდა. მერე ახალგორში -გაზაფხულინდან შემოდგომამდე. რუსული საშვი ჰქონდა, იმ კაცმა გაუკეთა თვითონ, ცხვარი ვისიც იყო, რომ გადასულიყო ხოლმე. იმდენი იარა მწყემსად, 70 ცხვარი შეაგროვა.ხელფასი 300 ლარი ჰქონდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ის ცხვრები გავყიდეთ, 5300 ლარი ავიღეთ სულ და ზოგი ექსპერტიზას დასჭირდა და ზოგი რას“, - იხსენებს კობაურის დედა.

მარიამ ნატრიაშვილი მოგვითხრობს, რომ ახალგორში ყოფნის დროს დედა-შვილს ძირითადად სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდა. ხშირად ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს.

ივლისის იმ დღეებში, როცა ხადის ხეობაში სმითები მოკლეს, მალხაზ კობაური დედას რამდენჯერმე ელაპარაკა.

ჯერ სამ ივლისს - სოფელში მივდივარ, ტელეფონი უნდა დავტენოო. ხუთშიც შეეხმიანა, მოიკითხა. ბოლოს კი 7ივლისს დილით დაურეკა, მაგრამ ტელეფონი მალე გაეთიშა.

რადგან მშვიდი ხმა ჰქონდა, დედას არაფერი უეჭვია. მარიამ ნატრიაშვილი იმ დღეებს ასე იხსენებს:

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ მარტიაშვილი იხსენებს ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის დღეებს

8 ივლისს, მომხდარი მკვლელობის შესახებ დასახლებაში თითქმის ყველამ იცოდა. პოლიცია საეჭვოდ დადიოდა აქეთ-იქით. რადგან მალხაზ კობაურს ტელეფონი ჰქონდა გამორთული, მარიამის მეორე შვილმა მის უფროსს დაურეკა. მან უთხრა, ასეთი და ასეთი ამბავი მოხდა და მახოს აბრალებენო. შვილის ძებნაც მაშინ დაიწყო.

„ჯერ მცხეთაში გავვარდი. პოლიციაში. არაფერი ვიცითო. მერე მუხრანში გამიშვეს. იქ მასხრად ამიგდეს,მცხეთაში წადითო. იქ მეორე მწყემსი დავინახე, სპარტაკ მიდელაშვილი, მივვარდი, რა მოხდა გამაგებინე, ჩემს შვილს თოფი ვინ მისცა-მეთქი. მე ვიცოდი, რომ იქ თოფი არა ჰქონდათ. თოფი მისი ყოფილა, ამ სპარტაკის. ამასობაში დაკითხვიდან სხვა მწყემსებიც გამოვიდნენ. ახლა მათ მივეჭერი. ჩვენ არაფერი ვიცით, მახო რეტიანი ცხვრის საძებნელად წავიდაო. ის რეტიანი ცხვარი სად არის-მეთქი და ისო, თავისით ამოვიდაო. მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან რაც მოხდა, მჯერა, ყველაფერი ნახეს თავისი თვალით, მაგრამ ჩემს შვილს მიაბერტყეს ხელი“.

როცა მალხაზ კობაურს დედა პირველად შეახვედრეს პირისპირ, პირველი რაც ჰკითხა, ეს იყო - ჩაიდინა თუ არა მკვლელობა. კობაურმა ეს დედასთანაც უარყო.

მარიამ მარტიაშვილს სჯერა, რომ მისი შვილი მხოლოდ მკვლელობას შეესწრო. სჯერა, რომ რასაც ფარულ ჩანაწერში ლაპარაკობს - იძულებით მიცემული ჩვენებაა.

„მე მაგან მითხრა, რომ თქვესო, თითქოს მათთან ერთად ვჭამეო, არც მიჭამიაო, მარტო ჩანჩქერის გზა მივასწავლე, მერე გამოვტრიალდი და საბანაოდ წავედიო, თვი რომ ამოვყავი წყლიდან ამ კაცს ვიღაცები უკვე საქმეს ურჩევდნენო. მაშ, ბავშვის გვამს როგორ მიაგენი-მეთქი? მაგაზე მითხრა, პოლიციას დავყავდი და მეუბნებოდა ეს აქ არის, ის აქ არის, ასე თქვი, ასე უნდა თქვაო. მთელი ღამე არ გვძინებია, ჩემმა შვილმა მეორე სასამართლო ჩემთან გაიარა. რომ ვკითხე, რაზე შელაპარაკდით, განა რა გითხრა მაგ თოფზე ისეთი, რომ სიტყვამ გაგაღიზიანა, როდიდან გახდი ასეთი აგრესიული-მეთქი, მაგაზე მიპასუხა, თუ შენც ეგრე გჯერა, რაღა ვთქვა, კარგად მქონია საქმეო. მე მჯერა, ჩემს შვილს ეს საქმე იმიტომ დააბრალეს, რომ ნამდვილ მკვლელს ვერ იპოვიდნენ“.

მარიამ ნატრიაშვილს უვადო პატიმრობაში მყოფი შვილის ნახვის უფლება თვეში ერთხელ აქვს. თუმცა პანდემიის პერიოდში მას შვილი აღარ უნახავს.

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობიდან ორი წლის თავზე კობაურის ოჯახს ისევ უნდა, რომ საქმე სტრასბურგში წაიღოს და მათთვის პასუხგაუცემელ კითხვებს ნათელი მოეფინოს.

თუმცა როგორ მოახერხებს სარჩელის მოსამზადებლად საჭირო თანხის შეგროვებას ოჯახი, ეს ძალიან ბუნდოვანია, რადგან დღეს მათი მინიმალური შემოსავალი მხოლოდ თავის სარჩენად არის საკმარისი.

„დიდად არც სტრასბურგის იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი გამართლდება, მაგრამ იქნებ ვინმე ღვთისნიერი შეგვხვდეს?“, - ამბობს მარიამ ნატრიაშვილი.

მწყემსის დაკავებიდან 2 წელი უკვე გავიდა, თუმცა წლებს ახლა არ ითვლიან, რადგან ის უვადო პატიმარია, შეწყალების მოთხოვნა თეორიულად მხოლოდ 20 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ არის შესაძლებელი.

კობაურის დაცვა: ეს ის საქმეა, რომელზეც ზედმეტი კითხვები არ უნდა დასმულიყო

მალხაზ კობაურმა რამდენიმე ადვოკატი გამოიცვალა. ბოლოს მას ალექსანდრე კობაიძე იცავდა და სწორედ ის აცხადებდა, რომ მწყემსის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებდა.

ალექსანდრე კობაიძისთვის სმითების მკვლელობის ამბავში „მალხაზ კობაური მსხვერპლია და არა მკვლელი“ და საქმეში, ადვოკატის რწმენით, არაერთი კრიტიკული კითხვა არსებობს, რომლებზეც პასუხები არ არის.

„ადამიანს ედავებიან მისტიკურ რაღაცას. რომ ის ესაუბრა უცხოელებს, გაიტყუა მამა-შვილი, საათ-ნახევარი ატარა, დედა - ლორა სმიტი, მარტო დარჩა ჩანჩქერთან. კობაურს ლტოლვა გაუჩნდა ქალის მიმართ, ამის გამო მოკლა მამა-შვილი, შემდეგ ქალთან მივიდა, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა და ბოლოს ისიც მოკლა. ეს არის ფანტასტიკის სფერო - დაუჯერებელია, რომ ქალი დათანხმდა სადღაც უკაცრიელ ადგილას მარტო დარჩენილიყო და თავისი 4 წლის შვილი და ქმარი ვიღაც თოფიან მწყემსს გაჰყოლოდნენ“.

მალხაზ კობაურის დაცვის ვერსიით, სმითების ფოტოაპარატში აღმოჩენილი მწყემსის კადრი, სადაც ის ზურგით დგას და როგორც პროკურატურა აცხადებს, სწორედ მკვლელობის ადგილასაა გადაღებული, კობაურს გადაუღო არა რაიან სმითმა, არამედ ვიღაც სხვამ. კობაიძე როგორც გვეუბნება, „პირმა, თუ პირებმა, ვინც მას გაჩუმება აიძულეს და მკვლელობის ადგილიდან გაუშვეს“.

„ეს ფოტო სპეციალურად გადაღებული ფოტოა, რომ საქმეში გამოჩენილიყო. ხოლო ფოტოაპარატი გადაგდებული კი არ იყო, არამედ, შენახული“.

ადვოკატის ერთ-ერთ მთავარი კითხვა ისიც არის, როგორ მოხდა, რომ გვამი კი იპოვეს დანაშაულის ადგილიდან 2 კმ-ის დაშორებით? პროკურატურის ვერსიაა, რომ ის წყალმა გადააადგილა. თუმცა, ლექსო კობაიძის მტკიცებით, ადგილზე არ ყოფილა ისეთი სიძლიერის წვიმა, რაც გვამს ასეთ მანძილზე გადააადგილებდა - რა ვერსიასაც პროკურატურა ხატავდა.

„მოწმეებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ იწვიმა, მაგრამ მალევე გადაიღო. თქეშიც რომ ყოფილიყო, იქ არის ისეთი რელიეფი, წარმოუდგენელია, რომ გვამი ასე წამოეღო - დალეწავდა, გვამი აღარ იარსებებდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებამ ლექსო კობაიძემ.

დაცვის მხარისთვის სმითების მკვლელობის ამბავი ტაბუდადებული თემაა. ადვოკატის სიტყვებით, პროკურატურის ვერსია ყველამ დაიჯერა. დამატებითი კითხვები არც ოჯახის მხრიდან, არც ამერიკის საელჩოს მხრიდან აღარ დასმულა.

კობაურის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ აღიარებითი ჩვენების ფარული ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, არის ზეწოლის ქვეშ მიცემული და მწყემსი სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმას, რაც მას პოლიციამ დაუწერა.

„მე ვფიქრობ, რომ მთავარი ამ პროცესში ის იყო, რომ ამ საქმეში კითხვები არ უნდა დასმულიყო. მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სტრასბურგს და მოვითხოვთ, რომ აღიაროს, რომ დაირღვა კონვენციის მეხუთე და მეექვსე მუხლები“, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

პატიების წერილი ამერიკიდან

რაიან სმითის ოჯახმა მალხაზ კობაურს ჩადენილი დანაშაული აპატია - დედა, ევანგელინა ლინ ბონსალ სმითმა მას წერილიც მისწერა ციხეში.

ამ წერილის შინაარსი 2019 წლის ნოემბერში გახდა საჯარო.

წერილი გრძელია, მაგრამ ყველაზე საყურადღებო ამონარიდი, ალბათ, მაინც ეს მონაკვეთია:

„ჩვენი ოჯახი ითხოვს სიმართლისა და სამართლიანობის აღსრულებას შენს მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და უდანაშაულო ოჯახის მკვლელობის დანაშაულზე. მე მოვითხოვ, რომ შენ 30-წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მოგესაჯოს, დროზე ადრე გამოშვებისა და სასჯელის შემსუბუქების გარეშე, რათა ვეღარ შეძლო სხვა ადამიანების მკვლელობა. ისე, როგორც მოკალი ჩვენი არაჩვეულებრივი რაიანი, ჩვენი ტკბილი, ყურადღებიანი რძალი ლორა და უძვირფასესი 4 წლის შვილიშვილი ქელები...

რაიანის მამამ ბაირონმა და მე გავაკეთეთ არჩევანი, რომ გაპატიოთ ჩვენი არაჩვეულებრივი შვილის რაიანის მკვლელობა, ჩვენი სათნო, საზრიანი რძლის ლორას მკვლელობა და ჩვენი ძვირფასი 4 წლის შვილიშვილის ქელების მკვლელობა. ჩვენ არ გვინდა შენს მიმართ მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება. ჩვენ ავირჩიეთ, რომ გვჯეროდეს ღმერთის და გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენს გულებში ამ უზარმაზარ სიცარიელეს ამოავსებს და შეგვაძლებინებს ცხოვრების გაგრძელებას ჩვენი ტკივილითა და დანაკარგით“.

წერილი დათარიღებულია 2018 წლის 1-ლი ოქტომბრით. გამოგზავნილია სან-დიეგოდან, კალიფორნიის შტატიდან.

სხვათა შორის, რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ უთხრა, რომ დაცვის მხარე ცდილობდა სმითების ოჯახთან კონტაქტზე გასვლას, თავიდან თითქოს არ იყვნენ უარზე, მაგრამ რაღაც ეტაპზე, როგორც კობაიძე ამბობს, მათთან მისასვლელი ყველა გზა დაიბლოკა.

სოფელი კოსალარი

კოსალარში ხალიჩების ქსოვა გრძელდება

მარნეულის რაიონის სოფელ კოსალარში კი, სადაც რაიან და ლორა სმითებს ბიზნესი ჰქონდათ, ძველებური ხალიჩების ქსოვას ადგილობრივი აზერბაიჯანელი ქალები დღესაც აგრძელებენ.

იქ დაახლოებით ათი ქალია, ვინც ეს ხელობა იცის. რადიო თავისუფლების კამერამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მათ საქმიანობას. აზერბაიჯანელი მქსოველი ქალები რაიან და ლორა სმითებს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ მათი დამსახურებით ჰქონდათ მათ საქმეც და შემოსავალიც.

Your browser doesn’t support HTML5

უკომენტაროდ: სოფელი, სადაც სმიტების ოჯახის დაკვეთით ხალიჩებს ქსოვდნენ

მალხაზ კობაური 2019 წლის 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს 27 მარტს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.