სმა და ლოთობა ძველად და... იზოლაციაშიც?

თუ დისტანციური მუშაობაა შესაძლებელი, ცხადია, ასევე შესაძლებელია დისტანციური სმა და ლოთობაც კი, თუმცა ვიდრე ჭიქებს შეავსებთ და facebook-ის, zoom-ის, Skype-ის,Viber-ისა თუ WhatsApp-ის მეშვეობით ონლაინ ერთ მუშტად შეკრულ მეგობრებს მიმართავთ, ფრაგმენტულად მაინც გავიხსენოთ, ალკოჰოლის მიღების როგორი კულტურა გვქონდა ძველად: სად გადიოდა სასმელის ზომიერი მოხმარებისა და ლოთობის ზღვარი? რას გვასწავლის ფოლკლორი ამ თვალსაზრისით და როგორ ებრძოდა ილიას „ივერია“ ლოთობის მავნე ჩვევას?

„გოგოებს ღვინო უყიდე“

„ლოთობა ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თვით კაცობრიობის გაჩენაა ძველი ამბავი“, - წერდა გაზეთი „ივერია“ 1888 წლის 28 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „ლოთობა და იმისი მავნე ზედ-მოქმედება“, თუმცა, ცხადია, არსებობს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარების კიდევ უფრო დიდი ტრადიციაც, რომელიც ასევე კაცობრიობის ასაკისაა.ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე 1975 წლით დათარიღებულ ვრცელ სტატიაში „ღვინო, სუფრა და ტრადიციები“ ამბობს, რომ საქართველოში უღვინოდ („ღვინის ხარჯის“ გათვალისწინების გარეშე) არ არსებობდა ყოველდღიური ყოფაც კი. ღვინო აუცილებლად შედიოდა ყველაზე მწირ რაციონში. ლევან ფრუიძის თქმით, ერეკლე მეორის ჯარის განჩინების მიხედვით, ვინც მორიგეობას გააცდენდა და ჯარიმასაც ვერ გადაიხდიდა, ერთი თვით საპატიმროში ჩასვამდნენ და არაფერს მიუწვდიდნენ გარდა „ცარიელი პურისა, წყლისა და ღვინისა“.

ერეკლე II-ის საფლავი სვეტიცხოველში

ღვინოს, როგორც გამახალისებელ და მარგებელ სასმელს რომ ფართე. ყოველდღიური გამოყენება ჰქონდა საქართველოში, ასევე კარგად ჩანს იმავე ერეკლეს ეპოქის საბუთებში, სადაც მრავალჯერ იხსენიება განკარგულება, მითითება: „გოგოებს ღვინო უყიდე“.

უფრო ადრეც, 1736 წელს გადაწერილ გულანში (რომელსაც მარტვილის მონასტრის წიგნსაცავში მიაკვლია ექვთიმე თაყაიშვილმა), 2353-ე გვერდზე ასეთი მინაწერია გაკეთებული: „ამ გულანის წერაზე და შეკვრაზე იონა ბარაბის ძე იყო მეღვინე და ღვინოს არ გვაკლებდა“ და მერე ლოცვაა აღვლენილი მეღვინის სულის საოხადო.

ლევან ფრუიძის თქმით, შემთხვევით არ არის, რომ ფეოდალურ საქართველოში მოხელეთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა მეღვინეთუხუცესს და, რომ ასევე იყნენ მემარნენი, მეზვრენი, მესთვლენი, მეჭაშნიკენი, მესუფრენი, მერიქიფენი და ა.შ. სამეფო სუფრის რიგი და ცერემონიალი კი ჩამოყალიბებული იყო უმაღლეს „კანონთა კრებულებში“ - „ხელმწიფის კარის გარიგებაში“, „დასტურლამალში“.

„ლოთობა, გზაში ბარბაცი...“

ქართული საზოგადოებრივი აზრი თვით ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი დასცინოდა და კიცხავდა ლოთობას.

ვინ არის ლოთი?

სულხან-საბას მიხედვით, ლოთი ესე არს ერთის ჩვეულებისაგან ვეღარ განეშოროს და ხშირად იქმოდეს შეუზარებლად.

როგორც ქართველი ეთნოგრაფები გვეუბნებიან, ძველად ლოთის სახელი ისეთივე სამარცხვინო იყო, როგორც ქურდისა. მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა იმაზე მიუთითებს, რომ სმის დროს ზომიერების დაცვა აუცილებელი ყოფილა:

გულისა საგრილობლადა
ღვინის სმას არვინ დაგიშლის,
ცოტა რამ მოჭარბებული
ჭკუას თავიდან შაგიშლის.
მოყვარეს მტრად გადაგიქცევს,
დავიდარაბას აგიშლის.

ლოთობის გაკიცხვა და ლოთების დაცინვა ქართული ფოლკლორის ამოუწურავი თემაა. მაგალითად რაჭაში ჩაწერილია ერთი ასეთი ხალხური ლექსი:

უღვინოთ ლხინი ვინ ნახა,
ვინ გადიხადა ძეობა,
დავლიე იგი ზომაზე,
მომცა ძალა და მხნეობა,
გულს ჭირი გადამეყარა,
ენას მიეცა მზეობა,
ლოთობა, გზაში ბარბაცი
არ არის ჩვენი ზნეობა.

ლიმონათი კარგია, მაგრამ უღვინოთ ლხინი ვინ ნახა?!

1986 წლის დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში - „ხალხური ლექსები ლოთობისა და ლოთობის წინააღმდეგ“ - ავტორი, გიორგი შეთეკაური ამბობს, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული, წრეგადასული მოხმარებით გამოწვეულმა აგრესიულმა და ასოციალურმა ქცევამ შესაბამისი გამოხატულება პოვა მდიდარ და მრავალსაუკუნოვან ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში, სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ნაწარმოებებში. ქართლში ჩაწერილი ერთ-ერთი ხალხური ლექსის მიხედვით, სასუფრო ზომიერება და გონიერება ერთ მთლიან კომპოზიციურ ჭრილშია გახსნილი:

კაცმა კაცი დაჰპატიჟოს,
კაი ქეიფი გასწიოს,
...განა ისე უნდა დათვრეს, -
გარეთ ვეღარ გააღწიოს?!

გიორგი შეთიკაურის მიხედვით, ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ხშირად გვხვდება ღვინის ზომაზე მეტად მოყვარული პერსანაჟი, რომელიც ვერფერს უხერხებს თავის „ფინთს ხასიათს“:

ეს ფინთი ხასიათი მაქვს,
ჭკუა არა მაქვს თავშია,
როცა კაცი დამპატიჟებს, -
თავს ვიხრჩობ ღვინის ჯამშია,
აქედან აღარ დავიძვრი,
კეტი რო მცემო თავშია.
ან კიდევ:
განა არ იცით, ვერ გავძლებ,
თუ არ დავლიე არაყი,
მაიტათ დამალევინეთ
კობათ წისქვილის ნანაყი.

თუმცა ლოთობის მწვერვალი მაინც ჩხუბი და აყალმაყალია, ბუნებრივია, ხალხური ლექსების მთხზველებიც (ხშირ შემთხვევაში თავიანთი გამოცდილების გამლექსავები) გვერდს ვერ აუვლიდნენ მთვრალი კაცების საგმირო საქმეებს, თუნდაც ასეთს:

მეჩხუბარია ჯაბახა,
რო შავერდაანთ ყაზახა,
ბატარაანთას დაითვრა,
ჩოხელს ხელადა აჯახა!

„ჯანისთვის მაინც ცუდია“

სწორედ მეჩხუბარია ჯაბახას დაუნდობლობით ებრძოდა ილია ჭავჭავაძის „ივერია“ ალკოჰოლის ლოთურ მოხმარებას და ეს ბრძოლა იყო თანმიმდევრული, რომელშიც გამოყენებული იყო როგორც საგანმანათლებლო, მეცნიერული სტატიები, ასევე კერძო, კონკრეტული ამბები იმაზე, თუ რა დღეში ჩაადგო და სადამდე მიიყვანა ალკოჰოლის წრეგადასულმა სმამ ესა თუ ის მოქალაქე.

1888 წლის N223 „ივერია“ წერდა, რომ 22 ოქტომბერს მიხეილის ქუჩაზე, საღამოს ცხრა საათზე, ცხენის რკინიგზის ვაგონი დაეჯახა ჯარისკაცის ცოლს პრასკოვია ესტატეს ასულს კოზლოვისას, რომელიც ძალიან დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი მთვრალი იყოო, ხაზს უსვამს კორესპონდენტი.

"ივერია": "ქალი მთვრალი იყო..."

ალკოჰოლი მავნებელი ნივთიერებაა, მომშხამველი ადამიანის სხეულისა, განსაკუთრებით ნერვებისა. ალკოჰოლი ადუნებს, აჩლუნგებს ადამიანს ცოტაოდენი გაცხოველების და ამოძრავების შემდეგ. ხოლო მეცნიერება სცდილობს გამოიყენოს ისეთი ნივითერებანი, ადამიანის გაცხოველება შეეძლოს და მისი მომდუნებელი თვისება კი არა ჰქონდეს; ასეთია, მაგალითებრ, ჩაი, ყავა...“ - ვკითხულობთ „ივერიის“ 1898 წლის 223-ე ნომერში გამოქვეყნებულ „ხალხის ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების“ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, განსაკურთრებით საფრთხილოა არყის მოხმარება, რადგან, „რაც უნდა საუკეთესოდ იყოს არაყი დაწმენდილი, ჯანისთვის ცუდია“, მიჩვევა იცისო:

„ეს მიჩვევა და სიყვარული ხშირად ძნელი დასაძლევია, მით უმეტეს, რომ რაც უფრო მეტს ალკოჰოლსა ჰხმარობს ადამიანი, მით უფრო სუსტდება და ლაჩრდება. ...რაშიც სპირტი ურევია, უვენებლ სასმელად ვერ ჩაითვლება. ლუდი და ღვინოში ალკოჰოლი ნაკლებია - თუ კარგი ღირსებისაა და შეურეველი, უპირატესობა ამათ უნდა მიეცეთ არაყთან შედარებით. მეორე მხრივ სახეში მისაღებია ის გარემოებაც, რომ თუ ეს სასმელები უზომოდ იხმარა ადამიანმა, ასეთი ხმარება არაყზე ნაკლებ ზიანს ვერ მისცემს“.

კაკაო - როგორც რეკლამა ამბობს, მომღონიერებელი სასმელი

არყის მიერ „მიცემული ზიანი“ ჩანს კიდევ ერთ კრიმინალურ ამბავში, რომელსაც თავისი ფურცლებზე ადგილი დაუთმო „ივერიამ“ 1898 წლის 256-ე ნომერში, საიდანაც მკითხველმა შეიტყო, რომ აზნაური გიორგი კობიაშვილი, „ცოტა შეზარხოშებულ მდგომარეობაში“ ასულა „ნოვი სვეტში“ და იქ მყოფ ქალებს იარაღით დამუქრებია, ოთახში ჩაკეტილ ერთ ქალს კი რევოლვერიდან ესროლა კიდეც, მაგრამ „ტყვია კარს ასცდა და მოხვდა კედელს“.

ტფილისის ოლქის სასამართლომ საქმე გაარჩია და გიორგი კობიაშვილი დამნაშავედ სცნო: „მიუსაჯა ყოველივე უფლებისა და პირადი ღირსების ახდა და ტობოლსკის გუბერნიაში საცხოვრებლად გაგზავნა“.

ფურის არაყი

...მაგრამ„ლოთობა და იმისი მავნებელი ზედ-მოქმედება“, განა მარტო ცალკეულ ადამიანებს ღუპავს? „პროფესორ იანჟულის“ მიერ წაკითხული ლექციის მიხედვით („ივერია“1888 წ. N111), „ეკონომისტისათვის ლოთობა ისეთი მავნებელი ჩვეულებაა ერისა, რომელსაც მოსდევს ფლანგვა სიმდიდრის და რომელიც ძირს უთხრის ერის წარმოებასა და ნაყოფიერ შრომასო“, თუმცა, თუ მაინც ცალკე ადამიანზე ვიტყვითო, დასძენს, პროფესორი იანჟული, „ლოთობა ისეთი ხმარებაა მათრობელის სასმელებისა, როცა ადამიანს აღარ შეუძლიან ჩვეულებრივ კვალში იდგეს და ადამიანურად მოქმედებდეს... მკურნალი ლოთობას ასე უცქერის, როგორც ავადმყოფობას, რომელიც ცუდად მოქმედობს ადამიანის ჯანზე... ზენობის მოძღვრისათვის ლოთობა სენია, რომელიც ჰრყვნის ადამიანის ზნეობასა და დედაა ყოველი ბოროტებისა...“

ალკოჰოლის რეკლამა ძველად

პროფესორი იანჟული იმასაც ამბობს, რომ ლოთობა ისეთივე ძველი ამბავია, როგორც თვით კაცობრიობის გაჩენაა ძველი ამბავიო და არ არის დედამიწის ზურგზე ისეთი ერი, რომ რომელისამე მათრობელი სასმელის ხმარება არ იცოდესო:

„ას მილიონამდე კაცი ჰღეჭავს რასმე მათრობელს, ორასი მილიონი სწევს და ხმარობს ჰაშიშს, ოთხას მილიონამდე კაცი კიდევ ხმარობს თრიაქს. კანონმდებლობა და სარწმუნოება, რაც შეეძლო, ებრძოდა ამ სენს, მაგრამ - კი ვერ მოსპობდა ხოლმე“ - აკი, ამ სიტყვების დაწერიდან კიდევ 132 წელი გავიდა, კიდევ მეტადაც შეებრძოლა, მაგრამ ჯერაც ვერ მოისპო „ეს სენი“ და, ალბათ, ვერც ეს იზოლაცია და სოციალური დისტანცირება მოსპობს (ვინძლო მეტად გააძლიეროს), ნუგეშად კი ისევ პროფესორ იუნჟულის დავესესხოთ:

„ლოთობის მიზეზი ის კი არ არის, რომ ბერვსა სმენ, არამედ ისა, თუ როგორა სმენ“.

ცოტა ბუნდოვანი განმარტებაა, მაგრამ განა უფრო ნათელია კორონავირუსის გამო თვითიზოლირებული კაცობრიობის მომავალი?

ვინძლო დიდხანს გაგრძელდეს იზოლაცია და კომენდანტის საათი, საიდან მოვიტანოთ ალკოჰოლი გინდა კულტურული და გინდა ე.წ. წრეგადასულიმოხმარებისთვის?

რა გამოსავლას გვთავაზობს ქართული ფოლკლორი?

„ფურის არაყი“ - ასე ჰქვია მძიმე ალკოჰოლის მოყვარულის გალექსილ ოცნებას:

ნეტავი ისეთი ფურ მამცა, არაყ რო მაიწველოსა,
დავაბამდ ბუხრის გვერდზედა, თივას დავუყრიდ მდელოსა,
ბევრს შევაჭმევდი შვრიასა, არაყ რო მაიყენოსა;
მალ-მალე ჩამავსწველავდი, გაუსინჯავდი გემოსა,
შავსომდი ჯიხვის ყანწითა იმ ფურის სადღეგრძელოსა,
არ ვუწყალებდი ცოლ-შვილსა, სრუ რქით რო გადაჩხვეროსა...
არაყის სმაზე არ დავხკლავ ზოგივით სამრისხველოსა.