15 წლის მოზარდი, რომელმაც თავის მოკვლა, სავარაუდოდ, პოლიციის შენობაში დაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა, მკვდარია. გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ჩვენების იძულებით მიღება და თვითმკვლელობამდე მიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ყოველწლიურად ასობით პოლიციელს ამზადებს და ასწავლის, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტრენინგებზე დიდი რესურსი იხარჯება, მაგრამ ბავშვები, თუკი ისინი პოლიციაში აღმოჩნდებიან, მაინც ხდებიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები.
- რა ფორმით უნდა მოხდეს მოზარდის გამოკითხვა პოლიციის სამმართველოში?
- რა კვალიფიკაცია სჭირდება მოზარდის საკითხებზე მომუშავე პოლიციელს და გამომძიებელს?
- რამდენად აკმაყოფილებენ ქართველი სამართალდამცველები მოზარდთან ურთიერთობის აღიარებულ სტანდარტს?
- რა მოხდებოდა, თუკი გარდაცვლილ მოზარდს კვალიფიციური, არასრულწლოვანთა საკითხებში კომპეტენტური გამომძიებელი დაკითხავდა?
ფსიქოლოგები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოზარდის ნებისმიერი სტატუსით გამოკითხვისას არ შეიძლება მისი დაშინება, მასზე ძალადობა და ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც რაიმეზე მიანიშნებდეს ან იყოს გამომძიებლისთვის სასურველი პასუხის მაპროვოცირებელი. თუკი ბავშვი პასუხს თავს არიდებს, არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად დამნაშავეა, მას შეიძლება რაიმე დიდი პრობლემა აწუხებდეს და გამომძიებელს ამ პრობლემის დანახვა უნდა შეეძლოს.
“თუკი სპეციალიზებული ხარ და მოჰყავთ შენთან ბავშვი, რომელიც იმ წარწერის ავტორია, უნდა დაინახო, რომ მას ძალიან დიდი პროტესტი აქვს, რომლის მიღმაც შეიძლება დიდი წყენა, დიდი პრობლემა იდგეს. ბავშვს ის კი არ უნდა უთხრა, რომ “კაპეზეზე მოხვდება”, უნდა უთხრა, რა უფლებები აქვს, რომ არსებობს განრიდების და მედიაციის პროგრამა, რომელშიც შეუძლია ჩართვა და ეს სულაც არ გულისხმობს საპატიმრო სასჯელს, მეტიც, კონფიდენციალურია აქ ჩართული ადამიანების მონაცემები და მართალი იქნები, კანონი ამას ამბობს და ამას გავალდებულებს. თუ ბავშვი დაინახავს, რომ საფრთხე არ ემუქრება, თუკი ნამდვილად მისი გაკეთებულია წარწერები, ის ამას ძალადობის გარეშეც აუცილებლად აღიარებს”, - ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბავშვთა საკითხებზე სამართალდამცველებისთვის ტრენინგებს ატარებს. მისი თქმით, ბავშვთა საკიხებზე მომუშავე ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ბავშვის ადგილას დაყენება და სტერეოტიპებისგან გათავისუფლება.
“რაც მეტია წარწერა, რაც დიდია პროტესტი, მით მეტად უჭირს ბავშვს. გამომძიებელს აღიარებაზე კი არ უნდა ენადირა, ბავშვს რა უჭირს, იმის დადგენა უნდა დაესახა მიზნად. ამას როცა ვეუბნებით პოლიციელებს, ხშირად გვეუბნებიან: ეს რა ჩემი საქმეა, რა ჩემი საქმეა გავარკვიო, რა პრობლემა აქვს მოზარდს სკოლასთან, ოჯახთან, სხვებთან. ზუსტად ეს არის მისი მთავარი მიზანი და არა საქმის გახსნა და დამნაშავის მხილება. ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის ვალდებულება მათ კანონით აქვთ. თუ ამ კანონით არ ვიმოქმედებთ, რად გვინდა კანონი”, - ამბობს ბავშვთა საკითხებზე სამართალდამცველებთან მომუშავე კიდევ ერთი ფსიქოლოგი, ქეთევან თავართქილაძე. მისი აზრით, სამართალდამცველებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სირთულეები, რაც მოზარდობას ახლავს, ხშირად დროსთან ერთად ქრება და ის, რომ ბავშვი რაიმე დანაშაულში მონაწილეობს, მის კრიმინალურ ბუნებაზე არ მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპის ახსნა ჩემი ტრენინგების ერთ-ერთი ნაწილიაო, ამბობს ფსიქოლოგი.
ასევე ნახეთ 11 კითხვა, რომელზეც მკაფიო პასუხი არ არისარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან, მსხვერპლ და მოწმე ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალი ვალდებულია იყოს სპეციალიზებული ბავშვთა საკითხებზე.
პოლიციელებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვთა საკითხებზე სისტემატურად ტარდება ორი ტიპის ტრენინგი:
- არასრულწლოვანთა დაკითხვა/გამოკითხვა;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა პროგრამა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პოლიციელთა და გამომძიებელთა პროგრამა 2017-19 წლებში 700-მდე პირმა გაიარა. მათთვის, ვინც შსს აკადემიის ტრენინგებს გადის, სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, სახალხო დამცველის აპარატი დამატებით რამდენიმედღიან ტრენინგებსაც ატარებენ ხოლმე.
ტრენინგების თემატიკა მოიცავს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტებს, ბავშვთა ფსიქოლოგიური განვითარების თავისებურებებს და დაზარალებულ/მოწმე ბავშვთა გამოკითხვის სპეციფიკას - ამ ტრენინგების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რაც აუცილებელი პირობაა ბავშვთა საკითხებზე მუშაობისთვის. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია სწავლების დროს მიღებული ცოდნის შესამოწმებელი ტესტის ჩაბარება.
თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალისტი, ამბობს, რომ ტრენინგები მხოლოდ მცირე ნაწილია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოყენებული საშუალებებისა და სისტემის რეფორმისთვის აუცილებელია შეიქმნას სპეციალური დანაყოფები და განყოფილებები, რომლებიც მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იმუშავებენ.
“ამ საქმეებზე მომუშავე სპეციალისტებს არ უნდა ჰქონდეთ სხვა საქმეები. სპეციალისტების შერჩევა უნდა მოხდეს უკვე გადამზადებული ადამიანებისგან კარგად გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. მხოლოდ ცოდნა ბავშვთა სააკითხებზე მუშაობისთვის საკმარისი არ არის. აქ არის საჭირო მგრძნობელობა, მიდგომა, დამოკიდებულება და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი განყოფილებების შექმნის შემდეგ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდეს ამ ადამიანების გადამზადება და სისტემა ახდენდეს საჭიროებების იდენტიფიცირებას. ამ ყველაფერს სჭირდება მუდმივი სუპერვიზია და მხარდაჭერა სისტემის მხრიდან”, - ამბობს თეონა კუჭავა.
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ტრენინგებს არასაკმარისად მიიჩნევს ანა აბაშიძეც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. მისი თქმით, ბავშვთა საკითხების გაუმჯობესებისთვის საჭიროა გულწრფელი პოლიტიკური ნება და პოლიტიკურ დღის წესრიგში ბავშვთა საკითხების მოწინავე პოზიციებზე ჩასმა. “ეს თუ არ შეიცვალა, რეალურად არც ერთი პოლიციელი არ შეიცვლის თავის ზნე-ჩვეულებას” - ამბობს ანა აბაშიძე და ხაზს უსვამს იმას, რომ სამართალდამცველები, რომლებიც არასრულწლოვანთა საქმეებში ფიგურირებენ, იშვიათად აგებენ პასუხს თავიანთი ქმედებების გამო.
ასევე ნახეთ ორი ვერსია 15 წლის მოზარდის აღიარებით ჩვენებაზეევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა ამბობს, რომ ტრენინგის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს გადასამზადებელი სპეციალისტების დიდი რაოდენობაც. სავალდებულოობიდან გამომდინარე, ტრენინგებზე ბევრი პოლიციელი რეგისტრირდება, რომელთა ნაწილსაც განსაკუთრებით უძნელდება მიდგომებისა და დამოკიდებულების შეცვლა. გადამზადება უფრო ეფექტური იქნებოდა, თუკი სპეციალისტებს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევდნენ და ამ პროცესში გაითვალისწინებდნენ მათ პიროვნულ მახასიათებლებს, გამოცდილებას, სურვილსა და უნარებს.
“ყველაზე რთულია იმის გაგება, რომ ბავშვს უნდა მოუსმინო, ბავშვის აზრი უნდა გაითვალისწინო, მისი საუკეთესო ინტერესი ყველაზე წინ დააყენო”, - ამბობს მაია ჩოჩუა.
იმაზე, რომ მოზარდების საქმეებზე სამუშაოდ სამართალდამცველებს დიდი გულმოდგინებით არ არჩევენ მიუთითებს ისიც, რომ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებელი სხვა ძალადობრივი დაკითხვების საქმეშიც ფიგურირებს.
ასევე ნახეთ საია: მოზარდის გამოკითხვაში მონაწილე გამომძიებელი „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეშიც ფიგურირებსფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე ფიქრობს, რომ ტრენინგები გარკვეულ შედეგს მაინც იძლევა და იმ ბევრი ადამიანიდან, რომლებიც ტრენინგებს გადიან, ნაწილი მაინც ცდილობს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. სიყვარული ყველაზე ძნელად სასწავლებელია, ბავშვთა საკითხებზე მუშაობას კი სწორედ ბავშვების სიყვარული, მათი მოსმენისა და გაგების უნარი სჭირდება - ამბობს ფსიქოლოგი.