ბაქომ განაცხადა - თუმცა შემდეგ ნაწილობრივ უკან დაიხია - რომ გადადგამდა ნაბიჯებს სომხური მემკვიდრეობის, მათი თქმით, „ფიქციური კვალის“ წასაშლელად მთიანი ყარაბაღის იმ რეგიონების ეკლესიებიდან, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა. საარქივო ფოტოები გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება ეს წარწერები და ნახატები.
დადივანკის მონასტერი (რომელიც ზემოთაა გამოსახული), ერთ-ერთია იმ ათობით ქრისტიანულ ადგილს შორის, რომელიც აზერბაიჯანმა დაიკავა 2020 წლის ომის დროს ეთნიკურად სომეხ მებრძოლებთან. დადივანკს ამჟამად რუსი მშვიდობისმყოფელები აკონტროლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიის შიგნით.
3 თებერვალს პროტესტი მოჰყვა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს განცხადებას, რომ შეიქმნებოდა კომიტეტი, რომელიც ნაბიჯებს გადადგამდა დაკავებულ ადგილებში „ალბანურ რელიგიურ ტაძრებში სომხების მიერ გაკეთებული ფიქციური წარწერების მოსაშორებლად“.
რელიგიური თავისუფლების აშშ-ის საერთაშორისო კომისიამ „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ „ღრმადაა შეშფოთებული აზერბაიჯანის გეგმებით, მოაშოროს სომხური სამოციქულო წარწერები ეკლესიებიდან. მოვუწოდებთ მთავრობას, შეინარჩუნოს და დაიცვას სალოცავი ადგილები და სხვა რელიგიური და კულტურული ადგილები“.
აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში არსებული უძველესი ძეგლები ალბანურია და არა სომხური და ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა ზემოთ გამოსახული ხაჩქარი, „გაყალბებულია“.
როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2021 წლის მარტში ზემოთ გამოსახული ეკლესია მოინახულა, შესასვლელში გაკეთებულ სომხურ წარწერასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ყველა ეს წარწერა ყალბია. ისინი მოგვიანებითაა შესრულებული“ და თქვა, რომ ეკლესიის წარმომავლობა კავკასიის ალბანეთს უკავშირდებოდა.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლაც ცხოვრობდნენ ქრისტიანი ალბანელები. მათი უკანასკნელი მეფე 822 წელს მოკლეს.
1950-იან წლებში აზერბაიჯანელმა ისტორიკოსმა ზიია ბუნიადოვმა პირველმა გამოთქვა აზრი, რომ მთიანი ყარაბაღის უძველესი ეკლესიები ალბანური ტომების აშენებული იყო და არა - სომხების.
მისი ეს მტკიცება ბოლო წლებში არაერთხელ გაიმეორეს აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა.
ამ მოსაზრებას მკაცრად აკრიტიკებენ საერთაშორისო მეცნიერები. თომას დე ვაალმა, კავკასიის საკითხების ბრიტანელმა ექსპერტმა, აზერბაიჯანის მტკიცებას „საკმაოდ უცნაური“ უწოდა და ივარაუდა, რომ არგუმენტი სამეცნიერო კი არა, „პოლიტიკური ქვეტექსტისაა“ - ამით ცდილობენ განაცხადონ, რომ სომხეთს მთიან ყარაბაღზე „უფლებები არ გააჩნია“.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ 3 თებერვლის განცხადებას, რომ იქმნებოდა ჯგუფი „გასომხებული ალბანური ტაძრების აღსადგენად“, მოაყოლა ჟურნალისტების კრიტიკაც, რომელიც, მათი შეფასებით, „მიკერძოებული უცხოური მედიაორგანიზაციებიდან“ მოდიოდა.
შემდეგ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ, როგორც ჩანს, უკან დაიხია და განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი მხოლოდ აღწერდა „ფალსიფიკაციებს“ მთიანი ყარაბაღის და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე და შემდეგ შედეგებს „საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგენდა“.
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 2021 წლის დეკემბერში, სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს „ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აირიდოს და დასაჯოს ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის აქტები, რომლებიც სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობას შეეხება“ ხელახლა დაკავებულ ტერიტორიებზე.
თუმცა შიშობენ, რომ აზერბაიჯანი ხელახლა დაკავებულ ტერიტორიებზე სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის წაშლას შეეცდება. ამ შეშფოთებას აძლიერებს ცნობები აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში სომხური მემკვიდრეობის განადგურების შესახებ.
ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბაქოს დასავლეთზე ზეწოლის ახალი ბერკეტები გაუჩნდა მოსკოვთან უკრაინის გარშემო დაპირისპირების შედეგად.
ევროკავშირში შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდოს. 4 თებერვალს ბაქოს ევროკავშირის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონი ეწვია.
შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ილაპარაკა აზერბაიჯანთან არსებულ „ძლიერ ორმხრივ“ კავშირებზე. პრეზიდენტმა ალიევმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირთან ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის „ახალი ფაზა“ იწყებოდა.