სიწყნარე ქარიშხლის წინ: ფოტოები ასახავს ყოფას COVID-19-ის გავრცელებამდე

ჩინეთი, 1 იანვარი: პეკინში ახალ წელს წარმოდგენის მონაწილეები ფოტოს გადასაღებად გამწკრივდნენ. ამავე დღეს უჰანში, რომელიც პეკინიდან 1 100 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, დაიხურა ზღვის პროდუქტების ბაზრობა. მიზეზი რამდენიმე მომხმარებლის იდუმალი სნეულებით დაავადება იყო. მას შემდეგ კორონავირუსმა, რომელიც COVID-19-ის სახელით არის ცნობილი, ჩინეთში 3 270 ადამიანი იმსხვერპლა. 

რუსეთი, 19 იანვარი: ომსკში მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას ყინულოვან წყალში აღნიშნავენ. მეორე დღეს ორ ჩინელს რუსეთში COVID-19 აღმოაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ახალი კორონავირუსისგან რუსეთში ჯერ არავინ გარდაცვლილა.

აშშ, 20 იანვარი: რიჩმონდი, ვირჯინია. არწივის ფორმაში გამოწყობილი კაცი აქციაზე იარაღის ტარების უფლებას იცავს. ამავე დღეს 35 წლის მამაკაცს, რომელიც აშშ-ში უჰანიდან დაბრუნდა, COVID-19 აღმოაჩნდა. მას შემდეგ ამერიკაში ვირუსს, 23 მარტის მონაცემებით, 504 ადამიანი შეეწირა. USA -- A gun rights advocate dressed as a bald eagle

იტალია, 28 იანვარი: ტურინში მდინარის ყინულიან წყალში „პოლარული დათვები“ ყვინთავენ. ამ ფოტოს გადაღებიდან სამი დღის შემდეგ რომში ორ ჩინელ ტურისტს COVID-19 დაუდგინეს. 23 მარტის მონაცემებით, დაავადებამ იტალიაში 6 077 ადამიანი იმსხვერპლა - ყველაზე მეტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით. 

ირანი, 14 თებერვალი: თეირანში ვალენტინის დღეს ქალი გულის ფორმის ბუშტით პოზირებს. 19 თებერვალს ირანმა დაადასტურა, რომ COVID-19-ით ორი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მანამდე უარყოფდა, რომ 12 თებერვალს ამ დაავადებას ქალი შეეწირა. 23 მარტის მონაცემებით, პანდემიის შედეგად ირანში გარდაცვლილია 1 812 ადამიანი. 

პაკისტანი, 22 თებერვალი: ფეშავარში კაცი, ტკბილეულით ხელში, ზეიმობს შეთანხმებას „ძალადობის შეზღუდვის“ შესახებ, რომელიც თალიბანსა და აშშ-ის ჯარებს შორის დაიდო. ოთხი დღის შემდეგ პაკისტანში COVID-19-ით პირველი დაავადების ფაქტი დაფიქსირდა. 23 მარტის მონაცემებით, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი. 

ბელორუსი, 28 თებერვალი: ხალხი მინსკთან ახლოს მდებარე სოფელში „მასლენიცას“ დღესასწაულზე ცეკვავს. ამავე დღეს ბელორუსში ერთ-ერთ ირანელს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დაავადებით არავინ გარდაცვლილა.

სერბეთი, 1 მარტი: ბელგრადთან ახლოს ტრადიციულ ზეიმზე ბიჭი კოცონს ახტება. ამ ამბიდან ხუთ დღეში სერბეთმა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტიდან ჩამოსულ პირს COVID-19 აღმოაჩნდა. 23 მარტის მონაცემებით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. 

ალბანეთი, 2 მარტი: მასობრივი პოლიტიკური პროტესტი ტირანის ქუჩებში. 8 მარტს ახალი კორონავირუსით მამა-შვილი დაინფიცირდა. ვაჟი იტალიიდან იყო ჩამოსული. მას შემდეგ ალბანეთში ამ ვირუსმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. 

რუმინეთი, 1 მარტი: ბუქარესტში გულშემატკივრები ხელბურთის მატჩს უყურებენ. ფოტო გადაღებულია ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 23 მარტის მონაცემებით, რუმინეთში ხუთი ადამიანია მკვდარი. 

უკრაინა, 4 მარტი: სეპარატისტების კონტროლირებადი ქალაქი დოკუჩაევსკი, დონეცკის რეგიონი. 97 წლის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სამხედრო აღლუმს აწყობს. უკრაინაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა ადამიანში, რომელიც იტალიასა და რუმინეთში იყო ნამყოფი. 23 მარტის მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი. 

 ყირგიზეთი, 15 მარტი: ხალხი სურსათის რიგში დგას მას შემდეგ, რაც პანდემიის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მოედო. ამ ფოტოს გადაღებიდან სამ დღეში ყირგიზეთში დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 23 მარტის მონაცემებით, ვირუსის შედეგად არავინ გარდაცვლილა.