25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულთა პროცესი კულმინაციისკენ მიდის.
19 ივნისს, რიგით მე-12 სხდომაზე, სასამართლომ მოისმინა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი სოხაძის ვერსია, თუ რა მოხდა იმ ღამით, 2018 წლის 30 სექტემბერს, როდესაც ვიტალი მოკლეს.
ავთანდილ კანდელაკიშვილს ამ პროცესზე ჩვენება არ მიუცია, მისი ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის განცხადებით, მას არ მიეცა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების შესაძლებლობა, თუმცა შენიშნა, რომ კანდელაკიშვილი მომდევნო სხდომაზე აუცილებლად ილაპარაკებს და მისგან „სრულ სიმართლეს მოვისმენთ“.
გიორგი სოხაძე: მეგონა, ჩვენ გვცემეს, მოგვდევდნენ და ამიტომ გავრბოდით
გიორგი სოხაძემ, მეტსახელად „სლეიერამ“, რომელიც ავთანდილ კანდელაკიშვილისგან განსხვავებით, თითქმის ყველა სხდომაზე აქტიურობდა, რელიგიური ფიცი დადო და ღმერთის წინაშე დაიფიცა, რომ სიმართლეს იტყოდა.
სოხაძე ვიტალი საფაროვს არ იცნობდა. იცნობდა ნიკა შანავას და ავთანდილ კანდელაკიშვილს.
29 სექტემბრის საღამოს გიორგი სოხაძე სახლში მუშაობდა. როგორც თავად აღწერს, მისი ამჟამინდელი საქმიანობა მუსიკის დიზაინს უკავშირდება და ძირითადად ამერიკულ ჯგუფებთან თანამშრომლობს. სოხაძეს საშუალო განათლება აქვს მიღებული, უნივერსიტეტი ბოლო კურსებზე მიატოვა, როგორც თავად ამბობს, იმ მოტივით, რომ იქ ახალს და მისთვის საინტერესოს ვერაფერს სწავლობდა.
იმ ღამით, დაახლოებით ღამის 11 საათზე, გიორგი სოხაძემ, სტუმრად მყოფი დეიდა და ბიძა გააცილა. ამ დროს ნიკა შანავამ დაურეკა, მე და ავთო (კანდელაკიშვილი) გამოვალთ შენთანო. ბარში წასვლა დაგეგმეს და ის საღამო მართლაც ასე გაგრძელდა - ერთი ბარიდან მეორეში. თან სვამდნენ. ერთ-ერთ ბარში სოხაძეს თავისი ნაცნობი - ზურაბ მორჩილაძე შეხვდა, ვისთან ერთადაც კიდევ რამდენიმე ჭიქა დალიეს და ჯერ კაფე „საბვეისკენ“ გაემართნენ, ბოლოს კი ბარ „ვარშავის“ ტერასაზე შეჩერდნენ - ეს კადრები ჩანს კიდეც ვიდეოკამერებიდან ამოღებულ მასალაში.
სოხაძის ვერსიით, სწორედ იქ მიაუხლოვდა მას და მის მეგობრებს მაღალი ბიჭი (ირაკლი ბელთაძე), რომელმაც საქართველოს სიყვარულზე დაუწყო საუბარი. ბელთაძე, რომელიც ასევე ნასვამი იყო, სოხაძესთან ამავე თემით რამდენჯერ მიბრუნდა. ხომ ქართველები ხართო? გიორგი, როგორ ხარო? შენი კარგად ყოფნა მინდაო, ხომ ქართველები და მეგობრები ვართო. სოხაძეს მსგავსი შინაარსის საუბარი მალევე მობეზრდა და ბელთაძეს უთხრა კიდეც, სხვა რამეზე ვილაპარაკოთო. ბელთაძეს, თავისმა მეგობარმა, ოთარ გელაშვილმაც უთხრა, რა გაუჭირე ამ ხალხს საქმე, თავი დაანებეო.
სოხაძე ყვება, რომ სწორედ მაშინ დაიწყო კამათი საქართველოს შესახებ, თუმცა თავად ამ კამათს გამოეცალა.
„მაგრამ ამ დროს შანავა მოვიდა ჩემთან, გაიგეო, რას ლაპარაკობს საქართველოზეო? მე ვუთხარი მისი აზრია და არ მაინტერესებს-მეთქი. გზა გავაგრძელე. ამ კამათს საერთოდ არ დავსწრებივარ. მაგრამ ნიკამ დამიძახა, სალაპარაკო გვაქვს და გამოგვყევიო და „საბვეის“ უკანა მხარეს წავედით“.
რა ხდებოდა გიორგი სოხაძის ვერსიით "საბვეის" უკან?
ავთო კანდელაკიშვილი იდგა ცალკე. ნიკა შანავა და ვიტალი საფაროვი - ერთად. გიორგი სოხაძე ირაკლი ბელთაძეს ელაპარაკებოდა. იქვე იყვნენ ოთარ გელაშვილი და ზურაბ მორჩილაძეც. სოხაძე (მისი ვერსიით) მიდის ბელთაძესთან და ეუბნება, ნასვამები ვართ, არ გვინდა ახლა ლაპარაკიო. ბელთაძე პასუხობს, კარგი, ჩვენ-ჩვენ გზაზე წავიდოდეთო.
„ამ დროს კონტაქტში ვიტალი შემოვიდა, ვინ ხარო, ირონიულად მითხრა, შენ რა მშვიდობიანი ბიჭი მყავხარო. მე ვუპასუხე, არ გვინდა ეგ ირონია, ნასვამები ვართ-მეთქი. შანავამ და ვიტალიმ საუბარი ისევ გააგრძელეს. მე ბელთაძეს ვუთხარი, შენ დაელაპარაკე შენს მეგობარს-მეთქი. მაგრამ ამ დროს უკვე ჩხუბი ატყდა და რომ გავიხედე, ვიტალი და შანავა მიწაზე გორაობდნენ და ერთმანეთს ურტყამდნენ. მე დავინახე, რომ ვიტალი შანავას ურტყამდა და სხვებიც იყვნენ ჩართულები ამ ჩხუბში. მერე მეც მივედი, ჩავერიე და მეც მომხვდა სახეში, ბელთაძემ დამარტყა. მე ის კუთხეში მოვიმწყვდიე და მინდოდა დამერტყა, მაგრამ სახეზე ხელები აიფარა და შეშინებულ კაცს ხომ არ დავარტყამდი, შევეშვი. ამ დროს დავინახე რომ ჩემები გარბოდნენ და მეც მათ გავეკიდე“, - სოხაძეს ახსოვს, როგორ იყვირა შანავამ, ბიჭია დაჭრილი და წავედით აქედანო.
მკვლელობის ადგილიდან გაქცეულები იქვე ახლოს სადარბაზოში შევარდნენ. სოხაძე ამბობს, რომ მისი აღქმით, ისინი სცემეს და ამიტომ გაურბოდნენ ჩხუბის სხვა მონაწილეებს. სოხაძის ჩვენებით, შანავა და კანდელაკიშვილი იქ „თავს იწესრიგებდნენ“, წყლით ხელებს იბანდნენ. მაგრამ სოხაძეს ეგონა, რომ ისინი ჩხუბის დროს დაზიანდნენ.
„თან ვფიქრობდი, რა უნდა გაგვეკეთებინა ახლა. ავთოს და ნიკას ვუთხარი, ეს ასე არ დასრულდება, დავისვენოთ და მოვიფიქროთ, რა ვქნათ-მეთქი. მერე ისევ გავიქეცით. გზაში დავიანახე, ავთომ რაღაც ნივთი ტრუბაში როგორ შეაგდო. მაგრამ რა იყო, არ დამინახავს, მეგონა სისხლიანი პირბადე და ხელსახოცები გადაყარა“.
Your browser doesn’t support HTML5
როგორც სოხაძე ყვება, მან ორივეს ჰკითხა, დანა რომელმა იხმარეთო? შანავამ თქვა, ავთომო და როგორც სოხაძე ყვება, თან რაღაცნაირად უხაროდა.
„რა გიხარია-მეთქი, მე ვუთხარი. ავთომ მითხრა, არაფერი სერიოზული არ მომხდარაო. პოლიციამ რომ მოგვაკითხის მეთქი? და არ მოგაკითხავსო. მე ვუთხარი, თუ რამე, მე პოლიციასთან ვითანამშრომლებ-მეთქი. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ მე დაჭრილი საფაროვი არ დამინახავს. მე მეგონა, რომ ვიღაც იქ მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ვინ, არ ვიცოდი“.
მერე შანავამ, კანდელაკიშვილმა და სოხაძემ ტაქსი გააჩერეს. სადგურის მოედნამდე ერთად მივიდნენ და ბოლოს დაიშალნენ. მეორე დღეს სოხაძესთან სახლში პოლიცია მივიდა.
გიორგი სოხაძე ამბობს, რომ ამ მომენტისთვის მან არ იცოდა, რომ ვიტალი საფაროვი მოკლული იყო. პოლიციას განუცხადა, რომ მათთან ითანამშრომლებდა. ამოიცნო შანავა და კანდელაკიშვილი, პოლიციას მისცა ნიკა შანავას ტელეფონის ნომერი...
პროკურორი მიხეილ ჩხეიძე: შანავამ რომ გითხრათ, გამომყევი, სალაპარაკო არისო, სად გაყევით?
გიორგი სოხაძე: სადაც ის მიდიოდა - „საბვეის“ უკან.
მიხეილ ჩხეიძე: თქვენ თქვით, რომ შანავა და ვიტალი მიწაზე გორაობდნენ...
გიორგი სოხაძე: ვიტალი სცემდა შანავას. შანავა გამოძრომას ცდილობდა. სხვები - ზოგი აშველებდა და ზოგი ურტყამდა.
მიხეილ ჩხეიძე: ანუ შანავას და ვიტალის გაშველება ვერ შეძელით?
გიორგი სოხაძე: ვერა.
მიხეილ ჩხეიძე: და აბა, ვინ გააშველა ისინი? საერთოდ, გააშველეს ვიტალი და ნიკა?
გიორგი სოხაძე: ეგ აღარ ვიცი. მე ბელთაძეს ვურჩევდი საქმეს.
მიხეილ ჩხეიძე: თქვენ რომელი რელიგიას ეკუთვნით?
გიორგი სოხაძე: მე ქრისტიანი ვარ, სტიქაროსანიც ვიყავი.
მიხეილ ჩხეიძე: მოწმე გელა შენგელაიას თქვენ ჰკითხეთ სასამართლოზე, ისიც იყო თუ არა ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი, რაც მან დადასტურა. და მან ასევე გაიხსენა თქვენს შორის საუბარი, როცა თქვენ უთხარით, რომ ნაცისტი ქრისტიანი ვერ იქნებოდა, ასეა ეს?
გიორგუი სოხაძე: მე არ ვემხრობი იმას, როგორც არის ქრისტიანობა დაყოფილი - მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და ა.შ, მაგრამ ქრისტეს ცხოვრება სამაგალითოა. და გელა რომ ამბობდა ჩემზე, უცხოელებს ეჩხუბებოდაო, ცხოვრებაში არ მომსვლია კამათი ვინმე უცხოელთან. მე ბევრი რამ მაინტერესებს და სახლში კომუნიზმზეც კი მაქვს წიგნები! გელაც თავისით გამეცნო, ნაციონალისტი ვარო. მაგრამ ის ჩემთვის კუნთიან კაცებთან ასოცირებული ტიპი იყო და მისნაირებს „გრუზინებს“ ვეძახდი. და საერთოდ, მე ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა „ქართული მარშის“, გიორგი ჭელიძის და ეგეთი ჯგუფების მიმართ! მაგრამ გელასთვის არ დამიწყია იმის ლაპარაკი, შტერი ხარ და არაფერი გესმის-მეთქი. მასაც და სხვებსაც ზუსტად უწიგნურობაზე დავცინოდი.
მიხეილ ჩხეიძე: თქვენ იყავით ნაცისტური იდეოლოგიის მიმდევარი?
გიორგი სოხაძე: რა სისულელეა მე უბრალოდ ბევრს ვკითხულობდი სხვადასხვა იდეოლოგიების შესახებ. ეს არ ნიშნავს იდეოლოგიის მიმდევრობას.
მიხეილ ჩხეიძე: ძალიან ბევრმა მოწმემ არაერთი მაგალითი მოიყვანა, როგორ გამოხატავდით აგრესიას უცხოელების მიმართ და ამბობდით, რომ ისინი არიან ბინძურსისხლიანები, რომ არ უნდა მოხდეს ქართულ სისხლში არევა და მათ საქართველოში ცხოვრების საშუალება არ უნდა მიეცეთო, ამაზე რას იტყვით?
გიორგი სოხაძე: ეს არის სრული ტყუილი. სესილი ბუთხუზს, რომელიც მაგას ამბობდა, საერთოდ სხვა რამის გამო ჰქონდა ჩემ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება - ის თვლიდა, რომ მის ბარს კლიენტებს ვართმევდით, რადგან კარგ დასალევს სხვაგან ვყიდულობდით და იქ ვსვამდით ხოლმე.
გიორგი სოხაძემ ასევე უარყო კონფლიქტი ბარის ინდოელ მეპატრონესთან, თუმცა დაადასტურა, რომ იმ კონფლიქტის დროს თავადაც იქ იმყოფებოდა და სასამართლოს ამ დაპირისპირების მისეული ვერსია მოუთხრო, რომელშიც ის უბრალოდ, როგორც იქ მყოფი პირი, ისე ფიგურირებს და მეტიც, დაპირისპირებულ მხარეებს ამშვიდებს.
მიხეილ ჩხეიძე: ფაშისტური მისალმებით („ზიგ ჰაილ“) ესალმებოდით თუ არა ადამინებს?
გიორგი სოხაძე: არა, ეგ სასაცილოა. მაგას დებილი თუ გააკეთებს.
მიხეილ ჩხეიძე: შანავამ სასამართლოს წინაშე თქვა, რომ თქვენ უცხოელებს აყენებდით შეურაცხყოფას. ამაზე რას იტყვით?
გიორგი სოხაძე: სისულელეა. დედაჩემი ნახევრად აზერბაიჯანელია და მე დავიწყებდი ბინძურ სისხლზე საუბარს? ასეთი იდეები როგორ უნდა მქონოდა? ჩემი ტატუების სიმბოლიკაც დამახინჯებულად ესმოდათ. თვითონ ყველაფერი წაშალეს და მე შემაწმინდეს ხელები.
მიხეილ ჩხეიძე: ავთანდილ კანდელაკიშვილს მხარზე მართლა აქვს გამოსახული ფაშისტური სვასტიკა?
გიორგი სოხაძე: სად უნდა მენახა ავთო გახდილი. არ ვიცი.
მიხეილ ჩხეიძე: და თქვენ გაქვთ ტატუ - 666. რას ნიშნავს ეს?
გიორგი სოხაძე: „სლეიერამ“ გაგაგიჟათ ყველა - ამ სახელმა. არადა, ეს უბრალოდ როკჯგუფის სახელია და ჩემი ტატუებიც ყველაფერი მუსიკას უკავშირდება. მათი სიმღერების ტექსტებია და ალბომების ნახატები. მუსიკიდან მოდის ეგ სამი ექვსიანიც და ყველაფერი.
მიხეილ ჩხეიძე: ოთხმა მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ როდესაც ვიტალი დაიჭრა, თქვენ გეკეთათ ე.წ. კასტეტი. სად წაიღეთ ის კასტეტი?
გიორგი სოხაძე: ჯერ ერთი, ის კასტეტი არ იყო. არც რკინის ყოფილა, კერამიკის ბეჭედი იყო. ორ თითზე კეთდებოდა. სად წავიდა არ ვიცი, ჩხუბის მერე აღარ მქონდა. ეტყობა, ჯიბიდან ამომივარდა.
მიხეილ ჩხეიძე: თქვენ აცხადებთ, რომ ყველა მოწმემ იცრუა?
გიორგი სოხაძე: დიახ, რა თქმა უნდა! დარწმუნებული ვარ, კარგად მოითათბირეს რა ეთქვათ.
მიხეილ ჩხეიძე: გელაშვილის ან ბელთაძეს ან მორჩილაძეს რა ინტერესი ჰქონდა, რომ ასეთი რამეები ელაპარაკათ?
გიორგი სოხაძე: თავიდან არაფერი, მაგრამ მერე ყველა დაამუშავეს..
მიხეილ ჩხეიძე: და შანავას?
გიორგი სოხაძე: შანავაც დააშინეს.
მიხეილ ჩხეიძე: ხომ არ გიკითხავთ თქვენი მეგობრებისთვის, სად დაარტყეს დანა ვიტალის?
გიორგი სოხაძე: ორივეს ჩავეძიე, მაგრამ ავთო მამშვიდებდა, არაფერიაო, არ არის ასეთი დაზიანებაო. შანავა ავთოს ეუბნებოდა, საღოლო, იწონებდა თითქოს საქციელს, მაგრამ მე ავთოს პირიდან არ გამიგია, რომ დანა დავარტყიო. შემიძლია რაც ჩემთვის წმინდაა, ის დავიფიცო, რომ არც კი ვიცოდი ვიტალი თუ იყო დაჭრილი.
მიხეილ ჩხეიძე: ჰკითხეთ თუ არა ავთოს, როგორ და სად დაარტყა და ვის დანა?
გიორგი სოხაძე: არა, ვის დაარტყით-მეთქი, არ მიკითხავს, რადგან ყველა უცნობი იყო ჩემთვის. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?
მიხეილ ჩხეიძე: და ხომ არ ჰკითხეთ რისი გულისთვის დაარტყეს დანა?
გიორგი სოხაძე: მაგაზეც თავი ამარიდეს. ავთო მარტო მამშვიდებდა, არაფერია სერიოზულიო.
შემდეგ საქმეში ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი ჩაერთო. ბეგიაშვილს ამჯერად საქმეში ზურაბ მორჩილაძის ამ საქმეში ფიგურანტობა აინტერესებდა.
ზურაბ ბეგიაშვილი: გამორიცხავთ, რომ მორჩილაძესაც ჰქონოდა რაიმე ბასრი საგანი?
გიორგი სოხაძე: მე ვფიქრობ, ამდენ ჭრილობას ვიტალის ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა. ან ზურას ან შანავას შესაძლოა ჰქონოდა დანა.
ზურაბ ბეგიაშვილი: თუ ნახეთ, ვიდეოში, მორჩილაძეს ქურთუკი აქვს გახდილი - ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისიც აქტიურად მონაწილეობდა ჩხუბში?
გიორგი სოხაძე: ვერ დავინახე, მაგრამ არ გამოვრიცხავ.
ზურაბ ბეგიაშვილი - მორჩილაძეს ჰქონდა ტვინის შერყევა. თუ მორჩილაძე ასე დაზარალდა ჩხუბის დროს, რატომ დამალა მან ეს და არც ავთოს და არც არავის ბრალი არ წაუყენა?
პროკურორი: განარიდეთ კითხვა.
მოსამართლე: კითხვა განრიდებულია.
„სიმართლესთან ყველაზე ახლო“, „გულწრფელი“ თუ „თავის გადასარჩენი“ ჩვენება?
ბრალდებულ გიორგი სოხაძის ჩვენების შემდეგ, ამ საქმეზე მედიასთან პირველად გააკეთა კომენტარი მისმა ერთ-ერთმა (სამიდან) ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ. მან თქვა, რომ გიორგი იყო გულწრფელი და მან ის ჩვენება მისცა, რაც რეალურად მოხდა დიუმას ქუჩაზე:
Your browser doesn’t support HTML5
პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ განმარტა, რომ გიორგი სოხაძეს გამოძიების არც ერთ ეტაპზე არც მოწმის და არც ბრალდებულის სახით ჩვენება არ მიუცია. არც უთანამშრომლია გამოძიებასთან და სასამართლოსაც „მისებური ვერსია“ მიაწოდა, რომელიც თავის გადარჩენის მიზნით მიცემული ჩვენება იყო. ბრალდებამ მას უბრალოდ მონანიების და აღიარების შანსი მისცა:
Your browser doesn’t support HTML5
ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილისთვის კი გიორგი სოხაძის ვერსია დაცვის სტრატეგიას ემთხვევა და იხრება იქით, რომ სოხაძემ ხელი კანდელაკიშვილს დაადოს და მათ მოუხსნან ჯგუფურად მკვლელობის ბრალდება.
Your browser doesn’t support HTML5
ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის, ზურაბ ბეგიაშვილის თქმით კი, სოხაძის ჩვენება, იყო ის დაუმახინჯებელი რეალობა, რომელიც, მისი სიტყვებით, ბრალდების მხარემ დაამახინჯა. ბეგიაშვილი სოხაძეს ახასიათებს როგორც განათლებულ, პატიოსან და რელიგიურ ადამიანს.
Your browser doesn’t support HTML5
საფაროვის საქმეზე მომდევნო სხდომა 21 ივნისს გაიმართება, რომელზეც დაცვის მხარე ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილს დაკითხავს და სასამართლო ამჯერად მისგან მოისმენს 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ვერსიას.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ყველა მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რადიო თავისუფლება საფაროვის საქმეს განსაკუთრებული ინტერესით სწორედ მისი უპრეცედენტობის გამო აკვირდება და აშუქებს - როგორც ცნობილია, ეს არის პირველი საქმე საქართველოში, რომელიც სისხლის სამართლის 109 დ.ე. მუხლით აღიძრა და გულისხმობს განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
თუ ამ მკვლელობაში ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელით. ამ ბრალს ორივე ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს.
მოწმეები კი აცხადებენ, რომ ვიტალი საფაროვი ჩხუბის დროს მის მიერ ნათქვამმა ერთმა ფრაზამ იმსხვერპლა, რომ ის ებრაელი იყო.